როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
შიშინაშვილი
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი შიშინა. შიშინაშვილი რაჭაში წარმოქმნილ გვარადაა მიჩნეული. ილია მაისურაძე წერს: „შიშინაშვილი, მეორე ტოლი (ამბროლაურის რაიონი), საკუთარი სახელი – შიშინა”.
საქართველოში 248 შიშინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 97, ამბროლაურში – 79, ქუთაისში – 43. არიან სხვაგანაც.
ოქუაშვილი
მცირერიცხოვანი, ქართლში გაჩენილი გვარია, რომლის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი ოქრო, ოქრუა. გვხვდება მისი მოფერებითი სახელები: ოქო, ოქია.
ოქროდან რამდენიმე გვარია გაჩენილი, კერძოდ: ოქაძე, ოქრიაშვილი, ოქროაშვილი, მოქროაძე, ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირაშვილი, ოქროპირიძე, ოქრუაძე და სხვა.
იშვიათად გვხვდება ქართული გვარი – ოქუნაშვილი.
საქართველოში 66 ოქუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 16, გორში – 11. არიან სხვაგანაც.
ხორავა
მეგრულად ხორუა იგივეა, რაც სახლობა. ხორეთი სოფელია ლანჩხუთის რაიონში.
გვარის ძირძველი სამკვიდროა ლესიჭინე. ასევე, ეს გვარი გვხვდება სოფლებში: ზანა, კეთილარი, მენჯი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ვედიკარი, კახათი, მარანი, ძველი სენაკი და ასე შემდეგ.
ხორავა სოციალურად დაწინაურებული საგვარეულოა. ამ გვარის წარმომადგენლები როგორც 1890, ისე 1904 წელს აზნაურებად არიან დაფიქსირებულები.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, რაოდენობის მიხედვით, ხორავა 304-ე ადგილზეა.
საქართველოში 2 536 ხორავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 629, თბილისში – 424, ზუგდიდში – 356. არიან სხვაგანაც.
კოჭლამაზაშვილი
კოჭ ძირის შემცველია გვარები: კოჭაური, კოჭლამაშვილი, კოჭლამაზაშვილი, კოჭლამაზიშვილი და სხვა. ასევე, გვხვდება გვარი კოჭიბროლაშვილი.
გადმოცემით, დღევანდელი გოზალიშვილების ძველი გვარ-სახელი სწორედ კოჭიბროლა ყოფილა. კოჭიბროლა თეთრფეხება ცხენს ეწოდებოდა.
როგორც გოზალიშვილების, ისე კოჭლამაზაშვილების გვარში, კოჭლამაზა და კოჭიბროლა მეტსახელებია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კოჭლამაზაშვილებს 678-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 1 463 კოჭლამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 423, სიღნაღში – 407, რუსთავში – 227. არიან სხვაგანაც
350 კოჭლამაზიშვილი: სიღნაღში – 271, თბილისში – 49, ლაგოდეხში – 9. არიან სხვაგანაც.
თუნგია
თუნგია მომდინარეობს მამაკაცის მეტსახელიდან თუნგა.
თუნგი სპილენძის ან თიხის ვიწროყელიანი დოქია.
თუნგიებს გალის რაიონში რაღაც დაუშავებიათ, სოფელი შეშელეთი მიუტოვებიათ, სამეგრელოში ჩამოსახლებულან და აზნაურ მელიებს მინდობიან. მათი ძირი ილორაში გვხვდება.
საქართველოში 228 თუნგია ცხოვრობს: ზუგდიდში – 110, თბილისში – 34, აბაშაში – 17. არიან სხვაგანაც.
თორდია – თოდრაძე – თორდინავა
არსებობს მოსაზრება, რომ თორდია ბგერათაგადასმით თოდრაძეთა გვარიდან არის მიღებული. თითქოს თოდრაძეები კახეთიდან კოლხეთში არიან მიგრირებული და იქ თორდიები გამხდარან.
მსგავსი მაგალითი უცხო არ არის ქართული ონომასტიკისთვის, მაგრამ ამ მოსაზრების გაზიარება ეჭვქვეშ დგება, რადგან თოდრაძეები გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთში, ჩოხატაურსა და კახეთში ცხოვრობენ, კოლხეთში კი მსგავსი გვარი ჯერ არ შეგვხვედრია.
შესაძლოა, კოლხური გვარის წარმომავლობა მესხეთში გაჩენილ ფეოდალურ საგვარეულოს – თორელს (თორელებს) დაუკავშირდეს. ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს: ჩორჩანელებიდან ხურისძე-ხურციძეების გვარები წარმოიშვა და ამ უკანასკნელთაგან კოლხეთში გავრცელდა გვარები: ხურცია, ხურცილავა, ხოლო ლეჩხუმში კი – ხუციძე.
თორდია და თორდინავა ერთი და იგივე გვარია. ორივეს ფუძეა თორი. პირველში სუფიქსია ია, მეორეში კი – ავა. ფუძესა და სუფიქსს შორის დი ინფიქსი მიგვანიშნებს, რომ გვარის საწყისი ფორმაა თორია, თორი.
ქართლში გაჩნდა თორელების საგვარეულო, ხოლო იქიდან წასულებმა სამეგრელოში შექმნეს გვარები: თორია, თორდია და თორდინავა.
სიტყვა თორს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: თორი აბჯრის ერთ-ერთი სახეობა იყო ძველ საქართველოში, ასევე, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მოიცავდა შავწყალის (სადგურის ხევს), გუჯარეთისა და მტკვრის ხეობას ტაშისკარიდან დვირამდე. ტერიტორია დღევანდელი ბორჯომის რაიონშია.
სათორდიო არის უბანი ჩხორიოში, ჭკადუაშის საზღვართან.
საქართველოში 1 596 თორდია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 208, თბილისში – 151, წალენჯიხაში – 76. არიან სხვაგანაც.
229 თორდინავა: მარტვილში – 131, თბილისში – 57, ქუთაისში – 30. არიან სხვაგანაც.
თურქანაისძე – გაბისულაისძე – თურქაძე
ფუძიდან თურქი ნაწარმოებია ქართული გვარები: თურქანაისძე, თურქაძე, თურქია, თურქიაშვილი, თურქისტანაშვილი, თურქიშვილი. თურქიაშვილი, თურქანაისძე და თურქაძე ერთ და იმავე გვარად ჩანან.
თურქანაისძეთა განაყოფი გვარია, ასევე, გაბისულაისძე.
„გაბისულაისძის, სახლიკაცს ლაბეჭინის ეკლესიაში ჰქონდა საფლავი“. აღნიშნულია გაბრიელ ლაბეჭინელის ანგარიშებში XIII საუკუნეში.
„თურქაძე პაატა იყო მოწმე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გიორგი გლურჯიძისთვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა” (1527-1556 წლები).
საქართველოში 941 თურქაძე ცხოვრობს: თერჯოლაში – 248, თბილისში – 178, ქუთაისში – 131. არიან სხვაგანაც.
თოლორდავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოლორდა, რაც მეგრულად „თვალად იყავის” ნიშნავს.
თოლორდავა, თოლორაია და თოდუა, ერთი და იგივე გვარია. გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ფოლკლორული ნამუშევრები: გურიის მაზრის ერთ-ერთ სოფელში უცხოვრია ერთ კეთილბუნებოვან კაცს. ის ერთ ნათესავს დაუჩაგრავს, ადგილ-მამული წაურთმევია და შეურაცხყოფა მიუყენებია. კეთილ კაცს აბუჩად აგდება ვერ აუტანია და იძულებული გამხდარა, ნათესავი მოეკლა.
მკვლელი მესისხლეობას გაჰქცევია და ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურისთავისთვის შეუფარებია თავი. იქ ცირდავების გოგო მოსწონებია, მაგრამ, როგორც კი მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, ბატონი გამოჩენილა, რომლის აღვირახსნილობასაც ახალგაზრდებისთვის ხელი შეუშლია. კეთილი კაცი იქიდანაც აყრილა და სხვაგან გადასახლებულა. დადიანების ურჩ, პატიოსან კაცს ბატონების შიში და კრძალვა ვერ მოუშორებია და მღვდლისთვის გაუნდვია: ცოლი შევირთე, აქვე, ლუგელაში ვცხოვრობ და თქვენი იმედი მაქვსო. კარგი, შვილო, მაგრამ იცოდე, აქვე ახლოს უნდა იყოს სახილველად, თვალის დასანახადო (თოლო ორდა მეგრულად – თვალად იყავი). ასე შერქმევია მის შთამოვალობას თოლორდავა.
სათოლორდო, თოლორდათი – უბანია ლეცირდესა და შიშას შორის, მუხურაში.
ასევე, თოლორდავები გვხვდებიან სოფლებში: ხაბუძე, ჩხოროწყუ, ნოსირი, თაია, საჯიქიო, ზუმი, ინგორი, ხამისქური, ჯგალი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თოლორდავას 387-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 2 127 თოლორდავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 907, თბილისში – 274, სენაკში – 170. არიან სხვაგანაც.
თაბორიძე
გვარის ფუძეა თაბორი.
„ბარამ ფარეშიშვილმა მიჰყიდა დათუნა ხიზანიშვილს ნასისხლი თაბორისეული ბურნაყაული თოთხმეტი დღის მიწა ბორაშვილის მიწამდე” (მეჩვიდმეტე საუკუნის II ნახევარი).
საქართველოში 319 თაბორიძე ცხოვრობს: თბილისში – 149, კასპში – 60, დუშეთში – 26. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით