კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საზოგადოების კულტურა მისი ჰუმანურობით განისაზღვრება



ჰოლში ბართან იჯდა შავ-ნარინჯისფერ სამოსში, ესპანური იერი დაჰკრავდა, მაგრამ გულღია მასპინძლობა, ყოველივე ქართულის დიდი სიყვარული, ძირძველი ქუთათურობის სიამაყის შეგრძნება, მისი აკადემიური საუბრის ძირითადი მარცვალი გახლდათ. გოგლიჩიძეების ღირსეული ოჯახი დღენიადაგ საქართველოს სამსახურშია. როცა ადამიანი მოტივირებულია, სიკეთე თესოს, განათლებული, საზოგადოებისთვის საჭირო შვილები აღზარდოს, საინტერესო, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი ოჯახი ჰქონდეს, ქრისტიანული მრწამსით იცხოვროს, ის ყოველთვის აღწევს მიზანს.

ეს უმშვენიერესი სასახლეც ქალბატონი მანანასი და მისი ოჯახის ნამოღვაწარია. როგორ?! დიდი შრომით, ძიებით, რომანტიკით, ხანდახან ნოსტალგიით, სიამაყისა და საკუთარი ფესვების უსაზღვრო სიყვარულით.



ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე ქუთაისში დაიბადა. დაწყებითი განათლებაც აქ მიიღო. მოგვიანებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი, მოსკოვის დეფექტოლოგიის აკადემია დაამთავრა. მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა სახლში, აბრეშუმკომბინატის საბავშვო ბაღში, სკოლადამთავრებულთა ტექნიკუმში. ადამიანებისადმი პატივისცემა და სიყვარული მის მსოფლმხედველობაში იმთავითვე მყარად ჩაიდო. ავტორიტეტიც დამსახურებულად მოვიდა. სათუთად უფრთხილდება მოპოვებულ ჯილდოებს. პუშკინი მისი საყვარელი პოეტი და სულის მესაიდუმლეა. ამბობს, რომ ეს პოეზია იმდენად დიდი, ამავდროულად, სადა, მუსიკალური და შენეულია, შეუძლებელია, სულში არ შეაღწიოსო.

... სამოქალაქო ომმა და დრომ უმოწყალო თვალით გადმოხედა სრულიად საქართველოს. დაინგრა ქართული სულიერებაც. განათლების, კულტურის, სპორტის, თეატრალური ტრადიციების ქუთაისში ტაბუ დაედო ქუთათურ იუმორსაც. თეატრის გათოშილ დარბაზში თითო-ოროლა მაყურებელი თუ იჯდა. ჩაბნელებული ბაღის კიდეზე აღარ ჩანდნენ ქალაქის კოლორიტები. მიილია „მრავალჟამიერიც“. რეანიმაციის პერიოდი იდგა. გოგლიჩიძეების ოჯახი ვერ შეეგუა ასეთ უმოძრაობას. რაღაც უნდა ეღონათ. ასეთი ცხოვრება არ შეიძლებოდა. რუსეთს გაემგზავრნენ. ხელმოცარულნი არსად ყოფილან, რამეთუ ყველგან მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. წლები გადიოდა. ვაჟებმა, დავითმა და ლაშამ, უმაღლესი იურიდიული განათლება მოსკოვში მიიღეს. ოჯახი გაიზარდა. რძლები, ვენერა და ლოლიტა, ულამაზეს შვილიშვილებს – გერმანს, ქრისტინესა და ტამერლანს, ქართული ენის სიყვარულს უნერგავენ. ქუთაისთან კავშირი არასდროს გაუწყვეტიათ, მაგრამ დაბრუნდნენ მაშინ, როცა შესრულებულად ჩათვალეს წასვლის მისია და უკვე შეეძლოთ მშობლიური ქალაქისათვის რაღაცის გაკეთება. შეხსენება არ დასჭირვებიათ, თავად მოიძიეს ბავშვთა და ინვალიდთა სახლები, შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები და ქრისტიანულად გაუწიეს დახმარება.

ქალბატონი მანანას მეუღლე, წარსულში ცნობილი კალათბურთელი გერმან გოგლიჩიძე, დასავლეთ საქართველოს აბრეშუმის გაერთიანების გენერალური დირექტორი გახლდათ. ამ ულამაზეს წყვილზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ ქუთაისში. ბატონი გერმანისთვის ქველმოქმედება ცხოვრებისეულ მოთხოვნილებად იქცა. ათი წლის განმავლობაში ქუთაისის კალათბურთის სკოლას სრულად აფინანსებდა და პატრონაჟსაც უწევდა; მშობლიური ქალაქის განვითარებისთვის ყოველწლიურად სერიოზულ თანხას რიცხავდა ყოფილ „მზიურის სათვისტომოს“ ფონდში; ქუთაისში მოღვაწე მწერლებსა და მხატვრებს კარგად ახსოვთ მისი თანადგომა – წიგნების გამოცემა, შემოქმედებითი საღამოებისა თუ ღონისძიებების დაფინანსება. არც ომში დაღუპული ვაჟკაცები დავიწყებია. მისი ოჯახი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს ეკლესიებისა თუ მონასტრების აღდგენისა და განვითარების საქმეში. საქართველოს საპატრიარქოს ორი უნიკალური ხატი გადასცეს: წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის მეჩვიდმეტე საუკუნის ხატი, რომელიც ლევან დადიანმა ილორის ეკლესიას აჩუქა. პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, პატივისცემის ნიშნად მათ ოჯახებს მადლობის სიგელი გადასცა. გოგლიჩიძეებმა ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდის გენერალური სპონსორობაც ითავეს და ღირსეულად ემსახურებიან ამ მამულიშვილურ საქმეს. არც ფონდ „იავნანასთვის“ აუვლიათ გვერდი – ყველაზე მეტი თანხა მათ მიერ ჩატარებულ საღამოზე შემოვიდა და მრავალშვილიან ოჯახს ბინა შეუძინეს. ჩამონათვალის განვრცობა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ თავად არ ისურვა დეტალებზე საუბარი. ამ მონაცემებსაც ქალბატონ მანანასთან შეხვედრამდე გავეცანი. მან კი ღიმილით მითხრა: გახსოვთ, დიდმა ილიამ როგორ დაგვმოძღვრა – „მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდოო“.

– გეთანხმებით, მაგრამ, რაც დრო გადის, ჩვენს ქვეყანაში მადლს ქვაზე თითქმის აღარავინ დებს. ქველმოქმედება ხომ ღვთიური ნიჭია, როგორც სხვა ნიჭიერებათაგანი. მადლცხებულია, ვისაც მხარში დგომის უნარი მოჰმადლა უფალმა და რაოდენ სასიხარულოა, როცა ასეთი ადამიანები შენ გვერდით იმედად არსებობენ. მავანნი მათ სიკეთეს „ტრადიციული“ ეჭვით შეხვდნენ, მაგრამ საკუთარ თავს ჰკითხონ: თავად შეძლებენ კი, უანგაროდ იმავე საქმის კეთებას?! ქალბატონო მანანა, მოგეხსენებათ, საქართველოდან ბევრი წავიდა „საშოვარზე“. დიდმა ნაწილმა სერიოზული ქონებაც შეიძინა, მაგრამ ქველმოქმედება მათთვის იმდენად უცხო ხილია, მთელი ცხოვრება გასინჯვის სურვილიც არ გაუჩნდებათ. არ გაგიჭირდათ მოსკოვში ამ რთულ პერიოდში?

– იცით, როცა ვსაუბრობ ქართველზე, ვგულისხმობ პიროვნებას, რომელიც ყველგან პოულობს თავის ადგილს. მოსკოვის საზოგადოების დიდი ნაწილი პატივს სცემს ყველაფერ ქართულს, ჩვენს კულტურას, მოსწონთ ჩვენი ტრადიციები, უფრთხილდებიან მოგონებებს, დარჩენილ მეგობრებს და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. ჩვენი ოჯახის წევრებს არასდროს მოგვრიდებია ან შეგვშინებია, გვეთქვა, რომ ქართველები ვართ. პირიქით, ჩვენში ქართული გენეტიკური კოდი დევს და ვამაყობთ კიდეც ამით. კეთილსინდისიერად, ღირსეულად, შეიძლება ითქვას, ხშირად მათზე უკეთ ვართმევთ თავს სიტუაციებს და ჩვენი ადგილი დამსახურებულად მოვიპოვეთ. არასდროს ვყოფილვართ პრორუსული ორიენტაციის, თუმცაღა, დიდ პატივს ვცემ რუსული საზოგადოების ღირსეულ ნაწილს. მინდა ვთქვა, რომ ბევრი ვიშრომეთ სწორედ ამ დღისთვის, რომ, საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებულებს, შეგვძლებოდა, ქართული ღირებულებებისა და ფასეულობების აღორძინების საქმეში გარკვეული წვლილი შეგვეტანა. ეს ლამაზი შენობაც აღორძინების პერიოდის შვილია. ჩემს ახალგაზრდობაში აქ ქუთაისის აქტიური, მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდობა ვიკრიბებოდით. ტარდებოდა ლიტერატურული საღამოები, დისპუტები, კონფერენციები. წლების შემდგომ მოსკოვში გავიგე, რომ ეს ცენტრი აღარ ფუნქციონირებდა, თავისი მისია დაკარგა და საზოგადოების არაჯანსაღი ნაწილის თავშეყრის ადგილად იქცა. გული მეტკინა. დანგრევა და ახლის აშენება გადავწყვიტე. ვგონებ, ურიგო შედეგი არ მიგვიღია. ქალაქში ჩამოსული ნებისმიერი რანგის სტუმარი აქ ღირსეულად იგრძნობს თავს. ქუთაისში აშენდა VIP-კომპლექსი – „ბაგრატი 1003“, ულამაზესი რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით, კაფე-ბარით, სალონით, აუზით, დიდებული აპარტამენტებითა და მაღალი დონის მომსახურე პერსონალით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა ორი წელია მიმდინარეობს და ქუთაისისა და მისი ახლომდებარე სოფლების მუშახელი დასაქმდა. გენერალური დირექტორი ბატონი გელა გოგლიჩიძე გახლავთ.

ქალბატონი მანანასა და ბატონი გერმან გოგლიჩიძეების ოჯახი მშობლიური ქალაქიდან გაჭირვებას არ გაჰქცევია, უსაქმურობა, უფუნქციობა ვერ აიტანეს. ცოცხალი ადამიანი მუდამ ძიებაში უნდა იყოსო, ბრძანეს. დამშვიდობებისას მშვენიერმა ქალბატონმა ლოცვასავით შემაწია სიტყვა: მხოლოდ სიყვარული, თანადგომა, მიტევების ნიჭი და ერთად ყოფნა გადაგვარჩენსო. საზოგადოების კულტურა განიზომება იმით, თუ რამდენად ჰუმანურია იგი...

ლეილა კინწურაშვილი


скачать dle 11.3