როგორ აისახება საწვავის ფასზე იაპონიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაკეტვა და რატომ არ არეგულირებს ამერიკა თავისი მარაგით ნავთობის საერთაშორისო ფასს
მსოფლიოში ხან გლობალური ფინანსური კრიზისია, ხანაც ახლო აღმოსავლეთში ეწყობა რევოლუციები. ამ მიზეზით კი ნავთობის ფასი განუხრელად იზრდება, რაც, თავისთავად, იწვევს ფასების მატებას ყველა დანარჩენ პროდუქტზე. საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და საწვავის გაძვირება არცთუ დალხენილ სოციალურ ყოფას, კიდევ უფრო გვიმძიმებს. რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში საწვავის ფასის დასარეგულირებლად და რატომ არ ყიდულობენ საქართველოში მომუშავე ნავთობიმპორტიორები წინასწარ საწვავს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მომხმარებელს აქტიურად სთავაზობენ წინასწარი შესყიდვის ბარათებს. ამ საკითხების გარკვევას ნავთობმწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარესთან, ვანო მთვრალაშვილთან, ერთად შევეცდებით.
– ნუთუ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს დაიცავდა საწვავის გაძვირებისგან. რატომ არ მიმართავენ ჩვენი ნავთობიმპორტიორი კომპანიები წინასწარ შესყიდვებს?
– ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ძირითადად, ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვენ 100 პროცენტით მომხმარებელი ქვეყანა ვართ და ვიძენთ საწვავს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია აზერბაიჯანი, თუმცა საწვავი შემოდის ასევე რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, თურქმენეთიდან.
– რუსეთიდან?
– მცირე რაოდენობით, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის, რადგან „ლუკოილს“ ბულგარეთში აქვს თანამედროვე ქარხნები და იქიდან შემოაქვს პროდუქცია. ამ ქვეყნებში საწვავის პროდუქციის შეძენა ხდება პლაცის, ანუ იმ დღეს საწვავზე არსებული საერთაშორისო ფასით. შესაძლოა, აღებულ იქნას სამი დღის შუალედი, იქიდან გამომდინარე, თუ რა დრო სჭირდება საწვავის დატვირთვას.
– აზერბაიჯანი აქვეა და ერთ-ორ დღეში აქ იქნება საწვავი, მაგრამ სხვა დრო უნდა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საწვავს.
– იქ 20-დღიანი შუალედია.
– და ფასი როგორ დგინდება?
– სხვადასხვა მიდგომებია, მაგრამ, ძირითადად, აიღება ის საერთაშორისო ფასი, რაც საწვავის დატვირთვის მომენტშია. ჩვენს ქვეყანას არ აქვს საწვავის სტრატეგიული მარაგი, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან. მათ აქვთ როგორც ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების მარაგი და კრიტიკული სიტუაციების დროს ხსნიან მას, რომ ფასები მეტ-ნაკლებად არეგულირონ. საქართველოს კი არანაირი მარაგი არ აქვს, ერთადერთი მარაგი შეიძლება, იყოს კერძო კომპანიების ნაშთები, რომლებიც საცავებში აქვთ. ეს ნაშთიც არ არის დიდი რაოდენობის: ზოგისთვის შეიძლება იყოს ერთი თვის, ზოგისთვის – ორკვირიანი. კომპანიას მუდმივად ფუნქციონირებისთვის სჭირდება ეს მარაგი, რომ საცავიდან უწყვეტი მიწოდება განახორციელოს. ჩვენ არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული და, ამდენად, დაზღვეული ვართ გაუგებრობებისგან, ამიტომაც კომპანიებს არ სჭირდებათ მარაგის შექმნა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ კერძო კომპანიას მარაგის შესაქმნელად რესურსი სჭირდება. მართალია, საქართველოში არის ტერმინალები, მაგრამ მათ თავიანთი ფუნქცია აქვთ და დაკავებულია. მეორე და უმთავრესი ის არის, რომ კომპანიას მარაგის გასაკეთებლად ფინანსური რესურსი სჭირდება.
– ამიტომაც ვამბობ, დაეხმაროს მათ ამაში სახელმწიფო?
– ეს დიდ ფულად რესურსთანაა დაკავშირებული. დღეს, დაახლეობით, ექვსი ბრენდია საწვავის ბაზარზე. ისინი ავითარებენ თავიანთ ინფრასტრუქტურას და ამაში მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ. ჩვენთან ევროკავშირის დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო ავტოგასამართი სადგურების სტრუქტურაა.
– მესმის, რომ საუცხოო ინფრასტრუქტურა ვიზუალურადაც სასიამოვნო შესახედავია, მაგრამ ჩვენს მომხმარებელს რა, გარდა იმისა, რომ თვალს წყალს ალევინებენ?
– ჯერ ერთი, ეს ავტოგასამართი სადგურები აღჭურვილია ეკოლოგიის დაცვის საშუალებებით. თითოეულ გასამართ სადგურზე არის ავზები, საიდანაც შეიძლება აორთქლდეს საწვავი, ამიტომაც იქ დგება ფილტრები, რომლებიც ამას არეგულირებს და ჰაერში მავნე ნივთიერებები არ ხვდება. ამასთან, ყველა ახალი ავტოგასამართი სადგურის ავზი მოთავსებულია სარკოფაგში და გამორიცხავს აფეთქების საშიშროებას. მესამე: მონტაჟდება თანამედროვე მრიცხველები, რომ სიზუსტით აღირიცხოს საწვავი. თვითონ სერვისის კუთხით რომ მივუდგეთ საკითხს: ავტობანებზე ავტოგასამართ სადგურებზე არის სველი წერტილები. საერთოდ, ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ავტოგასამართი სადგური ამ კუთხითაც მოგემსახუროთ. მეტიც, ტრასებზე არსებულ გასამართ სადგურებზეც უფასოა სველი წერტილით მომსახურება. არის კიდევ უამრავი ნიუანსი. მაგალითად, დღეს ავტობანზე ორი კომპლექსური ავტოგასამართი სადგური შენდება, „ვისოლის“ და „სოკარის“, იქ იქნება სავაჭრო ცენტრი და სხვა უამრავი რამ. დიდი ინვესტიციები იდება ამ პროექტში და ეს ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლოა. უცხოელი დადის და ხედავს ამას.
– მესმის, რომ ეს აუცილებელია და ამაზე არ ვდავობთ. ეს ჩვენი ნავთობიმპორტიორი კომპანიები არ მუშაობენ ეგრეთ წოდებული „ფიუთჩერზული“ კონტრაქტებით თუ თითოეულ ჯერზე ახალი ფასით ყიდულობენ საწვავს? წინასწარ არანაირ კონტრაქტს არ აფორმებენ, არანაირი ფასდაკლების სისტემა არ არსებობს? საწვავის გაძვირება ხომ ავტომატურად აძვირებს ყველაფერს.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ საწვავზე ფასის მომატება სხვა პროდუქციაზეც იწვევს ფასის მატებას, თუმცა ხშირად სპეკულაციურს. ჩვენთან კონტრაქტები იდება პლაცის ფასით.
– დავითვალოთ რა ფინანსური რესურსი სჭირდება საწვავის რაღაც მარაგის წინასწარ შეძენას და რა თანხას დაზოგავდა ეს როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლისთვის.
– დღეს 1 ტონის პლაცის ფასი 980 დოლარია. ათას ტონაზე ეს არის 980 000 დოლარი.
– ვთქვათ, ერთი თვის წინათ რა ღირდა?
– დაახლოებით, 900 დოლარამდე.
– ესე იგი, 80 000 დოლარს იგებ, არა, 1 000 ტონაზე?
– მივალთ აქამდე: საქართველო თვეში მოიხმარს, ბენზინს პლუს დიზელი – 60 000 ტონა საწვავს და არც ერთ კომპანიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი დღეს, რომ ეს ფული ჩადოს.
– წინასწარ რომ ეყიდათ ერთი თვის მაინც, იმ ერთ თვეში დაზოგავდა 10 მილიონს?
– მაგრამ ფასები შეიძლება, არა მხოლოდ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს. არავინ ვარაუდობდა, რომ ნავთობის ფასი 90-95 დოლარს ასცდებოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო 110 დოლარს გადასცდა. ამაში კრიზისის გარდა თავისი წვლილი ფასების სპეკულაციურმა გაზრდამაც შეიტანა. იმის თქმა მინდა, რომ, თუკი ნავთობის ფასები დაიწევს, კომპანიებისთვის არ იქნება მომგებიანი წინასწარი შესყიდვა.
– ანუ საქმე ისეა აწყობილი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ზარალდებიან.
– ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომ არსებობდეს ფულადი რესურსი და მაშინ კომპანიები იფიქრებდნენ საწვავის წინასწარ შეძენაზე. მეორე მხრივ, საწვავის ფასის დარეგულირებისთვის გადასახადების შემცირებას არანაირი აზრი არ აქვს. გასულ წელს 450 მილიონი ლარი იყო მობილიზებული ამ სექტორიდან ბიუჯეტში.
– ამდენივე მაინც ხომ დარჩა, სულ მცირე ამ სექტორს?
– ამაში ვერ დაგეთანხმებით. თუ გადასახადები შემცირდება, თანხა მოაკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს და ვერც საწვავზე შემცირდება იმ დოზით ფასი, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს. ერთი სიტყვით, ამ პრობლემის მოგვარების მთავარი საშუალებაა საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის აშენება.
– ეს გაგვიიაფებდა საწვავის ფასს?
– მთავრობა ფიქრობს ამ მიმართულებით, ასეთი ქარხნის ასაშენებლად საჭიროა 1-2-მილიარდიანი ინვესტიცია და ეს ქარხანა მნიშვნელოვნად გააიაფებდა საწვავს: კომპანიებს, ფაქტობრივად, არ ექნებოდათ გადაზიდვის ხარჯი.
– ნავთობი ხომ უნდა ჩამოიტანოს ვიღაცამ?
– ჯერ ამაზე ვისაუბროთ. ქარხანამ კი უკვე შეიძლება, განახორციელოს ფასდაკლების სისტემა. კომპანიებს მარაგის შექმნა არ დასჭირდებათ და, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების პროცესი დაიწყება, ეს მალევე აისახება ბაზარზე. ამერიკაში ასეთი სქემაა: ის ქარხნებითაა დატვირთული და, როგორც კი ფასები ვარდება, ერთ კვირაში ახდენენ ადგილზე კორექტირებას.
– აქ კი უნდა ველოდოთ, სანამ ოცი დღის წინანდელი ფასით გაყიდიან მარაგს? მაინც ყველაზე მოგებული „სოკარია“. იმ დღის ფასით მუშაობს და ორ დღეში შეუძლია ფასის კორექტირება, მაგრამ ამას არ აკეთებს და უზარმაზარ მოგებას ნახულობს. მაგათთვის გაუსვრია „ავრორას“?
– როდესაც მეზობლად ხარ, ბუნებრივია, შენი პოტენციალი გაცილებით დიდია. ჩვენ მხოლოდ მომგებიან სიტუაციაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ აგვისტოს ომის პერიოდში ზღვის აკვატორია ჩაკეტილი იყო და მხოლოდ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საწვავი.
– ის ნამდვილი ომი იყო!
– საქართველო მუდმივად დაძაბულ სიტუაციაშია, ამიტომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რომ მსოფლიო ფასების მატება მტკივნეულად არ აისახოს ადგილობრივ ფასებზე. როგორც გითხარით, ტრანსპორტირების დანახარჯი ამოვარდება; მეორე, კომპანიებს ლავირების მეტი საშუალება მიეცემა.
– და ყველა კომპანია თანაბარ მდგომარეობაში იქნება?
– დიახ. ვისაც ევროპიდან მოაქვს, ცოტა საწვავს ვერ წამოიღებს, იმდენი უნდა წამოიღოს, რომ გემი დაიტვირთოს. ქარხნის არსებობის შემთხვევაში კი ფულადი რესურსი გამოუთავისუფლდებათ და ეს კომპონენტიც ამოვარდება ფასწარმოქმნაში.
– ინვესტორი რომ დაინტერესდეს ამ ქარხნით, ის მომგებიანი უნდა იყოს. არ მგონია, ჩვენი ქვეყნის მასშტაბმა აითვისოს ეს ქარხანა. ვინ შეიძლება, დაინტერესდეს ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციით?
– საქართველოს ბაზარი დიდი არ არის, წელიწადში მილიონ ტონა საწვავს მოიხმარს, ასეთი კომპლექსისთვის ეს მცირეა, სულ ცოტა, 3-4 მილიონი მაინც უნდა იყოს მოხმარება, რომ ქარხანა მომგებიანი გახდეს. თუმცა საქართველოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, გვაქვს პორტი.
– და ვინ იყიდის ამ ჩვენს გადამუშავებულ საწვავს?
– შეიძლება, იყიდოს სომხეთმა, თურქეთმა, უკრაინამ. თუ ეს პროექტი შედგება, ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი და დაარეგულირებს საწვავის ფასს.
– ჩვენს წინა ინტერვიუში ერთად დავითვალეთ, თუ რა გავლენა მოახდინა ლარის კურსმა საწვავის ფასზე საქართველოში. მართალია, საწვავის საერთაშორისო ფასი იზრდება, მაგრამ ლარი რომ მყარდება?
– საწვავის ფასის ფორმირებაზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი. ლარის გამყარება, ამ მხრივ, პოზიტივია.
– ორი კვირის განმავლობაში ათი თეთრით მოიმატა საწვავის ფასმა, ლარმა კი ათი თეთრით დაიკლო. ეს როგორ?
– ლარის გამყარებამ გამოიწვია ის, რომ საწვავის ფასი უფრო მეტად არ გაიზარდა.
– რას ამბობთ, მე კი გულუბრყვილოდ 5 თეთრით გაიაფებას მაინც ველოდი?
– ნავთობზე ფასი, ძირითადად, მატულობდა და საწვავის ფასი როგორ შემცირდებოდა?!
– მას შემდეგ, რაც იაპონიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიკეტა, იაპონია კი რიგით მესამე მომხმარებელია მსოფლიოში, ნავთობის ფასი ხომ შემცირდა?
– ეს ორი დღის ამბავია, დინამიკაში კი ფასი იზრდებოდა და პლაცის ფასმა თითქმის 1 000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. საწვავი არ გაძვირდა იმის გამო, რომ ლარი გამყარდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ასეთი არცთუ ისე სახარბიელო ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანიებს თავისი ქვეყნისთვის ცუდი უნდათ?
– მე არ ვამბობ, რომ ცუდი უნდათ, მაქვს ეჭვი, რომ მომხმარებლის ხარჯზე უნდათ კარგი თავიანთი ჯიბეებისთვის.
– მე ამ კითხვას ზოგადად ვსვამ. საწვავის ფასის მატება აძვირებს ყველა პროდუქტის ფასს და ეს ოჯახების ბიუჯეტს მძიმედ აწვება. ამდენად, კომპანიებმა გამორიცხულია, გადადგან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. უბრალოდ არის გამოუვალი ვითარება და საწვავის ფასის ზრდა გარდაუვალია. კერძო კომპანიები მოგებაზე მუშაობენ, ვერავინ ეტყვის მათ, მოგებაზე არ იმუშაოთო.
– უბრალოდ იქმნება კარტელური გარიგების შთაბეჭდილება: ასე ერთდროულად როგორ აძვირებენ და აიაფებენ?
– თუ საწვავის ფასები დაიწყებს ვარდნას, ერთად გავაკეთოთ ამის მონიტორინგი. რაც შეეხება კარტელურ გარიგებას: საწვავის საერთაშორისო ფასი ყველასთვის ერთი და იგივეა.
– მესმის, მაგრამ ერთს რომ ერთ დღეში ჩამოსდის საწვავი და მეორეს – 20 დღეში, როგორ აჯენენ ასე ერთნაირად ფასს?
– როგორ ფიქრობთ, ევროპაში საწვავზე სხვადასხვანაირი ფასებია?!
– არ ვიცი.
– ერთნაირი ფასია. ჩვენთან ექვსი დიდი კომპანიაა და როგორ გგონიათ, სიამტკბილობით ცხოვრობენ ერთმანეთთან?!
– არ მგონია, იმიტომ რომ ერთი ძალიან მომგებიან მდგომარეობაშია დანარჩენებთან შედარებით.
– ისინი სხვადასხვა მარკეტინგულ სვლას მიმართავენ, რომ მეტი საწვავი გაყიდონ, თუმცა თვითონ ფასი დაკავშირებულია საერთაშორისო ფასზე და ეს ყველასთვის ერთი და იგივეა. მაგალითად, „სუპერი“ და „პრემიუმი“ 100 პროცენტით ევროპიდან შემოდის, აზერბაიჯანიდან მხოლოდ „რეგულარს“ ვიღებთ.
– აბა, „სოკარი“ ვის „პრემიუმს“ და „სუპერს“ ყიდის?
– ან თვითონ ყიდულობს ევროპაში ან დანარჩენი კომპანიებისგან ყიდულობს. „სუპერის“ მომხმარებელი 2 პროცენტია, „პრემიუმის“ – 20 პროცენტი, ძირითადად, ჩვენთან „რეგულარს“ მოიხმარენ.
– სანამ ქარხანა აგვიშენდება, როგორია თქვენი პროგნოზი?
– ლოგიკურად, ნავთობის ფასმა უნდა დაიწიოს, რადგან მსოფლიო ეკონომიკა ვერ გაუძლებს, რომ ბარელი ნავთობი 115 დოლარი ღირდეს. თუ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი დარეგულირებისკენ წავა, საწვავის ფასი დაბლა დაიწევს. ჩვენთან უკვირთ, რატომ ღირს შეერთებულ შტატებში საწვავი ჩვენზე იაფიო, მაგრამ, ისინი, ჯერ ერთი, ნავთობის უდიდესი მომხმარებლები არიან და, მეორე, მათ უამრავი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვთ. საქართველოს გამოსავალი არის ქარხანა, სხვანაირად საწვავის ფასის რეგულაცია გამორიცხულია.