ვის და რატომ უნდოდა ჯემალ ჭკუასელის გაკოჭვა და რატომ ფიქრობდა ის თვითმკვლელობაზე
„წარსული ცოცხლობს, მეხმიანება, ცხოვრების გზას მიჩვენებს, როგორც ბრძენი აღმზრდელი. ყველაფერ ამას ისე ნათლად, ისე მშვენიერ ფერებში ვხედავ, ყველაფერი ისე ჰგავს რეალობას, მგონია, მივუახლოვდები, ხელს შევახებ. ისიც გულში ჩამიკრავს, დამიფარავს, ამარიდებს ყოველგვარ ხიფათს, სიცრუეს, ღალატს და ვიქნებით ასე, ერთად, უძლეველნი. მაგრამ, ვაი, რომ ეს ყველაფერი ლამაზი სიზმარია მხოლოდ. გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები”, – ამბობს ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ერისიონის” ხელმძღვანელი ბატონი ჯემალ ჭკუასელი, რომლის გასტროლებმა და ათი წლის წინ საფრანგეთში გადაღებულმა კლიპმა „ქართული ლეგენდა”, მთელი საფრანგეთი და არა მხოლოდ საფრანგეთი, შოკში ჩააგდო. მან თავად დაწერა თავისი ცხოვრების დღიური.
გურია
1935 წლის 18 მაისს, სოფელ წითელმთაში ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. ამ ალიაქოთის მიზეზი მე გახლდით, რაზეც მამამ, შერმადინ ჭკუასელმა ცოტა მოგვიანებით, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად ვისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი ა, აგერ საფეთქელში უნდა მესროლაო. დედაჩემი – ანა გალოგრე ბათუმში სწავლობდა სამედიცინო ტექნიკუმში. ძალიან პატარა გახლდით. ლანდად, მაგრამ მაინც მახსოვს, ყოველი ორშაბათი, როცა დედაჩემი მთელი კვირით მტოვებდა. ნამუსზე მაგდებდნენ – ვაჟკაცი ხარ, ტირილი როგორ გეკადრებაო. მე მაინც ვსლუკუნებდი. ერთადერთი შვება დედაჩემის კაბა იყო, ამოვიჩრიდი იღლიაში და მთელი დღე აქეთ-იქით ვატარებდი. მას დედის სითბო და სურნელი ახლდა. დღესაც და მთელი ცხოვრება თან ვატარებ იმ სითბოს, სურნელს. მამაჩემი ჭკუასაკითხავი კაცი იყო. ულამაზესი ხმა ჰქონდა და უამრავი სიმღერა იცოდა. დღესაც, ერთ მისეულ ნამღერს გურულები „შერმანდულს” ეძახიან. ეს ფაქტი ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და ჩვენს დიდებულ მომღერალს, გური სიხარულიძეს ვკითხე „შერმანდული” რომელი სიმღერაა-მეთქი. მან ასე მიპასუხა – შერმადინს რა სიმღერაც არ უნდა ემღერა, ყველა შერმანდული იყოო. ქართველ კაცს ხალხური სიმღერის სიყვარული ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი დაბადებიდან, მაგრამ დიდი მომღერლის გენები მაინც თავის წარუხოცელ კვალს აჩნევს შთამომავლობას. სწორედ ამ გენებმა იჩინეს თავი მის მემკვიდრეობაში. ჩვენ, მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები სამუდამოდ დავუკავშირდით ხალხური სიმღერისა და ცეკვის დიდ შემოქმედებას. ჩემმა უმცროსმა ძმამ, ჯუმბერმა პედაგოგიური დაამთავრა, მაგრამ მასაც ულამაზესი ხმა აქვს. სიმღერაზე არანორმალურად არის შეყვარებული და სადაც არ უნდა იყოს, სულ ღიღინებს. წლების განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო. ახლა პენსიაზეა.
გზის დასაწყისში
1955 წლიდან უკვე თბილისში წამოვედი საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ მირჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ერთხანს მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ქართული სიმღერის სიყვარულმა სხვა გზით წამიყვანა. იმ დროს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა. 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გამიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში” ვითამაშე. ბეჟანას გმირმა ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში. მირჩევდნენ, ამ გზას გავყოლოდი, თითქოს მეც მინდოდა, მაგრამ... ისევ საყვარელ ანსამბლს მივაშურე, თანაც საბოლოოდ. ანსამბლს არც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავშორებივარ. ერთხანს გარდაბნის რაიონში მთავარ აგრონომად ვიმუშავე, თუმცა, დიდი თავგამოდება ვერ გამოვიჩინე. ამ დროს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, რეორგანიზაცია დაიწყო. ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა – ლოტბარი გურამ ბაქრაძე. ჩემი ქება გაეგონა. მისი დავალებით, მეგობარმა ჯანო გიორგაძემ მომაკითხა – შენ ატამსა და ვაშლს ვერ არჩევ ერთმანეთისგან, რანაირი აგრონომი ხარ, წამოდი, ჩვენთან ანსამბლში იმღერეო. შევკრთი და უარი ვუთხარი. მერე მოჭიდავე რომ იყო, გურამ საღარაძე, მასთან ერთად მომაკითხა. გურამმა მითხრა: იცოდე, თუ არ წამოგვყვები, შეგკოჭავ და ისე წაგიღებო. ასე წარვდექი პირველად ბაქრაძის წინაშე. ჩავირიცხე ანსამბლში. სამი წლის განმავლობაში ანსამბლის წამყვანი სოლისტი ვიყავი. მიაჩნდათ, რომ ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემი კოლორიტული და საოცრად ჟღერადი ბანით. შემდეგ იყო ქუთაისი. 1978 წელს შემომთავაზეს ქუთაისში წავსულიყავი და ანსამბლი ჩამომეყალიბებინა. უარი ვთქვი, თუმცა ბოლოს მაინც წავედი. ძალიან გამიჭირდა. ორი თვის განმავლობაში ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. უცებ გზა გაიხსნასავით და ერთ წელიწადში დიდებული ანსამბლი ჩამოყალიბდა. პრემიერას მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი – შევარდნაძე დაესწრო. ამოვიდა სცენაზე და წარმატება მომილოცა. მერე მკითხა – სადაური ხარო, გურული-მეთქი. მთავარ ქორეოგრაფსაც ჰკითხა – შენ სადაური ხარო. მეც გურულიო. მდივანიც, კოსტიუმების ავტორიც, ყველა გურული აღმოჩნდა. მერე ღიმილით იკითხა – ყველა გურული ხართ და გამაგებინეთ, ამ ქუთაისელებს რა უხარიათო. იუმორი, იუმორია, მაგრამ მწარედაც გამაფრთხილა: ჯემალ, იცოდე, მწვერვალზე ასვლა ძალიან ძნელია და ჩამოვარდნა ძალიან ადვილიო.
შვილები
შერმადინი 1958 წელს დაიბადა და მამაჩემის პატივსაცემად მისი სახელი დავარქვით. ძალიან ესიამოვნა, მაგრამ გურულად მაინც გაკენწლა – მაი ბაღანას ჩემი სახელი დაბადების მოწმობაში კი ჩაუწერეთ, მარა პაწა ხანს ედიშერი დაუძახეთ, იქნებ, მთლად შერმადინი არ დადგეს მაგისგანო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, მეორე კურსიდან დაანება თავი. ჯარში მსახურობდა, ვერც იქ გაძლო ბოლომდე. ბრწყინვალე მუსიკალური მონაცემები ჰქონდა და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში წამოვიყვანე. მერე კონსერვატორიაში ჩააბარა. 1986 წელს თბილისში გადმოვიდა სახელმწიფო ანსამბლში. ახლა „ერისიონის” მთავარი დირიჟორია. ჩემი ქალიშვილი – ეკა ბავშვობიდანვე ცეკვით იყო გატაცებული. გაუმართლა, რომ თავიდანვე ისეთი დიდი ქორეოგრაფის ხელმძღვანელობით მოუწია დაოსტატება, როგორიც რეზო ჭოხონელიძეა. „ერისიონის” სოლისტია და ურთულეს პარტიებს ასრულებს. ამავე დროს არის ანსამბლის პედაგოგ-რეპეტიტორი და წარმატებით ართმევს თავს მოცეკვავე გოგონებთან მუშაობას, მომავალ თაობას ზრდის. მისი მეუღლე – ვანო ჩხაიძე ანსამბლის წამყვანი სოლისტია. უმცროსი ვაჟი – ნიკა კი, მედოლე და მოცეკვავეა. თავად მიმაჩნია, რომ ცუდი მოცეკვავე ვარ და სულ ვამბობ – ეკას დედამისის გენი გამოჰყვა-მეთქი.
სიყვარულის ისტორია
ჩვენი შეუღლების ისტორიაც ერთობ რომანტიკული ამბავია. 1957 წელს დეიდასთან ვიყავი სტუმრად თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე. ეზოში მშვენიერ გოგონას მოვკარი თვალი. ძალიან მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, როგორ შეიძლება, ამ მშვენიერ ფერიას შეყვარებული არ ჰყავდეს-მეთქი (მე რომ მყავდა შეყვარებული, ეს დამავიწყდა). ეს იყო მეცხრე კლასელი გიული ჭულუხაძე. დაიწყო უძილო ღამეები. რამდენიმე ხნის შემდეგ გუმანით მივხვდი, რომ არც ჩემი სანატრელი იყო ჩემ მიმართ გულგრილი. გავთამამდი. დრო ვიხელთე და ყურში რაღაც ჩავჩურჩულე, დანიშნულ დროს მოვიდა. მორჩა, გვიყვარს ერთმანეთი! გიული იმ დროს კინოსტუდიის ანსამბლში ცეკვავდა. დავესწარი ანსამბლის რეპეტიციას. ისე ლამაზად დასრიალებდა, ყინულზე დგასო, იფიქრებდა კაცი. ოცნებაში მასთან ერთად ხელოვანთა ოჯახი შევქმენი, დრო გადიოდა. 7 ნოემბერი იყო. ზაურ ბოლქვაძემ კახეთში რამდენიმე დღით საქეიფოდ წასვლა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. საღამოს გიულის დედას, ქალბატონ ანასტასიას მოვკარი თვალი. ვთხოვე, გიული ერთი წუთით გამოვიდეს, საქმე მაქვს-მეთქი. ათ წუთში გამობრწყინდა მოსწავლის ფორმით. სადგურის მოედანზე მოვდივარ, გასტრონომში პური უნდა ვიყიდოო, – მითხრა. ავუხსენი: საღამოს კახეთში მივდივარ და ვერ შეგხვდები-მეთქი. მივხვდი, ეწყინა. გაგაცილებთო, – მითხრა. სადამდე-მეთქი? – ვკითხე უზომოდ გახარებულმა. სადამდე? – შემომანათა თავისი წყლიანი უმშვენიერესი თვალები. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ქორწინება მოკლე ხანში იღბლიანად მონათლა ყველა ახლობელმა (ცხადია, სიდედრის გარდა). გასათხოვარი გოგონები ხშირად აკითხავდნენ ჩემს სიდედრს – ჩვენც გაგვგზავნე სადგურის მოედანზე გასტრონომში პურის საყიდლადო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ანასტასიამ სხვები აღარ გაიმეტა „გასაუბედურებლად”, ჩემიც საკმარისიაო. მას შემდეგ, ორმოცდაათი წელი გავიდა. ვამაყობ უდიდესი სიყვარულის მადლით დაფუძნებული თოთხმეტსულიანი ოჯახით. არც ჩემზე მდიდარი კაცი მოიძებნება ამქვეყნად – მე გიული მყავს! სამწუხაროდ, გიულის აღარ მოუწია ანსამბლში ცეკვა.
„ქართული ლეგენდა”
2001 წლის 15-16 ივნისს პარიზში ვიყავი. ეს ერთგვარი სარეკლამო ჩვენება იყო – სულ ორი კონცერტი. ამ ჩვენებამ შეძრა პარიზი და არა მარტო პარიზი. მას მთელი მსოფლიოს პრესა აღტაცებით გამოეხმაურა. თვით „ნიუ-იორკ თაიმსმა” ჩვენს კონცერტებს ორი სტატია მიუძღვნა, სადაც აღინიშნა, რომ პარიზში გამაოგნებელი სანახობა იმართებოდა. დამთავრდა ეს ორდღიანი ჩვენება და მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა შემოდგომას – „ერისიონის” ხელახალ სტუმრობას. სწორედ ამ დროს გაჩნდა „ერისიონის” კლიპის შექმნის იდეა. ეს იდეა ფრანგებს დაებადათ. მუსიკის შერჩევაზე ფრანგულმა და ქართულმა მხარემ ერთად იზრუნა. არჩევანი შეჩერდა სიმღერაზე – „შატილის ასულო”. მისი გარემიქსება ითავა პასკალ ჯორდანმა და რობერტ ლეგალმა. კლიპის რეჟისორია ცნობილი კლიპმეიკერი ტივ ვერგნესი. გადაღებები ოთხი დღე მზადდებოდა საფრანგეთის ქალაქ ლე დუზალაში, რომელიც ზღვიდან 1 600 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. გადაღებები კი 3 700 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, მინუს ათ გრადუს ყინვასა და ქარში. მოცეკვავეებს ხმალი ლამის ხელში ეყინებოდათ, მაგრამ წუწუნი არ დასცდენიათ. საინტერესოა, ერთი მოულოდნელი დეტალიც. პასკალ ჯორდანმა თბილისში ჩამოიტანა ჩუქურთმა, რომლის კლიპში გამოყენებაც უნდოდა როგორც „ჯორჯიან ლეგენდის” ლოგოდ. მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩუქურთმა წმიდა ქართული წარმოშობისაა და მეთერთმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. ზემო სვანეთში, სოფელ სუფში არის მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომლის ხის კარზეც აღნიშნული ლოგოა გამოსახული. მსგავსი გამოსახულება გვხვდება თბილისშიც, საპატრიარქოს გალავანზე. სასიამოვნოა, რომ საფრანგეთში ამ ლოგოთი დღესაც გამოდის მაისურები, ქამრები, სანთებელები და დიდი რაოდენობით იყიდება კონცერტების დროს. კლიპმა საოცარი წარმატება მოიპოვა. ქუჩაში 5 000 ვეებერთელა აფიშა იყო გამოკრული. მეტროს ყველა სადგური „ჯორჯიან ლეგენდის” პლაკატით იყო აჭრელებული. ბილეთები არ იშოვებოდა. შავ ბაზარზე ბილეთების ფასმა ათას დოლარს მიაღწია. ვინც გარეთ დარჩა, ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამდენი ხელმოწერა ჩვენში გავრცელებულ ბიუროკრატულ ქაღალდებზე არ დამჭირვებია. ანსამბლის „ოქროს დისკიც” გამოიცა. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. „ოქროს დისკი”, რომელიც 100 000 ტირაჟით გამოვიდა, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა.