ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მიღებაზეც ნოტარიუსი უარს აცხადებს. გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში იღებს ნოტარიუსი სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტს?
პასუხი: სხვა სახელმწიფოებში გაცემულ დოკუმენტებს ნოტარიუსი მიიღებს, თუ ის ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კითხვა: ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა შესრულებაზე მიცხადებს უარს. მაინტერესებს, ევალება თუ არა სანოტარო ბიუროს მოქმედების სანოტარო ბიუროს გარეთ შესრულება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თავის სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ნოტარიუსი უფლებამოსილია, კლიენტის მოთხოვნით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედება შეასრულოს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთაც. ამ შემთხვევაში, აქტში უნდა მიეთითოს სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი.
კითხვა: ვინ შეიძლება მიიღოს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი და სამკვიდრო ქონების რა ნაწილს შეადგენს ის? არის თუ არა დადგენილი რაიმე ვადა, რა დროსაც მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე?
პასუხი: მემკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მან შეიტყო, ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად.
კითხვა: 25 წლის წინ ნოტარიუსში გაფორმებულ იქნა ანდერძი. ამ ანდერძის პირველი პირი დაკარგულია. როგორ უნდა მოვიქცე და შეიძლება თუ არა ასეთი ანდერძის აღსრულება?
პასუხი: მოქალაქემ ანდერძის მისაღებად უნდა მიაკითხოს იმ ნოტარიუსს, რომელმაც აღნიშნული ანდერძი დაამოწმა. ნოტარიუსის დამოწმებული დოკუმენტები და დამოწმების შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსის არქივში ინახება მუდმივად. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძის დამმოწმებელი ნოტარიუსი ამჟამად აღარ ახორციელებს თავის ფუნქციას, მის მიერ დამოწმებული დოკუმენტები მოქალაქემ უნდა მოიძიოს ყოფილი ნოტარიუსის უფლებამონაცვლე ნოტარიუსის არქივში.
კითხვა: კანონმდებლობით არის თუ არა განსაზღვრული ვადა, რომლის ამოწურვის შემდგომ უნდა ჩატარდეს სააღსრულებო ბიუროში მეორე აუქციონი და რა პირობებით ტარდება ის?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პირველ აუქციონზე ან ეგრეთ წოდებულ „მაღაზიის რეჟიმში” ნივთის რეალიზაცია არ მოხდა, აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში განმეორებით აუქციონს ატარებს. განმეორებითი აუქციონი ტარდება იმავე ფორმით, როგორც პირველი აუქციონი.
კითხვა: მამას აქვს სახლი სოფელში და 60 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი. ჩემმა უფროსმა ძმამ ოჯახის შემოსავლით 15 წლის წინ მამის მიწაზე აიშენა სახლი და ცალკე კომლად გადავიდა თავის ხუთ შვილთან ერთად. ობიექტებში დავრჩით მამა, დედა, მე და ჩემი 21 წლის ვაჟი. მამა ძალიან ნერვიული და ფსიქიკურად თითქმის გაუწონასწორებელია, და, რადგან შეუძლებელი იყო მასთან ცხოვრება, ხან ნათესავთან და ხან ნაქირავებში ვცხოვრობდი შვილთან ერთად.
მთელი 22 წლის განმავლობაში ჩემი ძმის ოჯახი სარგებლობდა ოჯახის შემოსავლით. ჩემი ძმისა და დედის გავლენით, ავადმყოფმა მამამ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ჩემს ძმაზე გააჩუქა. ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება ჩემი ნებართვის გარეშე? მით უმეტეს, რომ მყავს გათხოვილი დაც. გვაქვს თუ არა მე და ჩემს დას სამკვიდრო წილის მიღების უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში მამათქვენს, ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაჩუქების უფლება, თუ მისი არაქმედუნარიანობის საკითხი არ არის დადასტურებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება სავალდებულო წილს, არ შეიძლება მამის სიცოცხლეში მისგან სავალდებულო წილის მოთხოვნა.
კითხვა: როცა სამსახურმა მომცა ბინა, მყავდა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ახლა სრულწლოვნები არიან. მეუღლეს გავეყარე. აღნიშნულ ბინაში ყოფილი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ. მე და ჩემი ოჯახი წლებია, ქირით ვცხოვრობთ. ბინა საჯარო რეესტრში მხოლოდ ჩემს სახელზეა დარეგისტრირებული. გთხოვთ განმიმარტოთ:
1. რა უფლებებით შემიძლია ვისარგებლო მე, როგორც ბინის მესაკუთრემ?
2. ბინის რა ნაწილი ეკუთვნის ყოფილ ცოლს და რა შემთხვევაში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ხართ უძრავი ქონების ერთადერთი მესაკუთრე, გაქვთ მესაკუთრისთვის მინიჭებული ყველა უფლება, მათ შორის, ბინით სარგებლობის უფლებაც.
რაც შეეხება თქვენს მეუღლესა და შვილებს, თუ ბინა მიიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ გყავდათ მეუღლე და შვილები და ისინი ჩაწერილები არიან ორდერში, მათ აქვთ წილის მოთხოვნის უფლება.
კითხვა: პასპორტში გადაკეთებული მაქვს ასაკი. როგორც ცნობილი იყო, 1 ივლისამდე გადაკეთება იყო უფასო. ახლაც უფასოა თუ არა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასაკი პირადობის მოწმობაში მითითებულ უნდა იქნას დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად.
კითხვა: მე და ჩემმა პირველმა მეუღლემ ერთობლივად ავაშენეთ ჩვენს საკუთრებაში მყოფ ნაკვეთზე ორსართულიანი სახლი. მეუღლის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, მოვიყვანე მეორე ცოლი, რომელმაც ჩემს სახელზე გაფორმებული სახლის მებაღეობის საბუთები თაღლითურად დაისაკუთრა, საჯარო რეესტრით (მის მოყვანამდე სახლი აშენებულ-დამთავრებული მქონდა), ანუ, ახლა ჩემი მეორე მეუღლე გახდა ჩემი უძრავ-მოძრავი ქონების განმკარგველი. აღნიშნულის გამო, შეიძლება თუ არა (მე, რომელსაც მყავს პირველ მეუღლესთან სამი ქალიშვილი) დავრჩე ყველაფრის გარეშე? აღსანიშნავია, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს საერთო შვილი არ გვყავს.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პირი რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, მას აქვს ამ ქონების შეუზღუდავად განკარგვის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გააუქმებთ საკუთრების მოწმობას, რომლითაც თქვენი მეუღლე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, მას აქვს უფლება, გაასხვისოს ეს ქონება ან განკარგოს თავის შეხედულებისამებრ.