როგორი წნეხის ქვეშ ისწავლა ელენე ჩიხლაძემ აღმოსავლური ცეკვები და ვინ უქმნის მას ცხოვრებაში დიდ კომფორტს
თბილისში პრესტიჟულ რესტორნებსა თუ ღამის კლუბებში, ალბათ, ხშირად შეხვედრიხართ ულამაზეს გოგონას, რომელიც თავისი აღმოსავლური, მუცლის ცეკვითა და მრავალფეროვანი კოსტიუმებით მაყურებლის გაოცებას იწვევს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ყველა ეს კოსტიუმი მისი ხელითაა შექმნილი. ის საქართველოშიც და უცხოეთშიც ელენ-ორიენტალის სახელით არის ცნობილი, რაც აღმოსავლურს ნიშნავს. ელენე ჩიხლაძე გასულ წელს „ნიჭიერის“ პროექტშიც იხილა მაყურებელმა, სადაც ლამაზი შოუთი წარდგა.
– საქართველოში არ არის გავრცელებული აღმოსავლური ცეკვა. თქვენ პირველი ხართ, ვინც ფართო საზოგადოებაში მუცლის ცეკვით გამოჩნდა. როგორ დაიწყო თქვენი საცეკვაო კარიერა?
– ბავშვობაში ძალიან სუსტი ვიყავი როგორც ფიზიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ. ხშირად ვავადმყოფობდი და დედაჩემს ურჩიეს, რომ სპორტზე ან სპორტულ ცეკვებზე შევეყვანე. წელიწად-ნახევარი ვიარე ტანვარჯიშზე, მაგრამ რატომღაც ვერ შევეჩვიე. სადაც კი მუსიკას გავიგებდი, მაშინვე ცეკვას ვიწყებდი. მერე, ჩემმა მწვრთნელმა დედას უთხრა – ძალიან ელასტიკური ბავშვია, რიტმის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და იქნებ, ცეკვაზე მიიყვანოთო; დედამ საბალეტო სკოლაში მიმიყვანა. საბალეტოში ოთხი წელი ვსწავლობდი, ძალიან მომწონდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო, მივატოვე. მამას სამსახური ჰქონდა ერევანში და ცოტა ხნით იქ გადავედით საცხოვრებლად. საბალეტო სკოლაში იქაც შევედი. არ მომეწონა, ძალიან დაბალი დონის სკოლა იყო. ვეღარ გავაგრძელებდი სწავლას. როცა აქ დავბრუნდი, უკვე ჩამორჩენილი ვიყავი კლასიკას. გული დამწყდა. ვიფიქრე, საერთოდ თავს დავანებებ ცეკვას და მამაჩემივით, მეც იურისტი გავხდები-მეთქი. დავიწყე კიდეც სპეციალურად მეცადინეობა. ვკითხულობდი ცნობილი იურისტების – კონისა და პლევაკოს წიგნებს. ერთხელაც, დედას ერთ-ერთმა დაქალმა ურჩია, ცეკვა თუ მოსწონს ბავშვს, მსოფლიო ხალხურ ცეკვებზე შეიყვანეო. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც ბევრი ვიცეკვე. იმ ოჯახში სტუმრად იყო ერთი ქალბატრონი – ელენა არზუნიანცი. ჩემს მოძრაობებს დააკვირდა და მკითხა, სად დადიხარო. რომ ვუთხარი, არსად არ დავდივარ-მეთქი, გაუკვირდა. თუ გინდა, მე გასწავლიო. თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და მითხრა, დედაშენმა დამირეკოსო. ეს ქალი იყო საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ცნობილი მოცეკვავე – მაჰმუდ ესენბაევთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. საერთოდ კი, საფრანგეთში ცხოვრობდა. მის შვილს ჰქონდა საბალეტო სტუდია საფრანგეთში და მთელი ოჯახი იქ იყო გადასული საცხოვრებლად. თბილისში ძმა გარდაეცვალა. სახლის გასაყიდად ჩამოვიდა და სამი წლით დარჩა. თავის ბინაში ერთი ოთახი მასტერ-კლასებისთვის გამოყო, დიდი სარკეები დაკიდა და ბავშვებს იღებდა. მიჩვეული იყო, სხვანაირად არ შეეძლო. ხუთი გოგო ვიყავით, მაგრამ მე აბსოლუტურად უფასოდ მასწავლიდა. ჩემგან საახალწლო საჩუქრებსაც კი არ იღებდა. ამასთან ერთად, ჩემს მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი იყო. შეიძლებოდა, ხელი გამოექანებინა და დაერტყა. გაკვეთილები სამსაათიანი იყო. თუ რომელიმესგან რაღაც არ მოეწონებოდა, შეიძლებოდა, დამატებით, ერთი საათით ზედმეტად დაეტოვებინა ის. მე ხშირად მტოვებდა. დამაკომპლექსა. ვფიქრობდი, თუ ხშირად მტოვებს და მიყვირის, ესე იგი, არაფერი შემიძლია-მეთქი. მაგრამ, წასვლისას, ბოლო გაკვეთილზე მარტო მე გადმომცა თავისი სკოლის დიპლომი. ასე რომ, მან მასწავლა აღმოსავლური ცეკვების ბაზა – რიტმები, საფოლკლორო სხვადასხვა სტილი, ინდური ცეკვები, კლასიკური ფლამენგო, ანტალუსია, ბოშური... მერე უკვე ჩემით გავაგრძელე სწავლა. როცა მიზანი გაქვს და იცი, რა არის მთავარი ცეკვაში, იქ რთული არაფერია. უამრავი ფული დავხარჯე უცხოეთში მასტერ-კლასებზე. რაღაც პერიოდი, უცხოეთში კონტრაქტით ვმუშაობდი და იქიდან აღებულ ფულს მასტერ-კლასებში ვიხდიდი. პოპულარობაზე არასოდეს მიფიქრია. ეს ყველაფერი თავისთავად გახდა ჩემი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. თუმცა, ვფიქრობ, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. გზა უკეთესობისკენ უსასრულოა.
– ულამაზესი კოსტიუმები გაქვთ. როგორც ვიცი, მას თავად ქმნით. როგორც ჩანს, დიზაინერობის ნიჭიც გაქვთ.
– ყველა კოსტიუმის დიზაინი და ხელით შესასრულებელი სამუშაო ჩემი გაკეთებულია. სხვათა შორის, ჩემი კოსტიუმები ინტერნეტ-საცეკვაო ფორუმზე, სადაც ჩემი კონკურენტები ცნობილი დიზაინერები და შემფასებლები კი მოცეკვავეები არიან, ორი წელია, პირველ ადგილზეა. ის, რაც ჩემს გამოსვლებს ეხება – მაკიაჟი, სამკაულები, მუსიკა, მონტაჟი, რეჟისურა, განათება – ყველაფერი ჩემია. მძულს პლაგიატი ნებისმიერი სახით. ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ქსოვილებს და კაბისთვის გასაწყობ ბისერებს, ძირითადად, უცხოეთში ვიძენ.
– არაბულ ცეკვაში თავზე შანდლით, ანთებული სანთლებით გამოდიხართ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. არ გიჭირთ ასე ცეკვა?
– ჩემი ცნობილი „კანდელიაბრი“, რაც არაბულად შამადანს ნიშნავს, ჩემი დიზაინით მეუღლემ დამიმზადა. ეს არის ლითონის ნაკეთობა და ორ კილოგრამამდე იწონის. თავიდან ძალიან მიჭირდა მისი ტარება, კისრის კუნთები მტკიოდა, დაძაბული ვიყავი და იოლ მოძრაობებს ვერ ვაკეთებდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, ახლა ჩამოვარდება-მეთქი. კარგა ხანს ვვარჯიშობდი, სახლში რომ შევჩვეულიყავი.
– სცენაზე საოცარ ეფექტს ახდენთ. ალბათ, ხშირია ისეთი მომენტები, როცა მამაკაცები განსაკუთრებულად გაკვირდებიან და თქვენს გაცნობას ცდილობენ. როგორ იცილებთ მათ თავიდან?
– თავიდან უფრო იყო ცოტა არასასიამოვნო სიტუაციები, როცა ძალიან მაწუხებდნენ. მოდიოდნენ და გაცნობას მთხოვდნენ, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის პასუხისმგებლობა, რომ პირადი და პროფესია ერთმანეთში არ ამერია. ძალიან მოკრძალებით გადავუხდიდი მადლობას კომპლიმენტისთვის და იქვე მთავრდებოდა ყველაფერი. ახლა გამოსწორდა სიტუაცია. უფრო პროფესიული თვალით უყურებენ ჩემს გამოსვლებს. მოძრაობებს აკვირდებიან, ეს კულტურა ჩანს. ხშირად მოაქვთ ყვავილები, უფრო მეტად, ქალებს. უცხოეთშიც მიაჩნიათ, რომ საქართველოში მე ვარ აღმოსავლური ცეკვის შემომტანი. ექვსი წლის წინ თუ ჩემს მასტერ-კლასებზე ერთი ქართველი დადიოდა და დანარჩენი უცხოელი იყო, ახლა პირიქით – სტუდიის ოთხმოცდაათი პროცენტი ქართველია. ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, გავაგებინე ხალხს, რომ ეს არ არის უღირსი ცეკვა. ეს არის სხვა ერების კულტურა და ფოლკლორი. გასულ ზაფხულს ვიყავი თურქეთში, ნოემბერში კი – მოსკოვში. აღმოსავლური ცეკვების კონკურსზე მიმიწვიეს ჟიურის წევრად.
– ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ სხეულის სერიოზული ტრავმა მიიღეთ. როგორ გამოხვედით ამ რთული მდგომარეობიდან. შეიძლებოდა, ცეკვისთვის თავი დაგენებებინათ?
– 1999 წელს, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ძალიან ცუდად დავვარდი – წელი სკამზე ჩამოვარტყი, ხერხემლის ტრავმა მივიღე და ფეხის კუნთი დამეჭიმა. გონება დავკარგე. სპეციალური სამედიცინო კორსეტი ჩამაცვეს და სამი თვე ხის დაფაზე უმოძრაოდ ვიწექი. ექიმები დედას ეუბნებოდნენ, თუ გამართულად გაიარა მომავალში და არ დაინვალიდდა, ღმერთს მადლობა უთხარითო. რვათვიანი მკაცრი წოლითი რეჟიმი მქონდა, მაგრამ ვეღარ გავუძელი ამდენი ხნით წოლას და მეოთხე თვეზე ნელ-ნელა დავიწყე ადგომა. ძლივს დავდიოდი, კუნთები ატროფირებული მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ცეკვას ისევ შევძლებდი. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. პრინციპში, როგორც სიარულს, ასევე ცეკვას თავიდან ვსწავლობდი. დღემდე არის რამდენიმე ისეთი ილეთი, რომლის გაკეთებაც, სამწუხაროდ, არ შემიძლია.
– ქართველი მეუღლე გყავთ. სად და როგორ მოხდა თქვენი გაცნობა?
– პირველად რომ გავთხოვდი, თვრამეტი წლის ვიყავი. ოცდაერთი წლის ასაკში კი, დავქვრივდი. იმ პერიოდში შემოთავაზება მქონდა დუბაიდან, ტაილანდიდან და მალაიზიიდან. იქ, მთლიანობაში, წელიწად-ნახევარი დავყავი. როცა თბილისში დავბრუნდი, ერთ-ერთი კლუბის პრეზენტაციისთვის შოუს მომზადება მთხოვეს. იმ კლუბში გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი – ჩემი მომავალი მეუღლე. თუმცა, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. არასოდეს დამავიწყდება ის დღე. რეპეტიციაზე მოვიდა და მოკრძალებით მკითხა – სად ისწავლეთ ასე კარგად და ლამაზად ცეკვა, ნამდვილი საოცრებააო. ცხადია, მისი კომპლიმენტი მესიამოვნა. კლუბში განათებაზე მუშაობდა. მეორე, მესამე დღეს შევამჩნიე, რომ რაღაც ძალიან თბილად მესალმება. მეკითხება, როგორ ვარ, რამე ხომ არ მჭირდება... ყოველთვის კარგ კომენტარებს უკეთებდა ჩემს გამოსვლებს და საჭირო რჩევებს მაძლევდა. მივხვდი, რომ ამ ადამიანისთვის ხელოვნება ბევრს ნიშნავს. კლუბში კი, ყველა თანამშრომელი ხვდებოდა, რომ მოვწონდი. საათობით შეგვეძლო ვმჯდარიყავით და ხელოვნებაზე გვესაუბრა. იცოდა, რომ ქმარი გარდაცვლილი მყავდა და გათხოვება საერთოდ არ მინდოდა. როგორც ჩანს, უფლის ნება იყო. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი შვილი – არტიომა. შეიძლება ვიღაცას უკვირს კიდეც, რომ ჩემზე ოცდაოთხი წლით უფროსია, მაგრამ მე საერთოდ არ ვგრძნობ ასაკობრივ სხვაობას. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. საქმეშიც მეხმარება და ოჯახშიც. არც ჩემთვის არის რთული გასაგები მისი საქმე. ვცდილობ, ყველაფერში გავუგო და გავითავისო მისი პრობლემები. პროფესიით ელექტროინჟინერია. ერთხელ უცხოეთში ყოფნის დროს, ჩამოვუტანე საჭირო ხელსაწყო, რომელიც ვიცოდი, რომ ძალიან სჭირდებოდა. ინტერნეტით ვნახე, რა და როგორი უნდა ყოფილიყო. ძალიან გაუკვირდა. შოპინგი ძალიან მიყვარს. რაღაცნაირად მამშვიდებს ის პროცესი, როცა ოჯახისთვის რაღაცეებს ვიძენ. არასოდეს ჩავიცვამ იმ ტანსაცმელს, რაზეც ჩემი ქმარი მეტყვის, რომ არ გიხდებაო, იმიტომ, რომ ვიცი, როგორი კარგი გემოვნება აქვს. როცა სასცენო კოსტიუმებს ვკერავ, მას ვეკითხები აზრს. მომავალში, ვფიქრობთ, ჩვენი ოჯახი გავზარდოთ. ძალიან მინდა, კიდევ ერთი ბიჭი მყავდეს. ჩემს ქმარს კი, გოგო უნდა. ვნახოთ, რა იქნება.