პელე პლატინის „ფიფას“ პრეზიდენტობას ურჩევს
ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ბრაზილიელი პელეს აზრით, „ფიფას” პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 1 ივნისს ჩატარდება, „უეფას“ მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანგმა მიშელ პლატინიმ აუცილებლად უნდა წამოაყენოს კანდიდატურა, რადგან ის დაჯილდოებულია იმ მონაცემებით, რაც აუცილებელია „ფიფას“ სამართავად. ცნობილია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ამჟამინდელი მეთაური, ზეპ ბლატერი, თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, გარდა ამისა, პრეზიდენტობის ამბიცია აქვს აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ყატარელ მუჰამედ ბინ ჰამამს. პელეს აზრით, რომელსაც წელს 71 წელი შეუსრულდება, ახლა იდეალური დროა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ახალი სახეები გამოჩნდნენ, რადგან 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობასთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალებმა მნიშვნელოვნად შეარყია „ფიფას“ ავტორიტეტი მსოფლიოში.