კვირაში ერთი განტვირთვის დღე დააჩქარებს თქვენს გახდომას
ქალების უმრავლესობა ოცნებობს გახდომაზე, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე იოლ გზებს ეძებს, რადგან ბევრი ვერ უძლებს მკაცრი დიეტის რეჟიმს, ხანგრძლივ შიმშილს ან უამრავი საკვები პროდუქტის შეზღუდვას. ფიზიკური ვარჯიში კი ყოველი ათი ქალბატონიდან ცხრას ეზარება, ან, უბრალოდ, ამისთვის დრო არ რჩება. ნებისმიერი დიეტა ვარჯიშის თანხლებით, ცხადია, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მის გარეშე, მაგრამ, რადგან ამ საკითხის ენთუზიასტები ნაკლებად გვეგულება, შემოგთავაზებთ ორიგინალურ შვიდდღიან დიეტას, რომლის სქემა ასეთია: (განტვირთვის) პირველ დღეს – მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი; ყოველ მომდევნო დღეს (სამი დღის განმავლობაში) უნდა დაუმატოთ კიდევ თითო სახეობის პროდუქტი, მეხუთე დღიდან კი ისევ თითო პროდუქტი მოაკლოთ. ანუ პირველი და მეშვიდე გამოვა განტვირთვის დღეები. მეორიდან მეოთხე დღის ჩათვლით, შეგიძლიათ, ყოველ კვირას სხვადასხვა პროდუქტი დაამატოთ, მეხუთე დღიდან კი ნებისმიერი თითო პროდუქტი გამოაკლოთ. მაგალითად:
პირველი დღე – მხოლოდ ვაშლი ( 1-1,5 კილოგრამი);
მეორე დღე – ვაშლს ემატება 1 ლიტრი უცხიმო მაწონი ან კეფირი;
მესამე დღე – ვაშლი+მაწონი (ან კეფირი)+300 გრამი წიწიბურა (ან 300 გრამი მოხარშული ქათმის ფილე);
მეოთხე დღე – ვაშლი+მაწონი (ან კეფირი)+წიწიბურა (ან ფილე)+200 გრამი ბოსტნეულის სალათა.
კვება უნდა იყოს 5-6 ჯერადი. პროდუქტებიც, შესაბამისად, 5-6 ნაწილად უნდა გაყოთ. სითხე (წყალი, მწვანე ან პიტნის ჩაი, გაზგასული მინერალური ან ნატურალური ხილის წვენი) – დღეში 1,5-2 ლიტრი.
მეხუთე დღე – მინუს 1 პროდუქტი (დარჩება 3);
მეექვსე დღე – კიდევ მინუს 1 პროდუქტი (დარჩება 2);
მეშვიდე დღე – კიდევ მინუს 1 პროდუქტი (რჩება 1) და იმ ერთს გაანაწილებთ მთელ დღეზე.
და, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა: ნებისმიერი დიეტისთვის მორალურად უნდა შეემზადოთ.