ვისი დახმარებით უნდა შეარჩიოს ადამიანმა სულიერი მოძღვარი და რა შემთხვევაში მთავრდება ადამიანის მდგომარეობა ნერვული აშლილობით
დღეს ბევრი ქრისტიანი ეკლესიური ცხოვრებისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მარხულობს, რაც ხშირ შემთხვევაში დიეტას ემსგავსება და ხშირად ფიზიკური ავადმყოფობით, ნერვული აშლილობით მთავრდება. ამიტომ, ისინი, ვინც მარხვას ინახავენ, აუცილებლად უნდა დადიოდნენ ეკლესიაში, ლოცულობდნენ, აღსარებას ამბობდნენ და უფლის სისხლსა და ხორცს უნდა ეზიარებოდნენ. სხვა შემთხვევაში, მარხვის შენახვა თავის მნიშვნელობასა და აზრს კარგავს. თუმცა, ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ინახავს მარხვას, მაგრამ მათი უმეტესობა საერთოდ არ დადის ეკლესიაში, არ ამბობს აღსარებას და არ ეზიარება.
– მადლობა ღმერთს, რომ დღეს დიდი თუ პატარა ეკლესიაში მოდის და ინახავს მარხვას. თითქოს გამოღვიძება იწყება ეკლესიაში, თითქოს შინაგან პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოება, ადამიანების უმრავლესობა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ინახავს მარხვას. ჩვენ, ბუნებრივია, ვერავის განვსჯით, ვერავის განვიკითხავთ, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის მათი შინაგანი მდგომარეობა, მათი ღვაწლი და მონდომება, მაგრამ, ჩვენ, ეკლესიის მოძღვარნი, ვალდებულები ვართ, მათ შევაგონოთ, რომ ადამიანი, რომელიც ინახავს მარხვას, უნდა დადიოდეს ეკლესიაში, უნდა ჰყავდეს სულიერი მოძღვარი და საკუთარი შეხედულებებით არ უნდა უდგენდეს საკუთარ თავს გარკვეულ კანონებს, წესებს: მარხვის დროს რა მიიღოს, რა არ მიიღოს, რა წაიკითხოს და რა არ წაიკითხოს. თუ მოეპრიანება წავა ეკლესიაში, თუ არ მოეპრიანება – არ წავა. სასურველია, რომ ამ დროს ადამიანს ჰყავდეს მეგზური, მან მიაშუროს ეკლესიას. თუ ჩვენ ვერ შევარჩევთ, მაშინ მეგობრების დახმარებით შევარჩიოთ მოძღვარი, რომელიც გვიწინამძღვრებს, გვასწავლის და მარხვის ანბანს გადმოგვცემს. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს კეთილი სურვილი, შეინახოს მარხვა და ამ დროს მას არ აქვს საჭირო განათლება, არ გააჩნია მოძღვრის მხრიდან მითითებები, მისი მარხვა იქცევა დიეტად და ერთი სული ექნება, როდის დამთავრდება მარხვა, რომ ხორციელი ტრაპეზი მიიღოს. ეს, გარკვეულწილად, ფარისევლური მარხვა იქნება.
– ეს რას ნიშნავს?
– მაცხოვარი მათეს სახარებაში პირდაპირ ამბობს: „როცა მარხულობთ, ნუ იქნებით ვითარცა ორგულნი“. ამ სიტყვებს მაცხოვარი ამბობს სამხილებლად ფარისეველთა. ისინი მოჩვენებითად მარხულობდნენ, პირს არ იბანდნენ, თმას არ ივარცხნიდნენ, გარეგნულ მხარეზე საერთოდ არ ფიქრობდნენ. მაცხოვარი ჩვენ, ქრისტიანებს, ვინც ვინახავთ მარხვას, გვირჩევს, მოჩვენებითად ნუ ვიქნებით მარხვაში, რადგან საზოგადოებას გარეგნული ყოფაქცევით კი არ უნდა დავანახვოთ, რომ მარხვაში ვართ, არამედ, შინაგანად უნდა ვიმარხულოთ. ამისთვის კი, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რატომ გამოგვაძევეს სამოთხიდან – მხოლოდ და მხოლოდ მარხვის დარღვევის გამო. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ, თუ ჩვენ გვინდა სამოთხეში დაბრუნება, უნდა დავიცვათ მარხვა. თუ იმდენად მნიშვნელოვანია მარხვის დარღვევა, რომ ჩვენ ამის გამო სამოთხედან გამოგვაძევეს, ბუნებრივია, სასუფეველში დაბრუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის კი საჭიროა მარხვის დაცვა, მაგრამ, თუ ზედაპირულად დაიცავ მარხვას, შენი წესებით, მაშინ არათუ ვერ დაბრუნდები სამოთხეში, შეიძლება, საერთოდ გადახვიდე ჭეშმარიტების გზიდან. მართლმადიდებლობა სამეუფო გზაა და ყველამ უნდა ვიაროთ სწორი, ჭეშმარიტი ცხოვრების წესით. როდესაც მოციქულებმა ვერ განდევნეს მთვარეული ჭაბუკი, რომელიც არაწმიდა სულით იყო შეპყრობილი, მაშინ მაცხოვარმა მათ პირდაპირ უთხრა: ეს მოდგმა ანუ ეშმაკთა მოდგმა, რომელიც ყველაზე მეტად ებრძვის ადამიანს, სახლდება მასში, აბრკოლებს და ხდის შეურაცხადად, განიდევნება ლოცვითა და მარხვით – აი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია მარხვას: ერთი, რომ განაძევებს ბოროტ სულს და, მეორე – ჩვენ დაგვაბრუნებს სასუფეველში. რა თქმა უნდა, ის, რომ პირველი ადამიანები უფალმა სამოთხიდან გამოაძევა, მარტივად არ უნდა გავიგოთ – მარხვა დაარღვიეს და მორჩა. ადამს უნდა გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა მას უფალთან ყოფნა. მას რომ არ მიეღო მცნება აკრძალული ნაყოფის მიღება-არმიღებისა, მაშინ მას არჩევნის საშუალება არ ექნებოდა და რობოტივით იქნებოდა უფლის მორჩილი. ადამიანის ბუნებაში არის თავისუფალი ნება, თავისუფალი ნების ნაყოფია – თავისუფლება, არჩევნის გაკეთება კი მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა. ანუ ადამს, როგორც პიროვნებას, გადაწყვეტილება უნდა მიეღო, უნდოდა თუ არა მას უფალთან ყოფნა, მაგრამ მან ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დაარღვია მარხვა, უფლის გარეშე ყოფნა არჩია და ამიტომ ის ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან. ამიტომ, ჩვენც პიროვნული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – შევინახოთ თუ არა მარხვა. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ადამის შეცდომები, უნდა გამოვასწოროთ და დავბრუნდეთ სამოთხეში. ეს ყველაფერი კი, ყველაზე კარგად აღწერილი და გადმოცემულია დიდმარხვაში. მინდა, იოანე ოქროპირის სიტყვები გავიმეორო: თუ ადამიანი გონივრულად შეინახავს წმიდა დიდმარხვას, მას მთელი წლის ცოდვები ეპატიება. 40 დღეს დამატებული 7 დღე, ანუ მთელი დიდი მარხვა, ეს არის წლის მეათედი, ანუ, ადამიანი მთელი წლიდან უფალს მეათედს სწირავს. შესაბამისად, ადამიანს მხოლოდ ის დარჩენია, რომ ყველაფერი გონივრულად, ეკლესიაში სიარულით, მოძღვართან ურთიერთობით, მისი რჩევებით აღასრულოს.
– ამაში იგულისხმება აღსარების თქმა და ზიარება?
– რა თქმა უნდა. რატომ არის მარხვის დაწყების წინ შენდობის კვირა? ჯერ კიდევ მესამე-მეოთხე საუკუნეებში, როდესაც მეუდაბნოე მამები იწყებდნენ მარხვას, ისინი გადიოდნენ უდაბნოში, მაგრამ, სანამ გავიდოდნენ, მანამდე გალობდნენ, ურთიერთს შენდობას ეუბნებოდნენ, იმიტომ, რომ არ იცოდნენ, კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. ასეთი ტრადიცია დღემდე არის შემორჩენილი: პატრიარქი, ყველა მღვდელმთავარი, ტაძრის წინამძღვარი ვალდებული არიან, გარკვეული ანგარიში ჩააბარონ თავის მრევლს, შენდობა უნდა ითხოვონ. შენდობის თქმა კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ნაკლოვანებებზე უარის თქმა. თუ შენდობას ითხოვ, ესე იგი, შენი ქმედებიდან რაღაც არ მოგწონს და, გინდა, გამოასწორო. შენდობის გარეშე მარხვას აზრი არ აქვს. თუ 47 დღე ისე იმარხულებ, რომ ამ ხნის განმავლობაში შენდობას არ ითხოვ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, საზოგადოებისგან, ესე იგი, შენც ისეთივე ორგული ხარ, როგორც ის ფარისევლები, რომლებიც მარხულობდნენ, მაგრამ სძულდათ საზოგადოება, იტყუებოდნენ, იპარავდნენ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ ითხოვს შენდობას – მიაჩნია, რომ არაფერი დაუშავებია და ის ამ დროს ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება. ისინი იმ ფარისევლებივით თეთრად შეფეთქილ საფლავებს მოგვაგონებენ, გარედან ლამაზად რომ გამოიყურებიან, მაგრამ შიგნიდან ყარან თავისი ცოდვებით. ხედავ, მოდის ადამიანი, ჯვარი ჰკიდია, ხელზე ფსკვნილი უკეთია. იფიქრებ, რა კარგი ქრისტიანია. მაგრამ, ის შინაგანად შეიძლება იმ ფარისეველზე მეტი ფარისეველი იყოს, რომელიც მაცხოვარმა ამხილა და, შეიძლება, ორი კი არა, სამი გულიც ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია, სახარების უარყოფით პერსონაჟებს გავასწარით, ფარისევლებზე უარესები ვართ – ვფიქრობთ, ყველა მარხულობს და, მოდი, მეც ვიმარხულებ; ყველას მოძღვარი ჰყავს, მოდი, მეც ავიყვან მოძღვარს. მე ეს კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრების ცხოვრების რეჟიმს მაგონებს. ჩვენი მამები და პაპები აცხადებენ: შვილო, პარტიაში მაინცდამაინც გული არ მიმიწევდა, მაგრამ, ყველა იყო გაწევრიანებული და მეც იმიტომ ვიყავი პარტიულიო. ვფიქრობ, თუ ოდესმე ქრისტიანობის, ეკლესიის დევნა დაიწყება, ბევრი ადამიანი იტყვის იცი, მე იმიტომ ვიყავი ქრისტიანი და დავდიოდი ეკლესიაში, რომ ყველა დადიოდა და სხვანაირად არ შეიძლებოდაო. ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, რომელიც მოჩვენებითად შეინახავს მარხვას, მოჩვენებითად დადის ეკლესიაში, ფარისევლურ, მოხიბლულ მდგომარეობაშია. მე თვალი გადავავლე დიდი კლასიკოსების – ვაჟას, აკაკის, გოგებაშვილის წერილებს, სადაც ისინი საზოგადოებას ამხელენ. ვაჟა-ფშაველას დიდმარხვაზე აქვს შესანიშნავი წერილები – რაც ახლა ხდება, ის ხდებოდა მაშინაც. ვაჟა გულისტკივილით აღნიშნავს, ქალაქში ნაკლებად ინახავს ხალხი მარხვას, არ არიან გულწრფელები, სოფელში უფრო გულწრფელია ხალხი და გულით ინახავს მარხვასო. ყველას გთხოვთ, ძალიან ბევრი ვიკითხოთ, ვილოცოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია და იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, უნდა ვიყოთ კარგი ქრისტიანები, რათა ღმერთმა ინებოს ჩვენი დაბრუნება სამოთხის წიაღში, ანუ ზეციურ საქართველოში.