კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქალი, რომელიც დედა მეგონა, ჩემი დედინაცვალი ყოფილა

გავიზარდე ძალიან მოსიყვარულე ოჯახში. ჩემს მშობლებს ორი შვილი ვყავდით – მე და ჩემი უმცროსი ძმა. ისე გაგვზარდეს ორივე, ჩვენს სახლში ხმამაღალი სიტყვა არ თქმულა. რადგან გოგო ვიყავი, მე უფრო მანებივრებდნენ და მათამამებდნენ და ჩემს ძმასაც სულ იმას ჩააგონებდნენ, რომ ის კაცი იყო და ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ყოველთვის პატივი უნდა ეცა. სხვათა შორის, ეს ურთიერთობა დღემდე მოგვყვება.

რომ გავთხოვდი, დედაჩემი ძალიან განიცდიდა – ჩემი ნაფერები შვილი ვინმემ არ დამიჩაგროსო და ლამის ყოველდღე მოდიოდა ხოლმე ჩემს ახალ ოჯახში. შვილები რომ გამიჩნდა, გვერდიდან აღარ მომშორებია, მერე ბავშვები თავისთან წაიყვანა და სულ თვითონ გამიზარდა. ამით საშუალება მომცა, მემუშავა და კარიერა გამეკეთებინა, აღარაფერს ვამბობ მიმდინარე წვრილმან და მსხვილმან ზრუნვებზე. ერთი სიტყვით, გიჟი დედა და გიჟი ბებია იყო. ასევე, თან ჰყვებოდა ჩემს ძმასა და მის ცოლ-შვილს. ან როდის ასწრებდა ამდენ რამეს, ახლაც ვერ ვხვდები. მართალია, მამაც ძალიან ეხმარებოდა, ყველაფერში გვერდში ედგა, მაგრამ, დედაჩემისნაირი მშრომელი, ხელმარჯვე, მოხერხებული და თავდაუზოგავი ქალი იშვიათად მინახავს.

ამ სტრიქონების წაკითხვისას, შეიძლება, ბევრმა თქვას, ყველა დედა ასეთიაო და, ალბათ, დავეთანხმები. თუმცა, ყველა დედა რომ დედა არ არის, თავადაც, მოგეხსენებათ, მაგრამ, ამ ყველაფერს ასე დაწვრილებით იმიტომ გწერთ, რომ, მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი და უერთგულესი დედის გარდაცვალების შემდეგ გავიგე ბებიაჩემისგან, ისიც უკვე ღრმად მოხუცი იყო, თორემ, შეიძლება, არც კი გაემხილა ეს საიდუმლო, რომ თურმე ჩემი საყვარელი დედიკო, ჩემი დედინაცვალი ყოფილა: ერთი წლის რომ შევსრულდი, ჩემს ნამდვილ დედას მე და მამა მივუტოვებივართ. რამდენიმე თვის შემდეგ მამას მეორე ცოლი მოუყვანია, ერთ წელიწადში კი ჩემი ძმაც გაჩენილა. მამას მეორე ცოლი ისეთი ღვთისნიერი ადამიანი გამოდგა, რომ თავისი შვილისგან არ გამომარჩია და მთელი დედობრივი ზრუნვა, სითბო და ალერსი ჩადო ჩემს გაზრდაში. ჩემი ძმა რომ გაჩნდა, მამაჩემს ბინა გაუყიდია და სხვა უბანში გადავსულვართ, სადაც არავის სცოდნია ჩემი ნამდვილი დედის ამბავი, მაგრამ, ისე გავხდი დედა, არც სამეზობლოში, არც სკოლაში, არც არსად, არავინ იცოდა, რომ ქალი, რომელიც მზრდიდა, ჩემი დედინაცვალი იყო.

ახლა, როცა ჩემი საყვარელი დედიკო ამქვეყნად აღარ არის, მინდა, მუხლი მოვიყარო მის საფლავთან, ქედი მოვიხარო მისი ქალობის წინაშე და მადლობა ვუთხრა იმ თბილი და ბედნიერი წლებისთვის, იმ ზრუნვისა და ამაგისთვის, იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც თვითონაც მომცა და ჩემსა და ჩემს ძმას შორისაც დათესა. ძალიან მინდა, რომ მეც მისნაირი ცოლი, დედა და ბებია ვიყო, მაგრამ, მასავით, ალბათ, ვერ შევძლებ, რადგან ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან.

ლილი, 32 წლის.



ჩემს დას ფსიქიატრი სჭირდება

მე მგონი, ჩემი და მთლად ჯანმრთელად ვერ არის. ეს წერილი რომ წაიკითხოს, შეიძლება, ეწყინოს, მაგრამ, იქნებ მერე სხვამაც უთხრას რამე და ცოტათი მაინც მოვიდეს გონს. საქმე ისაა, რომ ჩემს დას ჰყავდა ქმარი, რომელსაც ორჯერ გაშორდა და მერე ისევ შეურიგდა. ახლახან მესამედ წავიდა ჩემი სიძე სახლიდან და სამივეჯერ ერთი და იგივე მიზეზი იყო. მე და ჩემს დას საკმაოდ აწყობილი ბიზნესი დაგვიტოვა მამამ. მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შეძლებულები ვიყავით, ნუნუკა რომ გათხოვდა. ჩემი სიძე ერთი ობოლი და ღარიბი ბიჭი იყო. ხნიერი დედა ჰყავდა და ორ პაწაწინა ოთახში ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“. კარგა ხნის გაცნობილი ჰყავდათ ერთმანეთი და მათ შორის არაფერი ხდებოდა – ჩვეულებრივი ამხანაგები იყვნენ, საერთო სამეგობრო წრით. ერთხელ კი ნუნუკამ დაბადების დღე სახლში გადაიხადა და სხვებთან ერთად ზიკოც დაპატიჟა. არ დამავიწყდება მისი გაოცებისგან გადიდებული თვალები, როდესაც ჩვენს ბინაში შემოვიდა – გაფაციცებული იყურებოდა აქეთ-იქით და მთელ სახეზე რაღაცნაირი სიხარბე ჰქონდა აღბეჭდილი. იმ საღამოს მერე ჩემს დას გვერდიდან აღარ მოშორებია, სულ მასთან ცეკვავდა. სადღეგრძელოში ისე აქო და ადიდა, მე შემრცხვა, რომ ვუსმენდი. ყველამ ხმამაღლა აღნიშნა, რა თვალზე შეხედე, ასე რომ, გადაირიე, მანამდე ნუნუკას არც კი ამჩნევდიო, რაზეც ზიკომ უპასუხა, მე ნუნუკა ყოველთვის მომწონდა, უბრალოდ, მერიდებოდა და ჩემს გრძნობას ვერ ვუმხელდი, ახლა კი ღვინომ მომცა სითამამე და ყველას თანდასწრებით ვუცხადებ სიყვარულსო. სიმართლე გითხრათ, მე ამ სიტყვების გულწრფელობაში თავიდანვე შემეპარა ეჭვი, რადგან არ მავიწყდებოდა მისი თვალების გამომეტყველება, ჩემი ჩურჩუტი და კი მაშინვე წამოეგო ჩანგალზე, რადგან საერთოდ გამოუცდელი იყო ბიჭებთან ურთიერთობაში და ერთი გრამი ეშმაკობა არ ჰქონდა.

მეორე დღეს ზიკომ ნუნუკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ესეც, რა თქმა უნდა, მაშინვე გაიქცა და იმ წუთიდან ისე შეუყვარდა, დღემდე ვერ მოსულა გონს. მოკლედ, ზიკომ ნუნუკა შეირთო. მამაჩემმა ცალკე უყიდა ბინა, ყველაფრით მოუწყო და ქალიშვილი და სიძე ცალკე დააბინავა. რა თქმა უნდა, ზიკომ დედაც თან წაიყვანა. თითქოს ყველაფერი კარგად ჰქონდათ ოჯახში, მაგრამ, ერთხელ მათი საერთო მეგობრისგან გავიგე, რომ ზიკო ღალატობდა, ნუნუკამ კი ეს იცოდა და ხმას არ იღებდა, რადგან, ეშინოდა, თავისი ძვირფასი ქმარი სხვასთან არ წასულიყო და ამიტომ ყველაფერს ითმენდა. ერთხელ კი ჩემს სიძეს ჩემი დისთვის უთქვამს, ეს ბინა მე უნდა გადმოვიფორმო, რადგან, სერიოზულ ბიზნესს ვიწყებ და ჩემს სახელზე რამე ქონება უნდა იყოს დაფიქსირებულიო. ჩემს დას გაუხარდა კიდეც ეს ამბავი – იფიქრა, ასე უფრო შევინარჩუნებ ქმარსო და ბინაც და „ჯიპიც” მეორე დღესვე ისე გადაუფორმა, ჩვენთვის არაფერი უკითხავს. იმ ყმაწვილმა კი ბინა გირაოში ჩადო, მანქანა გაყიდა. როგორც მერე გავიგეთ, აღებული ფულით საყვარლის ვალები გაუსტუმრებია და მისთვის პატარა ბინაც უყიდია. ეს ამბავი მამაჩემმა რომ გაიგო, ორივეს საშინელი დღე დააწია, ბინა გამოისყიდა და თავის სახელზე გადაიფორმა (ზიკოს არ უნდოდა, მაგრამ, იცოდა, რომ ამ ბინას თვითონ ვეღარასოდეს ვეღარ გამოისყიდდა. ამიტომ, სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა). ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემმა სიძე სახლიდან გააგდო, მაგრამ ნუნუკამ ისეთი ამბავი ატეხა, ვერ წარმოიდგენთ – მე ისეთი მიყვარს ჩემი ქმარი, როგორიც არის და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებო. მაშინ მამამ უთხრა, კი, ბატონო, ოღონდ, თავი თვითონ ირჩინეთ, მე კაპიკის მომცემი არ ვარ. თანაც, გაჰყევი შენს ქმარს და მის სოროში იცხოვრე, ჩემს სახლში კი მაგ ნაძირალას არ შემოვუშვებო. ერთი სიტყვით, ნუნუკა მამას რომ ვერ მოერია, ზიკომ ჩაალაგა თავისი ნივთები (ჩემი დის ნივთებიც, ძირითადად, ძვირფასეულობა, ბევრი გაიყოლა თან) და წასვლის წინ ნუნუკას პირდაპირ უთხრა, ქონების გამო შეგირთე, თორემ, შენთან რა საერთო უნდა მქონოდა, სიყვარული კი არა, მოწონებითაც არასდროს მომწონდიო. საცოდავი გოგო კინაღამ მოკვდა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ამდენი ხალხის თანდასწრებით უთხრა ქმარმა. მეგონა, ახლა მაინც გამოფხიზლდებოდა, მაგრამ, პირიქით მოხდა: ოცდაოთხი საათი ტახტზე ეგდო და მოთქმით ტიროდა, ზიკო მომიყვანეთ, თორემ, მოვკვდებიო. ის ნაძირალა კი ნუნუს ძვირფასი ნივთებისა და ფულის ხარჯზე გრიალებდა ქალებში და, ჩემი და, რა თქმა უნდა, აღარც ახსოვდა. მერე, ეტყობა, ყველაფერი რომ მიაფლანგა, იფიქრა, ახლა რაღა მეშველებაო და ისევ ნუნუკას დაურეკა – მყვარებიხარ, მაპატიე და შემირიგდიო. ესეც, ცხადია, სიხარულით შეურიგდა, მაგრამ, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ისევ დაახლოებით იგივე განმეორდა (ბინის გადაფორმების გამოკლებით): ზიკომ საკმაოდ სოლიდური თანხა დასტყუა ჩემს დას და ისევ იმ სიტყვებით დაემშვიდობა – არასდროს მყვარებიხარო. მთელი წელი დაგვჭირდა, ნუნუკა დეპრესიიდან რომ გამოგვეყვანა. მერე მამაჩემმა მე და ჩემს დას პატარა ბიზნესი აგვიწყო და გადმოგვცა, რასაც ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ზიკომ მაშინვე დაურეკა ნუნუკას, თავი შეაცოდა, ბოდიშები უხადა, სიყვარული უმტკიცა და, მიუხედავად ჩვენი და თავისი მეგობრების არაერთგზის გაფრთხილებისა, ჩემი სულელი და მაინც შეურიგდა. ის ნაძირალა ჯერ გველივით შემოძვრა, მერე კი ჩვენი ოფისის სალაროდან დიდი თანხა მოიპარა და უკვალოდ აორთქლდა. მამაჩემმა ეს ამბავი ვეღარ გადაიტანა, თვითონაც რაღაც პრობლემები ჰქონდა სამსახურში, თან, უკვე ახალგაზრდაც აღარ იყო და ინფარქტმა დაარტყა. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ბიზნესი, როგორც იქნა, ისევ წამოვაყენეთ ფეხზე. თავზე არ გადაგვდის, მაგრამ, არც მშივრები ვართ. ეს სულელი კი ამას წინათ გამომიტყდა (ეტყობა, გულში ფიქრობს, რომ მხოლოდ ფულით თუ მოიტყუებს თავისთან იმ ნაგავს), ზიკო თუ დამიბრუნდება, ისევ მივიღებ, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარსო.

ამის შემდეგ რაღა უნდა ველაპარაკო, აშკარად ტვინი აქვს შერყეული. ჩემი აზრით, მას ფსიქიკაში აქვს პრობლემა, თორემ, ნორმალური და საღი ფსიქიკის ადამიანს ასეთი ხელიდან წასული ნაძირალა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ყოველ შესაძლო შემთხვევაში ამცირებს და ეუბნება, ვერ გიტანო, როგორ უნდა უყვარდეს?!

მაკა, 38 წლის.

ყველა გოგო მოღალატე მგონია

ძმაკაცის დაბადების დღეზე გავიცანი გოგო, რომელიც მაშინვე შემიყვარდა. როგორც თვითონ მითხრა, ერთი ნახვით შევუყვარდი. ორი შეხვედრის შემდეგ გამომიტყდა, უშენოდ ვეღარ ვძლებ, სულ შენზე ვფიქრობ და შენთან მინდა ყოფნაო. ამ სიტყვებმა ისე „ამაგდო”, ვუთხარი, ცოლად გამომყევი-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. მეორე საღამოს გავიპარეთ და ორივეს მშობლებს გზიდან შევატყობინეთ, რაც მოხდა. ორივე მხარემ გვთხოვა, მშვიდობით დაბრუნდით და ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გავაკეთოთო. მოკლედ, ოფიციალური მხარე მართლაც ყველანაირი წესის დაცვით ჩავატარეთ და ქორწილიც დავნიშნეთ. მამაჩემმა მთლად გაიგიჟა თავი – ჩემი ერთადერთი ბიჭი (სამი და მყავს) ცოლს ირთავსო და გრანდიოზული ქორწილი მოგვიწყო. თათამ მთელი თავისი სამეგობრო დაპატიჟა, რომელთა შორის უმრავლესობა ბიჭი იყო. სტუმრებმა ძალიან იმხიარულეს. ყველა კმაყოფილი დარჩა. მეორე დღეს კი მამაჩემმა საქორწინო მოგზაურობაში გაგვიშვა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ხანდახან თათა ისე უცნაურად იქცეოდა, ვერ ვიგებდი, რა უნდოდა. ჯერ კიდევ საქორწინო მოგზაურობაში ყოფნისას, რამდენჯერმე შევესწარი, რომ მობილურით ვიღაცას ჩუმად ელაპარაკებოდა, მაგრამ, შევიდოდი თუ არა ოთახში, ტელეფონს მაშინვე თიშავდა და დაბნეული და განერვიულებული იწყებდა წინ და უკან სიარულს. რომ ჩამოვედით, ეს საიდუმლო საუბრები გახშირდა, იმ დონეზე, რომ ჩემმა დებმაც კი შეამჩნიეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაირკვა, რომ ჩემს გაცნობამდე რამდენიმე დღით ადრე თათას თავის შეყვარებულთან უჩხუბია. იმ ბიჭს კი არც ბოდიში მოუხდია და არც მერე შეხმიანებია. თათა ამაზე ძალიან განაწყენებულა და მის ჯინაზე გამომყოლია ცოლად, მაგრამ, მერე მიმხვდარა, რომ ისევ ის უყვარდა, თვითონ დაუწყო რეკვა, პატიების თხოვნა და ბოდიშების მოხდა. იმ ბიჭს კი უთქვამს, ცოლად ასი წელი არ შეგირთავ, მაგრამ, თუ გინდა, ჩემი საყვარელი გახდიო. თათას კი უპასუხია, ოღონდ შენთან ვიყო და ყველაფერზე თანახმა ვარო. ეს ყველაფერი ჩემმა დამ გაიგო თათას ერთ-ერთი დაქალისგან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. რა თქმა უნდა, სერიოზული სკანდალი გვქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ თათა ამ ყველაფერს უარყოფდა, მაინც კატეგორიულად მოვთხოვე ჩემი სახლიდან და ცხოვრებიდან წასვლა. მერე კი იმ ბიჭის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერიც ვუთხარი და დავემუქრე, თუ ნებით არ წახვალ, იმასაც ცემით მოვკლავ და შენც ზედ მიგაყოლებ-მეთქი. ამ სიტყვებმა შეაშინა ქალბატონი და იკადრა წაბრძანება. ბიჭსაც კარგა გვარიანად მოხვდა, მაგრამ ამ ყველაფერმა არ მიშველა – ცხოვრება მაინც დამენგრა. კიდევ კარგი, შვილის გაჩენა ვერ მოვასწარით, თორემ, ბავშვიც ხომ გაუბედურდებოდა.

ახლა ყველა გოგოს ეჭვის თვალით ვუყურებ – ყველა მატყუარა, მოაღალატე და ორგული მგონია.

ზაზა, 23 წლის.



ღორს მარგალიტებს ნუ დაუყრი

სოფელში ჩვენ გვერდით ცხოვრობდა შვიდშვილიანი ოჯახი, რომელიც, შეიძლება ითქვას, შიმშილობდა. ისე უჭირდათ, ბავშვები ზაფხულობით ფეხშიშველები დარბოდნენ და ტანზეც ერთმანეთის გამონაცვალი ძონძები ეცვათ.

მამაჩემს ჩვენი სახლის გარშემო კარგი ბაღ-ბოსტანი ჰქონდა გაშენებული და ზაფხულში რომ ჩავდიოდით, საკუთარი, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი გვქონდა. იმ ჩვენს მეზობელს კი მიწაც კი არ ებადა, რომ დაემუშავებინა და რამე მოეწია. ამიტომ მამამ უთხრა, მთელი წლის განმავლობაში შენ მიხედე ჩემს ბაღ-ბოსტანს, რასაც მოიწევ, შენი იყოს, მე მაინც ზაფხულობით ჩამოვდივარ და მხოლოდ მაშინ შეგეზიარები ხილსა, ბოსტნეულშიო. მამა მეურნე კაცი იყო და ერთ წელიწადს ორი ძროხა იყიდა, ისიც იმ მეზობელს ჩააბარა და უთხრა, მოუარე და მთელი წლის განმავლობაში შენ ისარგებლე, ოღონდ, ზაფხულში რომ ჩამოვალთ, რძის პროდუქტი ჩემს შვილებსაც შეახვედრეო. მოკლედ, იმ საწყლებმა ცოტა ამოისუნთქეს და თვალებში გამოიხედეს. თან, როცა სოფელში ჩავდიოდით, დედაჩემი შეაგროვებდა ხოლმე ტანსაცმელს – ჩვენსას, თავისთავად, მაგრამ, დაქალებსაც ჩამოურეკავდა და თუ ვინმეს რამე ჰქონდა: დიდებისა თუ ბავშვების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წიგნები თუ სათამაშოები, ყველაფერი ჩვენთან გროვდებოდა და მერე იმ ოჯახისთვის ჩაგვქონდა, მაგრამ, ახლებსაც ბევრს ვყიდულობდით. ბავშვებმა იცოდნენ, რომ უსაჩუქროდ არ ჩავიდოდით და მთელი წელიწადი მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე ჩვენს ჩასვლას. ისეც ხშირად მომხდარა, რომ მამას ფული გაუგზავნია მათთვის. ამ ყველაფრის გარდა, რამდენჯერმე სამკურნალოდ ჩამოუყვანია ხან ბავშვების დედა, ხან რომელიმე ბავშვი, საავადმყოფოში დაუწვენია და ყველა ხარჯი მამას გაუსტუმრებია.

ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ერთ-ერთი განსაკუთრებით ნიჭიერი აღმოჩნდა ტექნიკურ საგნებში და სკოლის დირექტორს უთქვამს, თბილისში წაიყვანეთ და მათემატიკურ სკოლაში ატარეთ, ცოდვაა ამისი ნიჭის გაფუჭებაო. მამაჩემმა ეს რომ გაიგო, ზუკა წამოიყვანა და მთელი ათი წელი ჩვენთან ცხოვრობდა – ხუთი წელი სკოლის დამთავრებამდე და კიდევ ხუთი წელი – სტუდენტობის განმავლობაში. თუმცა, მათემატიკის სიყვარულისა და ნიჭის მიუხედავად ზუკამ იურიდიულზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მამამ კარგ სამსახურშიც მოაწყო, რის შემდეგაც ზუკამ ცალკე ცხოვრება მოინდომა და ერთოთახიანი ბინა იქირავა. ძალიან კარგი ბიჭი იყო ბავშვობის პერიოდშიც და სტუდენტობის დროსაც. მე და ჩემს ძმას ღვიძლ ძმად მიგვაჩნდა, თვითონაც ყველგან და ყველაფერში გვერდში გვედგა. თავისი მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათისა და წესიერების წყალობით, ყველას სიყვარული დაიმსახურა. თან, ძალზე ჭკვიანი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე იყო და მალე დააწინაურეს.

ასე დაწვრილებით იმიტომ კი არ გიყვებით, რომ ვინმეს რამეს ვაყვედრი, უბრალოდ, მინდა, გიამბოთ, ამ ყველაფერს რა მოჰყვა.

მოკლედ, ზუკა სამართალდამცავ სტრუქტურებში საკმაოდ სოლიდური ფიგურა გახდა და ამ დღიდან დაიწყო მისი, ასე ვთქვათ, მეტამორფოზა. ერთხელ, სუფრასთან რომელიც ჩვენს ოჯახში იყო გაშლილი, მამაჩემს ვითომ ხუმრობით უთხრა, მერე რა, რომ ჩემი მშობლები გლეხები იყვნენ, ჩვენ, მათი შვილები, შენი შვილების გამონაცვალ ტანსაცმელში რატომ უნდა გავზრდილიყავითო. მამა ისე დაიბნა, პასუხი ვერ გასცა. ყველა სახტად დარჩა. მე და ჩემი ძმა ნასვამები ვიყავით და იმ მომენტში ვერც კი მივხვდით, რა თქვა ზუკამ. მერე და მერე, დროთა განმავლობაში, ზუკამ ჩვენთან სიარულსა და ურთიერთობას უკლო. როცა მოდიოდა, მაშინაც უცნაურად იქცეოდა – რაღაცნაირად, თავს გვაყვედრიდა. ერთ ზაფხულს კი, როდესაც სოფელში ჩავედით, ჩვენი სახლის უკანა ეზო, სადაც ხეხილი გვქონდა, შემოღობილი დაგვხვდა – თურმე ზუკას მამამ თავისთვის მოიღობა. როგორ და რა გზებით მოახერხეს, არ ვიცი, მაგრამ იურიდიულადაც ყველაფერი დამტკიცებულ-გაფორმებული ჰქონდათ. მანამდე კი, ისე მოხდა, რომ შემცირებაში მომაყოლეს და უმუშევარი დავრჩი. დედაჩემმა საუბრისას ზუკას უთხრა, ნატას რამე სამსახურს ხომ ვერ უშოვიო. უცხო ენები მაქვს დამთავრებული, კომპიუტერიც კარგად ვიცი და, ალბათ, თვითონაც მოვახერხებდი რამის შოვნას და რატომ იმეტიჩრა დედაჩემმა, არ ვიცი. ზუკამ ძალიან „ვაჟნი” სახით უპასუხა, გავიკითხავ და რამეს მოვუძებნიო. ერთი კვირის შემდეგ კი დედაჩემს დაურეკა და ეუბნება, ერთ ძალიან კარგ ფირმაში დამლაგებელი სჭირდებათ. საკმაოდ კარგი ხელფასი ექნება და, თუ ჭკუა აქვს, უარი არ უნდა თქვასო. განაწყენებულმა დედაჩემმა უთხრა, ეს დავიმსახურეთ შენგანო? ეს ზუკამ იწყინა და საერთოდ შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა – მთელი ცხოვრება მაყვედრით გამონაცვალ ტანსაცმელსო. სწორედ ამ ამბავს მოჰყვა იმ ჩვენი ბაღის წართმევა (თუ მიტაცება).

სხვათა შორის, იმ ორ ძროხაზეც გვითხრეს ზუკას მშობლებმა, მგლებმა დაგლიჯესო, მაგრამ, როგორც მერე გავიგეთ, ორივე გაუყიდიათ, მათი ნაშენი კი თავისთვის დაუტოვებიათ.

დედაც და მამაც უკვე პენსიაზე არიან და ოჯახს იმდენი შემოსავალი აღარ აქვს, რამდენიც მაშინ ჰქონდა, თუმცა, მე და ჩემი ძმა ყურადღებასა და მზრუნველობას არ ვაკლებთ არც ერთს.

სოფელში წასვლა აღარ გვიყვარს, რადგან იქ ზუკას მშობლები და მისი და-ძმა ცხოვრობენ და, ძალაუნებურად, სხვა თუ არაფერი, ყოველ წუთს უნდა დავინახოთ ის ადამიანები, ვისაც ასე თან გადავყევით და ვინც ასე გვატკინა გული.

მათეს სახარებაში მაქვს წაკითხული, ღორს მარგალიტებს ნუ დაუყრიო.

ნატა, 30 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3