რა სასწაული გადახდა მათხოჯის მონასტრის იღუმენიას, დედა ელენეს, რომელიც მონასტერში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მივიდა და ვინ იყვნენ იდუმალი ქართველი ბერები
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ირყეოდა, იკრძალებოდა ლოცვა, ეკლესიაში სიარული, იშვიათად სრულდებოდა საეკლესიო მსახურებები, იყო ადგილები, სადაც მონასტრებში ცხოვრობდნენ მონაზვნები, დედები და ქვეყნისთვის, ქართველებისთვის გამუდმებით ლოცულობდნენ. ასეთი იყო მათხოჯის მონასტერი, რომლის შესახებ გვესაუბრება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოქტორი, დავით გაჩეჩილაძე.
– მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებამდე საქართველოში შემორჩენილი იყო ეგრეთ წოდებული უკურთხებელი მონაზვნობის ტრადიცია. ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს ლამის მთელ სიცოცხლეს ღვთის სახლის მსახურებაში ატარებდნენ „მონაზვნები”, რომლებიც არ იყვნენ ნაკურთხნი ანუ (აღკვეცილნი). 80-იანი წლებიდან სასულიერო მთავრობამ „უკურთხებელი მონაზვნობა” აკრძალა და მოსთხოვა დედებს, ან ოფიციალურ მონასტრებში გაერთიანებულიყვნენ, ან ერს დაბრუნებოდნენ. ამ განკარგულებამ ხელი შეუწყო დიდი და ძლიერი თეკლათის, ჯიხეთისა და მათხოჯის დედათა სავანეების დაარსებას.
– როდის დაარსდა მათხოჯის დედათა სავანე?
– 1893 წელს იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის კურთხევით, სოფელ მათხოჯში დაარსდა დედათა სავანე. იქ შეკრებილ 45 დას დაუწყია სავანის მშენებლობა. ჯერ საცხოვრებლის ხის სენაკები ააშენეს და ერთ-ერთი სენაკი საშინაო ტაძრად ჰქონდათ გადაქცეული. 1895 წლიდან ამ სავანის „ბლაღოჩინად” სასულიერო მთავრობამ დანიშნა დეკანოზი დავით ღამბაშიძე, ჟურნალ „მწყემსის” რედაქტორი. 1898 წლის მაისიდან ყოვლადსამღვდელო ბესარიონის ლოცვა-კურთხევით დაიწყეს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა სავანის ეზოში. იმ ადგილას მეცამეტე საუკუნეში ეკლესია მდგარა, რომლის ნანგრევები იმ დრომდე შემორჩენილი ყოფილა. 1901 წლის 4 ნოემბერს ტაძარი უკურთხებია იმერეთის მაშინდელ ეპისკოპოსს ლეონიდე ოქროპირიძეს. ეპისკოპოს ლეონიდეს წარდგენით, 1901 წელს უწმიდეს სინოდს მათხოჯის დედათა სავანე უშტატო მონასტრად დაუმტკიცებია. ამიერიდან, იმდენი დის ყოლა შეეძლოთ, რამდენის შენახვასაც სავანე შეძლებდა. შტატიანი მონასტრის სტატუსი კი 1914 წელს მიუციათ. მისი წინამძღვრისთვის, მონაზონ ანასტასიასთვის, 1916 წლის 6 მაისს იღუმენობა უბოძებიათ. მაგრამ, ხელისუფლების სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, მათი ხელი მათხოჯის მონასტერსაც შეეხო. წმიდა ბასილის ცნობილი ხატი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, „უღმერთობის მუზეუმში” ჩაუბარებია, მონასტრის ქონება მიუთვისებია.
– როგორ ცხოვრობდნენ დედები?
– საყოველთაო გაჭირვების ჟამს დედები თავს საბნის კერვით ირჩენდნენ. განთქმული იყო მათხოჯის მონასტრის საბნები და ამბობენ, რომ ისინი დღესაც შემორჩა. დედებს პატარა მეურნეობაც ჰქონდათ, ძროხები და ქათმები ჰყავდათ, ბოსტანსაც ამუშავებდნენ, მცენარეებისგან წამლებს ამზადებდნენ. დიდი შესაწირი გაუღია მონასტერს მეორე მსოფლიო ომის დროს. რაც შეეხება მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას, წლების განმავლობაში მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა, რომელიც იყო ცნობილი მგალობელი და ათონზე გაზრდილი, განათლებული ადამიანი. მან მონაზვნებს გალობა ასწავლა, თან ისეთი, რომ იქაურებს დღემდე ენატრებათ მათი ტკბილხმოვანი გალობა. მამა დავითს არ ასვენებდნენ, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მოგვიანებით იღუმენი დავითი გურიაში დაბრუნებულა, ის ჯიხეთის დედათა მონასტერში დაუკრძალავთ. მათხოჯის მონასტრის პატრონობა კი ილორის მონასტრის არქიმანდრიტს, იოაკიმე შენგელიას უკისრია. ილორის მონასტერში ღვთისმსახურება 1945 წელს განახლდა პატრიარქ კალისტრატეს ძალისხმევით და ლავრენტი ბერიას დედის ჩარევით. სწორედ მაშინ აუყვანიათ არქიმანდრიტის ხარისხში მამა იოაკიმე. ის ხშირად ჩადიოდა მათხოჯელ მონაზვნებთან და ეხმარებოდა მათ, უწირავდა. უკვე მოხუცი, ავადმყოფი მონაზვნების მდგომარეობა რთული იყო, არ იცოდნენ, როდის გავიდოდნენ ამქვეყნიდან. მამა იოაკიმეს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელ იღუმენია ელენე წივწივაძესთან. დედა ელენე 1889 წელს იყო დაბადებული – თავის დროზე ულამაზესი ქალიშვილი 21 წლის დაქვრივებულა. ქმრის სიკვდილი ძალიან განუცდია და დასნეულებულა კიდეც. ექიმს უთქვამს: წადი, მათხოჯის მონასტერში, იქაური ჰაერი მოგიხდებაო. მონასტერში მისვლისთანავე, სასწაული გადახდა – ხუცური კითხვა ძილში ისწავლა. გაღვიძებისთანავე მისულა მღვდელთან, ხუცური წიგნი მოუთხოვია და თავისუფლად წაუკითხავს. ამ სასწაულის გარდა, სხვა ხილვებიც ჰქონდა, რომელმაც გადააწყვეტინა მას მონასტერში დარჩენა. 1922 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა. ჰქონდა დიდი რწმენა, ღვთისმოშიშება და ბავშვური მორჩილება. ამ თვისებების გამო, გამოარჩიეს მონასტრის დებმა იღუმენიად. დედა ელენეს სიტყვას დიდი ძალა და გასავალი ჰქონდა. იღუმენია ადვილად აგვარებდა სავანეში წარმოქმნილ ყველა უთანხმოებას. ურთიერთობაში უაღრესად ნაზი და რბილი ადამიანი, გამკაცრდებოდა, როცა ვინმე მის თვალწინ ღვთის არსებობაში დაეჭვდებოდა და გამომწვევად იქცეოდა. 1954 წელს სექტემბერში მამა იოაკიმე მოულოდნელად გარდაიცვალა. ფილტვების ანთება ჰქონდა, მაგრამ მომაკვდავის საზიარებლად მაინც გაჰყოლია ავადმყოფის ნათესავებს. კოკისპირულ წვიმებს ხიდები წაუღია, მამა იოაკიმე შესულა გაყინულ წყალში, გადაულახავს ის, უზიარებია მომაკვდავი. უკან დაბრუნებული ჩაწოლილა და მეტად ვეღარც ამდგარა. ღირსი მამის გარდაცვალების შემდეგ, მათხოჯის მონასტერში წირვის ჩასატარებლად რამდენჯერმე მოსულან ის განდეგილი მეუდაბნოე ქართველი მამები, რომელთაც მამა იოაკიმე უვლიდა ხოლმე. მათი წმიდა სახელები მხოლოდ ღმერთმა იცის. მათ ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო მონასტერში ნათესავთან მისული პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ყვებოდა: საღამო ხანი იყო, მონასტერს გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცები მოადგნენ. ერთ მათგანს ფეხსაცმლის მაგივრად, ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლეხკაცები მეგონენ და გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი – ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება. იღუმენიამ მუხლი მოიდრიკა მათ წინაშე და კურთხევა ითხოვა. დიდი პატივით მიესალმნენ მათ სხვა დედებიც. ერთი მათგანი მივიდა ეკლესიის კართან, ჯვარი გადასახა და ის თავისით გაიღო. არადა, დაკეტილი იყო და მისი გასაღები მე მქონდა. შევიდნენ ეკლესიაში და ათონიდან მათხოჯში გამოგზავნილი „ღირს არსის” ხატი მოილოცეს. შემდეგ ერთ-ერთი უსიტყვოდ შევიდა საკურთხეველში. შეიმოსა სამღვდელოდ და მწუხრ-ცისკრის ლოცვა დაიწყო. დაღამდა, ჩამობნელდა. სასწაული ის იყო, რომ ერთი სანთელიც არ აგვინთია, მაგრამ ტაძარი მაინც კაშკაშებდა. მათ მამა იოაკიმე აკითხავდა ხოლმე. თუმცა, მათკენ სავალი გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, ახლა ვინ მიხედავს ბერებსო, ნობათი შეუგროვებია და გზას გასდგომია. ტყიდან დათვი გამოსულა და მისკენ წამოსულა. „გავშეშდი, უთქვამს მამა იოაკიმეს, – დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, ალბათ, ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. ახლოს მოვიდა, ცხლად შემასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში, გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. ველოდე, ველოდე და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა – რას შვრები, რატომ არ მოდიხარო. მივხვდი, რომ ეს ღვთისგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით ქვემოთ დაეშვა. შევედი ბერებთან. ფერი არ მედო. რაო, მამა იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? – მკითხეს ღიმილით“. მამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ, მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და მილიციის უფროსს მიჰგვარეს. ბიჭები დუმდნენ, უფროსმა მათი დაპატიმრების ბრძანება გასცა. იმავე ღამეს, მილიციის უფროსს საშინელმა ტკივილებმა შეუტია, ლოგინად ჩააგდო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, სადღაც მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო – ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით, ვლოცულობთო – უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი, ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ – თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო ამ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გაუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო. მართლაც, გონზე მოსვლისთანავე, ბრძანა, დაჭერილი ბიჭების გაშვება, თვითონ კი მყისვე განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო. ერთხელ, მამა იოაკიმეს ერთმა მორწმუნემ, სახელად თამარმა, მეუდაბნოე მამებთან ნობათი და მოსახსენიებელი გაატანა. მიაწოდა ბერებს მოსახსენიებელი, მათაც ლოცვაში მოიხსენიეს. უკან რომ დაუბრუნეს, თამარი ცოცხლების სიიდან ამოეშალათ და მიცვალებულებში ჩაეწერათ. ილორში დაბრუნებულ მოძღვარს თამარი გარდაცვლილი დახვდა.
– საბოლოოდ, რა ბედი ეწია მათხოჯის მონასტერს და იქ მოღვაწე დედებს?
– შემდეგ უკვე მონასტრის პატრონობა სვეტიცხოვლის იღუმენს, მამა პართენ აფციაურს უკისრია. ისიც ახლოს იყო დედა ელენესთან, დროდადრო ჩადიოდა მონასტერში და მსახურობდა. მაგრამ მონასტერს ბოლო წლებში ძალიან გაუჭირდა, მათხოჯის მონასტრის დედები ნელ-ნელა გარდაიცვალნენ, ახალგაზრდა არავინ მიდიოდა. დარჩენილი დედები მოხუცდნენ, დაუძლურდნენ, მღვდელიც არავინ გამოჩნდა, რომ მათხოჯში დასახლებულიყო. დედა ელენემ იგრძნო, რომ მონასტერი იშლებოდა, იქირავა მანქანა, შიგ ჩააწყო მონასტრის სიწმიდეები და პატრიარქ ეფრემს ჩამოუტანა. მათხოჯის მონასტრის „ღირს არსის” ხატი წლების განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხონის ეპარქიის აღდგენის შემდეგ, ჯერ ხონის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, შემდეგ აღდგენილ მათხოჯის მონასტერს დაუბრუნდა. მონასტერს გულისტკივილით ტოვებდნენ დედები. 80 წელს გადაცილებულ მონაზონს, ევპრაქსია დვალს უთქვამს – მონასტრის გარეშე ვერ ვიცოცხლებო. როცა თავისიანებმა ქუთაისში წაიყვანეს, იქ წმიდა გიორგის ეკლესიაში შესულა, დაუჩოქია ხატების წინ და სული ჩაუბარებია უფლისთვის. დედა ელენესაც დიდხანს არ უცოცხლია მონასტრის გარეშე.