ჯიბის არჩევანი
მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უსასრულო რიგებში დგას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობის მიერ ნაწყალობევი 30-ლარიანი ვაუჩერის განაღდების მოტივით, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „რენოსთან“ შეთანხმება გააფორმა, რის მიხედვითაც, ეს ფრანგული ავტომწარმოებელი ამ ჩვენს ქვეყანას ელექტრომობილებით მოამარაგებს. უპირველესად, ამ ნოვაციას საქართველოს სახელისუფლო ელიტა აჰყვება (ჯერ ერთი, იმიტომაც, რომ ფული აქვთ, თანაც – საბიუჯეტო), ოღონდ, მხოლოდ 2012 წლიდან (სიღარიბეს რა ვუთხარი, თორემ, ვითომ 2011 წელს აწყენდათ ახალ-ახალ ავტობანებზე ახალ-ახალი ელექტრომობილებით ასრიალ-ჩამოსრიალება?!).
უფრო მეტიც, ქართულ-ფრანგულ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმებით, „რენოს“ ჩვენი (თუმცა, რაღა ჩვენი, ჩვენი მთავრობის) არა მხოლოდ ელექტრომობილებით მომარაგება ევალება, არამედ ჩვენში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება და თვით იმის შესწავლაც კი, თუ რამდენი და რა სახის ელექტრომობილები დაგვჭირდება.
მეორე მხრივ, უდავოა, რომ ელექტრომობილები, ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა და, რაც მთავარია, მისი ექსპლუატაციაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ავტომანქანის საწვავით გამართვა. თუმცა, ისიც უდავოა, რომ ელექტრომობილები ძვირი ღირს, განსხვავებით ჩვენს სამშობლოში აგრერიგად მომრავლებული მეორადი ავტომანქანებისგან.
ამის მიუხედავადაც, ქართულმა მედიამ შეგვაგულიანა, რომ 2012 წლიდან საქართველოს მოსახლეობა თავად გააკეთებს არჩევანს: ელექტრომობილი შეიძინოს თუ საწვავმობილი (მე რომ მკითხოთ, ეს დილემა, განსაკუთრებით, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის გასანაღდებელ რიგში გადაიჭრებოდა ყველაზე ნაყოფიერად). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჯერჯერობით მეორადი ელექტრომობილები არ არსებობს (იმ მარტივი მიზეზით, რომ მსოფლიო საავტომობილო ბაზრის ნოვაციაა), არა მგონია, პრობლემა მხოლოდ არჩევანი იყოს: გემოვნების გარდა, ჯიბეც უნდა გიწყობდეს ხელს.