შავ კატაჩარბენილები
ანუ „შენ რომ ჩემი ბიზნესმენები არ გაგითავისუფლებიაო“?!
იმის პარალელურად, რომ ქართული სასამართლო ჩვენი თანამემამულე სახმოხელეებისთვის ქრთამის მიცემაში ბრალდებული ებრაელი ბიზნესმენების საქმეს იხილავს, ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გადაიდო (ამის შესახებ ბ-ნ ბაქრაძეს ებრაელმა კოლეგამ აცნობაო). ბუნებრივია, ამ უარის ირგვლივ ინტერპრეტაციებმა არც ქართულ მედიაში დაახანა და, მით უმეტეს, არც – ებრაულში. ეს უკანასკნელები მიზეზად სწორედ ზემოხსენებულ ებრაელ ბიზნესმენთა საქმეს ასახელებენ, თუმცა, ოფიციალური თბილისის განმარტებით, ამ საქმეს იმ საქმესთან კავშირი არ ჰქონია. ჰქონია თუ არ ჰქონია, ფაქტია, რომ საკითხს კომენტარი თვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიუძღვნა. კერძოდ, მინისტრმა ვაშაძემ განგვიმარტა, რომ, ჯერ ერთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არ ჩაშლილა და, მეორეც, გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება (ესე იგი, ხმები ქართულ-ებრაულ მეგობრობას შორის შავი კატის ჩარბენისა, გადაჭარბებულიაო)!
ბუნებრივია, ქართველი ნომერ პირველი დიპლომატის სიტყვების სისწორეს მხოლოდ დრო თუ გამოსცდის (რისი დასტურიც, ადრე თუ გვიან, ბ-ნი ბაქრაძის ისრაელში ვიზიტი იქნება), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ებრაულმა სახელმწიფომ არცთუ დიდი ხნის წინათ ერთი დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გამოსახსნელად საომარი მოქმედებები დაიწყო, არც ისაა გამორიცხული, თანამემამულე ბიზნესმენთა გამო (იმისდა მიუხედავად, აძლევდნენ თუ არა ისინი ქრთამს) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტიც კი ჩაეშალათ.