ირინა ბაირამაშვილი საერთაშორისო კონკურსზე
ყოველწლიურად, მარტის დასაწყისში მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ფესტივალ „გოლდენ ვოისის” – „ოქროს ხმები” იმართება. წელს კონკურსზე საქართველოს სახელით ირინა ბაირამაშვილი გაემგზავრა. სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენელი კონკურსის წინ გაცივდა და სცენაზე გასვლა სიცხიანს მოუწია. მიუხედავად ამისა, ირინას მიერ მთელი გრძნობით ნამღერმა „კახეთომ” ჟიურიზე საოცრად იმოქმედა. „კახეთომ” ნაციონალური სიმღერების ნომინაციაში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ყაზახ მომღერალ ტატიანა კიმთან ერთად, მესამე ადგილი გაიყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ირინას სცენაზე გამოსვლაც კი სათუო იყო, პრიზი მას ნამდვილად კარგ შედეგად უნდა ჩაეთვალოს. კონკურსზე გრან-პრი არც ერთი მონაწილისთვის არ გადაუციათ, საპრიზო ადგილები კი მოლდოვამ, ბელორუსიამ, მაკედონიამ და უკრაინამ გაიყვეს. მაყურებლის სიმპათიის პრიზი იტალიელმა მომღერალმა, ნუნცო მილომ დაიმსახურა.