გამოცანა-მკვლელობა
გენერალმა ფორბსმა ზღვას გახედა და პუაროს უთხრა – მე რომ ამ ქალის ქმარი ვიყო, მის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დავიწყებდი. კლეპერტონმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას! იგი საერთოდ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ცოლს.
– როგორც იტყვიან, სეიფის გასაღები ქალს აქვს ჯიბეში, – სერიოზული სახით შენიშნა პუარომ.
– ჰა, ჰა! – ჩაიცინა გენერალმა, – პირდაპირ მიზანში მოარტყით! იცით, თუ არა, რომ ეგ პოლკოვნიკი კლეპერტონი ადრე მიუზიკ-ჰოლში გამოდიოდა. მერე არმიაში მოხვდა და საფრანგეთში აღმოჩნდა. ვაშლისა და ქლიავის კონსერვის ქილებს ითვლიდა. იქ გერმანული ნაღმი რომ აფეთქდა, ხელში მსუბუქად დაიჭრა და სახლში დაბრუნდა. ჰოდა, ლედი კარინგტონის ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ასე შეხვდა კლეპერტონი თავის მომავალ ცოლს. ის დაჭრილ გმირს ასახიერებდა. ლედი კარინგტონს თავში გრამი ტვინი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ფულიანი გახლდათ. მან ქვრივის სტატუსი მხოლოდ ექვსი თვე ატარა. კლეპერტონმა პირდაპირ „ჰაერში მოხსნა”. მერე ქალმა თავდაცვის სამინისტროში სამსახური უშოვა...
ამ დროს გემბანზე ორი გოგო შემოვარდა.
– გადავარჩენთ! გადავარჩენთ! – ყვიროდა კეტი მუნი, – მე და პემი ვაპირებთ, ვიხსნათ პოლკოვნიკი კლეპერტონი.
– საკუთარი ცოლისგან უნდა ვიხსნათ, – ამოიქშინა პამელა კრეგანმა, – ის ისეთი საყვარელია... იცით, ბანქოთი როგორ ფოკუსებს აკეთებს?! ცოლი კი პირდაპირ საშინელება ჰყავს. ქმარს არაფრის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს უკრძალავს!
– თუ ცოლი მასთან ერთად არ არის, – გააგრძელა კეტმა, – მაშინ ირგვლივ ის ქალბატონი ჰენდერსონი უტრიალებს. მაგ ქალს არა უშავს, მაგრამ ძალიან ბებერია.
გოგონები სიცილით გაიქცნენ.
მეორე დღეს, გამთენიისას, გემი ალექსანდრიის ნავსადგურში შევიდა. საუზმის შემდეგ პუარომ აღმოაჩინა, რომ ორივე გოგო ხმელეთზე ჩასვლას აპირებდა. ისინი პოლკოვნიკ კლეპერტონს ელაპარაკებოდნენ.
– ჩვენ ახლავე უნდა წავიდეთ, – არწმუნებდა კეტი, – ხომ წამოხვალთ ჩვენთან ერთად? მარტო ხომ არ გაგვიშვებთ?
– რა თქმა უნდა, თქვენი მარტო წასვლა არ შეიძლება, – გაიღიმა პოლკოვნიკმა, – თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ცოლი თავს კარგად გრძნობს.
– ძალიან სამწუხაროა, – შენიშნა პემმა, – მაგრამ მას შეუძლია, დარჩეს და კარგად დაისვენოს.
პოლკოვნიკი შეყოყმანდა. ეტყობოდა, სურდა თავი გაკვეთილებიდან გაქცეული მოსწავლესავით ეგრძნო. სამივენი მისის კლეპერტონის კაიუტისკენ გაეშურნენ. პუარო, ცნობისმოყვარეობის გამო, უკან გაჰყვა. პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე ცოტა ნერვიულად დააკაკუნა.
– ედელინ, ძვირფასო, უკვე ადექი?
– ჯანდაბა... ახლა რაღა ხდება? – შიგნიდან მისის კლეპერტონის ნამძინარევი ხმა მოისმა.
– ჯონი ვარ. ქალაქში გასეირნება არ გინდა?
– რა თქმა უნდა, არა, – ხმა მკვეთრად და კატეგორიულად გაისმა, – ცუდად მეძინა და მინდა, გამოვიძინო.
პოლკოვნიკმა კარის სახელური დაწია. კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
– რა გინდა, ჯონ, კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ. თავი დამანებე, – გაღიზიანებულმა გამოსძახა ცოლმა.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, რა თქმა უნდა!
გოგონებმა პოლკოვნიკს ხელკავი გაუკეთეს და წაიყვანეს. პუარო თვალს ადევნებდა, როგორ ჩავიდა სამი ადამიანი ნაპირზე. უკნიდან ოხვრა გაიგონა. შემოტრიალდა და მის ჰენდერსონი დაინახა. იგი დაჟინებით აკვირდებოდა მიმავალ სამ ფიგურას. შემდეგ შეტრიალდა და საკუთარი კაიუტისკენ წავიდა. პოლკოვნიკი და მისი თანმხლები გოგონები გემზე მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდნენ. პუარო ამ დროს ისვენებდა. გაიგონა, როგორ მორიდებულად დააკაკუნა პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე. კაკუნი განმეორდა. შემდეგ კარის სახელურმა გაიჭრიალა. ბოლოს გაიგონა, როგორ უხმო პოლკოვნიკმა სტიუარდს. პუარო ადგა და გარეთ გამოვიდა.
მისის კლეპერტონი საკუთარ საწოლში მკვდარი იპოვეს. გულში ხანჯალი ჰქონდა გაყრილი. კაიუტის იატაკზე ქარვის მძივების აცმა ეგდო.
ჭორები ერთმანეთს მიჰყვა... „ყველა მძივებით მოვაჭრე, რომელსაც იმ დღეს გემზე ასვლის ნება დართეს, დაჭერილია და ჰკითხავენ!” „კაიუტიდან ბევრი ფული დაიკარგა!”
– ამ ჭორებში სიმართლის მარცვალი მაინც არის? – ჰკითხა პუაროს ელი ჰენდერსონმა, რომელიც მას გემბანზე შეხვდა, – თქვენ ხომ გამომძიებელი ხართ. აუცილებლად გეცოდინებათ. მართალია, რომ ძვირფასეულობა მოიპარეს?
– არა, ეგ მართალი არ არის, მაგრამ ფული მართლაც დაიკარგა.
– გამოდის, მკვლელი ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებია. წვრილმანებით მოვაჭრე.
– არა, – უპასუხა პუარომ, – მივყვეთ ფაქტებს: როდესაც გვამი იპოვეს, მისის კლეპერტონი, მინიმუმ, ხუთი საათის მკვდარი იყო. ძალიან ცოტა ფული დაიკარგა. კაიუტის კარი დაკეტილი გახლდათ, გასაღები კი არ ჩანდა. ფანჯარა, რომელიც გემბანზე გამოდის (და არა ილუმინატორი) ღია აღმოჩნდა. დაკეტილი კარი ყველაფერს ცვლის.
– ვერაფერს უცნაურს აქ ვერ ვხედავ, – თქვა მის ჰენდერსონმა, – მკვლელი კარიდან გავიდა, დაკეტა და გასაღები თან წაიღო, რომ გვამი მალე არ ეპოვათ.
– არა, არა, მადმუაზელ! მე ის კი არ მადარდებს, მკვლელი კაიუტიდან როგორ გამოვიდა, არამედ ის, თუ როგორ შევიდა.
– ფანჯრიდან, რა თქმა უნდა!
– შესაძლებელია, მაგრამ ძალიან სარისკო იქნებოდა. გემბანზე, ხომ უამრავი ადამიანი ტრიალებს.
– მაშინ კარიდან.
– მისის კლეპერტონმა კარი შიგნიდან ჩაკეტა და ეს მან მანამდე გააკეთა, ვიდრე პოლკოვნიკი ხმელეთზე ჩავიდოდა. იგი მის გაღებას ცდილობდა, ცოლმა კი უთხრა, რომ დაკეტილიაო. ეს ჩვენც გავიგონეთ. ანუ, მისის კლეპერტონმა მკვლელს კარი თავად გაუღო და შეუშვა. როგორ ფიქრობთ, მძივებით მოვაჭრისთვის ამას გააკეთებდა?
– შეიძლება, არ იცოდა, იქ ვინ იყო. კაკუნზე კარი გააღო, მკვლელი კი შევარდა და მოკლა.
– არაფერი მსგავსი. ის მაშინ მოკლეს, როდესაც ლოგინში წყნარად იწვა. ის მკვლელს იცნობდა.
– გინდათ თქვათ, რომ მკვლელი ერთ-ერთი მგზავრთაგანია, ხოლო იატაკზე დაგდებული მძივების აცმა, მხოლოდ კვალის ასაბნევი ფანდია?
– ზუსტად ასეა.
– მე მისის კლეპერტონი ძალიან არ მესიმპათიურებოდა, – ნელა დაამატა ელიმ, – და არ მგონია, გემზე ვინმე მის მიმართ კეთილად ყოფილიყო განწყობილი... მაგრამ, მის მოსაკლავად მიზეზი არავის ჰქონდა.
– ქმრის გარდა, – შენიშნა პუარომ.
– ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ...
– მას ალიბი აქვს. იგი მთელი დღე ხმელეთზე იმ ორ გოგოსთან ერთად იყო. გემზე კი, მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდა. ამ დროისთვის მისის კლეპერტონი უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო.
– გამოდის სხვა იყო, – ჩაიცინა ელიმ, – თქვენს ვერსიას მტკიცებულებები სჭირდება. გემზე ძალიან ბევრი მგზავრია.
– თქვენი საყვარელი მწერლის სიტყვებით გიპასუხებთ, – თავი დაუკრა პუარომ, – „მე ჩემი მეთოდები მაქვს, უოტსონ.”
მეორე საღამოს, სადილის დროს, ყველა მგზავრმა თავის თეფშთან მოსაწვევი იპოვა. ყველას მთავარ სალონში ეპატიჟებოდნენ. როდესაც ყველა შეიკრიბა, სცენაზე, სადაც ორკესტრანტები ისხდნენ, პუარო ავიდა.
– მადამ, მესიე! – დაიწყო მან, – დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრიდან, რომ ჩემი მოსმენა გადაწყვიტეთ. იმან, რის გაკეთებასაც ვაპირებ, შეიძლება, ცოტა გაგაოცოთ. თუმცა, ეს გარკვეული მეთოდია.
ერთი წამით პუაროს მზერა მის ჰენდერსონის თვალებს შეხვდა. შემდეგ მის ნიშანზე, სტიუარდმა სცენაზე რაღაც ძალიან დიდი საგანი აიტანა. პუარომ შემოატრიალა ის და ყველამ დაინახა კაცის სიმაღლის ხის თოჯინა.
– ეს ჩემი მტკიცებულებაა, – თქვა პუარომ და თოჯინას მიუბრუნდა, – მაშ ასე, არტურ, შეგიძლია, გვითხრა რაიმე მისის კლეპერტონის მკვლელობის შესახებ?
თოჯინის თავი ოდნავ მობრუნდა, ქვედა ყბა ჩამოიწია, შეირხა და ქალის გამყინავი ხმა გაისმა:
– რა გინდა, ჯონ? კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ...
გაისმა ხმამაღალი ყვირილი, რასაც გადაბრუნებული სკამის ბრაგუნი მოჰყვა.. ადამიანი იდგა, ირხეოდა და ხელები ყელზე ჰქონდა მიდებული... იგი რაღაცის თქმას ცდილობდა... მოულოდნელად კი დაეცა. ეს პოლკოვნიკი კლეპერტონი იყო. მას გულმა უმტყუნა.
– შოკმა მოკლა, – თქვა მოგვიანებით პუარომ, როდესაც ექიმმა მისი სიკვდილი დაადასტურა, – შოკი იმან გამოიწვია, რომ მისი ტრიუკი გამოიცნეს. სხვათა შორის, იდეა თქვენ მომაწოდეთ, გენერალო, როდესაც მითხარით, პოლკოვნიკი ადრე მიუზიკ-ჰოლში გამოდიოდაო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი – ომამდე კლეპერტონი მუცლითმეზღაპრე იყო. ასეთ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, სამმა ადამიანმა მისის კლეპერტონის ხმა თითქოს კაიუტის შიგნიდან გაიგონოს. ამ დროს კი, იგი უკვე მკვდარი იყოს. მისი ხმით პოლკოვნიკი ლაპარაკობდა.
– თქვენ იცოდით, რომ მას სუსტი გული ჰქონდა? – ჰკითხა პუაროს მის ჰენდერსონმა.
– ვხვდებოდი, ერთხელ ხელში წამლები დავუნახე.
– ანუ, ვარაუდობდით, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო?
– ეს საუკეთესო გამოსავალია, მადმუაზელ, – რბილად უთხრა პუარომ.
– თქვენ იცოდით, რომ მე მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, – მის ჰენდერსონს თვალები აუწყლიანდა, – მაგრამ ეს ჩემს გამო არ გაუკეთებია. ეს იმ გოგონების გამო გააკეთა... ახალგაზრდობა! აი, რამ აგრძნობინა მას, რომ ძალიან იყო სხვაზე დამოკიდებული... და თავისუფლება მოუნდა... როდის მიხვდით, რომ ეს მისი გაკეთებული იყო?
– მისმა სიმშვიდემ თავიდანვე გამაოცა, – თქვა პუარომ, – მთელი გზა ვაკვირდებოდი: რაც არ უნდა უხეშად მოქცეოდა ცოლი, გეგონებოდა, საერთოდ არ აღელვებსო. ეს ორ რამეს ნიშნავდა: ან უკვე მიჩვეული იყო, ან... მე მეორე ავირჩიე. თან, გოგონებმა თქვეს, ბანქოთი კარგ ფოკუსებს აკეთებსო. ანუ, მან საკუთარი თავი გასცა, რომ ადრე სცენაზე იდგა. აქ რაღაც საეჭვო იყო. ის, ალბათ, ფიქრობდა, თუ ხალხს ყოფილი ილუზიონისტი ეგონებოდა, აღარავის გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ მუცლითმეზღაპრეც ყოფილიყო.
– წეღან ვისი ხმა გავიგონეთ, თითქოს მისის კლეპერტონი რომ ლაპარაკობდა?
– ერთ-ერთ სტიუარდესას მისი მსგავსი ხმა აქვს. სწორედ მას ვთხოვე, ჩემს ნიშანზე სიტყვები წარმოეთქვა.
– ეს დიდი სისასტიკე იყო, დიდი! – წამოიძახა ელიმ.
– მე ვერ ვამართლებ მკვლელობას! – თქვა ერკიულ პუარომ მკაცრად.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ