30 თებერვალი
დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–10(532)
– მშვენიერია! – ცერი თითი გაბზიკა ჯაბამ, – ახლა კი წადი და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც დაგარიგე!
შორენა წავიდა. ქალიშვილი ელენემ გააცილა, ოთახში შემობრუნდა და ჯაბას უთხრა:
– ჯაბა, შვილო, მაღაზიაში ჩავალ და პროდუქტებს ამოვიტან, თან გასაღებსაც წავიღებ, შენ კი ღამენათევი ხარ და დაიძინე.
– რა დამაძინებს, ქალბატონო ელენე, შორენას დაველოდები. მანამდე კი შხაპს მივიღებ, – მიუგო ჯაბამ ელენეს.
ელენემ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა, ჯაბა კი სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად, თან გულში ამბობდა: „რის განძის მცველი, რა პლასტიკური ოპერაცია, ეს ტარიელი ვერაა. რა ჩემი საქმეა მისტიკურ თრილერებში მონაწილეობა. ფული მაქვს, კიდევ ვიშოვი, მოვკიდებ შორენას ხელს და, აიდა, საგულაოდ! ტარიელმა და იმ ლენცია თუ ბენცი კი თავები ახეთქონ ერთმანეთს. ეს ელენეც საიდან გამოტყვრა. რა ჩემ ფეხებად მინდოდა ზედმეტი ტვირთი! მაგრამ, აქედან რომ ავახვევთ, რამეს მოვიფიქრებ – ელენეს გამომგზავრებას გადავადებინებ შორენას და შეიძლება გადავაფიქრებინო კიდეც, მაგრამ, თუ გაჯიუტდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჯანდაბას მაგათი თავი, ჩამოვიდეს და ჩვენთან იცხოვროს. ახლა კი მთავარია, მე და შორენამ ავახვიოთ აქედან, რომ შარებს ავერიდო“...
ჯაბას ყველაფერი ეშმაკურად ჰქონდა გათვლილი: შორენას და დედამისს უთხრა, რომ თითქოს წყნარი ოკეანის კუნძულებზე აპირებდა გამგზავრებას. სინამდვილეში კი ჯაბას ავსტრალია ჰქონდა არჩეული. იქ მას მეგობარი ჰყავდა, ვისთან ერთადაც თბილისში სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა და ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ. ამიტომ, ჯაბას არ ეშინოდა, რომ მას მიაგნებდნენ და ერთი სული ჰქონდა, ავსტრალიაში გამგზავრებულიყო და შორენასთან ერთად ახალი და, როგორც თვითონ ვარაუდობდა, უზრუნველი და მდიდრული ცხოვრება დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბამ საკუთარი თვალით ნახა, თუ რა ხალხთან ჰქონდა საქმე და მათ ძალასა და შესაძლებლობებშიც დარწმუნდა, მას ბოლომდე არ სჯეროდა თავისი ახალი სტატუსის. ძველი, კრიმინალური ცხოვრება ერჩივნა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საძმოს გასცლოდა და საქართველოდან შორს გადაკარგულიყო. ამიტომ, დარწმუნებული იყო, რომ სულ რაღაც ორ დღეში დააღწევდა თავს აქაურ ჯოჯოხეთს და თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, სადაც ყველა სიკეთით ისარგებლებდა. „ჰმ, ქართული საგანძური!.. – ირონიულად ჩაილაპარაკა ჯაბამ, – რა ჩემი საქმეა ასეთი სიგიჟე! არ მეყო, რაც საგიჟეთში გავატარე? არა, ძმაო, არც მცველობა მინდა, არც თქვენი ოქროს გასაღები და არც ნალი, რომელიც ცხენს მოსძვრა”.
ჯაბამ შხაპუნა წვიმის რეჟიმზე გადაიყვანა წყლის ჭავლი და მომავალ ნეტარებაზე ფიქრმა ისე გაამხიარულა, რომ დაბალ ხმაზე ერთი ძველი კინომელოდიაც კი წაიღიღინა.
უცებ სააბაზანოს კარი გაიღო და ორი ნიღბიანი შევარდა. თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო, რადგან მათ რაღაც ნემსი უჩხვლიტეს და ჯაბამ გონება დაკარგა...
– გაიღვიძა, შეფ! – მოესმა ჯაბას რუსულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცის ხმა, თვალი გაახილა და შავი ფერის უნიფორმაში გამოწყობილი სამი მამაკაცი დაინახა, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ.
„გავები, – გაიფიქრა ჯაბამ, მაგრამ, რატომღაც, არ შეშინებია, თუმცა, სინანულმა კი შეიპყრო, – მართალი იყო ტარიელი და არ დავუჯერე. ღმერთი თავის ძალას გიჩვენებს და ბევრს გპატიობს, თუმცა, როგორც ეტყობა, ღალატს არა. მე კი მას ვუღალატე, სამოთხეში გაქცევა განვიზრახე და ჯოჯოხეთში მოვხვდი”.
ნიღბიანი, რომელსაც შეფი უწოდეს, ჯაბასგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა და ძელზე მიბმულ ყმაწვილს დამტვრეული ქართულით რუსული აქცენტით უთხრა:
– როგორც იქნა, გაები.
– ვინ ხართ? – ჰკითხა ჯაბამ ნიღბიანს.
– ის, ვინც მახეში გაგაბა. არადა, რამდენი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ხელში ჩამეგდე!
– ჩამიგდე, რა! რა დიდი ვინმეც ვარ, ფული მაქვს თუ ოქრო, რომ ჩემს პატრონს გამოსასყიდი მოსთხოვოთ? – უთხრა ჯაბამ ნიღბიანს, თან სიმართლის გასაგებად ნიადაგი მოსინჯა.
– ფულსა და ოქროზე ბევრად უკეთესი რამ გაქვს, – მიუგო ნიღბიანმა ჯაბას.
– უკეთესი?
– რა თქმა უნდა, – ჩაეცინა ნიღბიანს, – აი, ეგ, კისერზე რომ გკიდია.
– კისერზე?
– დიახ, კისერზე, აი, ეგ ოქროს გასაღები.
„არ შევმცდარვარ, ლენცის ხალხი ყოფილა, – გაიფიქრა ჯაბამ, – როგორც ეტყობა, ეს ჩემი უკანასკნელი დღეა და მომკლავენ, გასაღებს წაიღებენ და მორჩება ჩემი დიდგული ოცნებები”.
– რაო, მახეში გაბმულო, ნანობ შენს საქციელს?
– რა საქციელს?
– საქმეს რომ უღალატე.
– რომელ საქმეს? – თავი მოიკატუნა ჯაბამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სულ მალე სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები ვაჟკაცურად გაეტარებინა და ღირსეულად მომკვდარიყო.
– თავს ნუ ისულელებ, – კბილებში გამოცრა შეფმა.
– თქვენ ამათი უფროსი ხართ? – ჰკითხა ჯაბამ შეფს.
– დიახ, – მიუგო შეფმა.
– რაღაც უნდა გითხრათ.
– თქვით.
– მომიახლოვდით, არ მინდა, სხვებმაც გაიგონ.
შეფი ჯაბას მიუახლოვდა, ჯაბამ კი მას ნიღბიან სახეში შეაფურთხა და ცინიკურად უთხრა:
– აი, რაც ახლა შემიძლია.
შეფი გავიდა, ახალი ნიღბით დაბრუნდა და ჯაბას ირონიულად მიმართა:
– თქვენი საქციელი განწირული კაცის მოქმედებაა და მეტი არაფერი. შეიძლება ფიქრობთ, რომ გმირულად იქცევით, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს ასე არაა. გმირობა სხვა რამაა, თქვენ კი განწირული ხართ.
– ასეც რომ იყოს, მერე რა?
– რა და ის, რომ თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს და არ მინდა ძალას მივმართო.
– ჩემი აქ მოყვანა კეთილი ნების გამოვლენა იყო და არა ძალადობა, ხომ?
– მე სხვა ძალას ვგულისხმობ.
– ალბათ, წამებას.
– რა საჭიროა ასეთი საშინელი გამოთქმები? უბრალოდ – აუცილებელ ღონისძიებებს.
– და, რისი გაგება გსურთ ამ გადაუდებელი თუ აუცილებელი ღონისძიებებით?
– ყველაფრის.
– რა ყველაფრის?
– ყველაფრის და, გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე შევიტყობთ ყველაფერს, – თვითდაჯერებით თქვა შეფმა და ჯერ თავისი ორი ნიღბიანი ხელქვეითი გარეთ გაუშვა, შემდეგ ისევ ჯაბას მიუბრუნდა, – პირისპირ ლაპარაკი უკეთესია. აბა, გისმენთ!
– მისმენთ? – ჩაეცინა ჯაბას, – დიდხანს მოგიწევთ ლოდინი.
– არა მგონია, – ცივად მიუგო შეფმა, ჯიბიდან მაღალსიხშირიანი სპეცსანთებელა ამოიღო, ჯაბას დაანახვა და ჰკითხა: – თუ იცით, ეს რა არის?
– არა!
– საკმარისია, ეს მოწყობილობა ჩავრთო და სხეულის ნებისმიერ ადგილზე დაგადო, რომ სკვაზნოი გარანტირებული გაქვს.
– მერე რა?
– რა და ის, რომ თუ არ მეტყვი, სად მდებარეობს ქართული საგანძური, აუცილებელ ღონისძიებას დავიწყებ, რასაც შენ წამებას უწოდებ. ჩქარა, ამოღერღე!
– რა ქართული საგანძური?
– რომლის მცველადაც დაგნიშნეს.
– რა სისულელეა. თქვენ, ალბათ, გიჟი ხართ.
– გიჟი?
– ნამდვილად გიჟი ხართ და, ალბათ, მისტიკური თრილერები გიტაცებთ.
– მგონი, დარწმუნდით, რომ საკმაოდ სერიოზული ხალხი ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააბაზანოდან ვერ მოგიტაცებდით. ამიტომ, არ გირჩევთ ურჩობას და თქვენთვის უმჯობესი იქნება, თუ კითხვებზე სწორ პასუხებს გამცემთ.
– ხომ ვამბობ, გიჟი ხართ. რა საგანძური, რის მცველი?
– არც ეგ გასაღები ნიშნავს რამეს? – უთხრა შეფმა ჯაბას და კისერზე ჩამოკიდებულ ოქროს გასაღებზე მიუთითა.
– ჩვეულებრივი ოქროს სამკაულია, – მიუგო ჯაბამ.
– რომელიც საგანძურის გეზს გიჩვენებს, არა? – დაამატა შეფმა.
– მოდი, სისულელეებს მოეშვით და, ან გამიშვით, ან მომკალით.
– რომ მოგკლათ, თავი არ გეცოდება?
– ვხედავ, მანიაკების ხელში ვარ ჩავარდნილი და სხვა რა გზაა, – თქვა ჯაბამ და შეფს ირონიულად ჰკითხა: – თქვენ და თქვენი ნიღბიანები საგიჟეთიდან გამოქცეულები ხომ არ ხართ?
– თქვენსავით?
– დიახ, ჩემსავით.
– არა, – გაეცინა შეფს, სანთებელა აანთო, ჯაბას სახეს დაუმიზნა და უთხრა, – იტყვი თუ ძვლები ჩაგიფერფლო?
– წადი, შენი დედაც! – შეაგინა ჯაბამ და შეფისთვის მიფურთხება დააპირა, მაგრამ სანთებელიდან ისეთი სიმხურვალე მოდიოდა, რომ პირი ვერ გააღო.
– იტყვი? – გაიმეორა შეფმა და სანთებელა უკან გასწია.
– შენი დედაც! – გაიმეორა ჯაბამ და შეფს შეაფურთხა, მაგრამ მან თავი გასწია და ფურთხი აიცილა.
– აუცილებელი ღონისძიება გრძელდება, – თქვა შეფმა და სანთებელა კვლავ ახლოს მიუტანა ჯაბას, მაგრამ ყმაწვილი მოულოდნელად ძელს მოსწყდა, შეფს ეცა, სანთებელა გააგდებინა, იატაკზე წააქცია, ყელში წაუჭირა ხელები, თან ნიღაბი მოაძრო...
– ტარიელ?! – აღმოხდა ჯაბას, როდესაც შეფს ნიღაბი მოსძვრა, – შენ ხარ, ტარიელ?
– მე ვარ, მე... – ხრიალებდა მინისტრის მოადგილე, რომელსაც ისე მოულოდნელად დაესხა თავს ჯაბა, რომ მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო და კინაღამ სული განუტევა.
– აბა, რა გინდა, ტარიელ?
– მოგინახულე, – ირონიულად მიუგო ტარიელმა ჯაბას, წამოდგა და ჩაახველა.
– რატომ მომიტაცეთ?
– ვერ ხვდები?
– მცდიდით?
– გცდიდით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აქედან გაქცევით გინდა აარიდო თავი იმ უდიდეს მისიას, რომელიც დაგეკისრა და რასაც თავს ვერ აარიდებ.
– ვინ გითხრა, რომ აქედან გაქცევა მინდა?
– ჯაბა, გეყოფა, არ გეკადრება, – თავი გააქნია ტარიელმა, – ხომ არ გავიწყდება, ვისთან გაქვს საქმე?
– შენც ხომ არ გავიწყდება, ვინ ვარ?
– ეგ რომ დამვიწყებოდა, შენსავით პასუხისმგებლობას რომ გავურბოდე და, რაც მთავარია, ღმერთს უარვყოფდე, აქედან გაქცევის საშუალებას მოგცემდი.
– ძალით დამაკავებ?
– შენ თვითონ არ წახვალ.
– ტყვიით თუ გამაჩერებ, არ ვიცი, მაგრამ, გადაწყვეტილია და მივდივარ.
– მერე, იცი, რა მოხდება?
– რა?
– რა და, ლენცის ხალხი მოგძებნის და ჯერ ყველაფერს დაგაფქვევინებენ და გასაღებს წაგართმევენ, სასტიკად გაწამებენ და შემდეგ მოგკლავენ, ბოლოს კი საგანძურს დაეუფლებიან და საქართველო საბოლოოდ განადგურდება.
– არ გეწყინოს, ტარიელ, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა და არ მჯერა. ჩემი აზრით, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ საგიჟეთის პაციენტები 30 თებერვალს სახლებში წავლენ. მაპატიე, ტარიელ, ბოდიშს გიხდი და შენ, როგორც მინისტრის მოადგილეს, შეგიძლია, დამაპატიმრო და ციხეში ჩამსვა, მაგრამ, მომკალი და არ მჯერა. ან დამაპატიმრე, ან გამიშვი.
– ესე იგი, არ გჯერა?
– არა!
– მაშინ, რატომ შეუკვეთეს ჩვენი სიკვდილი?
– არ ვიცი.
– და არც გაინტერესებს, ხომ? – ირონიულად დაამატა ტარიელმა, – ნუთუ ისე დაგებინდა გონება, რომ რეალობის გრძნობა გაქვს დაკარგული?
– რეალობის გრძნობა რომ დაკარგული მქონდეს, მაშინ ამ ნაბოდვარს დავიჯერებდი?
– შენი აზრით, მეუფე გაბრიელი ბოდავდა?
– მეუფე გაბრიელი იმდენ ხანს იჯდა ციხეებსა და საგიჟეთში, რომ ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული, მე კი ამომიჩემა – აი, სულ ესაა მთელი თქვენი მისტიკური თრილერი.
– ძალიან ცდები, ჯაბა, – მწარედ ჩაეცინა ტარიელს, – ხელები ზეაღმართა და თქვა: – მაპატიე, უფალო, ეს მკრეხელობა, მაგრამ, როგორც ეტყობა, მეუფე გაბრიელი მართლა შეცდა შენი არჩევით.
ტარიელის სიტყვებზე ჯაბამ გულიანად გადაიხარხარა და უთხრა:
– აი, ხომ ხედავ, შენ თვითონ ადასტურებ ჩემს სიტყვებს და რას მერჩი?
– რა სიტყვებს ვადასტურებ?
– იმას, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. – ჰო, სისულელე. შენ არ უთხარი ახლა ღმერთს, რომ მეუფე გაბრიელი ჩემს არჩევაში შეცდა. მანამდე კი ამბობდი, რომ ღმერთის ხელდასხმული ვარ. ხომ ხედავ, რომ შენვე ეწინააღმდეგები შენს სიტყვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალი ვარ და ყველაფერი სისულელეა.
– მაინც არ იშლი შენსას?
– უნდა გავემგზავრო და, თუ ხელს არ შემიშლი ამაში, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები.
– რა გაეწყობა, წადი. მაგრამ, იცოდე, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს აყენებ დარტყმის ქვეშ, არამედ მთელ ქვეყანას.
– რა მთელ ქვეყანას, ტარიელ, – გაეცინა ჯაბას, – არ მჯერა მე ამ საიდუმლო ორდენების, საძმოებისა და შეთქმულებების და მომკალი! სისულელეა ეგ ყველაფერი: ის ხალხი კი, ვისაც ამის სჯერა – სულელები. რა თქმა უნდა, შენთან ბოდიშს ვიხდი.
– არაა საჭირო ბოდიში, წადი, მაგრამ იცოდე, რომ საშინელი დარტყმის ქვეშ იმყოფები, მოსიარულე სამიზნე ხარ და ლენცის ხალხი ყველგან მოგაგნებს.
– გასაღებს დაგიტოვებ, – თქვა ჯაბამ და კისრისკენ წაიღო ხელი, რომ ოქროს ჯაჭვი მოეხსნა, რომელზეც გასაღები ეკიდა, მაგრამ ტარიელმა არ დაანება:
– გეკიდოს, არ მოიხსნა!
– რაღაში მჭირდება?
– ჯაბა, – ტარიელმა თვალი თვალში გაუყარა, – ხომ არაფერში გზღუდავ და ნებაზე მიგიშვი! ერთი თხოვნა მაქვს, უარს ნუ მეტყვი და კაცური სიტყვა მომეცი, რომ შეასრულებ.
– რა გინდა?
– დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იმყოფებოდე, გთხოვ, რომ მაგ ოქროს გასაღებს ნურასდროს მოიხსნი კისრიდან.
– კარგი, არ მოვიხსნი.
– კაცური სიტყვა მომეცი, რომ მართლა არ მოიხსნი.
– მართლა არ მოვიხსნი, კაცურ სიტყვას გაძლევ, – უთხრა ჯაბამ ტარიელს და გაუღიმა, – ასე დაჟინებულად რატომ მთხოვ, რომ ეს გასაღები არ მოვიხსნა?
– ხომ მართლა არ მოიხსნი?
– მართლა არ მოვიხსნი, ოღონდ, მიპასუხე, ასე დაჟინებით რატომ მთხოვ?
– იმიტომ, რომ მაგ გასაღებს ღვთიური დანიშნულება აქვს. მართალია, შენ ამ ყველაფრის არ გჯერა და მისტიკურ თრილერს უწოდებ, მაგრამ, გარწმუნებ, რომ შენ მართლა ღმერთის ხელდასხმული ხარ, მეუფე გაბრიელმა მხოლოდ ღვთის ნება აღასრულა. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ეგ გასაღები გიხსნის, თან არ დაგავიწყდეს, რომ ეგ გასაღები საგანძურის გეზის მაჩვენებელიცაა. მოვა დრო, როცა შენ ამ საგანძურს საკუთარი თვალით ნახავ და ხელითაც შეეხები.
– გასაგებია, – სერიოზულად მიუგო ჯაბამ ტარიელს და ჰკითხა, – შემიძლია წავიდე?
– გაგაცილებ.
ტარიელი და ჯაბა გარეთ გავიდნენ. „ბეემვეში“ რომ ჩასხდნენ ტარიელმა მანქანა ადგილიდან დაძრა, ხოლო უკან კი მეორე „ბეემვე“ გაჰყვა, რომელშიც მინისტრის მოადგილის ხელქვეითები ისხდნენ.
– ბორკილების გახსნა როგორ მოახერხე? – ჰკითხა ტარიელმა ჯაბას.
– ფრჩხილით, – მიუგო ჯაბამ.
– ფრჩხილით?
– ჰო, ფრჩხილით, – ჯაბამ ტარიელს მარცხენა ხელის ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილი აჩვენა და უთხრა, – ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა. თითქმის ნებისმიერ მსუბუქ საკეტს ვხსნი ფრჩხილით, რომელსაც ატმიჩკასავით ვხმარობ და საერთოდ, თითქმის არ არსებობს საკეტი, რომელსაც ვერ გავხსნი. ამ საქმეს ადრეული ბავშვობიდან ვემსახურები და ეს საქმე ხუთიანზე ვიცი.
– ეეჰ, ჩემო ჯაბა, შენ სულ სხვა საქმე გაქვს, მაგრამ, არ გესმის, – სინანულით თავი გააქნია ტარიელმა, კიდევ ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა და შორენას სახლთან დაამუხრუჭა, – მოვედით, ჩადი!
ჯაბამ საათს დახედა და თქვა:
– ზუსტად სამი საათის წინ მომიტაცეთ, – შემდეგ ტარიელს შეხედა, გაუღიმა და ჰკითხა, – საიდან გაიგეთ, რომ გაქცევას ვაპირებდი?
– ეს ჩემი მოვალეობაა, – მიუგო ტარიელმა.
– ვინ გითხრა?
– გავიგე და მორჩა!
– ან შორენა გეტყოდათ, ან ელენე. ჩვენ სამის მეტმა ამის შესახებ არავინ იცოდა.
– ცილს ნურაფერს დასწამებ, ჯაბა, მით უმეტეს, როდესაც ზუსტად არაფერი იცი. ასე რომ, დედა-შვილს ნურაფერში დაადანაშაულებ.
– ჰო, მაგრამ, მარტო მათ იცოდნენ და ვისზე ვიფიქრო?
– შენც ნუ იფიქრებ. მათ კი ნურაფერში დაადანაშაულებ.
– მშვიდობით, ტარიელ, – თქვა ჯაბამ და ხელი გაუწოდა.
ტარიელმა ხელი ჩამოართვა ჯაბას და მიუგო:
– ნახვამდის, ჩემო ჯაბა, იმედია, ერთმანეთს კვლავ შევხვდებით.
– მეეჭვება, მშვიდობით.
– მე კი დარწმუნებული ვარ, ნახვამდის.
ჯაბა მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში რომ შედგა ფეხი, ტარიელმა მანქანა ადგილიდან დაძრა.
„მაგარი შერეკილი ვინმეა ეს ტარიელი, – ფიქრობდა ჯაბა, თან კიბეებს მიუყვებოდა, – ჰმ, დედა-შვილს არაფერი უთხრაო. მაგარია, რა, ეს ტარიელი. მარტო ჩვენ სამმა ვიცოდით ჩვენი გამგზავრების ამბავი, მე არ მითქვამს. რჩება დედა-შვილი და, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი ეტყოდა. შორენა არ მგონია, ალბათ, უფრო ელენე. ალბათ კი არა, ნამდვილად მისი ნათქვამია, მაგრამ, არა უშავს. ახლა, რა თქმა უნდა, არაფერს ვეტყვი, მაგრამ ავსტრალიაში რომ წავალთ მე და შორენა ისე ვიჩალიჩებ, რომ ელენე არ ჩამოვიდეს. მინდა მე იქ ელენე? ძველი კაგებეშნიკია და ახლა, ალბათ, ტარიელზე მუშაობს“.
ჯაბას ელენემ გაუღო კარი, სახლში შეიყვანა და უთხრა:
– რომ დავბრუნდი და აღარ დამხვდი, ცოტა არ იყოს, შევშინდი, მაგრამ, რომ დარეკე და დამელაპარაკე, დავმშვიდდი. რა ქენი, შვილო, მოაგვარე გასამგზავრებელი საბუთების საქმე?
„ნეტავ ვინ დაურეკა და ელაპარაკა ამ ქალს ჩემ მაგივრად“? – გაიფიქრა ჯაბამ, ხმამაღლა კი მიუგო:
– ხვალ იქნება ყველაფერი მზად.
ოთახში შორენა შემოვიდა და ჯაბას ჰკითხა:
– რა ქენი?
– ხვალ უნდა წავიდე და ყველაფერი მოგვარდება. შენ რა ქენი?
შორენამ კომოდიდან ცელოფნის პარკი ამოიღო, ჯაბას წინ დაუდო და უთხრა:
– აი, მოვიტანე.
ჯაბამ ცელოფნიდან ევროს ბანკნოტები ამოალაგა, დაათვალიერა, ისევ უკან ჩააბრუნა და შორენას უთხრა:
– შეინახე, პოვნა ხომ არ გაგიძნელდა?
– არა. უბრალოდ, ვირთხებმა შემაშინეს.
– ეგ არაფერი. სამაგიეროდ, სულ მალე სამოთხეში ვიცხოვრებთ და ქალბატონ ელენესაც წავიყვანთ, – თქვა ჯაბამ, გუნებაში კი გაიფიქრა: „კი, როგორ არა, ვერ მივართვი. ესღა მაკლია იქ. აქ ხომ გულზე მეხატება და ახლა იქ დავისვამ“.
– შვილო, ჯაბა, არ ისადილებ? უკვე შუადღეა და მოშიებული იქნები, – ჰკითხა ელენემ ყმაწვილს.
– თუ არ შეწუხდებით, – გაუღიმა ჯაბამ ქალს.
– რა შეწუხებაა, ახლავე გაგიმზადებ, – თქვა ელენემ და სამზარეულოში გავიდა.
შორენა სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა ჯაბას და ჰკითხა:
– ესე იგი, ზეგ მივემგზავრებით?
– ჰო.
– ჯაბა, დედაჩემს ხომ ნამდვილად წავიყვანთ?
– რა თქმა უნდა.
– მართლა-მართლა, ხომ?
– მართლა. რატომ მეკითხები?
– რა ვიცი, უცებ მომეჩვენა, რომ თითქოს შენ დედაჩემის წაყვანა არ გინდა.
– რა სისულელეა, საიდან მოიტანე?
– რა ვიცი. სიძეების უმრავლესობა სიდედრებს ვერ ეგუება და, მით უმეტეს, მათთან ერთად ცხოვრებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
– რა სისულელეა, ძვირფასო, დედაშენი სიდედრი კი არა წმიდანია.
– წმიდანი?
– რა თქმა უნდა! რაც მან გადაიტანა და გაუძლო...
– ჰო, მაგარი ქალია, მაგრამ, წმიდანთან შედარება მაინც არ შეიძლება, ღმერთმა არ გვიწყინოს.
– რატომ უნდა გვიწყინოს, სიმართლეს ვამბობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია.
– ჯაბა, ხომ არ მიმატოვებ?
– მიგატოვებ?
– ჰო, ხომ არ მიმატოვებ?
– რა სისულელეებს ამბობ, შორენა, რატომ უნდა მიგატოვო, საიდან მოგდის ასეთი აზრები?
– ხომ არ მიმატოვებ და დედასაც ხომ ჩამოიყვან ჩვენთან?
– შორენა, რა გჭირს, ხომ გითხარი, არ მიგატოვებ-მეთქი, – რაც შეეძლო მშვიდად მიუგო შორენას უკიდურესად გაღიზიანებულმა ჯაბამ, – რა მოხდა, სიმართლე მითხარი!
– არა, არაფერი, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ყველაფერს მატყუებ და, უბრალოდ, გვიყენებ.
– გიყენებთ?
– ჰო, მაგრამ, ნუ მომაქცევ ყურადღებას, ბოდიში, ცოტა არ იყოს, ტვინი ამერია.
– რატომ, რა მოხდა, შორენა?
– არა, არაფერი. როგორც ეტყობა, ამ დღეების დაძაბულობამ იჩინა თავი და იმის ბრალია.
„არა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს“, – გაიფიქრა ჯაბამ, შორენას მწველი მზერა ესროლა და ჰკითხა:
– სხვა რაღაცაშია საქმე, სიმართლე მითხარი!
– არა, რა სხვა რაღაცაში.
– შორენა, შენ ტყუილის თქმა არ გეხერხება, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. სიმართლე მითხარი!
– რა სიმართლე?
– რა მოხდა?
– არაფერი.
– ნუ მატყუებ, თქვი, რა მოხდა!
– არაფერი, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ მე და დედას გვატყუებ და იმიტომ გკითხე. ბოდიში, რომ გული გატკინე.
– არა, შორენა, სიმართლე თქვი!
– არ გატყუებ.
– თვალებში შემომხედე!
შორენამ თვალებში შეხედა ჯაბას, მაგრამ უმალვე დახარა.
– რატომ ვერ მისწორებ თვალებს? – ჰკითხა ჯაბამ
– გეჩვენება.
– შორენა, სიმართლე მითხარი!
– კარგი, გეტყვი, – უთხრა გოგონამ და თავი ასწია, – გვირაბიდან რომ გამოვედი, ქვევით დავეშვი, რომ რუსთაველის გამზირზე ტაქსი გამეჩერებინა. სანამ მივდიოდი, ვგრძნობდი, ვიღაც თვალს არ მაშორებდა. აქეთ-იქით ვიხედებოდი, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ, პირველ სკოლასთან რომ ჩავდიოდი, ბაღიდან მოხუცი კაცი გამოვიდა, გამაჩერა და მითხრა:
– შორენა ხარ, ხომ, შვილო?
– დიახ, – მივუგე მოხუცს.
– ორიოდე სიტყვა უნდა გითხრაო.
– ბრძანეთ, – ვუთხარი მოხუცს და მოსასმენად მოვემზადე.
– შვილო, შენთან რომ ყმაწვილი ცხოვრობს, ნუ ენდობი, – დაიწყო მოხუცმა, მაგრამ სიტყვა გავაწყვეტინე:
– ჩემთან არავინ არ ცხოვრობს, ბაბუა: – და წასვლა დავაპირე, მაგრამ გამაჩერა და მითხრა.
– დედაშენს ხომ ელენე ჰქვია?
– დიახ.
– რამდენიმე დღის წინ ნახე პირველად, ასე არ არის?
– დიახ.
– მანამდე მას რთული ცხოვრება ჰქონდა და ბოლოს მონაზონი იყო.
– დიახ.
– რაც გითხარი, ხომ ყველაფერი მართალია დედაშენზე?
– დიახ, მართალია, მაგრამ თქვენ საიდან იცით?
– ძალიან კარგი, – ჩემს კითხვას თავი აარიდა მოხუცმა, – მოკლედ, დამიჯერე, შვილო, იმ ბიჭს არსად გაჰყვე. უმჯობესი იქნება, თუკი მას სამუდამოდ დაშორდები.
– დედაჩემზე მართლა ყველაფერი სიმართლე მითხარით, მაგრამ დანარჩენი გეშლებათ, ბაბუა, – მივუგე მოხუცს და წასვლა დავაპირე, მაგრამ ფეხები არ დამემორჩილა. მან კი მითხრა:
– მაგ ყმაწვილს მხოლოდ დროსტარებისთვის სჭირდები, დედაშენს კი ჩამოგაშორებს. ამიტომ, დამიჯერე, ნურსად გაჰყვები.
– გეშლებათ, ბაბუა, ნამდვილად გეშლებათ, – ვუთხარი და წავედი, მან კი მომაძახა.
– იქნებ, ისიც ტყუილია, – რომ მაგ პარკში 100 ათასი ევრო დევს?
უკანმოუხედავად წამოვედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში მოვედი. იმ მოხუცის სიტყვებით უკიდურესად თავზარდაცემული ვიყავი.
– სისულელეა, – ნაძალადევად გაეცინა ჯაბას.
– რა სისულელე, რას ამბობ, ჯაბა, ყველაფერი სიმართლე მითხრა. საიდან იცოდა?
– აბა, მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ, თან გაიფიქრა, „ტარიელმა მოაწყო ეს შოუ“.
– დამაფიქრებელია, – თქვა შორენამ.
– რა არის დამაფიქრებელი?
– მოხუცის სიტყვები.
– კიდევ მაგაზე ფიქრობ?
– ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სხვა რამეზე ვერ ვფიქრობ.
– დაიკიდე.
– რას ამბობ, როგორ უნდა დავიკიდო, როდესაც მოხუცმა ყველაფერი სიმართლე მითხრა?
– რა სიმართლე, შორენა, – ნაძალადევად აღშფოთდა ჯაბა, – ვიღაც ვიგინდარამ რაღაც მოგიჩმახა და გჯერა?
– არა, ჯაბა, ვიგინდარა არ ყოფილა.
– აბა, ვინ იყო?
– არ ვიცი.
– მე ვიცი, ვიგინდარა იყო, უფრო სწორად, მოგზავნილი.
– ვისი მოგზავნილი?
– არ ვიცი, ალბათ, ჩვენი მტრების.
– ვინ ჩვენი მტრების, რას ამბობ?
– რა, ცოტა მტერი გვყავს? – უკვე ნამდვილად აღშფოთდა ჯაბა და გუნებაში გაიფიქრა: „ნაბოზარი ტარიელი! ყველაფერი მაგან მოაწყო, რომ იმ გიჟური საქმიდან არ წამოვიდე, მაგრამ, ვერ მივართვი, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და შეზღუდვებს ვერ ვიტან“.
– არა, მაგრამ ის მოხუცი ნამდვილად არ ყოფილა მტერი.
– რა დაგიჩემებია: „მტერი არ იყო, მტერი არ იყო“... აბა, ვინ იყო, წმიდანი?
– ამას ვერ გეტყვი, მაგრამ წმიდანს კი ჰგავდა.
– რა წმიდანს, ხომ არ გაგიჟდი! ვიღაცამ მოგიგზავნა და შენც დაიჯერე?
– მომისმინე, ჯაბა, – უთხრა შორენამ ყმაწვვილს, – მოდი, ყველაფერი გულდასმით გავარჩიოთ.
– მოდი, გავარჩიოთ.
– რაც იმ მოხუცმა მითხრა შენსა და დედაჩემზე, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. შეიძლება, მართლაც ვიღაცამ უთხრა და მომიგზავნა, მაგრამ, საიდან იცოდა, რომ პარკში 100 ათასი ევრო მქონდა?
– ეგეც ხომ რამდენიმე ადამიანმა იცოდა?
– შენ, მე და დედაჩემმა. გამოდის, რომ ან მე ვიტყუები, ან ის მოხუცი დედაჩემმა მომიგზავნა?
– არა, რა სისულელეა, – მიუგო ჯაბამ, გუნებაში კი გაიფიქრა: „კი, ნამდვილად ასე იქნება. ტარიელმა ელენესგან გაიგო 100 ათასი ევროს ამბავი და ის ვიღაც ვიგინდარა შორენას მიუგზავნეს, რომ მგზავრობა ჩამიშალონ“.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, – თქვა შორენამ, – თუკი არ გატყუებ და მე ნამდვილად არ გატყუებ, თუ ის მოხუცი დედაჩემს არ მოუგზავნია, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, მაშინ, იბადება კითხვა: ვინ იყო ის მოხუცი და საიდან იცოდა ამდენი რამ?
– არ ვიცი, ჩემო კარგო.
– არც მე ვიცი, – თქვა შორენამ.
– სამაგიეროდ, მე ის ვიცი, რომ ძალიან მიყვარხარ, შენს მიტოვებას არ ვაპირებ და, როგორც კი მოვეწყობით, ქალბატონ ელენესაც წავიყვანთ.
– მართლა?
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, ამას წყალი არ გაუვა და სისულელეებზე ფიქრს თავი დაანებე.
– მიყვარხარ! – უთხრა შორენამ ჯაბას და თავზე აკოცა.
ოთახში ელენე შემოვიდა, რომელმაც კერძებით სავსე გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა, ჯაბას გაუღიმა და უთხრა:
– მიირთვი, შვილო, ღმერთმა შეგარგოს.
– გმადლობთ, ქალბატონო ელენე, – მიუგო ჯაბამ ქალს, გუნებაში კი გაიფიქრა: „ძუკნა, ტარიელის აგენტი! საშპიონოდ მომიჩინეს, მაგრამ, ფეხი არ ჩაუვათ. მაგათ რომ ჰგონიათ ჭკვიანები არიან, მე მაგათზე ჭკვიანი და მოხერხებული ვარ. ცოტაც და, აქედან სამუდამოდ ავახვევ, ამათ კი თავები ამტვრიონ ერთმანეთს. შორენაც თუ ძალიან მომაბეზრებს თავს, მასაც მივატოვებ, რა, ქალს ვერ ვიშოვი თუ რა?!“
გაგრძელება შემდეგ ნომერშიგაგრძელება.