ინტიმური საუბრები
ახია ჩემზე!
ახალგაზრდობაში მყავდა შეყვარებული, რომლის ცოლად შერთვა მქონდა გადაწყვეტილი. ჩვენს საერთო სამეგობროში იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოვწონდი, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად მეპრანჭებოდა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე ჩემი შეყვარებულის გარეშე მომიწია წასვლა, რადგან ის გაციებული იყო. სუფრა რესტორანში იყო გაშლილი. როგორც ხდება ხოლმე, კარგად გამოვთვერით. უკვე ძალიან გვიანი იყო, გოგოებს მარტო ვერ გავუშვებდით სახლში და ბიჭებმა ვითავეთ მათი გაცილება. მე ის გოგონა „შემხვდა“, რომელსაც მოვწონდი. მთხოვა, ფეხით გავისეირნოთ, მანამდე ცოტას გამოვფხიზლდებიო. მე გონზე აღარ ვიყავი სიმთვრალისგან და აბსოლუტურად არ მახსოვდა, მისი სახლის ნაცვლად, როგორ აღმოვჩნდით ჩემს სახლთან. არც ის მახსოვს, როგორ ავიყვანე სახლში ეკა და როგორ ჩავიწვინე ლოგინში. დილით რომ გავიღვიძე და ჩემ გვერდით ის დავინახე, მეგონა, სიზმარს ვხედავდი. რომ გამოვფხიზლდი, საშინლად ვეჩხუბე, მან კი ჯერ ტირილი დაიწყო, მერე კი ისტერიკა დაიმართა: გამაუპატიურე და პასუხს გაგებინებო. შეიძლება, რამე მომეხერხებინა და ეკა დამეწყნარებინა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად დედაჩემი და მამაჩემი დამადგნენ თავზე სოფლიდან წამოღებული პროდუქტებით დატვირთულები. ეკამ ამით ისარგებლა და ისეთი სპექტაკლი მოაწყო, რომ მამაჩემმა და დედაჩემმა, პრაქტიკულად, მაიძულეს, რომ იქვე დავთანხმებულიყავი მის ცოლად მოყვანაზე. დედამ თითიდან ნიშნობის ბეჭედი წაიძრო, ეკას გაუკეთა და გადაკოცნა, მამაჩემმა კი მის მშობლებს დაურეკა, ახალი ამბავი შეატყობინა და საღამოს სადილად დაპატიჟა. ეკას კი კარგა ბლომად ფული ჩაუდო ხელში და უთხრა, შენი გემოვნებით, რაც გინდა, იყიდეო. მოკლედ, ყველაფერი ზუსტად ისე აეწყო, როგორც ამ თვალთმაქც გოგოს ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩემმა მშობლებმა ჩემი შეყვარებულის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ და, ეტყობა, იმიტომ გადაწყვიტეს ასე ადვილად.
ერთი სიტყვით, შემრჩა ეს ქალი ცოლად. ვეღარც გავეყარე, რადგან ტყუპი ქალ-ვაჟი გაგვიჩნდა და ბავშვები ვერ მივატოვე. ჩემი შეყვარებული კი დღემდე გაუთხოვარია. მასთან დარეკვაც კი ვერ გავბედე. რომ დამერეკა, როგორ უნდა მემართლებინა თავი, ან, საერთოდ, რა უნდა მეთქვა?
ჩემი უტვინობით ისე დავისაჯე, რომ მთელი ეს წლები სულ იმას ვცდილობ, სახლში მაქსიმალურად გვიან მივიდე, ან საერთოდ არ მივიდე, რომ ცოლის გაუთავებელი სკანდალები და პრეტენზიები არ ვისმინო. ყველა სიკეთესთან ერთად, ეკას ისეთი ავი ქალი გამოდგა, ყველა მეზობელთან მოახერხა ჩხუბი და დამდურება. ჩემს მშობლებს კი, ვისი წყალობითაც ახლა, ასე თუ ისე, ოჯახი აქვს და ვინც პირველი წუთებიდან მისი მხარე დაიჭირა, სახლში არ უშვებს. ის საწყლები წელიწადში ორ-სამჯერ თუ ჩამოდიან ხოლმე სოფლიდან დატვირთულები. ეკას კი ჩამოტანილს მშვენივრად იფერებს, მაგრამ ისეთ სიტუაციას ქმნის სახლში, რომ შუადღეს ჩამოსული დედაჩემი და მამაჩემი იმავე საღამოს ბრუნდებიან ხოლმე სოფელში. შვილებიც თავისნაირები გაზარდა და ყველაზე მეტად ეს მიკლავს გულს.
ახია ჩემზე, ყველაფერი ახია!
კახა, 42 წლის.
მეგობარმა ჩემზე შური იძია
ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს ძმაკაცს უყვარდა. მეც მიყვარდა და ეს ორივემ, მეც და ჩემმა მეგობარმაც, ვიცოდით. არ გვინდოდა, ერთმანეთი დაგვეკარგა გოგოს გამო და ამიტომ ასე მოვილაპარაკეთ: ვისაც თათია აირჩევდა, მეორე გზიდან უნდა ჩამოშორებოდა. ძალიან ბრიყვული შეთანხმება გამოგვივიდა, რადგან ერთმანეთი მაინც დავკარგეთ: თათიამ მე ამირჩია და ცოლადაც გამომყვა, მაგრამ აკო ჩემთან ვეღარ მოდიოდა, ან კი როგორ მოვიდოდა?!
მე თავიდან განვიცდიდი ამ ამბავს, მაგრამ მერე თანდათან მივეჩვიე. ორიოდე წლის შემდეგ აკომ შეირთო ცოლი, მაგრამ მალე გაშორდა. მერე მეორედაც დაქორწინდა და იმასაც გაეყარა. ერთი სიტყვით, ვერა და ვერ ააწყო პირადი ცხოვრება. ყველაფერზე გულაცრუებულმა სმა დაიწყო და გალოთდა, რის გამოც სამსახურიც დაკარგა და ყელამდე ვალებშიც ჩაეფლო. მოკლედ, როგორც მითხრეს, ხელიდან წავიდა. თავის უიღბლობაზე გაბოროტებული, თურმე, ყველაფერში მე მადანაშაულებდა და შურისძიებით მემუქრებოდა. ჩემდა ჭირად, მისი მუქარა არაფრად ჩავაგდე და კიდეც ვიწვნიე: ისეთი საშინელებები მომიწყო, სახელიც გამიტეხა, სამსახურიც დამაკარგვინა და ცოლიც გამიქცია სახლიდან. ვზივარ ახლა მარტო, უფულო, უმუშევარი, ცოლისგან მიტოვებული და ცის გახსნას ველოდები: ეგებ მოხდეს სასწაული და დამიბრუნოს ღმერთმა ძველი ცხოვრება.
ჯაბა, 36 წლის.
ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი სადომაზოხისტები არიან
ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი აშკარად სადომაზოხისტები არიან. დავიწყოთ იქიდან, რომ თან უყვართ ერთმანეთი და თან ატანა არ აქვთ. უერთმანეთოდ ვერ ძლებენ და, ამავე დროს, ისე ტანჯავენ ერთმანეთს, ხან ერთის ცოდვით ვიწვი, ხან – მეორის.
ჩემი ბიძაშვილი ცოტა ნერვიული ბიჭია – ელემენტარულ რამეზე შეიძლება, აფეთქდეს, მილეწ-მოლეწოს ყველაფერი, მერე კი, ასევე უმიზეზოდ, უცებ დაწყნარდეს და სასაცილო ამბავი გიამბოს. ცუდ ხასიათზე ყოფნისას ყველა ერიდება, ცდილობს, გაეცალოს, მაგრამ საწყალი მისი ცოლი ამას ვერ ახერხებს, რადგან ჩემს ბიძაშვილს აუცილებლად სჭირდება ხოლმე ობიექტი მრისხანების გადმოსაფრქვევად და, ეს ობიექტი, როგორც წესი, მისი ცოლია. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ის ვერ ახერხებს კი არა, პრაქტიკულად არც კი ცდილობს, მოერიდოს, თითქოს ძალით ეჩხირება თვალებში, რომ მერე კარგად იწვნიოს მისი გასროლილი წიგნის ან სხვა ნივთის სიმძიმე საკუთარ თავზე, მოისმინოს ლანძღვა-გინებისა და დამამცირებელი სიტყვების კორიანტელი... ეს მაქსიმუმ, 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება, მერე კი, როცა ჩემს ბიძაშვილს მრისხანება ჩაუქრება, ჩემი რძალი ღიმილით იწყებს ნასროლი ნივთების იატაკიდან აკრეფას და თავ-თავის ადგილზე დაწყობას. მისი ქმარი კი, ვითომ არც არაფერი მომხდარა, რაიმე მოსაფერებელი სიტყვით მიმართავს (მაგალითად: ცუცნა, ფისო), ძალიან ალერსიანი და მორიდებული ტონით სთხოვს, თუ არ გეზარება, ყავა მომიდუღეო. ეს სულელი ქალიც სიხარულით გარბის სამზარეულოში, შემოაქვს ორი ფინჯანი ყავა, სხდებიან ერთად და სვამენ საამო ჟღურტულის თანხლებით.
მათ რომ ვუყურებ, ისე ვიბნევი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო და როგორ მოვიქცე ხოლმე. ძალიან მღლის მათ საზოგადოებაში ყოფნა. მით უმეტეს, რომ ძირითადად თავიანთი ახლობელი წყვილების ურთიერთობებს განიხილავენ და ყველას ასწავლიან ეთიკისა და ეტიკეტის წესებს. მერე კი ერთად მიდიან რომელიმე ძვირიან მაღაზიაში და ჩემი ბიძაშვილი ცოლისთვის ყველაზე ლამაზ და ძვირფას საჩუქარს ყიდულობს.
ყოველივე ამის შემდეგ ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ ცოლიც და ქმარიც მთლად ჯანმრთელად ვერ არის?!
ვატო, 32 წლის.
არ ვიცი, როდემდე გავუძლებ
ისეთი გამწარებული ვარ, რაზეც სხვას დავცინოდი, იგივე გავაკეთე თვითონაც: ავიღე პასტა და ფურცელი, დაწვრილებით აღვწერე ჩემი გასაჭირი და ეს წერილი თქვენ გამოგიგზავნეთ. მინდა, ჩემმა ძვირფასმა ქმარმა წაიკითხოს და თუ კიდევ შერჩა თავმოყვარეობის, სინდისისა და კაცობის ნამცეცი მაინც, იქნებ გონს მოეგოს.
17 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ამ 17 წლიდან პირველი-ორი წელი მუშაობდა. მართალია, ოჯახზე ზრუნვით თავს არ იკლავდა, მაგრამ სახლიდან მაინც გადიოდა და ის ხელფასი, რასაც იღებდა, თავისი მუცლის ამოსაყორად და თავისნაირი ლოთბაზარა ძმაკაცების გასამასპინძლებლად მაინც ჰყოფნიდა. მერე კი სამსახურიდან მიაბრძანეს, როგორც კონფლიქტური და მსმელი. ჰოდა, მას მერე, აგერ უკვე 15 წელია, ჩემს კისერზე ზის. თავიდან ბოლომდე მე ვარჩენ. აბსოლუტურად არაფერი ეხება, სახლში თითსაც არ გაანძრევს, თავზე ჭერიც რომ დაეცეს. ნათურა რომ გადაიწვას, ისიც მე უნდა გამოვცვალო. ისეთი სამსახური მაქვს, მთელი დღე გასული ვარ სახლიდან. საღამოს დაღლილ-დაქანცული მოვდივარ სახლში და ეს ვაჟბატონი ისეთი აბობოქრებული და აგრესიული მხვდება, ლამისაა თავი მოვიკლა ხოლმე. ბავშვი ხომ სულ მთლად შეშალა ჭკუიდან. 16 წლის ბიჭს რას აღარ აკადრებს, რას აღარ უწოდებს. გული მისკდება, რამე უბედურება არ დატრიალდეს. რაც ამის ცოლი ვარ, სულ მაყვედრის, ჩემს სახლში ცხოვრობო. ჩემს მშობლებს წელიწადში ერთხელაც კი არ მოიკითხავს – განაწყენებულია კაცი: სამოთახიანი ბინიდან, რომელშიც მე, ჩემი ტყუპი და-ძმა, მშობლები და ბებია ვცხოვრობდით, რატომ არ დაშალეს და „ჩემი წილი“ არ მომცეს. ერთი სიტყვით, ყოველთვის მყრალი და უხასიათო კაცი იყო, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, სმა დაიწყო. თავიდან კვირაში ერთხელ სვამდა, მერე ორ-სამჯერ, მერე – ყოველდღე. ეს ბოლო წელი კი დღეში ორ-სამჯერ სვამს, არაყს და თანაც უზომოდ. მერე კი მოდის სახლში, უშვერად გვაგინებს მე და ჩვენს შვილს, თავ-ბედს იწყევლის, რომ მე გადამეყარა ცხოვრებაში, რომ შვილი (რომელსაც ჯერ სკოლა არ დაუმთავრებია) არ მუშაობს და არ არჩენს, რომ, მაპატიეთ და, ცოლობას არ ვუწევ. არადა, ძალიან რომ მოუხშირა სმას, მაშინ ვუთხარი, აირჩიე, ან მე, ან არაყი-მეთქი. მაშინაც მითხრა და მერეც რამდენჯერმე გაიმეორა, ვეღარ გაიგე, რომ არაყი ავირჩიეო? ვუპასუხე, რადგან ასეთი არჩევანი გააკეთე, ჩათვალე, რომ ცოლი აღარ გყავს-მეთქი. არც მჭირდებაო, – მითხრა, – თუ ქალი მომინდება, როგორმე მოვძებნი ვინმეს და შენი სახვეწარი არაფერი მექნებაო. მაგრამ ახლა ხშირ-ხშირად მახსენებს ჩემს მოვალეობას, თუმცა პასუხად ერთსა და იმავეს იღებს: შენ არჩევანი უკვე გააკეთე და ახლა თავი დამანებე-მეთქი.
ჩემი დაქალი მამტყუნებს, ასე რომ ვიქცევი, მეუბნება, ქმარს უნდა მოეფერო და დაუყვავო, თუ გინდა, რომ შენს ჭკუაზე ატაროო. მე თვალთმაქცობა და აფერისტობა არ შემიძლია. შეიძლება, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა. როგორ მოვეფერო კაცს, რომელიც ზიზღით მიყურებს, მაყვედრის იმას, რომ მე ვარჩენ, დილიდან საღამომდე ისე გავა დრო, ხმას არ გამცემს, თუ გამცა – მხოლოდ სალანძღავს და დამამცირებელს მეტყვის. ალბათ, იტყვით, რატომ არ გაშორდებიო. სამჯერ წავედი სახლიდან ბავშვიანად. ერთი კვირის შემდეგ მოდიოდა, მუხლებზე დგებოდა და ბოდიშებს მიხდიდა და ცრემლების ღვარღვარით მთხოვდა, დავბრუნებულიყავი. თავიდან მეგონა, მართლა ნანობდა, მართლა ვუყვარდი, მაგრამ მერე მივხვდი, იმიტომ მაბრუნებდა უკან, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, თორემ მეც და ბავშვიც ფეხებზე ვეკიდეთ. ამას რომ მივხვდი, გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი სახლიდან, რადგან ეს კაცი იყო ჩემი ბედისწერა და ბოლომდე უნდა გამეძლო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ისე ამაზრზენად ექცევა ბავშვს (ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ), ეჭვი მეპარება, გავუძლებ კი?!
ქეთი, 40 წლის.
ჩემს პირად ცხოვრებაში არავის ჩავრევ
ცოლად ის გოგო მოვიყვანე, ვინც მართლა ძალიან შემიყვარდა, მაგრამ დედაჩემს არ მოსწონდა თავისი გარკვეული თუ გაურკვეველი ამბიციების გამო: მანანას არც ოჯახი მოსწონდა, არც წრე და არც გარეგნობა, აღარაფერს ვამბობ მატერიალურ მხარეზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გარდა ფინანსური მდგომარეობისა, ჩემი სიდედრ-სიმამრი არაფრით იყო ჩვენზე ნაკლები. რაც შეეხება ჩემი ცოლის გარეგნობას, ბრიჯიტ ბარდო ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან სიმპათიური თანამედროვე გოგოა. დედის გულს რა ვუთხარი, თორემ, არც მე ვარ ალენ დელონი და გრეგორი პეკი.
ვიცოდი, რომ დედას მანანა რძლად არ უნდოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ახლოს რომ გაიცნობს, კიდეც მოეწონება და კიდეც შეუყვარდება. თანაც, დედისერთა ვარ და ერთადერთ შვილს ხომ არ მომიძულებს-მეთქი, მაგრამ მწარედ შევცდი. მართალია, წივილ-კივილი და რძლის ლანძღვა-გინება არ დაუწყია, მაგრამ გაცილებით უარესს შვრებოდა: საკმარისი იყო, ჩვენთან ვინმე ახლობელი მოსულიყო, რომ მანანას თანდასწრებით, მის გასაგონად, თითქმის ერთი და იგივე ტექსტი ჰქონდა მზად: მის საწყალ შვილს (ანუ – მე) არც ბედი ჰქონია და არც იღბალი, ისეთი ოჯახიშვილები ეძლეოდნენ, ისეთი „კრასავიცები“ ეკიდებოდნენ კისერზე, ეეჰ!.. – და მრავალმნიშვნელოვნად გახედავდა ხოლმე მანანას, რომელიც სტუმრებს უმასპინძლდებოდა ყავითა და ნამცხვრებით და უხმოდ ყლაპავდა დედამთილის დაუმსახურებელ „კბენას“. მაგრამ ეს ყველაფერი ჟურნალი იყო იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც დედაჩემმა მოგვიანებით დაიწყო: დღე არ გავიდოდა, რომ ვიღაც უცნობი ახალგაზრდა გოგოს სურათი არ მოეტანა სახლში და ხმამაღლა არ გამოეცხადებინა: ნახე, რა გოგოა, გასათხოვარია, ექიმი, პატიოსანი, ლამაზი... ხომ არ გაიცნობდი, დედიკო? – და ამდაგვარ ქმედებებს დასასრული აღარ უჩანდა. ერთ დღესაც ისე ყელში ამომიყვანა, რომ მოვკიდე ჩემს ცოლს ხელი, ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი და ქირით გადავედით. ერთი თვის განმავლობაში ტელეფონითაც არ დამირეკავს, მხოლოდ ფული გავუგზავნე ჩემი ძმაკაცის ხელით, მოკითხვაც კი არ შემითვლია. ეგონა, გამივლიდა წყენა და დავბრუნდებოდი, მაგრამ არ გამიარა. მერე დაიწყო შუამავლების გამოგზავნა და ხვეწნა, დაბრუნდით სახლში, თქვენ მეტი ვინ მყავსო, მაგრამ არ ვბრუნდები. ვიცი, დედაა, ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, რომელშიც ვერავის ჩავრევ, არავინ არ მინდა, ჩემს ცოლთან ერთად მარტო ცხოვრება მინდა მხოლოდ და ყველამ თავი დამანებოს. დავეხმარები, მივხედავ, მომვლელსაც დავუქირავებ, ყოველდღე მივალ და მოვინახულებ, მაგრამ მასთან ერთად აღარ ვიცხოვრებ, ჩემს ოჯახს ვერ დავანგრევინებ, თუნდაც დედა იყოს, ვინც გინდა, გამამტყუნოს.
ვიკა, 30 წლის.
ძმამ და რძალმა ჩემი ბინიდან გამომასახლეს
ვარ გაუთხოვარი. მყავს ცოლშვილიანი ძმა. რძალთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა. მართალია, ერთმანეთის სურათს გულით არ ვატარებთ, მაგრამ არც არასდროს გვიჩხუბია. სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, ყველაფერი წესრიგში იყო. მამაჩემმა თავიდანვე იზრუნა და ჩემს ძმას ცალკე ბინა უყიდა ქალაქის ცენტრში (სამოთახიანი ლოჯიით), გაურემონტა, მოუწყო და, ცოლი რომ შეირთო, ქორწილზე გასაღებიც ჩააბარა. ბინის გარდა ახალი მანქანაც უყიდა და ჩვენი აგარაკიც მას აჩუქა. გულწრფელად გეუბნებით, გულში არ გამივლია წყენა, შური ან რაიმე ამდაგვარი. ვგიჟდებოდი ჩემს ძმაზე და მიხაროდა, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილი იყო.
ჩემი ძმა, ილიკო, ცალკე რომ გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენს ძველ ბინაში (ოროთახიანში) დავრჩით მე, დედა და მამა. მოხდა ისე, რომ ვერ გავთხოვდი. უკვე 40 წელს გადავაბიჯე და ახლა, მით უმეტეს, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება ჩემი გათხოვება.
ორი წლის წინ დედა გარდამეცვალა, წლისთავზე – მამა და დავრჩი ჩემი მშობლების ბინაში მარტო. ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩემი ძმა და რძალი ძალიან შეიცვალნენ ჩემ მიმართ. არც ბავშვებს უშვებენ ჩემთან, არც თვითონ მოდიან. მე თუ არ შევეხმიანე, არც მკითხულობენ, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი. მათთან რომ მივდივარ, ისე ოფიციალურად მხვდებიან, ლამისაა პირდაპირ მითხრან, წადიო.
თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ერთ დღეს კი ჩემმა რძალმა მითხრა, დედაშენს სერვიზები რომ ჰქონდა მე მაჩუქა, წაღება ვერ მოვახერხე და ახლა უნდა წავიღოო. ხმა არ ამომიღია, ისე გავატანე. მერე და მერე, თანდათანობით მთელი სახლი გამიცალა. თან, ყოველი წაღებისას, მეუბნებოდა, შენ რაღაში დაგჭირდებაო, გეგონება, ასი წლის მომაკვდავი ბებერი ვიყო.
ერთ დღეს კი გამომიცხადა, ჩემი უფროსი შვილი შენთან უნდა ჩაიწეროო. ამაზეც დავთანხმდი, მაგრამ ჩაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ ილიკო და მისი ცოლი „ოფიციალური ვიზიტით“ მესტუმრნენ და მითხრეს, ეს ბინა გვჭირდება. შენ ერთოთახიანს გიქირავებთ, შენი პირადი ნივთები გადაიტანე და იქ იცხოვრე, მეტი მაინც რად გინდა, მარტო ხარ და ერთი ოთახიც გეყოფაო. ამაზე კი უკვე აღარ დავეთანხმე, ვუთხარი, ეს ბინა მშობლებმა მე დამიტოვეს და რატომ უნდა დაგიცალოთ, თქვენ ხომ ყველაფერი გაგიკეთათ მამამ-მეთქი. ჩემმა ძმამ მომახსენა, წესით, მშობლების ბინისა და ქონების პირველი მემკვიდრე ვაჟია და ამიტომ ეს ბინაც მე მეკუთვნის, შენ კი გათხოვდი და ქმართან გადადიო. ისე მეწყინა, ტირილით მოვიკალი თავი. ჯერ ვიფიქრე, თუკი ბინის ქირას მართლა თვითონ გადაიხდიან, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ ჩემმა დაქალმა მითხრა, ეგენი ქირის გადამხდელები არ არიან. თავიდან, მოსაჩვენებლად, ერთი-ორი თვისას გადაიხდიან და მერე ხელს დაგიქნევენ. შენ კი რა შემოსავალი გაქვს იმისთანა, რომ თან იარსებო და თან ქირა იხადოო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და უარი ვთქვი ბინის დაცლაზე. ჩემმა ნაამაგარმა ძმამ კი სასამართლოში შეიტანა განცხადება, რის შედეგადაც ბინა გაგვიყვეს, რადგან ძმისშვილი მყავდა ჩაწერილი. ჩემი კუთვნილი ერთი ოთახის ანგარიშში ძმამ და რძალმა პაწაწინა, ერთოთახიანი ბინა მიყიდეს იტალიურ ეზოში და ისე მოახერხეს, რომ ელემენტარული ავეჯიც კი არ გამომატანეს მშობლების ბინიდან. მეც შემრცხვა, რაღაც სკამებისა და ჭურჭლის გამო კივილ-წივილს ხომ არ ავტეხდი და მეზობლებს საჭორაოს ხომ არ მივცემდი, ამიტომ მართლაც მხოლოდ ჩემი პირადი ნივთები წამოვიღე და გადავედი ჩემს ახალ ხუხულაში.
ყველაზე „საინტერესო“ კი ის არის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ჩემმა რძალმა ჩემთან სიარული დაიწყო. ხან ხილი მომიტანა, ხან დაბადების დღე მომილოცა. მეუბნებოდა, ერთმანეთის მეტი ვინ გვყავს, ერთად უნდა ვიყოთო. მე სულელს, მეგონა, მიხვდა თავის შეცდომას და სინდისი ქენჯნის-მეთქი, მაგრამ ისევ მოვტყუვდი. ერთ დღეს „შემომაპარა“, რემონტს ვიწყებთ და ერთი-ორი თვით ნანა (ჩემი ძმისშვილი) შენთან გადმოვაო. იმ წუთში მივხვდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ უარი არ ვუთხარი. იმავე საღამოს მომაყენა ბავშვი ჩემოდნებით. მე და ნანა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, მაგრამ უკვე სამჯერ „ერთი-ორი თვე“ გავიდა, ბავშვის წაყვანას კი არ აპირებენ. წაყვანას კი არა, ჩემმა რძალმა „შემომიგდო“, ნანას ისე უყვარხარ, ასე მითხრა, ნეტავი მამიდაჩემი მიშვილებდესო. ამ სიტყვებმა უცებ გამინათა გონება. ჩემი რძალი ეშმაკი კია, მაგრამ ამდენი ვეღარ გათვალა და ბუნებრივად თავისთვის საზიანო იდეა მომაწოდა. მეორე დღესვე გადავწყვიტე, ბავშვი ამეყვანა. ყველა საჭირო საბუთი შევაგროვე (ყოველი შემთხვევისთვის), მერე ყველა ნაცნობს ჩამოვურეკე და დაახლოებით ორ თვეში დედა გავხდი. როგორ და რა გზებით მოვახერხე ახალშობილი გოგონას შვილად აყვანა, ამას ვერ მოგიყვებით და არც არის საჭირო. მთავარი ისაა, რომ ახლა უბედნიერესი ქალი ვარ.
ჩემმა ძმამ და რძალმა ეს ამბავი რომ გაიგეს (ცხადია, ფაქტის წინაშე დავაყენე), ისეთი სკანდალი მომიწყვეს, მთელი უბანი მათზე ლაპარაკობდა კარგა ხანს. რა თქმა უნდა, ნანა მაშინვე წაიყვანეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ჩემს ძმისშვილს მართლა ვუყვარვარ და მშობლების ჩუმად დადის ჩემთან, გიჟდება ჩემს შვილზე და მის მოვლაშიც მეხმარება, როგორც შეუძლია.
ეთერი, 42 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.