რამ ჩააგდო შოკში სოფო ტოროშელიძე და რატომ შეცვალა მან „ელდრაინის” ვოკალისტი „ევროვიზიაზე“ წასვლის წინ
როგორც ცნობილია, წელს „ევროვიზიაზე” საქართველოს ჯგუფი „ელდრაინი” წარადგენს, რომელიც ნიჭიერი მუსიკოსებისა და მომღერლებისგან შედგება, მათ შორის კი ორი გოგონაა: თაკო შეყილაძე, რომელიც ჯგუფის შექმნის დღიდან კლავიშზე უკრავს და ვოკალისტი სოფო ტოროშელიძე. „ევროვიზიის” შესარჩევ ტურში გამარჯვების შემდეგ, სოფო ტოროშელიძემ ჯგუფის სოლისტი შეცვალა და ის მის მაგივრად გაემგზავრება „ევროვიზიაზე”.
თაკო შეყილაძე: სამზადისში ვართ – კლიპზე ვმუშაობთ, რეპეტიციები გვაქვს.
სოფო ტოროშელიძე: რადგან სოლისტი შეიცვალა, ამიტომ სიმღერაც თავიდან ჩავწერეთ, კლიპიც გადავიღეთ და, მოკლედ, მალე ყველაფერს მოვრჩებით.
თაკო: საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ, სასიამოვნოდ ვიღლებით.
სოფო: „ევროვიზიასთან” დაკავშირებით ცოტა გამოცდილება მაქვს. მე და ელენე კალანდაძე სოფო ნიჟარაძის ბექ-ვოკალისტებად ვახლდით. მანამდე საბავშვო „ევროვიზიაზე” ვიყავი. ასე რომ, იქაური სიტუაცია, სამზარეულო ვნახე, ვიცი, როგორი გრანდიოზული, სერიოზული და საინტერესოა.
თაკო: ძალიან ენერგიული და საქმიანი ვოკალისტი გვყავს.
სოფო: თაკო კი ძალიან მეგობრული, გახსნილი და ენერგიულია. საერთოდ, ჯგუფის ყველა წევრი ძალიან კარგია.
თაკო: ყველანი ერთმანეთს ვაძლევთ მუხტს, რომ ასეთები ვიყოთ. ძალიან მეგობრული ჯგუფი გვაქვს.
სოფო: ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა, სულ სიცილ-ხარხარში და თან საქმეში ვარ.
– თაკო, კონკურსებთან დაკავშირებით გაქვს გამოცდილება?
თაკო: მაქვს კონკურსების გამოცდილება, ოღონდ, როგორც სოლო-შემსრულებელს, ანუ, როგორც პიანისტს. საბერძნეთშიც ვიყავი, პეტერბურგშიც, წარმატებებიც მქონდა. როგორც ვოკალისტი ისე არ გამოვსულვარ, თუმცა, ბოლო დროს ბიჭებმა ამამღერეს „ბექებში“, დამანახვეს ჩემი შესაძლებლობები და დამარწმუნეს იმაში, რომ თავისუფლად მღერი და შეგიძლია, „ბექებში“ იმღეროო.
სოფო: სიმართლე რომ გითხრა, მე არ მომისმენია ამის სიმღერა. „ელდრაინს” რამდენიმე სიმღერა აქვს ჩაწერილი, ალბომს ამზადებენ. მე კონკრეტულად ერთ სიმღერაზე ვმუშაობ, თაკოს სიმღერა არ მომისმენია. თუმცა ის არაჩვეულებრივი პიანისტია და, საერთოდ, ჯგუფში ყველა ძალიან კარგი მუსიკოსია.
– რატომ შეიცვალა ვოკალისტი? სოფო, შენთვის ეს სიუპრიზი იყო?
– ჩემთვის ეს მართლაც შოკი და მოულოდნელობა იყო. არა მხოლოდ მე, გარშემო ყველა, მშობლები, მეგობრებიც შოკში იყვნენ, იმიტომ რომ, ქასთინგზეც არ გავსულვარ, ყველაფერს შორიდან ვუყურებდი. კი, ვაპირებდი, მაგრამ, მასალა არ მეჭირა ხელში და აღარც მიცდია. პროდიუსერმა რომ დამირეკა, იცი, შენ უნდა გაგიშვათ „ევროვიზიაზე” და თანახმა თუ ხარო, სანამ „საზოგადოებრივ არხამდე” მოვედი, რომ ყველაფერი დაწვრილებით გამეგო, მანამდე შოკში ვიყავი.
თაკო: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
– თაკო, ამ სიმღერის გამარჯვებაში დიდი წვლილი თქვენს ყოფილ სოლისტს, თაკოსაც მიუძღვის. როდესაც ის სოფოთი შეცვალეს, ამ ფაქტს როგორ შეხვდით?
– თაკოსთან წელიწადზე მეტია, ვთანამშრომლობ. ჩვენი ჯგუფის, ჩამოყალიბების დღიდან. მაშინვე ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, და რა თქმა უნდა, თაკოსთანაც. ის ძალიან კარგად მოდიოდა ჩვენთან ერთად, ბოლომდე მოგვყვებოდა, ნიჭიერი გოგონაა, კარგი ხმა აქვს, კარგი ვოკალისტია. როდესაც გვითხრეს, თაკო შეიცვლებაო, შოკში ვიყავით.
სოფო: ჯგუფის წევრებმაც არ იციან დეტალები. პროდიუსერებსა და თაკოს შორის მოხდა კონტრაქტზე შეუთანხმებლობა, რაღაც პირობამ არ დააკმაყოფილა თაკო, ხელი არ მოაწერა კონტრაქტს და ამის შემდეგ მე წარმადგინეს სოლისტად. როგორც ვიცი, მანამდე სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდნენ.
თაკო: საპროდიუსერო კომპანიამ განიხილა რამდენიმე კანდიდატურა და ბოლოს სოფოზე გააკეთეს არჩევანი.
სოფო: ალბათ იმიტომ, რომ მე „ევროვიზიაზე” გამოსვლის გამოცდილება მქონდა და არა ის, რომ რაღაც განსაკუთრებული ვოკალის გამო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი, მაგრამ, რა მოხდა სინამდვილეში მათ შორიც, არც ერთმა არ ვიცით, ეს ჩვენთვისაც დახურული თემაა.
– სოფო, მანამდე თუ იცნობდი ამ ჯგუფს?
– რამდენიმე წევრს ვიცნობდი: ბესოს, რომელიც სიმღერის ავტორია; ასევე, დრამერს, რომელიც ჩემი მეგობრის მეგობარია. თუმცა, ახლო ურთიერთობა არ მქონია ჯგუფის წევრებთან, უბრალოდ, ვიცნობდი და ვიცოდი, რას საქმიანობდნენ. ძალიან ვაფასებ მათ შემოქმედებას, ახლა კი უკვე დავმეგობრდით.
თაკო: ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცნობდით სოფოს, იმიტომ რომ, მას ვინ არ იცნობს. ძალიან გამიხარდა, რომ სოფო იმღერებს, რადგან, მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ნიჭიერი გოგონაა, თან, კონსერვატორიაში სწავლობს, იქ კი, ვიცი, როგორი დატვირთული რეჟიმია, როგორი რთულია გამოცდების ჩაბარება, მოკლედ, მჯერა, რომ სოფო ბოლომდე გაგვიმართლებს იმედებს.
სოფო: ჯგუფის წევრებმა ძალიან კარგად მიმიღეს, ერთი წამით არ მქონია იმის შეგრძნება, რომ ჯგუფის ახალი წევრი ვარ. სიმღერა ერთხელ მქონდა ტელევიზიით მოსმენილი, ამიტომ, სანამ მოვირგე, მანამდე პატარა სირთულეები იყო. მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
თაკო: მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ძალიან რთულია, სოფომ ერთ დღეში დაძლია. მეორე დღეს მოვიდა, იმღერა და გაგვაოცა. ამ სიმღერის შესრულებას თავისი სპეციფიკა აქვს, ამიტომ, სანამ არ მოვისმენდით, ვერ დავრწმუნდებოდით, შეესაბამებოდა თუ არა მას სოფოს ხმის ტემბრი. ამიტომ, ვნერვიულობდით, მაგრამ, ძალიან კარგად იმღერა და მოიხდინა.
– როგორ შეხვდნენ ბიჭები სოფოს?
– ჯგუფის წევრები ყველაფერს ერთობლივად ვაკეთებთ, ვამუშავებთ, ჩვენი სიმღერა ურთიერთშეთანხმების შემდეგ კეთდება. ბიჭებს ძალიან გაუხარდათ, რომ სოფო იმღერებს.
– თქვენი თანამშრომლობა ერთჯერადია თუ მერე კიდევ აპირებთ გაგრძელებას?
– საუბარია იმაზე, რომ სოფო ჩვენი ჯგუფის ვოკალისტად დარჩეს.
სოფო: თაკოს შეცვლა მოხდა კონკრეტულად „ევროვიზიის” კონკურსის გამო. შეიძლება, იქიდან ჩამოვიდეთ და ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდეს, ან – პირიქით. მე ჯერჯერობით ოფიციალური ვოკალისტი ვარ მხოლოდ „ევროვიზიისთვის”, მერე ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს.
– დამეგობრება უკვე მოახერხეთ?
თაკო: დიახ და, ვფიქრობ, იქ რომ წავალთ, ბევრი რამ შეიცვლება, რადგან ორკვირიანი ერთად ცხოვრება ბევრ რამეს ნიშნავს, ბევრი რამე მოხდება და, ალბათ, ჩვენი მეგობრობაც განმტკიცდება.
სოფო: 24 კი არა, 25 საათი ვართ ერთად, ძირითადად ერთად ვატარებთ დროს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თაკო ძალიან კომუნიკაბელური, უშუალო, გაწონასწორებული ადამიანია. მე იმდენად ემოციური ვარ, თაკო ჩემთან შედარებით ძალიან მშვიდია.
თაკო: ორივე ვავსებთ ერთმანეთს და ვაბალანსებთ. სოფო ძალიან მხიარულია, მისგან დადებითი ენერგია მოდის.
– ორ გოგონას ბიჭები არ განებივრებენ?
სოფო: კი, როგორ არა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი პროდიუსერები – დათუნა და სერგო, რომლებიც სულ ჩვენზე ზრუნავენ.
თაკო: მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა და დღემდე არსებობს.
სოფო: გადაყოლილები არიან თითოეულ წევრზე. მაგალითად, თუ ვინმე დაიღალა, ან მოშივდა ორ წუთში მოგიტანენ იმას, რაც გჭირდება.
თაკო: მე თამამად და ღიად ვაცხადებ, რომ ასეთი პროდიუსერი და მენეჯერი საქართველოში არ არსებობენ.
სოფო: დანარჩენი ჯგუფის წევრებიც ძალიან ენერგიულები, სასაცილოები არიან.
თაკო: მაქსიმალურად გვამხიარულებენ და ცდილობენ, კარგად ვიგრძნოთ თავი.