მუზაგახელებულები
როდესაც პუტინი არ მიდის მუჰამედთან
რთული სათქმელია: იმიტომ, რომ მარჯვენამ არ იცის, რას იქმს მარცხენა თუ, უფრო პროზაული მიზეზის გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, ყირგიზეთის მთავრობაში საკითხებს ორიგინალურად უდგებიან. მოგეხსენებათ, გასულ კვირას ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოს რამდენიმე უწყება საფუძვლიანად მოიარა (მათი მუშაობის უკეთ და მჭიდროდ გაცნობის მიზნით); ქართული რეფორმებისადმი საკუთარი პატივისცემაც დაადასტურა (გადაღების მზადყოფნის სურვილთან ერთად) და იმასაც დაგვპირდა, რომ „ხუთოსანი მოწაფეები“ იქნებიან (ამ დანაპირებშივე ჩანს, რომ ქართული განათლების რეფორმისათვის ჯეროვანი ყურადღება ჯერჯერობით არ მიუპყრიათ, თორემ, ეცოდინებოდათ, რომ ჩვენ უკვე ათბალიან სისტემაზე ვართ).
რთული სათქმელია, საიდან მივიდნენ ასეთ გადაწყვეტილებამდე (შესაძლოა, მუზა ბუშის სახელობის ქუჩამ გაუხელათ), მაგრამ, ფაქტია, რომ ყირგიზეთში ერთ-ერთ მთას ვლადიმირ პუტინის სახელი ეწოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირგიზეთის სახელმწიფო ქართული რეფორმების მოდელით აპირებს განვითარებას (რაც იმასაც ნიშნავს, რომ ვლ. პუტინის სახელობის მთაზე წესრიგს ქართულ პოლიციურ ყაიდაზე გაწვრთნილი სამართალდამცველები დაიცავენ), შეიძლება, ასეც ითქვას: მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ პუტინისა და ქართული რეფორმების ერთმანეთთან შეხვედრას წინ ვერაფერი დაუდგებაო.