კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-10(532)



ადამიანებს არ უყვართ საკუთარ ცოდვებზე ლაპარაკი, მით უფრო იმაზე, როგორი სუსტები არიან ცდუნების წინაშე. სამოთხეში დატრიალებული ამბავი გაიხსენეთ: ადამმაც ევას არ გადააბრალა საკუთარი სისუსტე – ქალმა მაცდუნა, თორემ, მე როგორ შევცდებოდი, როგორ გეკადრებათო?! ის ერთადერთი მამრიც კი არ გამოტყდა, რომ, ევამ კი არ აცდუნა, თავად ვერ გაუმკლავდა აკრძალული ხილისთვის გემოს გასინჯვის ცდუნებას. ცდუნება გვიბიძგებს ღალატისკენ, ქურდობისკენ, ყოველგვარი სისაძაგლის ჩადენისკენ. ცოდვილები ვართ იმიტომ, რომ ცდუნება ჩვენზე ძლიერია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იგონებს ამ საცდურებს – ღმერთი, რათა გამოგვცადოს, თუ ეშმაკი, რომ ჩვენი სულები დაღუპოს?! მთავარი ისაა, რომ ადამის ყველაზე ძლიერ მეტოქედ დღემდე რჩება მისი უდიდებულესობა – საცდური. ფული კი, საცდურთა შორის ყველაზე დიდი საცდურია. შრიალა, ტკიცინა, საღებავის სასიამოვნო სუნითა და წარმოუდგენელი შესაძლებლობებით.

***

რეზომ ხელები მოიფშვნიტა. კმაყოფილი სახე ჰქონდა და თვალებიც უბრწყინავდა. სამზარეულოს კარადებს ჩამოუარა და ყველა გამოაღო.

– რას ეძებ? – ჰკითხა ლევანმა, რომელიც ჩუმად ადევნებდა თვალს და ვერაფერს მიხვდა.

– სასმელს. რა გაოცებული მომაშტერდი? ალკოჰოლი მჭირდება, თუნდაც ცოტა.

– ალკოჰოლი? – ლევანი გაოგნდა, – უნდა დათვრე? თანაც ეჭვმიტანილის სახლში, მისივე სასმლით? რა არასერიოზულობაა!

– კარგი რა! არასერიოზულობა რა შუაშია! ვინ გითხრა, რომ უნდა დავთვრე? სულ ცოტა ალკოჰოლი მინდა, დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად. შენ არ გჭირდება ხოლმე დოპინგი?

– არა! – გადაჭრით და კატეგორიული ტონით უპასუხა ლევანმა.

– ყოჩაღ! – სერიოზული სახით შეაქო რეზომ და მხარზე ხელიც კი მოუთათუნა.

– ექსპერიმენტს როდის ვატარებთ? – საქმიანად იკითხა ლევანმა. რეზომ რაღაც ჩაიბურტყუნა და კონიაკის ბოთლს სახურავი მოხსნა.

– შენ არ დალევ? კარგი უნდა იყოს. ამ ტიპს ნახევარი მილიონი აქვს ჩანთაში და ფალსიფიცირებულს რატომ დალევდა?! ლოგიკურია, ხომ მართალია?

– მგონი, რაღაც გკითხე! – გაღიზიანდა ლევანი, – საერთოდაც, ვერ ვხვდები, რა შუაშია აქ კონიაკი ან რატომ მოგინდა დალევა, როცა მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. როდის შევუდგებით ექსპერიმენტს?

– ძალიან გაინტერესებს?

– რა თქმა უნდა.

– ჰო, სულ დამავიწყდა, რომ ეს შენი პირველი საქმეა, – გაიცინა რეზომ.

– ვერაფერს ვერ ვხედავ სასაცილოს. პირველი თუ არ იქნება, მით უმეტეს, არ იქნება მეორე. შენ რა, სხვანაირად დაიწყე?

რეზო შეიჭმუხნა.

– იცი, რა, მგონი, კონიაკი შენ უფრო გჭირდება. გამომართვი და ერთი ყლუპი მაინც დალიე, მოგიხდება.

– არა, მე საქმეს სერიოზულად ვეკიდები.

– ჩემგან განსხვავებით. ხომ ასეა? ნუ ღელავ. გამოთრობას ნამდვილად არ ვაპირებ. საგამომძიებლო ექსპერიმენტი ამაღამ გვექნება.

– ამაღამ? მგონი, ეგ ერთი ყლუპიც ბევრი მოგივიდა. ღამეს რატომ ველოდებით?

– იმიტომ, რომ ასეა საჭირო.

ლევანმა ამოიგმინა, კონიაკის ბოთლი გამოართვა და ერთმანეთის მიყოლებით სამი ყლუპი დალია.

– აი, ახლა კი ნამდვილად დათვრები, – თვალი კმაყოფილებით ჩაუკრა რეზომ.

– ძალიან არ მინდა შენთან ჩხუბი – გამოცრა ლევანმა, – მაგრამ, ვატყობ, ამის გარეშე არაფერი გამოვა, – გაბრაზებული სამზარეულოდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.

***

ანდრომ მაგრად მოუჭირა ხელი სოფოს თითებზე და თვალებში ჩააშტერდა:

– რატომ მატყუებ? სოფო, გეკითხები, რატომ მატყუებ-მეთქი? ნუთუ გულახდილობაც არ დავიმსახურე შენგან?

– არ მესმის, რას მოითხოვ ჩემგან და რა ბრალდებებს მიყენებ. დაიმსახურე-არ დაიმსახურე... რა მნიშვნელობა აქვს ამას? არ ვიცი, სად არის ლაშა, წარმოდგენა არ მაქვს, სულ ეს არის.

– არ მჯერა, – თავი გააქნია ანდრომ. სოფომ მხრები აიჩეჩა, – შენი საქმეა. მე სხვა სიმართლე არ ვიცი.

– სოფო, ხომ გითხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი! უკან მოგვყვებოდით, გესმის? უკან! კორპუსიც ვიცი და სადარბაზოც. არ გამიჭირდება, ბინაც ვიპოვო, მაგრამ, მე შენგან მინდა ეს გავიგო.

– იქ ლაშა არ ყოფილა. შენ იფიქრე, რომ კონსპირაციულ ბინაში ვიყავით? ძალიან სასაცილოა. რა დაგემართა, ბავშვობაში „ჯაშუშობანას“ ხშირად თამაშობდი ხოლმე? მე და სოფო ნათელმხილველთან ვიყავით.

ანდრომ იფიქრა, მომესმაო:

– დამცინი? გეკითხები, დამცინი-მეთქი?

– ხელი გამიშვი და ნუ მიყვირი! – გაცხარდა სოფო, – რა უბედურებაა, რა გინდა ჩემგან? ნაწყენი მე უნდა ვიყო. რას გამომყევი უკან კერძო დეტექტივივით? მოსულიყავი და გეკითხა, იქნებ, გეუბნებოდით, სად მივდიოდით? ან კიდევ, ვერ ვხვდები, რა გინდა ლაშასთან, უნდა სცემო, დააპატიმრებინო, თუ მოკლა?

– რა სისულელეებს იგონებ, აბა, რას ამბობ, რომელი მკვლელი მე მნახე? მაგრამ, იმ ტიპზე გამწარებული ვარ და ამას არც დავმალავ. მინდა, ვნახო და დაველაპარაკო.

– გავიგე, მაგრამ, წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. ჩვენ კი, მართლა ნათელმხილველთან ვიყავით ანუ მკითხავთან, გასაგებია?

– არა, არ არის გასაგები! – იფეთქა ანდრომ – არ მჯერა!

– აი, ეგ უკვე შენი პრობლემაა. ძალიან ცუდია, რომ არ გჯერა.

– როგორ დავიჯერო, რომ შენ, ასეთი სერიოზული და თანამედროვე ადამიანი, მკითხავებთან დადიხარ?

სოფომ ამოიოხრა:

– მე არა, ლიკა!

– ეგ გოგო რომ მთლად დალაგებული არ არის და რაღაც პრობლემებიც აქვს, მაგას მივხვდი, მაგრამ, მკითხავი – მეტისმეტია. რისი მოსმენა აინტერესებდა?თუმცა, რას გეკითხები! ალბათ აინტერესებს, ქმარი ღალატობს თუ არა. რა გეშველებათ, ქალებს ჭკუა სად გაქვთ?

– გამიშვი, უნდა წავიდე. ხელი უკვე ჩამილურჯდა. შენი ჭკუაც გვეყოფა. მომეშვი, წადი და ეძებე ლაშა კონსპირაციულ ბინაში! რა სასაცილო ხარ... – სოფომ სპეციალურად გაწელა ბოლო ფრაზა.

– ყველა კაცი სასაცილოა, რომელსაც ქალი ატყუებს, მაგრამ შენ თავს ნამდვილად არ მოგატყუებინებ.

– არც ვაპირებ, რომ მოგატყუო, მე შენი ცოლი არ ვარ.

– ჰმ, არადა, შეგეძლო ყოფილიყავი, – ანგარიშმიუცემლად წამოსცდა კაცს.

სოფოს თვალები გაუფართოვდა:

– რა თქვი? აი, ახლა, რა თქვი?

– რა იყო, რატომ გაგიკვირდა? გამორიცხავ, რომ ჩვენ შორის შესაძლებელი იყო სერიოზული ურთიერთობა?

– იყო.... ჰო, მეც ვიფიქრე, – ჩაილაპარაკა სოფომ, – მოკლედ, მე წავედი. არ იფიქრო, რომ ტყუილი გითხარი ან რამე დაგიმალე.

– სად მიდიხარ?

– ლიკასთან უნდა დავბრუნდე, ვჭირდები.

– ხედავ? ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე მესმის. „ლიკას გავყევი,” „ლიკას ვჭირდები,” „ლიკას პრობლემა აქვს,” „ლიკა მარცხენა ფეხზე ადგა”... მე? მე სად ვარ? აღარსად, საერთოდ აღარსად!

– და შენ ეს ამბავი ძალიან გაწუხებს? – ირონიულად იკითხა სოფომ და პასუხი თვითონვე გასცა: – რაღაც არ გეტყობა.

– არ მინდა, ვიჩხუბოთ, მართლა არ მინდა.

– ეგ უკვე შენი პრობლემაა, რადგან მე საერთოდ არ ვიყავი საჩხუბრად განწყობილი. კარგად იყავი.

– მოიცადე, არ წახვიდე! – ანდრო შეყოყმანდა.

– გისმენ, – სოფოს სახელურისთვის ხელი არ გაუშვია, მხოლოდ სანახევროდ შებრუნდა მისკენ.

– მკითხავთან რაღა გინდოდათ? – ჰკითხა ყოყმანით ანდრომ.

– აჰა, ესე იგი დამიჯერე, – ჩაეცინა სოფოს.

– დავუშვათ, დაგიჯერე. დავუშვათ...

– არა, – კატეგორიული ტონით განაცხადა სოფომ.

– რა არა?! – ვერ მიხვდა კაცი.

– ასე არ შემიძლია. ან გჯერა ჩემი და გიყვები, რაც გაინტერესებს, ან არ მენდობი და მივდივარ. სხვანაირად ჩვენს საუბარს არავითარი აზრი არ აქვს.

ანდრო შეიჭმუხნა. აშკარად რაღაც წინააღმდეგობის დაძლევას ელოდებოდა საკუთარ თავში და ნერვიულობდა. იმაშიც არ იყო დარწმუნებული, უნდა ეთქვა თუ არა საერთოდ.

– გასაგებია, არ გჯერა. არა უშავს, არ მწყინს. ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ ისე არ მიცნობდი, როგორც მე გიცნობ.

– არა, არა... ასე არ არის, მაგრამ მიკვირს, მკითხავთან რამ წაგიყვანათ.

სოფომ მხრები აიწურა:

– იმავე მიზეზმა, რამაც შენ გაგიჩინა სურვილი, უკან გამოგვყოლოდი – ლაშას შესახებ გვინდოდა, რაღაც გაგვეგო.

– ვაიმე, სოფო, რა სისულელეს ამბობ? გინდა, დამაჯერო, რომ ასეთი გულუბრყვილო ხარ? მკითხავთან მიდიხარ, რომ გითხრან, ლაშა სად არის? ყავა დალიეთ, ჭიქა გადმოაბრუნეთ და მორჩა, „გააიასნეთ” ყველაფერი? გზები ხომ არ ამოუვიდა ლაშას, გზები?..

– ნუ დამცინი. მკითხავების არც მე მჯერა, მაგრამ, სიტუაცია შეიქმნა ისეთი. თან, ის კაცი ცოტათი ნათელმხილველიც არის.

ანდრომ გაიღიმა, საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიდო და ნელა დაატრიალა.

– დამცინი, ხომ? ჰოდა, იცინე, რამდენიც გენებოს. მორჩა, ერთი წუთითაც აღარ გავჩერდები, თავი დამანებე!

– ნუ გწყინს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია. შენ – მკითხავთან, თანაც, ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიც ლაშას თაღლითობა და მისი გაუჩინარებაა.

– მე ძალიან სერიოზული ვარ. მეტსაც გეტყვი, ასეთი სერიოზული არასდრო ვყოფილვარ, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, წყალწაღებულებივით ხავსს მოვებღაუჭეთ.

– რა სისულელეა. რა უნდა ეთქვა, ნათელმხილველს?

– სხვათა შორის, სულელი სულაც არ აღმოჩნდა. რაღაც საინტერესო „მარცვალი” დავიჭირე.

– ჰო?! რა „მარცვალი”?

– ჯერ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, – იუარა სოფომ.

– ნუ გეშინია, არ დაგცინებ.

– არა, ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ, შენ ყველაფერი არ იცი.

– მეც სწორედ ეგ პრობლემა მაქვს – ვიცი, რომ არ ვიცი ყველაფერი და დიდსულოვნად ველოდები, როდის გაიღებ მოწყალებას და როდის მომიყვები.

– ახლა არ შემიძლია. იცი, როგორ მოვიქცეთ? ცოტა გვიან დაგირეკავ და შევხვდეთ. ჩემთან ამოდი, თუ რა თქმა უნდა, სხვა გეგმები არ გაქვს საღამოსთვის.

– თუ არ „გადამაგდებ”, ამოვალ შენთან. წასასვლელი სხვაგან მაინც არსად მაქვს.

სოფომ თითქოს ვერ გაიგონა კაცის ნათქვამი, მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში აჩქარებული ნაბიჯით ისე შევიდა, უკან აღარ მოუხედავს. ანდრომ დიდხანს უყურა სადარბაზოს. ორივე ხელით საჭეს იყო დაყრდნობილი და თავისთვის ბურტყუნებდა: „მკითხავი, ნათელმხილველი... ან მე გავგიჟდი, ან – ესენი. თანაც, ყველა ერთად. სოფო მაინც რამ გადარია და გაასულელა? განა, ისეთი რა იციან, რომ ნათელმხილველთან გაცვივდნენ? ხომ არ ვუთხრა სოფოს, მეც მიმიყვანოს? ბოლოს და ბოლოს, გადავამოწმებ მაინც... მართალია, სოფო გადაირევა, მაგრამ, ვეტყვი, რომ მეც დავინტერესდი. რა მოხდა, ვითომ, სოფოსთან ლაპარაკის მერე ცოტათი დავინტრიგდი. ამ საღამოს, რომ ავალ სოფოს აუცილებლად ვეტყვი, წამიყვანოს. მანამდე კი კაზინოში შევივლი – დავხედავ, ინას იმედი კი მაქვს, მაგრამ, ზურამ არ დააყენოს ყველაფერი თავდაყირა. ჩემს ცოლს კი დავურეკავ და ვეტყვი, რომ განქორწინებაზე თანახმა ვარ. რას გაიხარებს?! ჩემი მხრიდან კი ეს ჯენტლმენური საქციელი იქნება“.

ჯენტლმენი – ძალიან არაქართულად ჯღერს. ალბათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, „რაინდი“ რომ გვეთქვა, მაგრამ, სად „რაინდი“ და სად – დახვეწილი, ინგლისური „ჯენტლმენი“, თავისი მანერებითა და პრინციპებით! მაგალითად, როცა ინგლისელი, ანუ ჭეშმარიტი ჯენტლმენი, საყვარელ ქალს თავის მეგობრებს აცნობს, წინასწარ აფრთხილებს მათ, უზარმაზარი აღფრთოვანება გამოხატონ და არ დაიშურონ კომპლიმენტები, სამაგიეროდ კი უფასო ლუდს ჰპირდება, შეზღუდული რაოდენობით (ეს „შეზღუდული რაოდენობა“ როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ). ჭეშმარიტი ჯენტლმენი გაბედულიც უნდა იყოს და შეუპოვარიც. როგორ დაუმტკიცოს საყვარელ ქალს, რომ საგმირო საქმეები მისთვის უცხო არ არის? – სულ ადვილად: ჭეშმარიტი ჯენტლმენი ყოველთვის იმ კაცების მხარეს არის, რომლებმაც სიყვარულისთვის, კეთილი საქმისთვის მსხვერპლი გაიღეს – აი, რა შეგძენთ ქალის თვალში პატივისცემას, რომელიც მერე ისე გაგიჯდებათ ძვალსა და რბილში, თავად დაიჯერებთ, რომ ჯენტლმენი ხართ.

***

ლაშა აივნის კართან მივიდა და სახელურს დაეჯაჯგურა.

– დაკეტილია, – მშვიდად შეახსენა რეზომ და მეგობრულად გაუღიმა, – სუფთა ჰაერი ხომ არ მოგენატრა?

– კარგი იქნებოდა ძილის წინ სუფთა ჰაერი, ჩემზე კარგად მოქმედებს.

– ფანჯარას გაგიღებ, – ბოლომდე მაინც არ ენდო რეზო.

– სიგარეტიც რომ მინდა, მოვწიო?!

– არ გინდა ასეთი ლაპარაკი, ნუ „მახვევ,” აივანზე მაინც არ გაგიშვებ, ასე ნამდვილად არ გენდობი.

– თუ ვიტყვი, რომ ეს თქვენი საგამომძიებლო ექსპერიმენტისთვის არის აუცილებელი?

– არაფერი გამოვა. ვხვდები, რომ მატყუებ, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი რეზომ.

– უბრალოდ, გასვლა მინდოდა, – გამოტყდა ლაშა, – მაშინ, სამზარეულოში ცოტა კონიაკი მაქვს და იმას დავლევ.

– მართალი ხარ, ცოტა კონიაკი იქ ნამდვილად არის. ოღონდ, ძალიან ცოტას დალევ და მე თვითონ მოგიტან. იმედია, დაძინება არ გაგიჭირდება.

– ვეცდები.

– და, კიდევ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: მე მივდივარ სათამაშოდ.

– მგონი, ეს უკვე მითხარი. არ ვიცი, ასე გამოვა თუ არა. სიზმარი ჩემია, მე მესიზმრება, რომ სათამაშოდაც მე წავიდე. რომ არაფერი მოხდეს?! ანუ, ის რომ არ მოხდეს, რისი მოლოდინიც ორივეს გვაქვს, მაშინ შანსიც აღარ მრჩება, რომ დაგაჯერებთ.

– ჰო, ეგ საინტერესო დეტალია, გასათვალისწინებელია ნამდვილად. თუმცა, მე მაინც ვიტყვი, რომ ვერაფრით დაგეხმარები. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ჩემო მეგობარო.

– უფრო მარტივი იქნებოდა, მე წავსულიყავი. ერთად წავსულიყავით. ოღონდ, ეს იმ ტიპის კაზინო არ უნდა იყოს. ხომ არ გვინდა, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგვექმნას?

რეზო შეიჭმუხნა:

– ეს უკვე პირობების წამოყენებას ჰგავს, რაც არ მომწონს და მაღიზიანებს. შენ რომ ჯერ კიდევ თავისუფალი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე არ ხარ, ან, გაგამართლე და ახლა მეგობრულად ვერთობით. შანსი იმიტომ მოგეცი, რომ გონივრულად გამოიყენო. შენ კი ვერ გატყობ, ამის სურვილი გქონდეს.

– პირიქით, მხოლოდ ის მინდა, რომ გამოვიყენო ეს შანსი. აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას, მშვიდი ცხოვრება მინდა ჩემს ოჯახთან ერთად.

– უფულოდ? – ირონიულად გაეცინა რეზოს.

– ფულმა ვერ მომიტანა ბედნიერება.

– გააჩნია, ბედნიერებას რას ეძახი და გაქვს თუ არა მისი დანახვის უნარი. ფულს რაც შეეხება, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, რადგან მხოლოდ კანონიერი გზით ნაშოვნ ფულს მოაქვს ბედნიერება.

– რომელს, ხელფასის სახით რომ გადამიხდიან? – ახლა უკვე ლაშას გაუჩნდა ირონიის სურვილი.

– თუნდაც. პატიოსანი გზით რომ გაქვს ნაშოვნი, მშვიდადაც გძინავს.

– დამცინი? პრინციპში, შეგიძლია, იცინო. შენ ამისი ყველა შესაძლებლობა და საშუალება გაქვს, გამარჯვებულებს ხომ არ ასამართლებენ.

– ლაშა, შენი პრობლემა ის არის, რომ შენ სხვაგან ეძებ დამნაშავეს. აღიარე, რომ დააშავე და გულზე მოგეშვება. მე ხომ გამომძიებელი არ ვარ, არც პროკურორი და, მით უმეტეს, არც ადვოკატი.

– ვიცი, შენ გამომძიებელი ხარ. ცოტა უცნაური, მაგრამ, მაინც გამომძიებელი.

– უცნაური იმიტომ ვარ, რომ არ დაგაპატიმრე? შემეძლო, მაგრამ, რაღაც გარემოების თუ გათვლების გამო ეს არ გავაკეთე.

– დაახლოებით ვხვდები. ნივთმტკიცება არ გაქვთ, ის მტკიცებულებები არ გაქვთ, რომლითაც საბრალდებო სკამზე დამსვამთ და ციხეში მიმაბრძანებთ – კანონები მეტ-ნაკლებად ვიცი.

– ეჰ, მეგობარო, რომ დაგიჭერენ და გეტყვიან მგელი ხარო, ვეღარ დაამტკიცებ, არა ვარ მგელი, კურდღლად დავიბადეო, დამიჯერე. თანაც, მეტი ნივთმტკიცება რა გინდა, ნახევარი მილიონი ჩანთაში გიდევს.

– მერე რა, რომ მიდევს? მე ეს ფული არ მომიპარავს.

– რა თქმა უნდა, არ მოგიპარავს, ღმერთმა გაჩუქა, – სერიოზულად დაუქნია თავი რეზომ და გადაიხარხარა – აუუ, ყველანი როგორ ერთნაირები ხართ და, თან – საინტერესოდ ორიგინალურები. ყველა საშუალებით ცდილობთ გამოძრომას. თუმცა, გეთანხმები. შენი საქმე ამად ნამდვილად ღირს. ანუ, ჩიტი ღირს ბდღვნად, თუ ბუმბულები ოქროსი აქვს.

ლაშამ თვალები მოჭუტა:

– ჰო, ესეც მართალია. თუმცა, როგორც მითხარი, მე ბედნიერებას უკვე სხვანაირად აღვიქვამ, სულ სხვანაირად.

– კარგი, კარგი, ბედნიერებაზე საუბრები ჩემი პროფესიული მოვალეობა არ არის. მალე დაიძინებ?

– სიგარეტს მოვწევ და...

– ჰო, მართლა, კონიაკი ხომ გინდოდა?

– ძალიან, ძალიან მინდოდა, მხოლოდ წამადგება.

– მოგიტან. შანსის გამოყენების შანსი გეძლევა და, შენ იცი, იმედი არ გამიცრუო. უპირველესად, საკუთარ თავს არ გაუცრუო.

– მესმის, მაგრამ, ჩემზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული.

რეზომ თვალები მოჭუტა და გამომცდელად შეხედა ლაშას:

– იცი, რას გეტყვი? პირიქით, მგონია, რომ ყველაფერი მარტო შენზეა დამოკიდებული.

– ტყუილია, რომ ყველანი სათამაშოები ვართ, ბედისწერის ხელში. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ, ისიც დიდი სისულელეა, რომ ადამიანი საკუთარი ბედისა თუ ბედნიერების მჭედელია, რადგან მაშინ, ბედნიერების სამჭედლოებიც უნდა არსებობდეს. ბლეფია, ბლეფი ეს ყველაფერი, რომელსაც ხალისით ვიჯერებთ იმიტომ, რომ გვინდა, გვჯეროდეს.

***

დათომ ნელა შეაღო კაბინეტის კარი, თუმცა, შესვლა მაინც ვერ გაბედა და მხოლოდ შეიხედა. მაგიდასთან ინა იჯდა ხელისგულებში თავჩარგული. ოთახში მის გარდა არავინ ჩანდა და დათომაც გაბედა.

– არ შეგეშინდეს, მე ვარ, – თქვა სწრაფად, როცა მიხვდა, რომ ფეხის ხმამ ინა დააფრთხო.

– აქ რა გინდა? ვიფიქრე, ბატონი ანდრო მოვიდა-მეთქი. მეორე დღეა არ გამოჩენილა, – ინამ უკმაყოფილოდ შეხედა დამნაშავესავით მოღიმარ ბიჭს.

– ჰო, ვიცი, ერთად ვიყავით.

– რა?! შენ და ბატონი ანდრო იყავით ერთად?! როდის?

– გუშინ ღამით, უფრო სწორად – გუშინწინ... უჰ, ყველაფერი ამერია. მოკლედ, ღამე ერთად გავატარეთ. გავათენეთ, ერთ ადამიანს ვეძებდით.

ინა გაჩუმდა და შუბლი მოისრისა:

– მგონი, ვხვდები, ვინ არის ის ადამიანი.

დათო უფრო ახლოს მიუჩოჩდა საყვარელ ქალს და მხარზე თითქმის მიიხუტა ლოყით. ქალი არც განძრეულა – ფიქრებში წასულს, ყურადღება აღარ მიუქცევია დათოს ეშმაკობისთვის.

– ვხვდები-მეთქი, ვის ეძებდით.

– არა, შეუძლებელია, ვერ მიხვდები. მით უმეტეს – შენ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ბევრი რამ არ იცი.

– მე ყველაფერი ვიცი.

– შეუძლებელია. მაგალითად, შენ ფიქრობ, ანდრომ გადაწყვიტა ის ტიპი მომეძებნა და მე ვეხმარებოდი ამ საქმეში. მაგრამ, მსგავსი არაფერი ყოფილა. შეიძლება მას ამის სურვილი აქვს კიდეც, თუმცა.. ჰო, მართლა, შენ მაინც რომ გეთქვა, აქ რაც ხდებოდა, ან ლაშასთვის ერთხელ მაინც შემევლო თვალი, შეიძლება, საქმე აქამდე არ მისულიყო.

– ვერ გავიგე, რას გულისხმობ, რომელ საქმეს და, საერთოდ, მე რა შუაში ვარ?

– შენ? – დათომ ჩაიცინა, – სწორედ რომ შუაში ხარ, საყვარელო. ანდროს რომ არ ვიცნობდე, აუცილებლად ვიეჭვიანებდი.

– რა გინდა, დათო? – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ინამ, – ჰო, რა გინდა? ისედაც ძალიან ვნერვიულობ. ანდრო დღესაც რომ არ მოვიდეს, გადავირევი. ის ზურა ბარში ლოთობის მეტს არაფერს აკეთებს. რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა ხომ მთლიანად მე დამეკისრება?

– შენ რა შუაში ხარ? – შეშფოთდა დათო. მერე უცებ სახე ქალის ყელს მიუახლოვა და ორმაგად ჩაისუნთქა მისი სხეულის სურნელი.

– რა ვიცი, წეღან მე ვიყავი ყველაფრის შუაში, – ნიშნისმოგებით გაუცინა ინამ, – კარგი, მითხარი, ვის ეძებდით.

– ერთ ქალს.

– ქალს? – ინამ გაოცება ვერ დამალა, – შენ გინდა თქვა, რომ ანდრო ქალს ეძებდა, თანაც, შენთან ერთად?

– ჰო, ჩემი დის მეგობარია და ჩემი მშობლების მეზობელი, ანუ, ჩემი მეზობელი, რა!.. იმ ტიპის ცოლი, აქ რომ დიდი ამბები დაატრიალა. ოღონდ, არ მითხრა, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა ამბებზე გელაპარაკები.

– არა, არ გეტყვი, – ინა დაფიქრდა, – რა უცნაურია, ეს ყველაფერი.

– რას გულისხმობ?

– ყველაფერს, ყველაფერს ვგულისხმობ. თითქმის მილიონი დავკარგეთ. ანდრომ ვერაფერი დაუპირისპირა, მაგ ტიპს. არადა, აშკარად რაღაც ხდებოდა.

– სადღაც გაუჩინარდა... მე ვიცნობ...

– საიდან?

– ხომ გითხარი, ჩემი დის მეგობრის ქმარია-მეთქი, თუ, არ მითქვამს? – სანახევროდ ამბობ სათქმელს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის. მთავარი ისაა, რომ აქ სიტუაცია აირია.

– ძალიანაც კარგი, თუ აირია – წამოიძახა დათომ.

ინა მოიღუშა:

– ნორმალური ხარ? რა არის კარგი, უმუშევარი რომ დავრჩები? სულელი ხარ? რა უნდა ვქნა, როგორ უნდა ვიცხოვრო?

– ჯერ ერთი, ანდროს არ უთქვამს, რომ კაზინოს დაკეტვას აპირებს. მეორეც, სამსახურს იშოვი, რა პრობლემაა!

– „იშოვი, რა პრობლემაა”... – გამოაჯავრა ინამ, – აქ თავს კარგად ვგრძნობდი. ბატონი ანდრო მენდობა და, პრინციპში, თითქმის სრული თავისუფლება მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– მესმის, მაგრამ, სანერვიულოსაც ვერაფერს ვხედავ.

– არა, არ გესმის, – უხეშად გააწყვეტინა ინამ, – შენთვის ყველაფერი მარტივია, მე კი შვილი მყავს, რომელზეც უნდა ვიზრუნო, რომელსაც ჩემ გარდა არავინ ჰყავს.

– ჰო, ვიცი. შენ არ გინდა, თორემ...

– თორემ რა?.. – სიტყვის დასრულება არ აცადა ინამ.

დათომ ამოიოხრა, პასუხად მხარზე მოხვია ხელები და მკერდზე მიიკრა. მის მოქმედებას გამბედაობა აკლდა. ქალისგან მძაფრ საპროტესტო რეაქციას მოელოდა, მაგრამ ინა კნუტივით მიეხუტა და გაინაბა.

... ჩემი ცხოვრება ახლა იმ მშვიდ მდინარეს ჰგავს, რომელიც ერთხელ გაკვალულ კალაპოტში მშვიდად მიედინება. არც ერთი შენაერთი არ აქვს და არასდროს ღელავს. არც ნაპირებიდან გადმოვა და პრობლემასაც არ შეგიქმნის. მიედინება და, ისეთი სუფთაა, შიგ საკუთარ გამოსახულებას დაინახავ.

მეც შევძელი, ამ მდინარეში საკუთარი ანარეკლის, ჩემი მეორე „მეს” დანახვა. გითხრათ, როგორი განცდა მქონდა? იქნებ, ოდესმე თქვენც შეძლოთ, საკუთარ თავს თვალებში ჩახედოთ. მერწმუნეთ, ძალიან მაგარი რამეა, თუმცა, თავიდან, შეიძლება, შეგეშინდეთ კიდეც. დასამალი რა არის, შემეშინდა და მერე როგორ! რამდენიმეკვირიან შოკს ვერ ავცდი. იქნებ, ოდესმე მომენატროს კიდეც ეს განცდა; ისიც მომენატროს, ცხოვრებას რომ ვებრძოდი, მაგრამ ახლა ნამდვილად მირჩევნია „მშვიდი მდინარის” პოზიცია. თუმცა, ადამიანის გაუმაძღრობის ამბავიც ხომ მოგეხსენებათ, ეტყობა, ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი, თორემ, ამხელა ამბის მოყოლას რა მრჯიდა? თავიც შეგაწყინეთ და ცოტათი დაგღალეთ კიდეც, მაგრამ, არ მინდა, თქვათ, რომ ჭკუას გარიგებთ – ღმერთმა დამიფაროს ამისგან! ისე, რადგან მე ასე გამიმართლა, იქნებ თქვენც... მოკლედ, არ ვიცი წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო და, ხომ შეიძლება, თქვენს საგვარეულო ხეშიც ამოაჩნდეს ვიღაცას „კარმული ვალი”. ნუ გაგეცინებათ, რა!.. თუმცა, თავიდან მეც ხომ ძალიან ბევრი ვიცინე.

***

რეზომ სიგარეტი თითებით მოსრისა და ანთებულ ღერს სული შეუბერა. ლაშა მის წინ, სავარძელში იჯდა და მშვიდი და თავდაჯერებული გამომეტყველება ჰქონდა.

– წარმოუდგენელია, დაუჯერებელია! სიგარეტი გინდა?

ლაშამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– შენ გინდა, თქვა, რომ მოგება ჯიბეში გვაქვს?

– არაფრის თქმა არ მინდა. მე ჩემი გავაკეთე. ახლა ჯერი თქვენზეა.

– ჩემზე? ჰო, რა თქმა უნდა! უნდა წავიდე და ფსონი დავდო – ამას გულისხმობდი, ხომ ასეა?

– დიახ. თუმცა, ალბათ, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ფსონიც რომ მე დამედო. ნუ გეშინიათ, გაქცევას არ ვაპირებ. ან, სად უნდა გავიქცე? ერთხელ ვცადე და არაფერი გამომივიდა.

– შენ ახლა რას მთავაზობ? – რეზომ ძლივს მოახერხა სიგარეტისთვის მოეკიდა და თამბაქოს კვამლი ღრმად შეისუნთქა.

– ერთად წავიდეთ.

რეზომ ჩაახველა:

– პრინციპში, ეგ შესაძლებელია, თუმცა...

ლაშამ ისევ გააქნია თავი:

– გითხარით, გაქცევას არ შევეცდები-მეთქი. კაზინო კი თავად შეარჩიეთ.

– ანუ, კიდევ საღამომდე უნდა მოვიცადოთ? – აშკარად ვეღარ ისვენებდა რეზო.

– თუ დილის 11 საათზე ვინმე კაზინოში დადის? მაშინ, შეგვიძლია, ახლავე წავიდეთ. ფეის-კონტროლიც გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, არ გინდათ, ვინმემ იეჭვოს, რომ ჩვეულებრივი იგროკები არ ვართ. ხომ საიდუმლოდ უნდა დარჩეს, „საგამომძიებლო ექსპერიმენტს” რომ ატარებთ.

რეზო ისე ღელავდა, რომ არ შეუმჩნევია ლაშას სიტყვებში შეფარული ირონია. მიზანთან ძალიან ახლოს იყო, ისე ახლოს, რომ, ცოტაც და, ხელით შეეხებოდა მას, მუჭშიც მოიმწყვდევდა და თავისად დაიგულებდა... გაუთვალისწინებელი არაფერი არ უნდა მომხდარიყო. ამას ვერ დაუშვებდა.

– მართალი ხარ. უნდა მოვიცადოთ, მაგრამ, კაზინოსთვის შესაფერისად არ გამოვიყურები.

– ჩვენ თითქმის ერთნაირი აღნაგობა გვაქვს. შემიძლია, ჩემი ტანსაცმელი გათხოვოთ, – ღიმილით შესთავაზა ლაშამ და მაშინვე დაამატა, – ძალიან მშია. იმედია, შიმშილით წამებას არ მიპირებთ. მით უმეტეს ახლა, როცა ყველაფერში გამოგიტყდით.

– რა? ჰო, რა თქმა უნდა. ახლავე გავგზავნი ლევანს, რომ რამე გვიყიდოს და მოგვიტანოს. გემრიელი საკვები ნამდვილად დავიმსახურეთ ორივემ. მართალია, ჯერ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია, მაგრამ, ფინალთან ძალიან ახლოს ვართ.

– უკვე გჯერათ, ჩემი?

რეზომ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ლაშა მდუმარედ ადევნებდა თვალს. შეკითხვა აღარ გაუმეორებია, აცდიდა, სანამ აღელვებული რეზო შინაგან წინააღმდეგობას დაძლევდა.

– პრინციპში, არ მჯერა, წარმოუდგენელია, ეს რეალობა იყოს! მე არც ცრუმორწმუნე ვარ და არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ცდილობს, საკუთარი ცხოვრება რეალობას მოსწყვიტოს და ირეალურში გადაიყვანოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვხედავ შენს სიმშვიდეს. გულახდილად გეტყვი, ასე თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ასეთი მაგარი ხარ, მაშინ, ვაღიარებ, რომ ადამიანები არ მცნობია. ძალიან ძნელია, დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი მისტიკაა. თუმცა, ლოდინის გარდა სხვა არაფერი დამრჩენია. გავალ, საკვებზე ვიფიქრებ. კარს გარედან ჩავკეტავ. იმედია, არ გეწყინება.

***

ანდრომ უხალისოდ გაახილა თვალი. სოფოს ისევ ეძინა. თავი მის მკლავზე ედო და მშვიდი, ბედნიერი სახე ჰქონდა. ანდრო შეეცადა, როგორმე მკლავი გაეთავისუფლებინა – დაუბუჟდა და სტკიოდა, მაგრამ სოფოს გაღვიძებასაც მოერიდა, გულაღმა იწვა და იმაზე ფიქრობდა, რაც სოფომ უთხრა. არ იცოდა, სასაცილო იყო ეს ამბავი თუ, უბრალოდ, უნდა გაბრაზებულიყო, ასეთ წარმოუდგენელ სისულელეზე. სოფოს, ალბათ, ერჩივნა, ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო. ქალები მაინც ძალიან გულუბრყვილოები არიან. ვინ თქვა მათი სიეშმაკე! აბრალებენ რაღაცას. სოფოც კი, რომელიც ასე შორს არის ყოველივე ირეალურისა და მისტიკურისგან, მზად არის, ეჭვის გარეშე დაიჯეროს ლიკას მონაჩმახი. თაღლითი ცოლ-ქმარი!.. თანაც, როგორი თაღლითები!

მათ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს და ერთად განახორციელეს. რა თქმა უნდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი! ჯერ ცოლმა ჩემი შებმა სცადა... მერე კი... – ანდროს არ უნდოდა, საკუთარ თავს გამოსტყდომოდა, რომ თავად სცადა ლიკას შებმა. ინიციატივა მისგან წამოვიდა და არა ქალისგან. ჰო, თავიდან ასე იყო, მაგრამ, მერე ხომ თვითონ მნახა და ლამის საკუთარი თავი შემომთავაზა?! თითის განძრევაც არ დამჭირდებოდა, ისე ჩამიწვებოდა ლოგინში, ჩემი საყვარელი გახდებოდა და მის ძვირფას ქმარსაც ხელ-ფეხი გახსნილი ექნებოდა. ასე რომ არ იყოს, კაზინოების მეტი რა არის ამ ქალაქში, რომ ჩემი არ ამოერჩია?! სწორედ იმიტომ, რომ ლიკას „სხვანაირად” შევხედე. რა იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი, ალუბლისტოლა ტვინის უჯრედზე დამოკიდებული! თანაც, სოფოს ცხვირწინ ვცდილობდი მისი დაქალის შებმას. ახლა კი უსინდისოდ ვთხოვე, ჩემი ერთგული იყოს. თუ ესეც იმათ თამაშს თამაშობს და ყველაფერი მომატყუა, ვიმსახურებ ამას...

ანდროს დაავიწყდა, სოფო მკლავზე რომ ეწვა და ლოგინში წამოჯდა. ქალმა უკმაყოფილოდ წაიწმუკუნა და გაეღვიძა.

– რომელი საათია? – იკითხა ნამძინარევი ხმით, – სამსახურში უკვე დამაგვიანდა? დღეს ლიკას ნაცვლად უნდა ვიმუშავო.

– დღეს შაბათია. ასე რომ, არავის ნაცვლად არ მოგიწევს მუშაობა, – ანდრომ დაბუჟებული მკლავი გაავარჯიშა.

– კარგად გეძინა?

– არაჩვეულებრივად, – გაიზმორა სოფო და თვალები უცნაურად აუციმციმდა, – იმ სიტყვების შემდეგ, რაც მითხარი, სხვანაირად არც შეიძლებოდა.

– რა სიტყვების შემდეგ? – დაიძაბა ანდრო, – რა გითხარი?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3