მამათა შეგონებანი
წმიდა ვლადიმირ ბოგოიავლინსკი: არიან მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა. ერთ-ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: „ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ისეთი, როგორიც იყო 6 წლამდე.” სხვა ბრძენი ამის შესახებ წერდა: „ბავშვი, რომელიც იმსახურებს ცემას 4 წლის ზემოთ, უკვე ცუდადაა აღზრდილი.”
გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმერთს წვალებისთვის კი არ შეუქმნია კაცი, არამედ, ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ჭეშმარიტი ბედნიერება ადამიანს შემთხვევით და უმიზეზოდ არ მიენიჭება. ის თითქმის ყოველთვის დიდი შრომისა და მოღვაწეობის შედეგია.
ეფრემ ასური: ბოროტს ნუ მოიხსენიებ, რამეთუ, ავის ხსოვნას თუ ინახავს კაცი გულში, ეს იგივეა, უბეში შხამიან გველს რომ გამოზრდიდეს.
იოანე სინელი: ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: „კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი?!“ – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.
იღუმენი ნიკონი: მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისთვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს. განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ, ჩვენდა სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის როდი იმეცნებს. ამიტომაცაა ნათქვამი: მადლობდეთ უფალს ყოველივესთვის.
ზოსიმე პალესტინელი: რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს, როგორც კეთილს მღვდელთაგან.
ბერი პაისი: ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისთვის.
იოანე ოქროპირი: დასაბამიდან როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებული ადამიანისთვის...
ბასილი დიდი: მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა, ანდა, საჭიროების შემთხვევაში, აღშფოთების არგამოხატვა, უსულო ბუნების ნიშანია და არა მოკრძალებისა.
მარკოზ განშორებული: მშვიდობა – ვნებისგან გათავისუფლებაა, რომლის მიღწევაც სულიწმიდის მოქმედების გარეშე შეუძლებელია.
იფიქრე ყოველი უნებური მწუხარების დასასრულზე და მასში იპოვი ცოდვის განადგურებას.
***
სთხოვე უფალს, აგიხილოს გულის თვალნი და მაშინ დაინახავ ლოცვისა და კითხვისგან მიღებულ სარგებელს, რაც გამოცდილებით დადასტურებულია.