მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება განახლდება
ამერიკული „ნობელ ენერჯი” ქვეყანაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ნავთობის მოპოვების მიზნით ამერიკის ოკეანის ენერგიის მართვის ბიუროსგან მექსიკის ყურეში ბურღვის ნებართვა მიიღო. როგორც ცნობილია, არც ისე დიდი ხნის წინ მექსიკის ყურე ნავთობის უპრეცედენტო რაოდენობის დაღვრის შედეგად სერიოზულად დაზარალდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობინდუსტრიისთვის. ბურღვა 2010 წლის ივნისიდან აიკრძალა მას შემდეგ, რაც ბრიტანული „ბრიტიშ პეტროლიუმის” კუთვნილ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე სერიოზული კატასტროფა მოხდა. ეკოლოგიური კატასტროფიდან, თითქმის ერთი წლის შემდეგ, კომპანია „ნობელ ენერჯის” ნება დართეს ლუიზიანას სანაპიროდან სამხრეთით 110 კილომეტრზე დაიწყოს ბურღვითი სამუშაოები საბადოზე სახელწოდებით „სანტიაგო”. „ნობელ ენერჯი” საბურღ სამუშაოებს ზღვის დონიდან 2 კილომეტრის სიღრმეში ჩაატარებს. ბურღვა მარტის ბოლოდან განახლდება და მაისში დასრულდება.