მათი უდიდებულესობები
ბარტყობის მოლოდინში
იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ვერც ხელისუფლება და ვერც მასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტია (რომლებსაც მეტად მრავლისმეტყველი სახელი – „რვიანი“ შეერქვათ) ვერ შეთანხმებულან, ან გარემო როგორ გააუმჯობესონ, ან, თუნდაც, სხვა რამ, გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობა“ მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. კერძოდ, ხალხის რჩეული ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ ამ მოსალოდნელმა ზრდამ, „შეიძლება, პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის მანდატების სხვადასხვა სახით გადანაწილება გამოიწვიოს.“ წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისს 5 მაჟორიტარი დაემატოს, რამდენიმე დიდ ქალაქს კი – ამაზე ნაკლები.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ დეპუტატთა რაოდენობის შემცირება 2008 წლის მოწვევის პარლამენტში რეფერენდუმზე გადაწყდა (როგორც მმართველი პარტია აცხადებდა: ხალხის წმიდათაწმიდა ნების გათვალისწინებით). სამწუხაროდ, ქ-ნ ჩიორას არ დაუკონკრეტებია, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღებას კვლავაც მის უდიდებულესობა ხალხს მიანდობენ თუ მისი უდიდებულესობა მმართველი პარტია ამას თავად გააკეთებს (რათა მისი უდიდებულესობა ხალხი ვაუჩერების აღებისა და განაღდების პროცესს არ მოსწყვიტოს).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დეპუტატის სავარძელი ამ ჩვენს ქვეყანაში გარანტირებული კეთილდღეობისა და უზრუნველყოფილი სიბერის სიმბოლოა, ზედაც დავამატებთ, რომ, ოფიციალური მონაცემებით, 150-დეპუტატიანი პარლამენტი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე 235-დეპუტატიანი ითვისებდა, მის უდიდებულესობა ხალხს თავის დამშვიდება იმით მაინც შეეძლება, რომ ბედნიერ თანამემამულეთა (გნებავთ, მანდატიანთა) რიგს (რაზეც მწერალი იტყოდა, „გავძეხიო“) 2012 წლიდან ერთი-ორი ათეული კიდევ შეემატება (ბოლოს და ბოლოს, ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობას ათვისება ხომ უნდა?!).