მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ათი მცნებიდან ერთ-ერთი შეგვაგონებს: „არა კაც ჰკლა.” ვრცელდება თუ არა ეს მცნება მათზეც, ვინც არ ცნობს ამ მცნებებს, კერძოდ, არაქრისტიანებსა და არამართლმადიდებლებზე?
პასუხი: უფლის ათი მცნებიდან ერთ-ერთი მოგვიწოდებს: „არა კაც ჰკლა” და არა – „არა მართლმადიდებელ ჰკლა”. აქედან გამომდინარე, ადამიანს ეკრძალება სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა და კონფესიისა. თუმცა, თუ მართლმადიდებელი სამშობლოს იცავს, მაშინ მტრის მოკვლა კაცის კვლის ცოდვაში არ ითვლება.
კითხვა: რომელი წმიდანი ითვლება ჩვენს მფარველად და რომელი სახელით მოვიხსენიოთ ის მფარველი წმიდანისადმი აღვლენილ ლოცვაში?
პასუხი: ამ ლოცვის დროს მოიხსენიება წმიდანი, რომლის სახელიც გქვიათ. თქვენ მფარველი წმიდანი გყავთ მაშინაც, თუ არ ატარებთ რომელიმე ცნობილი მოწამის გავრცელებულ სახელს. ნებისმიერი ქართული ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ 100 ათას ქართველ მოწამეთა სისხლით, რომლებიც ჯალალედდინმა ქრისტიანობის ერთგულებისთვის ამოხოცა თბილისში. ასე რომ, მფარველი წმიდანის მოხსენიებისას უნდა წარმოვთქვათ საკუთარი სახელი და ასე შევთხოვოთ მფარველობა იმ წმიდანს, ვის სახელსაც ვატარებთ.
კითხვა: შემიმჩნევია, რომ ზოგიერთი ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხულობს ლოცვას, მაგალითად, ზიარების წინა ლოცვას. სწორია თუ არა ასეთი საქციელი?
პასუხი: ეკლესიურ ცხოვრებას თავისი წესი აქვს. ქუჩაში ან ტრანსპორტში მართებული არ არის ზიარებისწინა ლოცვების კითხვა. ამ ლოცვებს სინანულითა და რწმენით სჭირდება წაკითხვა, რომ ცოდვები შევინანიოთ და და ზიარების მადლის ღირსები გავხდეთ. ეს ლოცვები უნდა წავიკითხოთ სახლში, მშვიდ გარემოში ან ტაძარში, ღვთისმსახურების დაწყებამდე, რათა მოგვეცეს საკუთარ სულში ჩახედვის საშუალება. ასევე, ლოცვები თავმდაბლობით უნდა აღევლინოს, თავმდაბლობა კი განმარტოვებით მოიპოვება.
კითხვა: ჩემმა მეუღლემ დაუდევრობით სხვა ადამიანი მონათლა თავისი ნათლობის ჯვრით. ამის შემდეგ მას არაფერში უმართლებს და ხელი ეცარება. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: სხვისი მონათვლა, თუნდაც საკუთარი ჯვრით, არანაირ კავშირში არ არის ხელმოცარვასთან; ეს უბრალო დამთხვევაა და, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ამის მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ. შესაძლოა, თქვენ და თქვენი მეუღლე არ ცხოვრობთ ეკლესიურად, არ მარხულობთ, არ ამბობთ აღსარებას, არ ეზიარებით და წარუმატებლობაც ამის შედეგია. შეიძინეთ ახალი ჯვარი, აკურთხებინეთ მეუღლის სახელზე და შეუდექით ეკლესიურ ცხოვრებას.