რატომ შეიტანეს მსოფლიო ხელოვნების ენციკლოპედიაში ერთადერთი ქართველის, ბესო დარჯანიას სახელი
ბესარიონ დარჯანიას კერძო გალერეაში უამრავი ლამაზი ნივთი, სამკაული თუ ფერწერული ნამუშევარია თავმოყრილი. ჩვენი სტუმრობის მიზეზი მისი უნიკალური კამეების კოლექცია აღმოჩნდა. გარდა ამისა, არანაკლებ საინტერესო ფაქტია ის, რომ როგორც პორტრეტული კამეების შემქმნელის, ბატონი ბესოს სახელი მსოფლიო ხელოვნების ენციკლოპედიაშიცაა შეყვანილი. კიდევ რა სახის ნამუშევრებია მის კოლექციაში თავმოყრილი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დღეისთვის რამდენი ნამუშევარია კოლექციაში, ამას დღევანდელი ინტერვიუდან შევიტყობთ.
ბესარიონ დარჯანია: მე და ჩემი მეუღლე, შეყვარებულობის დროს რუსთაველზე მივსეირნობდით და გვერდით ერთმა ქალბატონმა ჩაგვიარა, რომელსაც გულზე ბროში ებნია. მე მაშინ არც ვიცოდი, კამეა რა იყო. ჩემმა შეყვარებულმა და დღევანდელმა მეუღლემ ჩაილაპარაკა, რა ლამაზი კამეა უკეთიაო. შემხვედრი ადამიანი რომ დაათვალიერო, დაახლოებით ალბათ 10 წამი გაქვს და ამ დროში დავაფიქსირე, ნიჟარაზე შესრულებული ნამუშევარი ებნია ამ ქალბატონს. ბიოლოგს ამის გარჩევა არ გამჭირვებია. ამის შემდეგ, სიურპრიზისთვის დავიწყე მზადება. ჩემი პირველი კამეა გავაკეთე საქორწინო საჩუქრად. მეგობარს ნიჟარა ჰქონდა, გამოვართვი. ბიძაჩემს პოლიკლინიკიდან ჩამოწერილი ბორმანქანა მოვატანინე. ნიჟარის გახერხვაც არ ვიცოდი, ჩაქუჩით დავამტვრიე და ბზარისგან გადარჩენილ ნატეხზე დავიწყე მუშაობა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ბოლოს შედეგი მივიღე. მე კი მომეწონა ჩემი ნახელავი, მაგრამ მაინც შევფიქრიანდი, ღირს ამის მიტანა საჩუქრად თუ დამცინებენ-მეთქი. ამიტომ, მოვინდომე, ჩემი ნახელავი შემეფასებინა და წავედი პეკინის ქუჩაზე, იმხანად ცნობილ საოქრომჭედლოში. ვიკითხე, ვინ არის ყველაზე ძველი ოქრომჭედელი-მეთქი. მიმიყვანეს ერთ პიროვნებასთან, ძალიან ბევრი იცნობს მას თბილისში და არ მინდა, სახელით მოვიხსენიო. ვუთხარი: ეს კამეა მეგობარმა მაჩუქა-მეთქი, ვერ გავბედე მეთქვა, ჩემი ნახელავი რომ იყო, ახლა მინდა მისი ღირებულება ვიცოდე, მერე მეც საკადრისი საჩუქარი რომ გადავცე-მეთქი. დააკვირდა, რაღაც მიქლიბ-მოქლიბა და პლასტმასიაო დაასკვნა. შემდეგ ვითომ სხვათა შორის, არ გაყიდიო? ჩემი ხელით დამტვრეულ ნიჟარაზე მეუბნება, პლასტმასიაო... დავარწმუნე, რომ არ ვყიდიდი და მაინც არ მოვეშვი, ნიჟარა რომ იყოს და არა პლასტმასი, მაშინ რა ეღირებოდა-მეთქი? ასე, 150 მანეთი ეღირებოდაო, – უღიმღამოდ გამოსცრა. სიხარულით ცას ვეწიე. რა გასაკვირია, ეს ხომ ის პერიოდი იყო, გრამი ოქრო, 11 მანეთი რომ ღირდა. ოქრომჭედლის ამ უღიმღამო ნათქვამმა სტიმული შემმატა. მას შემდეგ უფრო აქტიურად შევუდექი მუშაობას.
– რამდენი წლისაა თქვენი კოლექცია?
– უკვე ოცდაექვსის.
– დღეისთვის რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით?
– ათასზე მეტის. მაქვს როგორც პორტრეტული ნამუშევრები, ასევე ფანტაზიის მიხედვით შექმნილიც.
უფროსი მეცნიერ-მუშაკი ვიყავი ბიოქიმიის კვლევით ინსტიტუტში, მაგრამ ჩემი გატაცების გამო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტიც დავამთავრე ქანდაკების სპეციალობით. დროთა განმავლობაში, კომერციული დატვირთვაც მივეცი ჩემს გატაცებას, მაგრამ მაქვს ისეთი ნამუშევრები, რომელთაც ვერასდროს შეველევი. მათ პირად კოლექციაში ვინახავ.
– მაშასადამე, შეკვეთებს იღებთ?
– ხანდახან. დამკვეთებთან ურთიერთობა ცალკე თემაა თავისი ისტორიებით. ერთხელ, ერთი ჟურნალისტი მოვიდა, სასწაულად დაზიანებული ბეჭდის აღდგენა მთხოვა. დიდი დრო მოვანდომე, მაგრამ შევძელი. წასაღებად რომ გამოიარა, ჩემი ნამუშევარი დააფიქსირა.
– რა ნამუშევარი?
– ეს დაკვეთა იყო კამასუტრას თემატიკიდან. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამომივიდა. ჩემი, როგორც ბიოლოგის პროფესია და თვალიც დამეხმარა. ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა. მე დავთანხმდი, ოღონდ ვთხოვე, კამასუტრაზე არ ესაუბრა. მაგრამ, მან ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და ამ პუბლიკაციის შემდეგ, ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა და მეუბნება: ბატონო ბესო, სამაჯურის შეკვეთა მინდა მოგცეთ, ოღონდ ცოტა უცნაურისო. მაინც როგორი-მეთქი? რამდენი ფირფიტაც დასჭირდება, იმდენი კომპოზიცია რომ იყოს მასზე ამოკვეთილო კამასუტრადანო. 6 ცალი ეტეოდა. ქალბატონო, თქვენ სამაჯური გინდათ, თუ შპარგალკა-მეთქი (იცინის). სამაჯურიო. ორი ალბომი მქონდა: მივაწოდე, ამოირჩიეთ, რომელი კომპოზიცია გნებავთ, ჩავინიშნოთ და გეტყვით, რამდენი ხანი დასჭირდება ამ სამუშაოს შესრულებას-მეთქი. თქვენ რომელს შემომთავაზებთო? ბოლოს და ბოლოს შევჯერდით და ამ ქალბატონმა მორიგი ბრძნული დასკვნაც დააბრეხვა: უი, რა ერთნაირი გემოვნება გვქონიაო. მაშინ მოდაში იყო ფარული კამერები. ვიფიქრე, ეს ქალი ნამდვილად მოგზავნილია-მეთქი, გავედი გარეთ, გავიხედე-გამოვიხედე – სიმშვიდეა. მოკლედ, ბევრნაირი ადამიანი არსებობს, კარგია, რომ მათი უმრავლესობის მესმის. ვისიც არ მესმის, მათთან არც კონფლიქტი მაქვს. (იცინის).
ახალგაზრდების დასაქმების პროგრამით ორმა სიმპათიურმა გოგონამ მომაკითხა – ვაკანსია თუ გაქვთო? კი-მეთქი. რა ვაკანსიებიაო? ორი რძალი მჭირდება-მეთქი (იცინის)? ორი საცოლე ბიჭი მყავს, ხომ უნდა ვიცოდე – სარძლო ვინ არის, ვისი შვილია-მეთქი. მეორე დღეს ერთ-ერთმა „სივი“ მომიტანა.
– რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
– ერთი კვირიდან სამ კვირამდე, სირთულისდა მიხედვით. პორტრეტულ ნამუშევრებს უფრო მეტი სიზუსტე სჭირდება და აქედან გამომდინარე, დროსაც მეტს ვანდომებ, როდესაც ფანტაზიას მივენდობი, შედარებით, ნაკლები დრო მჭირდება.
შარდენის ქუჩაზე ვმუშაობდი ჩემს მეგობარ ოქრომჭედლებთან ერთად, ვერცხლის სახელოსნო ერქვა. 15 წელიწადი ვიმუშავე იქ, სანამ გაიყიდა. სწორედ ამის შემდეგ გავხსენი ეს გალერეა, სადაც ამჟამად იმყოფებით. ერთხელ ვერცხლის სახელოსნოში ამერიკის კულტურის ატაშემ შემოიარა. ეტყობა, კამეები უყვარდა. ნახა ჩემი ნამუშევრები და შემომთავაზა, მიმეღო მონაწილეობა ამერიკის კონგრესის პროექტში – ხელოვნება და განათლება. შევავსე განაცხადი, საქართველოდან გავიმარჯვე მხოლოდ მე. ამ კონკურსში მონაწილეობდნენ: მეცნიერების, ფინანსების, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანი მხოლოდ მე ვიყავი. გაცვლითი პროგრამა იყო ოთხთვიანი. ამის პარალელურად, ვმონაწილეობდი გამოფენებში, ამის შემდეგ, შემიყვანეს ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში. ერთადერთი ვარ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ვინც ამ წიგნში შეიყვანეს. წიგნში მხოლოდ მე კი არა, საქართველოს რესპუბლიკაა დაფიქსირებული და მოხარული ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ერთი აგური მაინც მაქვს დადებული.
– რა მასალას იყენებთ ამ მშვენიერების შესაქმნელად?
– კამეა კლასიკური ხელოვნების ნიმუშია. ის სრულდება ზღვის ნიჟარაზე, მამონტისა და სპილოს ეშვზე, ქარვაზე.
– რას ნიშნავს ეს კოლექცია თქვენთვის?
– ეს კოლექცია ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს მახსენებს. ერთი ოცნება მაქვს, კამეაში ავსახო არგონავტიკის თემატიკა, რაც დღემდე არავის გაუკეთებია. თუ ამას მოვახერხებ, ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი მიღწევა იქნება.