როდის გამოდის წყობიდან ნუგზარ ჩიქოვანი და რა შეიძლება, გააკეთოს მან აფექტურ მდგომარეობაში
სოხუმის თეატრის მსახიობი, ბატონი ნუგზარ ჩიქოვანი სერიალს „გოგონა გარეუბნიდან” მეორე სეზონში შეუერთდა. მისი გმირი, ვალერი, ძალიან საინტერესო და სახალისო ადამიანია. არის თუ არა ნუგზარ ჩიქოვანი მისი გმირივით რომანტიკული და რას შეცვლიდა ის თავისი წარსული ცხოვრებიდან, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
ნუგზარ ჩიქოვანი: ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვმუშაობ სოხუმის თეატრში ლამის სამი ათეული წელია. პარალელურად ვმუშაობ „რუსთავი 2-ის“ გახმოვანებაში და, ასევე, ვთამაშობ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”.
– სერიალის გმირებს მოგვიანებით შეუერთდით. როგორც ვიცი, თავიდან სხვა როლზე იყო საუბარი.
– დიახ, თავიდან გამსინჯეს თამუნას მამის როლზე, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის მსახიობი, ვინც ამჟამად თამაშობს, უფრო შეეფერებოდა ამ როლს. ამიტომ მე მამის როლზე არ დამამტკიცეს. რაც შეეხება ვალერის როლს, მისი შემოყვანა სერიალში მეორე სეზონის დასაწყისში გადაწყვიტეს. ეს პერსონაჟი არ არის ამერიკულ ვარიანტში, ეს არის ჩვენი სცენარისტების მიერ მოგონილი როლი. მათ თვითონაც არ იცოდნენ, რამდენ ხანს იქნებოდა საჭირო ჩემი გმირი, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე სერიაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, შემდეგ ისე საინტერესოდ განვითარდა ვალერის ისტორია, რომ ის დღემდე შემორჩა სერიალს.
– რეალურ ცხოვრებაში თუ არის რაიმე მსგავსება თქვენსა და ვალერის შორის?
– მე და ვალერის შორის საერთო არაფერია. რა თქმა უნდა, არსებობენ ვალერისნაირი ადამიანები და ისინი ძალიან კარგები არიან, მაგრამ, ჩემგან ცოტა შორს არის ეს პერსონაჟი – ის მეტისმეტად რომანტიკულია. მოკლედ, მე ვერანაირ მსგავსებას ვერ ვპოულობ ჩემსა და ვალერის შორის.
– თქვენ არ ხართ რომანტიკული?
– რომანტიკული როგორ არ ვარ, მაგრამ, ასეთი ნამდვილად არა (იცინის).
– ახლა, რაც შეეხება ოჯახს: დიდ დროს ატარებთ ოჯახის წევრებთან ერთად თუ თქვენს პროფესიას უფრო მეტხანს უთმობთ?
– სამწუხაროდ, ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ. დილით რომ გავდივარ, როგორც წესი, სახლში 11-ზე, 12-ის ნახევარზე შევდივარ ხოლმე. აქედან გამომდინარე, მათთან ურთიერთობა ნამდვილად არ გამომდის ხოლმე. ალბათ ასე ჯობია კიდეც, არ ვიცი. მართალი რომ გითხრათ, გადამავიწყდა, თავისუფალი დრო როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა. აღარც კი მახსოვს, როგორ უნდა დავისვენო.
– დასვენება არ გენატრებათ ხოლმე?
– ჩემი დასვენება არის გასტროლებზე წასვლა. იქაც გავდივართ ხოლმე რეპეტიციებს, მაგრამ თავისუფალი დრო უფრო მეტი გვაქვს. ამით აბსოლუტურად ვკმაყოფილდები.
– წარსულში რომ დაგაბრუნონ, თქვენი ცხოვრებიდან რამეს შეცვლიდით თუ ყველაფერს ისე დატოვებდით, როგორც იყო?
– ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. შეიძლება, არის კიდეც რაღაცეები, რასაც შევცვლიდი, თუმცა, განსაკუთრებულს, ალბათ არაფერს.
– ფეთქებადი ხასიათი გაქვთ?
– მოთმინების უნარი ნამდვილად მაქვს, მაგრამ, თუ ამით ცუდად ისარგებლებენ, ბოლოს მართლაც ვფეთქდები ხოლმე, შეიძლება, ყველასა და ყველაფრის მიმართ არაადეკვატური გავხდე. ახლობლები ვეღარც კი მცნობენ. ვიცი, ეს ცუდი თვისებაა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის შეცდომას, ამიტომ, შეუძლებელია, არ გაღიზიანდე და წყობიდან არ გამოხვიდე.
– დათმობა შეგიძლიათ?
– კი, როცა მივხვდები, რომ მართალი არ ვარ, აუცილებლად დავთმობ. მართალია, ძნელია ამის აღიარება, მაგრამ, იდეაში ასე უნდა იყოს (იცინის).
– პოპულარობა დამღლელი ხომ არ არის?
– პოპულარობა ძალიან სასიამოვნოა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, მღლის-მეთქი. ხალხს უყვარხარ, შენ მიმართ სითბოს გამოხატავენ – ამაში ცუდი რა არის?
– გამაღიზიანებელი ჭორები თუ გსმენიათ თქვენზე?
– როგორც წესი, ეს ამბები ჩემამდე არ მოაქვთ ხოლმე. თუმცა, ერთი-ორჯერ მეც გავიგე რაღაც ჭორები, მაგრამ, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
– პირად ცხოვრებას ეხებოდა თუ პროფესიას?
– პირად ცხოვრებას და ეს ძალიან მაღიზიანებს. რატომ უნდა დაინტერესდე იმ ადამიანის პირადი ცხოვრებით, ვისაც არ იცნობ?! თან, სიმართლე არ გეგონოთ, რაღაც გამოგონილი სისულელეები იყო.
– რომელი იყო თქვენი ყველაზე საყვარელი როლი?
– ერთ უცნაურ შემთხვევას გავიხსენებ: დიდი ხნის წინ ბატონმა გიზო ჟორდანიამ ჩვენს თეატრში დადგა სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი”. ეს ხდება სოხუმში. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ გიორგი ქავთარაძე იყო. იმ პერიოდში დედას რაღაც პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ვთხოვე, თბილისში გამოვეშვი. როდესაც სოხუმში დავბრუნდი, სამაგიდო რეპეტიციები უკვე დამთავრებული იყო და სცენაზე აპირებდნენ გადასვლას. ბატონმა გიზომ დამსვა და ერთად დავიწყეთ ჩემი როლის შეთხზვა. დაიწყო ტექსტის წერა, მე კი ვთხოვე, თუ შეიძლება, ამ პერსონაჟს ტექსტი არ ჰქონდეს-მეთქი. ბატონი გიზო დიდი მაესტროა და მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი. ამ პერსონაჟს დავარქვით „კოლიე“. მას ჰქონდა ერთადერთი სიტყვა. როცა ყვარყვარე ეკითხება, რა გქვიაო, ის პასუხობს – კოლიე. მეტი სიტყვა არ მქონია, მაგრამ ეს სპექტაკლი ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა და ძალიან ტკბილად მახსენდება.
– საკუთარ თავს კინოში უფრო ხედავთ თუ თეატრში?
– ეს ჩემთვის აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეა. პრინციპში, საქმე ერთია, თუმცა, რაღაცით თითქოს განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს თავს თეატრში უფრო ვხედავ.
– როდესაც ძალიან ცუდ ხასიათზე ხართ, ყველაზე მეტად რა გეხმარებათ მდგომარეობიდან გამოსვლაში?
– ცუდ ხასიათზე თუ ვარ, ამის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას, თუ არა და, ვსვამ. ამ საქციელისკენ არავის მივუწოდებ, მაგრამ იმ წუთში ძალიან მეხმარება. მეორე დილით, როდესაც ვფხიზლდები, მაინც მახსოვს, მაგრამ, უკვე დროა გასული და იმდენად აღარ ვღიზიანდები. შეიძლება, ცოტა ცუდი აგიტაცია გამომივიდა სასმელთან დაკავშირებით, მაგრამ, ვცდილობ, გულახდილი ვიყო.
– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?
– დიახ, ძალიან კრიტიკული ვარ. არასდროს არ მქონია ის მომენტი, რომ ბოლომდე მომწონებოდა ჩემს მიერ შესრულებული როლი. ყოველთვის ვხედავ პატარა ხარვეზებს, მაგრამ ვცდილობ, შემდეგში აღარ დავუშვა ის შეცდომა.
– როგორ ფიქრობთ, თამაში ცხოვრებაშიც საჭიროა?
– სასურველია, ცხოვრებაში არ ითამაშო, მაგრამ, მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელიც რაღაც მომენტში მაინც არ თამაშობს. განსხვავება ის არის, რომ ზოგი ცუდად თამაშობს, ზოგი – კარგად (იცინის). პირადად მე ვცდილობ, ცხოვრებაში ნაკლებად ვითამაშო – ეს ხომ ტყუილია და მეტი არაფერი!..