კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იყოს ჩაცმული ადამიანი სახლში ხატების წინ ლოცვისას და როგორ უნდა მოვექცეთ არანაკურთხ ხატებს



წუთისოფელში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ბევრი შემწე გვყავს მფარველი ანგელოზებისა და წმიდანების სახით, რომლებსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ მფარველობას ხშირად ვგრძნობთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა თუ იმ წმიდანის ხატის წინაშე ვლოცულობთ და შემწეობას ვითხოვთ. თუმცა ხშირად გვავიწყდება მთავარი – როგორ უნდა მოვექცეთ ხატებს და როგორ უნდა ვილოცოთ სწორად. შესაბამისად, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონი (ბულაშვილი):



– ხატი რომ ცოცხალი ორგანიზმია, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს. თუნდაც ის, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატს შუბით განგმირვის შედეგად სისხლი წამოუვიდა. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ხატი ნადვილად არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც განიცდის, სტკივა, უხარია, ის არის ადამიანების უფალთან შუამავალი, დამაახლოვებელი და არა კერპი, როგორც ამას ადრეც და ახლაც ამბობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. როდესაც ამა თუ იმ წმიდანს ვთხოვთ დახმარებას, ის ხდება ჩვენი დამაახლოვებელი ძალა უფალთან, შუამდგომელი და შემწე, ჩვენი ჭირვეული ცხოვრებისთვის, კეთილდღეობისა და უძლურებაში ყოფნისთვის. ამიტომ, ყველა ადამიანს ვთხოვ, დიდხანს ილოცონ ხატის წინაშე, სთხოვონ საკუთარ წმიდანს შემწეობა და, რაც მთავარია, კარგია, თუ ყველას ექნება იმ წმიდანის ხატი, რომლის სახელსაც ატარებს, რათა ყოველ დილას და ძილის წინ მას ევედროს და მადლობა გადაუხადოს ყოველი გათენებული და დაღამებული დღისთვის.

– მამაო, ხშირად მღვდლები ადამიანებს მონათვლის დროსაც და უკვე მონათლულ ადამიანებსაც არქმევენ საეკლესიო სახელს. ეს თუ არის აუცილებელი?

– ერთ დღეს ასი ათასი ქართველი ეწამა, მათ, შეიძლება, ისეთი სახელები ერქვათ, რომლებიც დღეს ძალიან გავრცელებულია, თუმცა არ არსებობს თითოეულის ხატი. მაგალითად, ზურაბის ხატი არ არსებობდა, მაგრამ ასი ათას ქართველ მოწამეთა შორის ზურაბიც იყო და შევქმენით. პირადად მე, ვცდილობ, ადამიანი მოვნათლო იმ წმიდანის სახელით, რომლის ხსენებაც არის მისი დაბადების დღეს, რა თქმა უნდა, თუ მშობელიც თანახმაა ამაზე. მაგალითად, ადამიანს ჰქვია ნათია, მე კი, ნინო რომ დავარქვა, ახლობლები, მეგობრები მაინც ნათიას დაუძახებენ და რა გამოვა ამით?! ანუ, მფარველ ანგელოზს, რომლის მინიჭება ნათლობის დროს სახელის შეცვლით ხდება, ოჯახში არავინ აღიარებს და ხშირად იმ ადამიანმაც არ იცის ამის შესახებ. ამით მფარველი ანგელოზის, წმიდანის შეურაცხყოფა ხდება, რადგან, მის სახელს არავინ ახსენებს. ამიტომ, ჯობია, ადამიანს ერქვას ის სახელი, რასაც მას მშობლები არქმევენ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბავშვს თავიდანვე დაარქვან რომელიმე წმიდანის სახელი, რათა მის წინაშე ილოცის, შემწეობა და დახმარება სთხოვოს. თუმცა სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ადამიანმა ეკლესიური ცხოვრებით იცხოვროს.

– ხშირად ადამიანები, იმ ხატს, რომელიც არ არის ნაკურთხი, ნაკლები პატივისცემით ექცევიან.

– ნახატი შეიძლება დაიხატოს, ხატი კი იქმნება, იწერება, ცოცხალი ორგანიზმია, ის ტკივილსაც განიცდის და სიხარულსაც. უკვე შემდეგ ხდება მისი კურთხევა ამა თუ იმ ადამიანის სახელზე, რათა მას მიენიჭოს მფარველად. ლოცვაში წერია: უკეთუ ევედრებოდეს ამ ხატს ეს და ეს ადამიანი, სწრაფად აღესრულოს მისი სათხოვარი და, შესაბამისად, სადაც უნდა იყოს ეს ხატი დაბრძანებული, სახლში, ეკლესიაში თუ, სამსახურში, მას დიდი ძალა აქვს და მუდმივად იქნება იმ ადამიანის მფარველი.

– როგორ უნდა ექცეოდეს ხატებს ქრისტიანი?

– მინდა, ერთ საკითხს გავუსვა ხაზი: როდესაც რომელიმე გამომცემლობა, ჟურნალი, გაზეთი ბეჭდავს ხატს, კარგი იქნება, თუ მის უკან, ან გვერდზე არაფერს დაბეჭდავენ, რათა ადამიანმა ის ამოიღოს და ხატად აქციოს – ჩასვას ჩარჩოში, ლამინირება გაუკეთოს. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი ხატს დიდი სიფრთხილით უნდა მოექცეს, რადგან ის უდიდესი სიწმიდეა. კარგია, თუ შეიძენთ ვარდის წყალს და იმით გაასუფთავებთ ხატს მტვრისგან. ხატი იგივე ოჯახის წევრია, შესაბამისად, რამდენი ხატიც გვყავს სახლში დაბრძანებული, იმდენსულიან ოჯახში ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, როგორც ვექცევით ოჯახის წევრს – ვუვლით, ვბანთ, თბილად ვეპყრობით, ასე და კიდევ უფრო მოკრძალებით უნდა ვექცეოდეთ იმ ხატებს, რომლის წინაშეც ვდგებით, ვლოცულობთ, ვეფერებით, მისგან ღვთის მიმართ პატივისცემას, შემწეობას, შუამდგომლობას ვითხოვთ. ამიტომ უნდა მოვეფეროთ ხატებს, გავასუფთაოთ, კანდელი დავუნთოთ; სასურველია ლოცვის დროს საკმეველი ავანთოთ, სახლში შემოვატაროთ, რომ ბოროტი ძალა განიდევნოს და ისე მოვუაროთ ხატებს, როგორც ოჯახის წევრებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ სად არის დაბრძანებული ხატები, სად არის ბინაში მათი კუთხე მოწყობილი. კატეგორიულად არ შეიძლება მათი განთავსება საძინებელში, ასევე, ხატების კუთხე უნდა მოვაწყოთ ისეთ ადგილას, სადაც არ ეწევიან სიგარეტს, არ ჩხუბობენ ოჯახის წევრები და არ ხდება ცოლქმრული ურთიერთობა, ანუ ხატები ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ. თუმცა, ჩვენი დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად ადამიანები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ, ძალიან სურთ, ხატების კუთხე მოაწყონ, მაგრამ მისთვის ცალკე ოთახი არ აქვთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გააკეთებენ კარებიან კარადას, სადაც განათავსებენ ხატებს. ლოცვის დროს გახსნან და, რომ დაამთავრებენ, მერე დახურონ; ან, ფარდა ჩამოაფარონ და, როდესაც ძილის დრო მოვა, დაფარონ, ამით მოუფრთხილდებიან და პატივს სცემენ ხატებს. სამაგიეროდ, დაშვებულია და კარგია ჯვრის საძინებელში, საწოლთან დაკიდება, რომელიც ოჯახის წევრებს ბოროტი ძალისგან დაიცავს.

– ხშირად ქალები სახლში ხატების წინაშე თავსაბურავის გარეშე, ნაკლებად მოწესრიგებულად ჩაცმულები ლოცულობენ. ამის შესახებ რას მეტყვით?

– ხატი ეკლესიის სიმბოლოა. თუ ეკლესიას პატივს სცემ იმით, რომ გაცვია კაბა, გაფარია თავსაბურავი, ასევე, სახლში, ლოცვად მდგომი ხატების წინაშე, ისე უნდა წარსდგე, როგორც ეკლესიაში მიდიხარ. რა მოსაწონია, ადამიანი შორტებით ან მინი კაბით დადგეს ხატთან და ილოცოს?! სახლშიც ისეთივე პატივი უნდა სცეთ ხატებს, როგორც ეკლესიაში, ამით შენ გამოხატავ მორჩილებას, მოწიწებას ღვთის წინაშე სახლში, გარეთ, ეზოში და ყველაგან, ანუ ყოველთვის უფლის მორჩილებაში იმყოფები და მზად ხარ, თაყვანი სცე უფლის სრულყოფილებას, წმიდანებს, რომლებიც მის სიახლოვეს იმყოფებიან.

– როგორ უნდა მოექცეს ადამიანი დაზიანებულ ხატებს?

– უპირველეს ყოვლისა უნდა მოვერიდოთ ხატის დაზიანებას, თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანს სანთელი დარჩენია ანთებული და ხატი დაუზიანებია, დაუწვავს. ასევე, ვურჩევ მათ, ვინც ბეჭდავს ხატებს, არ დაბეჭდონ ისინი თხელ, ფარატინა ქაღალდზე, რომ მალე არ გაცვდეს, არ დაიხეს. მე ჩემს მრევლს და ყველას გირჩევთ, რომ ქაღალდის ხატებს აუცილებლად გაუკეთოთ ლამინირება და თუ საშუალება გაქვთ, ჩასვათ ჩარჩოში – ეს გამოხატავს პატივისცემას ხატისადმი, უფლისადმი. თუ ხატი დაზიანდება, უმჯობესია, ის ტაძარში მივაბრძანოთ, სადაც მას მიხედავენ, დაწვავენ და სუფთა ადგილებზე ჩაფლავენ მის ფერფლს.

– დღეს ხატებს ხშირად სდით მირონი, სისხლი და ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ ხდება ეს.

– რადგან ხატი ცოცხალი ორგანიზმია, ის ყველაფერს განიცდის, განსაკუთრებით კი – დღეს რაც ხდება იმას. საქართველოში არსებული ხატებიდან უმეტესობა ღვთისმშობლისაა, რომელიც განსაკუთრებით განიცდის ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად მირონდენა, ცრემლდენა დედის ტკივილს ჰგავს, რომელსაც საკუთარ შვილზე, საქართველოზე შესტკივა გული და ცდილობს, ბევრი ადამიანი გამოაფხიზლოს. უფალი ხანდახან გვანახვებს სასწაულებს, გვაჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვთ მას და იმ წმიდანთა დასს, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს, რომ რწმენა კი არ გავაქარწყლოთ, პირიქით, განვმტკიცდეთ და გავძლიერდეთ. ჩვენს ეკლესიაში არის კანკელის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მირონი სდის და ბევრ სასწაულს ახდენს, ძალიან ბევრ ადამიანს კურნავს, უკურნებელი დაავადებებისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას ხატი თავად ადამიანის რწმენიდან გამომდინარე აკეთებს. თუ ჩვენ რწმენა გვექნება, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებასა და სრულყოფილებას მოგვიტანს, და თუ არ გვექნება რწმენა, მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3