როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ცოდვილ ფიქრებთან ბრძოლა და როგორ უნდა ებრძოლოს მამაკაცი საპირისპირო სქესისადმი გაჩენილ ვნებას
ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ამიტომ, მას უცოდველი ბუნება უბოძა. თუმცა, ის არ დარჩა უცოდველი და, მას შემდეგ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ სცოდავდეს და რომელსაც არ უწევდეს ვნებებთან ბრძოლა. რა არის ვნება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ხშირად ადამიანი თავის ცოდვებს, სულიერ მისწრაფებებს, მანკიერებებს გაუცნობიერებლად მიაწერს სხვა ადამიანს, თუნდაც ბნელ ძალებს, ეშმაკს. მავანნი თავს იმართლებენ: მე კი შევცოდე, მაგრამ, ეს ჩემი ბრალი კი არა, ეშმაკის ბრალი იყო, მან მაცდუნაო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვნებები ადამიანის სულიერი ძალებია, ის გარედან არ არის მოხვეული და გარე მოვლენებზე, პირობებზე, კატაკლიზმებზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ადამიანი სულიერი, მოაზროვნე არსებაა და რაც მის გარშემო ხდება, მის გონებაში იბეჭდება. მაგრამ ვნება – ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, ანუ ეს არის სულიერი ძალები, რომლებიც არასწორად არის მიმართული. ასკეტურ ლიტერატურაში ვნებებს განმარტავენ, როგორც სულიერი ძალების არაბუნებრივ მოძრაობას. ადამიანში მრავლად არის სულიერი ძალები თავისი გამოვლინებით, მაგრამ, როდესაც ეს ძალები არასწორად მოქმედებს, მერე ეს უკვე ვნების სახით ვლინდება. ამიტომ ადამიანის სულიერი ძალები სიკეთისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ადამიანი ის არსებაა, რომელსაც წლების განმავლობაში, საკუთარ თავზე დაკვირვებით შეუძლია სულიერი ძალების მართვა. მას, ასევე, შეუძლია, ვნებებს ისე მოუყაროს თავი, რომ ყველაფერი სიკეთისკენ წარმართოს. ყველა ადამიანში არის სულიერი ძალები, რაც თითოეულ მათგანში სხვადასხვანაირი სახით, ნიჭით ვლინდება, ნიჭი კი მრავალნაირია. ყველა ადამიანს აქვს მანკიერი მიდრეკილებები, ვნებები და ყველას შეუძლია საკუთარი სულიერი ძალების ფერისცვალება მოახდინოს და ვნებები თავის სასარგებლოდ წარმართოს.
– ეს საკმაოდ რთულია და ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია.
– ამის მიღწევა ერთ და ორ წელიწადში არ ხდება. ადამიანში გამჯდარია ვნება და მასთან ბრძოლა არც ისე ადვილია. მაგალითად, მრისხანების ვნება. ის ვნებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აწუხებს. ჩვენ თუ ყველაფერს სულიერი თვალსაზრისით შევხედავთ, პირდაპირი გაგებით, მრისხანების ვნება ცუდ კონტექსტში არ განიხილება. მაგრამ, თუ ადამიანი მრისხანებას მიმართავს სიკეთის, ჭეშმარიტების წინააღმდეგ, თავის ახლობლებს, საკუთარ თავს აზიანებს სულიერი მდგომარეობით, აღშფოთებულია, სულიერი აშლილობა აქვს, მაშინ მრისხანება არ შეიძლება კარგ კონტექსტში განვიხილოთ. თუმცა, თუ სხვა კუთხით შევხედავთ საკითხს, ანუ, თუ ადამიანში მრისხანება არის, ესე იგი, ის, გარკვეულწილად, მამაციც არის. წმიდანები ამბობენ: თუ ადამიანში არანაირი სახით არ არსებობს მრისხანება, ესე იგი, მისი სული არამხნეა, არამამაცია. ეს ადამიანი, გარკვეულწილად, თავისი ცხოვრების გზაზე, შეიძლება, შეგუებული იყოს წაგებასთან, დაცემასთან, დამარცხებასთან; თქვას, ჩემგან არაფერი გამოდის; მე კი ვიბრძვი, მაქვს მცდელობები, რომ უკეთესი გავხდე, მაგრამ, ის ძალა, რომელიც ჩემში დევს – უსიყვარულობის, სიზარმაცის – მძლევს და მამარცხებსო. ამ დროს ადამიანი ფსიქოლოგიურად ეჩვევა დამარცხებას და ეგუება საკუთარ ბედს, რაც არასწორი მდგომარეობაა და, ის თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად დაშორდება უფალს. ანუ, თუ ადამიანი მრისხანებას გამოიყენებს ეშმაკის ცოდვების წინააღმდეგ, მათ დასამარცხებლად, მაშინ მრისხანება გამართლებულია და კარგია. შეიძლება, ადამიანმა საკუთარი საქმეების დაცვის მიზნით გამოამჟღავნოს, გამოიყენოს მრისხანება, რადგან მას შეუბღალეს სიწმიდეები, ეკლესია, მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა – რელიგია, ასეთ დროს ეს გამართლებულია. საკუთარ ბედთან შეგუება შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, ასე რომ, ადამიანმა სულიერ ძალებთან, ვნებებთან ბრძოლა უნდა ისწავლოს. ყველას შეუძლია, სულიერი ძალები სიკეთისკენ მიმართოს და ეს უკვე ვნებებში აღარ გადაიზრდება, თუმცა ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, წლები, განსაკუთრებით კი, იმ ცოდვასთან ბრძოლას, რომელიც ადამიანში გამჯდარია, ვნებად არის ქცეული, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათთან ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ, თუ თითოეული ჩვენგანი მოწადინებული, მომზადებული იქნება და მტკიცედ გადაწყვეტს, რომ შეებრძოლოს ცოდვებს, მაშინ საწადელს აუცილებლად მივაღწევთ. ადამიანმა ბრძოლა ერთი მთავარი ცოდვის – ვნების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს, არ შეიძლება, რამდენიმე ვნებას ერთად ებრძოლოს, რადგან ყველას ერთად ვერ დაამარცხებს. თუ ის ამ მთავარ ცოდვას მოაკვდინებს, მაშინ მასთან ერთად უამრავი პატარა ცოდვა მოკვდება. მაგალითად, თუ ჩვენ ამპარტავნებას ვებრძვით, მისი დამარცხებით ძალიან ბევრ ცოდვას დავამარცხებთ: დიდებისმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობას, პატივმოყვარეობას, ადამიანების უსიყვარულობას.
– ხშირად ვამბობთ – თვალით, ფიქრებით ვცოდეო და ეს ვნებები განსაკუთრებით მარხვის პერიოდში გვებრძვის, თუმცა, მათ დასამარცხებლად ხშირად არაფერს ვაკეთებთ.
– ადამიანს მარხვის პერიოდში ევალება, შედარებით წმიდად დაიცვას თავი. ამ დროს ეკრძალება სხვადასხვა სანახაობების ნახვა, კლუბებსა და თავყრილობებზე წასვლა, სადაც საკუთარ მოვალეობებზე ნაკლებად ფიქრობს. მართალია, ამაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ფიქრობდეს, მაგრამ, განსაკუთრებით მარხვაშია აუცილებელი ამ ყველაფრის გათვალისწინება. ასე რომ, თუ ადამიანი თავის პატარ-პატარა ცოდვებზე, მიდრეკილებებზე არ იფიქრებს ყოველდღიურად, ეს ცოდვები ძალიან მძიმე ვნებაში გადაიზრდება, მასთან ბრძოლა კი გაცილებით ძნელი იქნება. ამიტომ, თუ მას შეუპოვარ ბრძოლას არ გამოუცხადებს, შეიძლება, ვერც გათავისუფლდეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ცოდვა არ აწუხებდეს, რაც მისი სუსტი წერტილია. ჩვენ ეშმაკს შეიძლება, ერთი რამ დავაბრალოთ: ის ჩვენს დამახინჯებულ სულიერ ძალებს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებს – სუსტ წერტილს მოგვინახავს და იქ ხდება ჩვენი შევიწროება, დაცემა, ყურადღების მოდუნება. ამიტომ, ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბერი გაბრიელი ასეთ რამეს ამბობს: თუ მე, მამაკაცმა, დავინახე სუსტი სქესის წარმომადგენელი და არანაირი ვნება არ დამეუფლა, ეს ტყუილია და სასაცილოა, იმიტომ რომ, თუ არსებობს სქესთა შორის განსხვავება, ესე იგი, ვნებებიც არისო. ის, რომ ადამიანს საპირისპირო სქესის მიმართ ვნება უჩნდება, თავისთავად არ არის უბედურება, დამარცხება; მთავარია, მას ამ ვნებასთან ბრძოლის სურვილი გაუჩნდეს. მამა გაბრიელი ამბობს: თუ ადამიანი გააგრძელებს იმ ვნებასთან ბრძოლას, რომელიც მასში ყველაზე ხშირად ვლინდება, მაშინ ეს უკვე ღვაწლია და, რა თქმა უნდა, ამას უფალი დაუფასებს. თუ ადამიანს, ვნება გაუჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ, ეს არ არის უბედურება; უბედურება ის იქნება, თუ ამის წინააღმდეგ არ იბრძოლებს, რითაც ამ ვნებას ყველანაირად შეუწყობს ხელს და წაახალისებს. შემდეგ ის ამ ვნებას არა მხოლოდ გონებაში შეასხამს ფრთებს, არამედ, თუ საშუალება მიეცემა, რეალობაშიც. ყველას შეუძლია საკუთარი ძალების მობილიზება, ვნებებთან ბრძოლა – ასეთ შემთხვევაში ამ ვნებებს ადვილად დავძლევთ. შეიძლება, მამაკაცს მოეწონოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მაგრამ, საკუთარ გონებაში არ უნდა შეასხას ფრთები ბილწ ფიქრებს და ფიქრებში დაეცეს მასთან. სახარებაში წერია, ვინც დედაკაცს გულისთქმით შეხედა, მან უკვე მასთან იმრუშაო. გულში ყველა ცოდვა წარმოიქმნება, გულში სადაც თავს იყრის სულიერი ძალები, შემდეგ ეს გონებას გადაეცემა და ადამიანი უკვე ხორცს ასხამს მას. ამიტომ, თუ ვნებების გულში, ჩანასახშივე განადგურება არ მოხდება, მაშინ ის ადამიანისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება.