რატომ იწყება სომხეთში ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობა და შეუქმნის თუ არა ის საფრთხეს საქართველოს
იაპონიაში, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას ატომური ენერგეტიკის მიმართ პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა ატომური ელექტროსადგურების შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ დარგის სპეციალისტები. როგორც მეცნიერების დოქტორი, ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ხელმძღვანელი შუქრი აბრამიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ელექტროსადგურები მოსახლეობას პრობლემებს არ უქმნის და კატასტროფები არა ატომური საფრთხის, არამედ ბუნების კატაკლიზმების შედეგია.
შუქრი აბრამიძე: ევროპის ტერიტორია ატომური ელექტროსადგურების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა – მარტო საფრანგეთში 55 ატომური რეაქტორი მუშაობს, მათ შორის ორ-და სამბლოკიანი სადგურებია. წლების განმავლობაში ისე მუშაობს ეს სადგურები, რომ მსოფლიოში არავის სმენია, იქ რაიმე ნორმები დარღვეულიყო. შვეიცარიის ტერიტორია 40 000 კვადრატული კილომეტრია, თითქმის ისეთი ბუნება აქვთ, როგორიც ჩვენ გვაქვს და 6-7 მილიონი მოსახლე ჰყავთ. ამ ქვეყანას ატომურ ენერგეტიკაში 35-პროცენტიანი წვლილი შეაქვს. ასევეა ბელგიაც: 30 000 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე ქვეყანას, 10 მილიონზე მეტი მცხოვრებით, ძალიან ბევრი ატომური რეაქტორი აქვს. გერმანიის მოქალაქეები ყოველთვის იყვნენ ატომური ელექტროსადგურების მუშაობის წინააღმდეგნი და ამას დროდადრო მოითხოვდნენ ხოლმე, მაგრამ, წინააღმდეგობა ერთია, მაგრამ ისიც ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ატომური ენერგეტიკა ელექტროენერგიის ყველაზე ეფექტური, შედარებით იაფი და საიმედო წყაროა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურზე რაც მოხდა, იმის ბრალი კი არაა, რომ თავად დანადგარი გამოვიდა მწყობრიდან, არამედ, ეს მოხდა სტიქიის გამო, რისგანაც არაფერია დაზღვეული. რეაქტორს ისეთი კორპუსი ჰქონდა, რომ არც კი დანგრეულა. მსოფლიოში 430 ატომური ბლოკი მუშაობს, ატომური ენერგეტიკა არის 30 ქვეყანაში და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქვეყანამ რომ მოითხოვოს ატომური რეაქტორების გაჩერება, რა მოხდება მთელ მსოფლიოში. ჯერ ერთი, ორგანული სათბობის, გაზისა და ნავთობის მარაგი სულ უფრო მცირდება; ამას გარდა, ამ სათბობზე გადასვლა ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ტენდენცია, რომ შეჩერდეს ატომური რეაქტორების მუშაობა, არსებობს, მაგრამ ამის განხორციელება რთულია. გარდა ამისა უკვე შექმნილია ახალი სისტემები, რომელთა გამოყენებითაც ატომური რეაქტორების მუშაობა თითქმის აბსოლუტურ უსაფრთხოებამდე მიდის.
– ჩვენთან ყველაზე ახლოს ერევნის ატომური ელექტროსადგურია. მსგავსი მიწისძვრის შემთხვევაში, რა საფრთხეს შეუქმნის ის საქართველოს?
– მსოფლიოს პრესაში სპეციალისტები წერენ, რომ იაპონიის ატომური ელექტროსადგურები ათბალიან სეისმომედეგობაზე იყო გათვლილი, მაგრამ, ვერ გაითვალისწინეს ცუნამის ზემოქმედება. სწორედ ცუნამის დარტყმით გამოვიდა ელექტროსადგური მწობრიდან. ყველაფრის გათვალისწინება ძნელია. რეაქტორის კორპუსი ისეა აშენებული, არ ვიცი, როგორი მიწისძვრა უნდა მოხდეს სომხეთში, რომ ატომურ რეაქტორს საფრთხე შეექმნას, ის ყველამ ვიცით, რომ ცუნამი ერევანს ნამდვილად არსაიდან ემუქრება. ერევნის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი თავისი აგებულებით ყველაზე უსაფრთხო სისტემად ითვლება და არ მგონია, იქ რაიმე ისეთი მოხდეს, რომ საქართველოს საფრთხე შეექმნას. მანძილი ამ რეაქტორიდან საქართველოს საზღვრამდე 110 კილომეტრია, თბილისამდე – 180 კილომეტრი. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ სომხეთში ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ დაზიანდა რეაქტორი და ეს შედეგი საქართველომდე მოვიდა, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება სომხეთი?
– ჯვარი სწერიათ სომხებს, მაგრამ, იაპონიის ატომური ელექტროსადგური ხომ ბევრად მაღალი ტექნოლოგიებით იქნება აშენებული, ვიდრე საბჭოთა პერიოდის ერევნის ატომური რეაქტორი, რომელსაც ალბათ ექსპლუატაციის ვადაც კი გაუვიდა?
– რატომ ფიქრობთ, რომ იაპონიის ატომური ელეტროსადგური უფრო კარგად შეიძლება იყოს აშენებული, ვიდრე ერევნის ატომური რეაქტორი? რამდენიმე წლის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნამდვილად გადაწყვეტილი ჰქონდა ამ რეაქტორის გაჩერება. წესით, ატომური ელექტროსადგურის შენობას, სადაც რეაქტორია დამონტაჟებული, ზემოდან უნდა ჰქონდეს რკინა-ბეტონისგან გაკეთებული ხუფი, რომელიც არ ჰქონდა საბჭოთა კავშირის რეაქტორებს. ეს ხუფი არ აქვს არც ერევნის ატომურ ელექტროსადგურს. ჩერნობილს რომ ასეთი ხუფი ჰქონოდა, ის ავარია მაინც მოხდებოდა, მაგრამ რადიაცია, რომელიც ატმოსფეროში გამოიყარა, იმ რაოდენობით არ გავრცელდებოდა. ერევნის ატომური ელექტროსადგური, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ჩერნობილის და ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურების შემდეგ ერთ-ერთ წამყვან რეაქტორად ითვლებოდა, თუმცა მისი ბლოკების სიმძლავრე უფრო დაბალი იყო. პროექტით ერევნის რეაქტორის სიმძლავრე იყო 440 მეგავატი, მაგრამ ყოველთვის 380 მეგავატის დონეზე მუშაობდა. იქ დღესაც უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ერევნის ატომური ელექტროსადგური ერევნიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. ატომური ელექტროსადგურების უმეტესობა ქალაქებთან ახლოსაა აგებული, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ შორეულ აღმოსავლეთში მათი აშენება უფრო დიდ ხარჯებთან და ელექტროენერგიის დანაკარგთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა, ატომური ელექტროსადგურის მდებარეობა უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ სტანდარტებს: რეაქტორიდან დასახლებულ პუნქტამდე მინიმუმ 30-კილომეტრიანი რადიუსი უნდა იყოს დაცული. ერევნის ატომური რეაქტორის ერთი ბლოკი 1979 წელს ჩადგა მწყობრში, მეორე – 1981 წელს. როგორც წესი, ერევნის რეაქტორიც ექსპლუატაციის 30-წლიან ვადაზეა გათვლილი. ამის შემდეგ ხდება რეაქტორის გენერალური, ფუნდამენტური შემოწმება. თუ ყველაფერი წესრიგშია, რეაქტორს ექსპლუატაციის ვადას უზრდიან. ასე მოხდა ერევნის რეაქტორის შემთხვევაშიც, თუმცა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ერევანში დაიწყება ორი ახალი, უფრო მძლავრი, 1 000-მეგავატიანი ენერგობლოკის მშენებლობა. ერთ-ერთის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში კი 2016 წელს შევა. მაშინ გააჩერებენ ახლა მოქმედ ბლოკს, დააკონსერვებენ და მერე დაიწყება მისი დემონტაჟი. დაკონსერვებულ რეაქტორს უფრო მეტი მოვლა და პატრონობა უნდა, ვიდრე მოქმედს, რადგან მუშაობის დროს მთელი პერსონალი მობილიზებულია და კონსერვაციასაც მუდმივი კონტროლი სჭირდება ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2020 წლისთვის სომხეთს ექნება ახალი ატომური სადგური ორი მძლავრი ელექტრობლოკით, ეს იქნება მძლავრი ელექტროსადგური და მერე სომხები გვეტყვიან: აბა, ვის გინდათ, წაიღეთ ჩვენი ელექტროენერგიაო. ბლოკებს, ალბათ, მოქმედი რეაქტორის ტერიტორიაზე ააშენებენ, რადგან უკვე მზადაა მოედანი: არის წყალი, რეაქტორთან მისასვლელი გზა. ახალი რეაქტორის მშენებლობას მინიმუმ წელი სჭირდება, რადგან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას წინ უძღვის დიდი გეოლოგიური სამუშაოები, იკვლევენ ეკოსისტემას, სეისმომედეგობას და თვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი.
– ეს ატომური ელექტროსადგური შარშან ოქტომბერშიც შეაჩერეს. რამე პრობლემები არსებობდა იქ?
– შარშან ატომური ელექტროსადგური მართლაც გააჩერეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ავარიული სიტუაცია იყო და რამე საფრთხე არსებობდა. როგორც იცით, ატომური სადგური შედგება ორი ენერგობლოკისგან, ან მუშაობს ორივე ბლოკი ერთად, ან მუშაობს ერთი ენერგობლოკი, მეორეს კი უტარებენ რემონტს. რემონტი არის როგორც გეგმური, ასევე, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. რეაქტორის გაჩერების დროს მოწმდება ყველა სისტემა, ხდება ახალი ბირთვული მასალის ჩატენა, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ის, რომ გასულ წელს ერევნის რეაქტორზე რაღაც მოხდა – თითქოს ხანძარი გაჩნდა და თანამშრომლებმა მიატოვეს იქაურობა, ტყუილია. ერევნის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები: ფიზიკოსები, ტექნოლოგები, ქიმიკოსები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ წელიწადში ერთხელ უტარებენ გამოცდებს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
– როგორ არის დაცული მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რა წესები მოქმედებს ატომურ რეაქტორზე?
– ატომურ ელექტროსადგურებზე მუშაობის მკაცრი განაწესი არსებობს: ადამიანები მუშაობენ ექვსსათიანი ცვლებით, აქვთ უფრო ხანგრძლივი შვებულებები, სხვადასხვა შეღავათი. თანამშრომლები ყოველ წელიწადს, ხან – წელიწადში ორჯერ გადიან სრულ სამედიცინო შემოწმებას, თითოეული მათგანი აყვანილია კონტროლზე. თუ რეაქტორზე ყველაფერი ისე მიდის, როგორც გათვალისწინებულია რეგლამენტით – ნორმაშია წნევა, ტემპერატურული რეჟიმი, – თანამშრომლებს ჩვეული რეჟიმით უწევთ მუშაობა, მაგრამ, როცა რადიაციული ფონი მატულობს, მაშინვე ხდება მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარის გაჩერება. როგორც კი რადიაციული ფონი იკლებს, იქმნება სპეციალური პროგრამები და ხდება მიზეზების გაანალიზება. ასეთ შემთხვევებში რეაქტორის თითოეული თანამშრომლის ნაბიჯი განსაზღვრული და გაწერილია, ისინი მკაცრი ინსტრუქციებით მუშაობენ.