პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა
უახლესი კოსმეტიკური პროცედურები კანს ხავერდოვანსა და ახალგაზრდულს ხდის, სხეულს კი – იდეალურს.
კანის განახლება
ლაზერული ფრაქციული პილინგი თავის თავში აერთიანებს ლაზერული მეთოდიკისა და ტრადიციული პილინგების ყველა ღირსებას. ფრაქციული პილინგი გამოიყენება ქუთუთოებზეც. 4-6 პროცედურის შემდეგ (როგორც წესი, ის კეთდება 2-3 კვირაში ერთხელ) თქვენს კანს ვეღარ იცნობთ: ის გახდება ნაზი, ხავერდოვანი და წაიშლება ყველა დეფექტი.
ნაოჭების გაქრობა
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, რადიოსიხშირის ტალღების დახმარებით, შეიძლება, დაუბრუნოთ კანს ელასტიკურობა და გაისწოროთ ნაოჭები ყელზე, ცხვირისა და ტუჩების მიდამოებში, შუბლზე. ასევე, დაიბეროთ ტუჩები. ფიბროპენის ტექნოლოგიის არსი ისაა, რომ კანში შეგვყავს სპეციალური ნემსები, რომელთა დაბოლოებებზეც განლაგდება ელექტროდები, რაც ახალი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. შედეგად, სწორდება ნაოჭები და წარმოიშობა საერთო ლიფტინგ-ეფექტი. კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიკური. თვალსაჩინო შედეგს იგრძნობთ 2-4 პროცედურის შემდეგ, სამკვირიანი ინტერვალებით. და, რაც მთავარია, გაახალგაზრდავება ხდება კანის თვითრეგენერაციის ხარჯზე.
ცელულიტის მოშორება
ამ უსიამოვნო „ფორთოხლის კანისგან” შეიძლება გათავისუფლდეთ ულტრაბგერითი მასაჟებით. ცხიმდაგროვების დაშლის სიჩქარისა და ლიმფოდრენაჟის აღდგენის გათვალისწინებით, საჭიროა ხოლმე 5-დან 10 პროცედურა. ტექნოლოგია „ბოდი-ჯეტი“, იგივე წყლის ჭავლის ლიპოსაქცია, იდეალურად მოუხდება მას, ვისაც სურს არა მარტო ცხიმდაგროვების, ასევე, მკვეთრად გამოხატული ცელულიტის სწრაფად მოშორება და, თან, ძალიან ეშინია ტკივილის.
ნუ ჭმუხნით შუბლს!
უკანასკნელი თვეების ჰიტია ბოტოქსი ინიექციის გარეშე: კანზე ხდება იმ შრატების, კრემებისა და ნიღბების წასმა, რომლებიც ხანგრძლივად ადუნებს კუნთებს. მათ შემადგენლობაში შედის განსაკუთრებული კომპონენტები – მიორელაქსანტები, მათ შორის, გველის შხამის მოლეკულების მსგავსიც, რომლის ნეიტროტოქსინებს განსაკუთრებული ეფექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურების ჩატარება შესაძლებელია მთელ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, მაშინ, როცა ბოტოქსის ინიექციები მხოლოდ კუნთებში კეთდება. შედეგს სრულყოფილს გახდის სპეციალური კრემები, რომელსაც სახლში ყოფნისას წაისვამთ.
იმისთვის, რომ შედეგი 6-9 თვის განმავლობაში შეინარჩუნოთ, საკმარისია 4-6 პროცედურა (კვირაში 1-2-ჯერ) და, რაც მთავარია, არავითარი ნემსის ჩხვლეტა და ტკივილი!
დახვეწეთ აღნაგობა!
„ქულ სქალფთინგი” – ასე ჰქვია სხეულის მოდელირების უახლეს პროცედურას, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათ დაადგინეს, რომ დოზირებულ გაციებას შეუძლია, გამოიწვიოს ადიპოციტების (უჯრედები, რომლებიც ცხიმოვანი ქსოვილის ფორმირებაში მონაწილეობს) სიცოცხლისუნარიანობის ბუნებრივი დაქვეითება. „ქულ სქალფთინში” დევს კრიოლიპოლიზის მეთოდი („კრიო” – სიცივე, „ლიპოლიზი” – ცხიმის გაგანიერება). ეს თავისებური საუნაა, ოღონდ, პირიქით: ცხიმოვანი უჯრედი სიცივის გავლენით ახდენს თვითლიკვიდაციას და ბუნებრივად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ეს პროცესი თითქმის უმტკივნეულოა, მისი გაკეთების შემდეგ არ დაგჭირდებათ სარეაბილიტაციო პერიოდი. შედეგს შეამჩნევთ ერთი თვის შემდეგ, რაც თანდათან უფრო მეტად გაიზრდება. სულ საჭიროა 1-3 პროცედურა, 4-6-კვირიანი შუალედებით.