როგორი ურთიერთობა ჰქონდა „თეთრი რელსების“ ცნობილ შემსრულებელს ალა პუგაჩოვასთან და რას ვერ აიძულებდნენ მას სცენაზე
მათი პოპულარობიდან სამ ათეულ წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა დღემდე ბევრს ახსოვს მის მიერ შესრულებული „თეთრი რელსები”. უჩა კორძაიას სასცენო ხიბლი, მისი ენერგია, მუხტი და ხალასი იუმორი ისე ავსებდა მთელ ანსამბლს, რომ მას „75-ის“ „პარაოზი” უწოდეს. თავად ფიქრობს, რომ მუსიკალური მონაცემებით არ ყოფილა გამორჩეული. თუმცა, წლების შემდეგაც სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, რომელიც „ბითლზებივით” დაშლილი ქართული ანსამბლის მთელი ეპოპეა იყო.
უჩა კორძაია: ანსამბლ „75-ით“ ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი დაიწყო. იქამდე, ერთი წელი „ორერაში” ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში შექმნა რობერტ ბარძიმაშვილმა კონსერვატორიის სტუდენტებისგან ანსამბლი „75”. ჩვენ ბევრი ვიარეთ ერთად, იმდენი ვიარეთ, რომ ბოლოს დავიღალეთ. მაშინ კომუნისტური წყობა იყო და როგორც ყველაფერი, კონცერტებიც კი გეგმიურად ეწყობოდა. დღეში 5-7 კონცერტს ვატარებდით, პოპულარობის ზენიტში ვიყავით. თუმცა, ეს თავში არასდროს აგვვარდნია. ნორმალურ ფარგლებში, რაც გვინდოდა, ყველაფერი გვქონდა და ყველაფერი ავისრულეთ. ჩვენი პრივილეგიები იყო ქეიფი და დროსტარება. რაიკომის მდივნები ბინებში გვპატიჟებდნენ, ისე უნდოდათ ჩვენი გაცნობა. არც „გულაობა“ გვაკლდა და არც გრიალი. განსაკუთრებით, ბესო კალანდაძესა და კობა ბეჟიტაშვილზე გიჟდებოდნენ გოგონები. 13-14 წლის გოგონებში იყვნენ ისინი პოპულარულები, ჩვენ უფრო სოლიდური გოგონები გვეპრანჭებოდნენ (იცინის). მე უკვე ცოლიც მყავდა და შვილებიც, მაგრამ იმას ვახერხებდი, რომ ოჯახს, რომელსაც დღემდე პირველ ადგილზე ვაყენებ, ჩემი ისტორიები არ შეხებოდა.
– სცენაზე ბევრი სიმღერა არ შეგისრულებიათ, თქვენს სავიზიტო ბარათად იქცა „თეთრი რელსები”. რატომ „დაგჩაგრათ” რობერტ ბარძიმაშვილმა?
– არ დავუჩაგრივარ. მე არ ვარ მომღერალი და საერთოდ არ მინდოდა მომღერლობა. არ მქონდა ისეთი ხმა, რომ მემღერა. დღესაც ვამბობ, მე ვარ ინსტრუმენტალისტი, ჩემი სტიქია ინსტრუმენტზე დაკვრაა. სულ ორი სიმღერა ვიმღერე – „თეთრი რელსები” და მეორე ქუთაისზე, რომელიც ქუთაისში ძალიან პოპულარული იყო. რობერტ ბარძიმაშვილს უნდოდა, ანსამბლის ყველა წევრს ემღერა, როცა გიორგევიჩმა მითხრა: უნდა იმღეროო, ცუდად გავხდი. მისი ხიბლიც სწორედ ის იყო, რომ ზუსტად იცოდა, ვის რა უნდა ემღერა. ახლა ჩემთვის სენტიმენტალური სიმღერა რომ შეერჩიათ, ვიყავი მე „ტირიფებისა” და ტირილის კაცი? „თეთრი რელსები” ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა იყო, მაგრამ ისეთი, რომ რატომღაც ვერავის მოერგო. მის შესრულებას დამახასიათებელი, მახინჯური ხმა სჭირდებოდა, კიდევ ის „წიკები” რომელიც მე მქონდა. ჭიჭყინა ვიყავი, სულ ვყვიროდი, ანსამბლში „პარაოზს” მეძახდნენ. რობერტი რამეს რომ იტყოდა, მერე მე მეუბნებოდა: მიდი, ახლა შენო, მეც დავქოქავდი ხოლმე ბიჭებს. ჩემი ხასიათითა და იუმორით, სიცოცხლე შემქონდა. რობერტმა მითხრა: „თეთრი რელსები” შენზეა ზედგამოჭრილიო, მეც ვიმღერე და უცებ აიტაცა ხალხმა. მახსოვს, რუსებმა ფილმი გადაიღეს, სადაც თითო-თითო სიმღერა შევიდა საბჭოთა კავშირის ვარსკვლავებზე, ეს სიმღერაც შევიდა ამ ფილმში. რუსებმა სიმღერის ტექსტი არ იცოდნენ და არც აინტერესებდათ, ისიც ვერ მოიფიქრეს, რომ ბაკურიანში გადაეღოთ, ახმეტაში წაგვიყვანეს. ურმებსა და კამეჩებზე შემოგვსვეს ბიჭები. ათი დღე დავდევდი ახმეტაში კამეჩებს, ლამის შემჭამეს. კამეჩი გადასაღებ მოედანზე გაგიჩერდება? ერთხელ რომ დააწვა ნახნავებში, ძლივს გავაჩერეთ. ისეთი მაღალი იყო, ვერც გადმოვხტი, მასთან ერთად მივქროდი ნახნავებში (იცინის).
1978 წელს ძალიან მაგარი პროგრამით გამოვედით სპორტის სასახლეში და დაინგრა იქაურობა ემოციებით. დისკოთეკაც გვქონდა. უცხოური სიმღერების შესრულება არ შეიძლებოდა. ამის გამო კინაღამ დაგვიჭირეს. სპორტის სასახლიდან რომ გაგვყარეს, ფილარმონიაში გამოვდიოდით. ერთი-ერთი კონცერტის შემდეგ, მოვიდა კულტურის მაშინდელი მინისტრი, ოთარ თაქთაქიშვილი და გვითხრა: შვილებო, ინგრევა ყველაფერი და გაჩერდითო. 18 წლის ტრომბონისტი გვყავდა, ვერ იცნო მინისტრი და უთხრა: წადი, რა, თავი დაგვანებეო, ამაზე დიდი ამბავი ატყდა. მერე წავედით „პრიბალტიკაში“, იქ სხვა დონე იყო და ჩვენი პროგრამა კარგად მიიღეს.
– ამბობენ, როცა ანსამბლი დაიშალა, ყველას დიდი დეპრესია ჰქონდაო, ბევრი უცხოეთშიც კი წავიდა საცხოვრებლად. თქვენ როგორ უშველეთ თავს?
– ანსამბლი მაშინ დაიშალა, როცა პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მაშინ რობერტის გადაწყვეტილება, ისე დაშლილიყო ჩვენი ანსამბლი როგორც „ბითლზები” დაიშალა, ბევრმა ვერ გაიგო. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო სიმღერა, შეიძლება უკეთესადაც გვემღერა, მაგრამ წლები თავისას შვრება. ვინმეს ხომ არ ვათქმევინებდით, რა კარგები იყვნენ, ახლა კი დაბერდნენ და გაფუჭდნენო? მაისში ჩვენი ანსამბლის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება და ისეთ კონცერტს ჩავატარებთ, დავამტკიცებთ, რომ დღესაც მაგრები ვართ. ანსამბლის დაშლის შემდეგ ზოგი ჩემი მეგობარი უცხოეთში წავიდა. მეც მქონდა შანსი უცხოეთში ცხოვრების, მაგრამ ვიცოდი, ჩემი თბილისისა და ქუთაისის გარეშე ვერ გავძლებდი. ცხოვრება ხომ მინდოდა, ბიზნესის კაცი მე არ ვიყავი – ხან რა შემომთავაზეს მეგობრებმა, ხან რა, მაგრამ უარი ვთქვი. ბევრი გაჭირვება გადავიტანე, მაგრამ შვილები მაინც ფეხზე დავაყენე. დიდი ოჯახი მაქვს, უკვე მეხუთე შვილიშვილს ველოდებით. სამ შვილს რჩენა ხომ უნდოდა? ავდექი და კუტუზოვის ქუჩაზე, ბარში დავიწყე მუშაობა. მახსოვს, თავიდან სულ მაკანკალებდა, ვინმეს ფული არ შემოეთავაზებინა. ახლა კი ვიცი, რომ ეს ის გზაა, რომელიც ყველა მუსიკოსმა უნდა გაიაროს, მაგრამ თავიდან ძალიან მრცხვენოდა. ერთხელ ერთი კახელი გადამეკიდა, გინდა თუ არა, ეგ ყანწი მათხოვე, ღვინო უნდა დავლიოო. მე ვუთხარი: ეს ყანწი კი არა, საქსოფონია-მეთქი, არ იჯერებდა. ავდექი და ჩავასხი ღვინო საქსოფონში. ღვინო კლაპანებიდან გაუვიდა და მაინც ამბობდა, გახვრეტილი ყანწიაო (იცინის).
– თქვენი მეგობრები პოლიტიკაშიც კი წავიდნენ. თქვენ რატომ არ შეიცვალეთ ცხოვრების გეზი?
– ღმერთმა გაუმარჯოს მათ, ვინც ეს გზა აირჩია. ნუგზარ ერგემლიძეს ჰქონდა მაგის ტვინი, მე კი რა მაიმუნიც ვიყავი, ის მაიმუნი დავრჩი. ნუგზარი ჭკვიანი ბიჭი იყო, მისი და ზურა მანაგაძის დამსახურებაა, რომ იმ წლებში ქართულმა ესტრადამ ასეთ დიდ წარმატებებს მიაღწია. მათ განსხვავებული ჟანრი შემოიტანეს ქართულ ესტრადაზე. სხვა მიმართულება ჰქონდა „ივერიას.” ჩვენ შორის კონკურენცია კი იყო, მაგრამ მომღერლები და მსახიობები ერთმანეთთან ვძმაკაცობდით. იმხელა იყო ეს დალოცვილი საბჭოთა კავშირი, საგასტროლოდ მათაც ჰყოფნიდათ და ჩვენც. მაშინ ფონოგრამობა არ იყო, პირდაპირ ვმღეროდით. ახლა მიკვირს, როგორ ვუძლებდით იმ დატვირთვას. თან, ვმღეროდით, თან ვცეკვავდით, ვჭამდით, ვსვამდით და „ვგულაობდით“. ოღონდ, კახეთში ქალები არ იყო (იცინის). ქალები იყო რუსეთში, სადაც ჩვენ ძალიან პოპულარულები ვიყავით. 10 დღე გამოვდიოდით საკონცერტო დარბაზ „რასიაში”, ისეთი ამბავი იყო, ბილეთებს ვერ შოულობდა ხალხი. ძალიან უყვარდათ ჩვენი მუსიკა. ყველა ცნობილ გადაცემაში გვეპატიჟებოდნენ. იალტაში პირველი ადგილი ავიღეთ ფესტივალზე. ყველა საბჭოთა ვარსკვლავი იქ იყო. ალა პუგაჩოვასაც ვიცნობდი, სოფია როტარუსაც და პრესნიაკოვსაც. როცა ჩვენ სცენაზე ვიდექით, კირკოროვი და ლეონტიევი სანდლებში დარბოდნენ. ახლა ვინ დარჩა სანდლებში? მახსოვს, ერევანში ვიყავით ერთად გადაღებაზე, კრისტინა ორბაკაიტეს ხელით ვასეირნებდი. პუგაჩოვა მაგარი ქალი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა. ერთი პერიოდი, ბარძიმაშვილს ჩვენთან პუგაჩოვას გადმოყვანა უნდოდა. როგორც ვიცი, არც ის იყო უარზე, მაგრამ ბევრი ფული მოითხოვა და ვერ შეთანხმდნენ. პუგაჩოვა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ურთიერთობებში რთული და მძიმე. ერთხელ როკ-ოპერა დავდგით – „ადამი და ევა.” მე ეშმაკის როლს ვთამაშობდი. ისეთი ტიპი ვიყავი, ეშმაკის გარდა სხვა როლი არ მომიხდებოდა. ლენინგრადში გვქონდა გასტროლები. იქ ვაჩვენეთ ეს ოპერა. პირველი კონცერტი რომ დამთავრდა, ახლობელი გოგონები მოვიდნენ და სტუმრად დაგვპატიჟეს. წავედი, მთელი ღამე ვიქეიფეთ და დილით ვბრუნდები სასტუმროში. საშინელ „პახმელიაზე“ ვარ. ჩავედი მეტროში, სასტუმრო „ოკტიაბრსკში” უნდა მივიდე. გავგიჟდი კაცი, მეტროში ყველა „ზდრავსტვუი”, „ზდრავსტვუის” მეუბნება. ესკალატორზე ჩამოვდივარ, უკან მივტრიალდი და რას ვხედავ? ყველა ზემოთ ამსვლელი თავს მიქნევს. გაოგნებული დავრჩი, ვიფიქრე: ერთი კონცერტით თუ მთელმა ლენინგრადმა გამიცნო, ორი კვირის მერე რა მოხდება-მეთქი. მივედი სასტუმროში და კობა ბეჟიტაშვილს ვეუბნები: კობა, ამიხსენი, მთელი ლენინგრადი გამარჯობას რატომ მეუბნება-მეთქი. ვაი, შენს პატრონსო, მითხრა კობამ. ნასვამი თავს კონტროლს რომ ვეღარ უწევ, შენი „წიკი” თავის დაქნევა ჰგონიათ და იმიტომ გესალმებიან, გააჩერე ეგ თავიო (იცინის).
– ახლა როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?
– ახლა რესტორან „ტიფლისში” ვმუშაობ. ისეთ პროფესიონალ ბიჭებთან ერთად ვუკრავ, მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. „უჩა ბენდი” ჰქვია ჩვენს ჯგუფს. კლასიკურ მუსიკას ვუკრავთ, ტრადიციულ ჯაზს, საელჩოები გვეძახიან მიღებებზე. ფული არ გვაქვს ბევრი, მაგრამ გემოვნებიან მუსიკას ვუკრავთ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენი მუსიკის მოსასმენად ჩვენი თაობის არისტოკრატია მოდის. ახლა ის კომპლექსიც მოვიშორე, რაც ადრე, კუტუზოვზე მქონდა. კაცს რაღაცის გაკეთების თავი თუ გაქვს, მშიერი არ დარჩები. ტაში-ტუშა ხალხი კი ვართ, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოვფხიზლდით – სხვის შრომასაც ვცემთ პატივს და საკუთარსაც. სულ ტაში-ტუშში ხომ არ დავრჩებოდით? თან, ისეთები ვართ, „ნა ულიცე, ნე ვალიაიუტსაო” (იცინის).