კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სირთულეებს აწყდება ქალი, რომლის დედასაც სიძე ყველას ურჩევნია



ორი ადამიანის ურთიერთობა ორი ადამიანის ურთიერთობაა და იქ მესამე, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტია, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახურ წყვილს ეხება. არავის აქვს უფლება, მართოს სხვისი პირადი ცხოვრება, მიუთითოს და შესთავაზოს საკუთარი პირობები. ცოლ-ქმრის, ანუ ქალისა და მამაკაცის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ, თავისთავად გულისხმობს ინტიმს, თანაც სრულ ინტიმს. ის გარეშე თვალისგან დაფარული უნდა იყოს, თანაც, აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც: თუ ოჯახში გაჩნდა ბზარი, თუ წყვილს შორის იდილია დაირღვა, თუ მათ შორის სერიოზული კონფლიქტია, რომლის შედეგს ნამდვილად ვეღარ დაფარავთ, აჯობებს, უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი ყველას თანდასწრებით ჩხუბობს, აწყობს სკანდალებს, მაგრამ ბოლომდე ერთად რჩებიან. ხოლო ცოლ-ქმარი, რომელიც იდეალურ წყვილად ითვლებოდა, ერთმანეთს შორდება და ეს ამბავი აოცებს ყველას. რატომ?!



ლიკა (36 წლის): მე ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ დედასთან მემეგობრა. მიმაჩნდა, რომ სწორედ ეს არის იდეალური ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. ამიტომ ყველაფერს ვუყვებოდი, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი ის იყო, ყველა დაქალზე ახლობელი. სამწუხაროდ, არ გამოვიდა ჩვენი იდეალური მეგობრობა. შეიძლება, სწორედ ამის ბრალია, რომ დღეს ბედნიერი არ ვარ და პირად ცხოვრებაშიც ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს. აღმოჩნდა, რომ დედაჩემს ჩემი არასდროს ესმოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ არ ჰქონია ამის სურვილი. ყოველთვის თავისი პოზიცია ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს პოზიცია იყო სწორი. ბევრი უსიამოვნება იმიტომ შემხვდა, რომ დედაჩემთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. რეალობას თვალს არ ვუსწორებდი, თავს ვიტყუებდი და ამან კარგი არაფერი მომიტანა.

– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ დედასთან ცუდი ურთიერთობა მქონდაო?

– ცუდი ურთიერთობა კი არ მქონდა, უბრალოდ, ის და მე სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. მას ჩემი გაგება არ სურს. ჩემს ქმარზე ვერც კი დავიწუწუნებ, გიჟდება ამაზე. თვითონ მამაჩემი ყურებით ჰყავს დაჭერილი და ყველა ასე ჰგონია. როცა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის პრობლემები გაჩნდა, გადავწყვიტე (ეს, ალბათ, ბუნებრივიც იყო), დედაჩემისთვის მომეყოლა, რჩევაც მისთვის მეკითხა. ვერაფრით წარმოვიდგენდი იმ რეაქციას, რომელიც ამაზე დედაჩემს ჰქონდა. გამლანძღა – უზნეო ხარ, თორემ კაცზე, რომელთანაც წევხარ, ასე არ ილაპარაკებდიო.

– რა ილაპარაკეთ ქმარზე?

– ის, რაც მაწუხებდა. ბოლო დროს ჩემს ქმარს ისეთ რამეებს ვატყობდი, ვხვდებოდი, რომ ურთიერთობა ძალიან გვიფუჭდებოდა. პრეტენზიული და ჭირვეული ადამიანი არ ვარ. ქმრისგან განსაკუთრებული არაფერი მომითხოვია, არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც სულ ნაირ-ნაირებს ითხოვენ, სულ წუწუნებენ, სულ უკმაყოფილოები არიან. საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ვარ და იმდენსაც ვშოულობ, საკუთარი მოთხოვნები დავიკმაყოფილო. ქმრისგან მხოლოდ ერთი რამე მინდოდა: სიყვარული და სითბო. ის ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ საშინლად გამიცრუვდა იმედი. მისთვის ნივთი ვარ, სათამაშო, რომელსაც საკუთარი ხუშტურის მიხედვით ექცევა. არ ვიცი, შეიძლება, გადახრები აქვს ან მის ხასიათში დევს ამ ფორმით სიამოვნების მიღება. თუმცა მე მაინც მგონია, მას სწამს, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. თავიდან ვითმენდი, რადგან შედარებით იშვიათად „აფრენდა“, მერე კი აცრემლებული მთხოვდა პატიებას.

– კონკრეტულად რა იგულისხმება „გაფრენაში“?

– ჩემი დამცირების მცდელობა. მე არ ვამბობ, რომ მცემს ან მცემდა, მაგრამ შეუძლია, მოითხოვოს, რომ დაჩოქილმა წინდები გავხადო და ფეხები დავბანო. ღამე გავუღვიძებივარ და უთქვამს, ადექი, წყალი მომიტანეო. შედარებით ნორმალურად იქცეოდა, როცა ფეხმძიმედ ვიყავი და იმ პერიოდში მართლა ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, გაჩნდა ბავშვი და ისევ ძველებურად განაგრძო. მისი ატანა დიდ ნერვებსა და ძალისხმევას მოითხოვს. საკმარისია, უკმაყოფილება გამოვთქვა, რომ მაყვედრის: უმადური ხარ, ერთგული ქმარი გყავს და არ აფასებ. სახლში უნდა მოგიყვანო „ნაშა“, ლოგინში ჩაგიწვინო და მერე დამაფასებო. ოჯახის გარეთ თითით საჩვენებელი, სანიმუშო ქმრის როლს თამაშობს, მზრუნველია, ყურადღებიანი. დედაჩემი მისით ყოველთვის ამაყობდა და მეუბნებოდა, ძალიან გაგიმართლაო. რამდენჯერმე ვცადე, გულახდილად დავლაპარაკებოდი, მაგრამ საშუალება არ მომცა, მაჩუმებდა არ გრცხვენია, შენი „ჭუჭყიანი თეთრეული“ ყველას დასანახავად რომ გამოგაქვსო?! მერე ვუთხარი, მღალატობს-მეთქი.

– რა გითხრათ?

– არაფერი. ვითომ სხვას ღალატობდა ქმარი, მის შვილს კი არა. იქნებ, უკეთესი იყო, სიმართლეში გამოვტყდომოდი, მომეყოლა, როგორ მექცეოდა მისი სანაქებო სიძე. მაგრამ ღალატი არაფერია მისთვის და იმას გაიგებდა, რას ნიშნავს, როცა გამცირებენ? მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს ჩემი ქმარი თავის სიდედრს ანუ დედაჩემს, „შეუძვრა“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიდის დედაჩემთან და ისეთ გულის ამრევ სპექტაკლებს დგამს, ცუდად ვხდები. გულმოკლული ქმრის როლს თამაშობს, რომელმაც რაღაც შეცდომა დაუშვა და ახლა საშინლად ნანობს. დედაჩემი ადვილად გაიხადა მოკავშირედ და ორივე ერთად მიტევს. დედაჩემის დანახვა აღარ მინდა. ტვინს მიბურღავს, სულ იმაზე ლაპარაკობს, რომ სულელი ვარ, ოჯახს არაფრის გამო ვანგრევ, ასეთ შესანიშნავ ქმარს ვკარგავ. მეუბნება, აბა, რომელ კაცს შეუძლია, ასე მოინანიოს დანაშაული, გულახდილად აღიაროს, რომ ცუდად მოიქცა? ახლა შენი ჯერია, აპატიე და შერიგდით. შვილი გყავთ, ბავშვს ნორმალური ოჯახი სჭირდება, ეგოისტი ნუ ხარო. არაფრით არ უნდა იმის გაგება, რომ აღარ მინდა, ჩემს ქმართან რაიმე საერთო მქონდეს. იძულებული ვარ, დედაჩემთან ვიზიტები მაქსიმალურად შევზღუდო. მაგრამ გიას რა ვუყო? იცით, რა დღეში ვარ?! ფაქტობრივად, ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც არ მიყვარს. ეს კიდევ რბილად ნათქვამია – ვერ ვიტან, მთრგუნავს, ჩემს პიროვნებას ანადგურებს.

– გაშორდით?

– რას ამბობთ?! წარმომიდგენია, ამას რა მოჰყვება. გია ადვილად არ დათმობს პოზიციებს. გეუბნებით. საშინელი ადამიანია. არ არის აუცილებელი, ქმარი გღალატობდეს და ამის გამო აღარ გინდოდეს მასთან ცხოვრება. ზოგი ისეთი საყვარელია და ისე აფასებს ცოლს, ღალატსაც აპატიებ.

– ცოლს აფასებს და ღალატობს?

– ჰო. პირადად მე ღალატი დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია. შეიძლება იმიტომ, რომ გაცილებით უარესი პრობლემა მაქვს და ამასთან შედარებით ის, რომ შენი ქმარი სადღაც ვიღაცასთან დაწვება, ტრაგედია ნამდვილად არ არის. ბევრი ქალი, ალბათ, არ დამეთანხმება და მეტყვის, რა პრობლემაა ქმრისთვის ფეხების დაბანაო. მაგრამ სათქმელად არის ადვილი. გააჩნია, როგორ გთხოვენ ამას. მე მერჩივნა, ეღალატა ჩემთვის, მაგრამ ღირსება შეენარჩუნებინა, თავისიც და ჩემიც. როგორ აგიხსნათ. ძალიან რთულია ჩემს მდგომარეობაში შესვლა და იმ ყველაფრის გათავისება უცხო ადამიანისთვის, რასაც მე განვიცდი. მაგრამ დედას ამის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. მე უფრო არ უნდა ვუყვარდე, ვიდრე თავისი სიძე?!

– დედათქვენს არ უნდა, რომ მის შვილს ოჯახი დაენგრას.

– გასაგებია, მაგრამ უნდა შეეწიროს მისი შვილი ამ ამბავს? ვერ ხედავს, რას დავემსგავსე? არ ვიცი, რა ჰგონია, რომ გავბოზდები და „პანელზე“ დავდგები, თუ, ოჯახს დავანგრევ?! ასე ცუდად უნდა იცნობდეს თავის გაზრდილ შვილს? რატომ ჰგონია, ის იდეალური და მე – ზნედაცემული?

– თქვენ ხომ თქვით, რომ გარეთ სანიმუშო ქმრის როლს კარგად თამაშობს. შეიძლება, დედათქვენიც ტყუვდება.

– შეიძლება, მაგრამ უნდა მოტყუებულიყო მანამ, სანამ მე პირს გავაღებდი და ყველაფერს მივუყვებოდი. როცა ვეუბნები, რომ ქმართან ჩემი ცხოვრება გაუსაძლისია-მეთქი, ის კი არ უნდა მითხრას, რა გაკლია, წყალი არ ჩამოგდის, მშიერი და ტიტველი არ ხარ, არ გცემენ და არ გაგინებენ, კმაყოფილი უნდა იყო შენი ბედითო, სიძეს უნდა დაელაპარაკოს და დაიცვას ჩემი უფლებები. უპატრონო რომ ვგონივარ ჩემს ქმარს, იმიტომაც არის, ყველა ზღვარს რომ გადავიდა. ჩემი ქმარი ისეთი ნაძირალაა, თუ მის წინააღმდეგ მარტო დავრჩები, საბოლოოდ გამანადგურებს. რამდენიმე დღის წინ მივიდა დედაჩემთან, იტირა. მერე ვითომ ცუდად გახდა. დედაჩემმა წივილ-კივილით დამირეკა. უნდა მოკლა ეს კაცი? როგორ გინდა მერე ამხელა ცოდვით იცხოვროო? ჩემი ქმარი დედაჩემს ყოველთვის ანებივრებდა ძვირფასი სუნამოებით, ყვავილებით, ტკბილეულით. სკამზე შემდგარი სვამდა მის სადღეგრძელოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრთამავდა.

– სიძე რომ სიდედრს პატივს სცემს, ეს მოქრთამვაა?

– როცა ცოლისთვის თბილი სიტყვაც კი არ ემეტება, აბა, რა არის? მე არ ვარ არანორმალური, არც ოჯახის დანგრევაა ჩემი იდეაფიქსი. ეს დედაჩემი ფიქრობს, რომ მე აუცილებლად საყვარელს გავიჩენ, როგორც კი ქმრისგან წამოვალ. ამიტომაც ვერაფრით ეგუება აზრს, რომ მისმა შვილმა, შეიძლება, ოჯახი დაანგრიოს. ჩემი ქმარი მისთვის ის ფარია, რომელიც ჩემს შეურყვნელ იმიჯს უზრუნველყოფს. არ ვიცი, რა არის ეს – გონებრივი ჩამორჩენა თუ კიდევ უფრო უარესი რამ. ნეტავი, სხვა შვილებსაც თუ აქვთ მსგავსი პრობლემა? შოკში ვარ, დედაჩემს ჭკუიდან გადავყავარ.

– მართლა ფიქრობთ სხვა მამაკაცზე?

– ჯერ არა. ისეთ დაძაბულ გარემოში ვცხოვრობ და ისეთი სტრესი მივიღე ჩემი ქმრისგან, რომ ამ ეტაპზე სხვა კაცზე ფიქრი სიგიჟე იქნებოდა. მით უმეტეს, თუკი ჩემი ქმარი ვერ მოვიშორე თავიდან, სხვაზე როგორ ვიფიქრებ. მართლა არ ვიცი, რა ვქნა. იქნებ, დედაჩემისთვის ყველა ის ინტიმური პრობლემა უნდა გამემხილა, რაც ქმართან ამ წლების განმავლობაში მქონდა. მაგრამ, რადგან ამდენ ხანს ვითმენდი, ჰგონია, რომ ვიგონებ. მგონი, ჩემი მოთმინება ძალიან ძვირი მიჯდება.

– გინდათ, გასცილდეთ ქმარს?

– მინდა. უკვე მინდა. ძალიან მიჭირს ასე ცხოვრება. ორ ფრონტზე ბრძოლით დავიღალე. აქეთ დედაჩემს ვეომები, იქით – ჩემს ქმარს. ერთმანეთზე უარესები არიან, შეუგნებლები. ჩემი ქმარი ტკბება იმ გამარჯვებით, რასაც დედაჩემის მხარდაჭერით აღწევს. ნიშნის მოგებით გამომხედავს ხოლმე და კიდევ უფრო აუტანელი ხდება. ნამდვილი ტირანია, დედაჩემს კი ანგელოზი ჰგონია. იქნებ, არც ჰგონია, მაგრამ ასე აწყობს. გავეყრებოდი ქმარს, მაგრამ სად წავიდე, ერთი გულშემატკივარი ხომ მაინც უნდა მყავდეს? წარმომიდგენია, როგორ მომჭრის საქვეყნოდ თავს. ყველას დაარწმუნებს, რომ მე ვარ უზნეო, არ შევიფერე ნორმალური ქმარი და ოჯახი დავანგრიე.

– გაღელვებთ ის, რას იტყვიან თქვენზე სხვები?

– როგორ არ მაღელვებს, რატომ უნდა თქვას ხალხმა ჩვენზე ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს. მართლა საყვარლის გამო რომ ვანგრევდე ოჯახს, მაშინ ყველას აზრს ფეხებზე დავიკიდებდი. ძალიან ვნანობ, რომ ჩემს ქარსა და დედაჩემს ასეთი შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ. არადა, იყო დრო, როცა ეს ამბავი მიხაროდა. საერთოდ, ნორმალური სწორედ ასეთი ურთიერთობაა. ხომ მეთანხმებით?

– ალბათ. ყოველ შემთხვევაში, სიძე-სიდედრის ურთიერთობა უფრო ხშირად პრობლემურია ხოლმე.

– დიახ. ანეკდოტურად პრობლემური, მაგრამ ჩემი შემთხვევა გამონაკლისია. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? სადმე გადავიკარგო თუ შევეგუო ჩემს მწარე ხვედრს? ვხედავ, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს, ორ ფრონტზე ბრძოლას ვერ მოვიგებ. მით უმეტეს, რომ არანაირი „ბეგრაუნდი“ არ მყავს. ქმარს ვეომო თუ დედაჩემს? არც ერთი არ მომცემს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. უარესად გამიმწარებენ სიცოცხლეს.

– ორივეს ერთად რომ დაელაპარაკოთ?

– რისთვის? დედაჩემი მაშინვე მის მხარეს დაიჭერს და ჩემი ქმარი უფრო გათამამდება. ორივე ერთად დამეტაკება და მაჯობებენ. სწორედ დედაჩემის პოზიცია აძლევს ჩემს ქმარს იმის საშულებას, რომ ასე უცერემონიოდ „გადამიაროს“. რა უნდა ვქნა, რომ დედაჩემი სიძის ვერაგობაში დავარწმუნო, წარმოდგენა არ მაქვს. სასოწარკვეთილი ვარ. მეცოდება საკუთარი თავი. არავინ მყავს ისეთი, ვისაც ჩემზე გული შესტკივა. დაქალმა რა უნდა მიშველოს? მომისმენს, თავს სინანულით გადააქნევს და მორჩა, ისევ მარტო დავრჩები საკუთარ მწარე რეალობასთან.



დალი მიქელაძე


скачать dle 11.3