ბანანები, კიტრები და ნესვები ტანსაცმელზე – გაზაფხული-ზაფხულის ახალი ტენდენცია
ყოველ სეზონზე ჟურნალი „ვოგი“ ადგენს იმ დროისთვის ყველაზე აქტუალურ სტილს. ჩვენს რუბრიკაშიც, ვფიქრობთ, ამ ტენდენციების გაცნობა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან, შესაძლებელია, ნებისმიერმა მკითხველმა ბრენდის სამოსი ვერ შეიძინოს, მაგრამ ტენდენციების გათვალისწინება და ამის მიხედვით ჩაცმა არაჩვეულებრივი იქნება. პირველი, რაც ყველაზე თვალშისაცემად მოეჩვენათ მოდის კრიტიკოსებს, ეს ეგრეთ წოდებული „პრინტების რევოლუციაა”: ფლორა, ფაუნა, ხილი, ბოსტნეული – ეს ყველაფერი სამოსში და აქსესუარებზეა გადატანილი. დიზაინერები „ბანანების ეპოქაში” დაბრუნდნენ – ასეთი იყო მედიის შეფასება. ამ მიმართულებაზე გავლენა მიუსია პრადას დამსახურებად უნდა ჩავთვალოთ, რომელმაც გასული წლის სეზონზე აქცენტი სწორედ ასეთ „დაპრინტულ“ სამოსზე შეაჩერა. თუმცა, ტანსაცმელზე მხოლოდ „გემრიელობები” არ გაჩენილა. „ჟივენშის”, „რობერტო კავალისა” და „მოსკინოს” მოდის სახლებმა აქცენტი ლეოპარდისა და პითონის ტყავების ულამაზესი შეფერილობების სამოსზე, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებში გადაიტანეს. ზედმეტად მხიარული და აგრესიულია თქვენთვის? მაშინ, მოდის სახლი უნდა შეცვალოთ. მაგალითად, მარკო ზანინიმ „როშას” კოლექციისთვის შვედი მხატვრის მიერ შექმნილი ფრანსუაზა საგანის ნახატები გადმოიტანა სამოსზე. თუ თქვენ გინდათ „ინტელექტუალურად” გეცვათ, შეგიძლიათ, პირდაპირ მაისურზე „გადმოიტანოთ“ საგანი ან სხვა რომელიმე თანამედროვე ინტელექტუალი.
თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები ძალიან ჭრელია და აქცენტს სადა, ლამაზ, ზაფხულის ფერებს ანიჭებთ, მაშინ სწორედ თქვენთვის არის შექმნილი „ნათელი მოდაში” – ტენდენცია, რომელიც მხოლოდ თეთრ ფერს აღიარებს. ამ სეზონზე „სიბნელის რაინდებიც“ კი ნათელ მხარეს გადმოვიდნენ: ალექსანდრ ვანგმა გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ოპტიმისტური კოლექცია ეჩვენებინა და სამოსში შავი ფერი საერთოდ არ გამოიყენა. პოდიუმზე ერთმანეთს მხოლოდ მსუბუქი პასტელის და თეთრი ფერის ქსოვილები ცვლიდა.
რიკ ოუენსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი „ყვავი“ მოდის სფეროში, რომლის კოლექციებიც წარმოუდგენელია შავის, ტყავის ელემენტების, მამაკაცური „ბათინკების” გარეშე, სეზონის „გასუფთავებას” შეუერთდა. პოდიუმზე გამოვიდნენ მარგალიტისფერ ტუნიკებში გამოწყობილი გოგონები, რომლებიც, როგორც თავად დიზაინერმა თქვა, უცხოპლანეტელ ანგელოზებს ასახიერებდნენ.
„სითეთრის გზას“ ანა დემელომისტერი, სელინი და ახალბედა დიზაინერი პედრო ლორენსუც გაჰყვნენ.