არასწორი კვება მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე აისახება
უამრავი ოჯახი ინგრევა დღეს არასრულყოფილი ინტიმური კავშირის გამო. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური. სექსუალური პრობლემების გადასაჭრელად, მთავარია, მოიძებნოს მიზეზი და დაისვას სწორი დიაგნოზი.
სექსუალური პრობლემების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად: ჰიპერტონია, სიმსუქნე, სხვადასხვა ინფექცია, ასაკი და ნიკოტინიც კი. პოტენციის დაქვეითება კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს, უკარგავს თვითრწმენას, იწვევს დეპრესიას და ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობას. ასეთი პრობლემები უამრავ მამაკაცს აქვს. არადა, ძალიან ხშირად, შესაძლებელია ამ გართულებების თავიდან აცილება და დაქვეითებული ერექციის სრული აღდგენა, თუკი ჯანმრთელობას ყურადღებას დროულად მიაქცევთ. ამისთვის საჭიროა იმ მიზეზების ცოდნა, რაც მამაკაცებში სექსუალურ დარღვევებს იწვევს.
განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ ასეთ მიზეზად არასწორი კვება სახელდება. ამ დროს ირღვევა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნორმალური ცვლა და სისხლში შაქრის დონე იმატებს, რაც ხელს უშლის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავებას და ანელებს მათ ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას. თუ სისხლში შაქრის დონე დროულად დარეგულირდება, თავისუფლად შეიძლება ამ ფუნქციის აღდგენა, ხოლო, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, მომავალში, შეიძლება, უნაყოფობაც გამოიწვიოს.
კაცებისთვის, რომლებსაც ზედმეტი წონის გამო აქვთ სექსუალური დარღვევები, დამახასიათებელია ტესტოსტერონის ჰორმონის ნაკლებობა. სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა იწვევს სისხლის შესქელებას. სქელი და ბლანტი სისხლის მიმოქცევა კი უფრო ნელია, რის გამოც ფერხდება ქსოვილების უზრუნველყოფა ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით. სისხლძარღვები გაჯერებულია ზედმეტი შაქრით, სქელდება და ქსოვილისა თუ ორგანოებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ცუდად ატარებს. სწორედ ეს უშლის ხელს ერექციას. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი კარგავს დიდ ენერგიას და კუნთები სუსტდება. ეს კი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას და, საბოლოოდ – დეპრესიას.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, უპირველესად კი სისხლში შაქრის დონის შემოწმება. თუ შაქრის დონე აწეულია, ის, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოწესრიგდეს და შემდეგაც ხშირ-ხშირად შემოწმდეს. რაც უფრო დიდი ხნით იქნება სისხლში ჭარბი შაქარი, მით მალე დაიწყება პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში.
სპეციალისტები მამაკაცებს არ ურჩევენ ტკბილეულის ზედმეტად მიღებას. არასწორი კვება ზოგიერთის აღნაგობაზე არ აისახება, მაგრამ სისხლში ცვლილებები უმრავლესობას აღენიშნება. შაქარმა, შეიძლება, ცხოვრება სერიოზულად გაგირთულოთ და საყვარელ ადამიანთან პრობლემები შეგიქმნათ!