რას ვერ ეუბნება ნანუკა გოგიჩაიშვილი მამას და რატომ აურია გეგმები ნათია ბანძელაძემ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გიორგი გოგიჩაიშვილისა და ნათია ბანძელაძის ოჯახის წევრებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და საერთოდ, ეს ოჯახი ძალიან მხიარული, თბილი და მოსიყვარულე იყო. ვინც მათ იცნობს, ალბათ, ამაში დამეთანხმება. მშვენიერი ნანუკა და გოგიჩაც, ამ მხრივ, არ წარმოადგენენ გამონაკლისს. მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
გოგიჩა: ოჯახის წევრები დღის განმავლობაში ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. ამიტომ, დაწყებული დედაჩემი და მამაჩემიდან, დამთავრებული ნინუცათი, რომელიც ყველაზე პატარაა, სულ გვენატრება ერთმანეთი. რომ შევხვდებით – სიხარულის გრძნობა გვეუფლება. ეს რომ ყოველდღე მეორდება, მერე ურთიერთობაზეც კარგად მოქმედებს.
– ახერხებთ ოჯახური თათბირების მოწყობას?
ნანუკა: თუ ვნახე ესენი, კარგია. ოჯახური თათბირი კი არა, რაც ჩამოვედი, წესიერად არ მინახავს არც ერთი.
გოგიჩა: რიგ-რიგობით გვეუბნება რაღაცას, ვისაც დაგვიჭერს.
ნანუკა: ნაწილ-ნაწილ ვუყვები ყველაფერს, ამერიკის ამბებიც კი არ იციან.
გოგიჩა: არ გვიყვები. ყველაფერს, ძირითადად, ჟურნალებიდან, ინტერვიუებიდან ვიგებთ. გვეუბნება – საკუთარ თავზე გადახდენილი ამბების მოყოლა არ მიყვარსო და ჩვენც არ ვაძალებთ.
ნანუკა: არ გეწყინოს და არ ხართ ხოლმე სახლში, როდის უნდა მომეყოლა?
გოგიჩა: დღეს რომ მემესიჯებოდი – მალე მოდიო, სახლში ვიყავი.
ნანუკა: ერთი საათი ვემესიჯებოდი, მამა, მალე მოდი, ინტერვიუ გვაქვს, არ დაგაგვიანდეს-მეთქი. ეს კი მწერდა, უი, ვეცდები მოვიდეო, თურმე მეორე ოთახში იყო და მატყუებდა.
გოგიჩა: რომ მოვედი სახლში, ჯერ კიდევ ეძინა. უფრო სწორად დილით ადგა, ჭურჭელი დარეცხა, დაღლილი იყო, დაწვა და ისევ დაიძინა. არ იცოდა, სახლში რომ ვიყავი.
– საოჯახო საქმეებს აკეთებს?
ნანუკა: როგორ ვწვავ გოჭს, თქვი ახლა.
გოგიჩა: ხანდახან მოუვლის თავში, მივარდება და იწყებს ჭურჭლის დარეცხვას. უფრო მაშინ, როდესაც ბებო დაღლილია. თუმცა, ამ ყველაფერს, ძირითადად, დედაჩემი აკეთებს. ნათია, როდესაც კვირაობით სახლშია, რომელ ტელევიზორსაც ვუყურებ, იმის წინ იწყებს დაგვას. როცა რამე საინტერესოა, მაშინ მოუნდება ეკრანის გაწმენდა.
– მერე, არაფერს ეუბნები?
– არ აქვს აზრი, მეცინება – ამხელა ოთახია, დაიწყე სხვა კუთხიდან. არა, ტელევიზორის წინ უნდა დაგავოს მაინცდამაინც. ნათიას კვირაობით ასეთი რიტუალი აქვს.
ნანუკა: ადრე, სანამ ნათია ახალ სამსახურში დაიწყებდა მუშაობას, ნეტარება გვქონდა – კვირა დღე „დაბრონილი“ იყო ოჯახისთვის. ყველას უნდა მოეცალა – სადმე მივდიოდით, ან ფილმებს ვუყურებდით.
– ნათიამ გეგმები აგირიათ...
გოგიჩა: ნათიამ? მე კი არა, თავის თავს აურია, მგონი, გეგმები. თვითონ აღარ იცის, სად და როდის უნდა იყოს. ურთულესი, საპასუხისმგებლო სამსახური აქვს, ამიტომ მთელი ოჯახი გაგებით ვეკიდებით.
ნანუკა: ნათია სახლში რომ არის, მაშინაც სამსახურშია. ტელეფონზე ლაპარაკობს სამსახურის საქმეებზე.
– მშობლების მიმართ დებს არ აქვთ მოთხოვნები?
გოგიჩა: კაპრიზული გოგონები არ არიან, როცა ფული უნდათ, ძირითადად დედაჩემს მიადგებიან ხოლმე. მასაც თუ აქვს ფული, აძლევს, თუ – არა, ჩემთან აგზავნის. პირდაპირ არ მეუბნებიან.
ნანუკა: ნათიას ვეუბნები, მაგრამ მამა მეცოდება, რაღაცნაირია – საყვარელი და კეთილი. ამიტომ, ბებიას შევუშვებ ხოლმე. როცა სადმე წაყვანა მინდა, ნათიას ვთხოვ, მამას დაურეკე, წამიყვანოს-მეთქი. კი არ მერიდება, სულ დაღლილია და მეცოდება.
გოგიჩა: ბავშვებს თავს ვაცოდებ და ეკონომიას ვაკეთებ.
– დედას უწევთ სამაგიეროდ ექსპლუატაციას.
ნანუკა: ასე გამოდის.
– ნანუკას დაბადება, ალბათ, განსაკუთრებულად გახსოვთ.
გოგიჩა: ნანუკას და მეორე შვილის დაბადებაც განსაკუთრებულად მახსოვს. ნანუკას დაძინება იყო პრობლემა, მთელი ჩემი საძმაკაცო, ნათიას სადაქალო, ნათესაობა, სამეზობლო „ადეალაში“ ჩავსვამდით და ვაქანავებდით. შამპუნის ბოთლი გვქონდა, რომელშიც ღილები ეყარა, ჩხაკუნობდა და ძალიან მოსწონდა. რომ გვეგონა, დაიძინა, ამ დროს დაარიხინებდა ამ ბოთლს. მკლავები გვქონდა ჩაწყვეტილი. თან, მთელი ღამე ეღვიძა და დღე უნდა გვექანავებინა. მეგობრები აღარ მოდიოდნენ სანახავად, რადგან ვინც მოვიდოდა, საათ-ნახევარი უნდა ექანავებინა ნანუკა. მერე ბაღში რომ დაგვყავდა, ყველას ეუბნებოდა, პრინცესა დამიძახეთო. არადა, იცი, რამსისქე იყო, არანაირად არ იყო პრინცესა. სამაგიეროდ, მამაჩემი შევიდოდა ბაღში – ჩქარა, მოდის, მოდისო და ყველა იწყებდა, პრინცესა მოვიდაო. ესეც შედიოდა ბაღში ბედნიერი. მერე უცებ გაწვრილდა, გამაღლდა და ასეთი გახდა.
ნანუკა: როცა რაღაც არ გეკუთვნის, მაშინ უფრო იბრძვი – ხალხსაც ეცოდები, კარგი, დავუძახოთ, მსუქანი, პატარა ბავშვიაო. მეც შევიფერე. მერე, როცა რაღაცას მივაღწიე, უკვე ვიღაც გაღიარებს, უფრო თავმდაბალი ხდები.
– მშობლები, ალბათ, დამოუკიდებელ ადამიანებად გზრდიდნენ.
– ერთი, რაზეც ნათია მეჩხუბება ის არის, რომ თუ რამეს ვკითხულობ – შევყვები, შემიძლია, შუქი არ ავანთო და ძალიან დაბალ, მბჟუტავ შუქზე წავიკითხო. ამაზე მწარდება და კიდევ იმაზე, თბილად ჩაიცვიო.
გოგიჩა: ნათიას სულ სცივა, ზაფხულშიც კი და ჰგონია, რომ ჩვენც გვცივა. აგვისტოც რომ იყოს, მაშინაც კურტკით მოგვდევს.
ნანუკა: ნათიას ზაფხულში გაზი რომ ჩაურთო, ესიამოვნება, დადგება და გათბება. უბრალოდ, არ ითხოვს, ერიდება.
– ნანუკას რომ ემინემი სერიოზულად უყვარს, ამ საკითხს როგორ უყურებთ?
გოგიჩა: უკვე შევეჩვიე, 7 წლიდან უყვარს, რა დაჯერება უნდა ამას. მე ამ საკითხს სერიოზულად ვუდგები, მაგრამ ის კაცი დაოჯახებულია.
ნანუკა: რამდენი ხანია, ცოლს არის გაშორებული.
გოგიჩა: რას ლაპარაკობ, ამას რატომ არ მეუბნებოდი?!
ნანუკა: სადაც მივდივარ, ყველგან მეუბნებიან, რა მშობლები გყავსო და მეც ნეტარებაში ვარ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. როცა შენს ოჯახს ასეთი სახელი აქვს, ყველანაირად ცდილობ საკუთარი ნაბიჯები გააკონტროლო, შენც კარგი გახდე.
გოგიჩა: ამის „პაკალენია“ ამბობს, ნანუკას მამაო, ჩემი კი – გოგიჩას და ნათიას შვილიაო. სიამაყის გრძნობა მეუფლება, როდესაც მეუბნებიან – ვაიმე, რა გოგო გყავსო. მე სულ ვუსწორებ, რა გოგოები-მეთქი. ნინუცა ძალიან კარგად სწავლობს. ამას წინათ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებულა ოლიმპიადა, მე არც ვიცოდი. მითხრეს, ეს რა კარგი გოგო გყავს, როგორ კარგად ლაპარაკობს გერმანულად, როგორი ლიდერიაო. თურმე, რომ ჰკითხეს, მშობლები ხელს გიწყობენო, უპასუხია, რას მიწყობენ, საერთოდ, ვერ ვხედავ ჩემს მშობლებსო. ვინ არიან შენი მშობლებიო – გიორგი და ნათიაო. უი, იმათი შვილი ხარ, რატომ არ იციან, აქ რომ ხარო?! არაფერს ამბობს სახლში. დაგვირეკეს, ბავშვის უცხოეთის პასპორტი მოიტანეთო. გამიკვირდა, პეტრიაშვილზე დადის სკოლაში და რა ვიზა სჭირდება-მეთქი. თურმე, 4 გამოცდა ჩაუბარებია, პირველ ადგილზე გასულა და უფასოდ 4 თვე გერმანიაში ისწავლა. ქუჩაში რომ დადის, განცხადებებს კითხულობს. მერე შედის, ისწავლის და სახლში დიპლომი, ან სერტიფიკატი მოაქვს. ნინუცა ინგლისურად ლაპარაკობს კარგად, გურულადაც. ნანუკა „ლაითი“ გურულია, დინჯია. ის კი – სუფთა გურული.
ნანუკა: სახლში რომ ვხმაურობ, როგორ ვარ დინჯი?!
გოგიჩა: დინჯად ხმაურობ. რომ მღერი ხანდახან, ეს რა ხმაურია.
ნანუკა: ჩვენ ქვემოთ მუსიკოსების შთამომავალი ცხოვრობს. ის მეცადინეობს და ჩვენ კი ვჭიჭყინებთ. თან, ესენი გაწევენ ავეჯს და ცეკვებს დგამენ. ჩვენს სახლში სულ ჟრიამულია – ვმღერით, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია.
გოგიჩა: მე და ნათია ძირითადად ვშაყირობთ და სამეჯლისო ცეკვებს ვცეკვავთ, რომ ამათ გაეცინოთ და კარგ ხასიათზე დადგნენ.
ნანუკა: ამ ცეკვით თქვენ, მარტოებიც, კარგად ერთობით.
გოგიჩა: მთავარია, ნათია სახლში დავიჭირო და მაშინვე ვალსის ცეკვას ვიწყებთ. ძირითადად, საღამოს ან დილას – ყველა რომ შევიკრიბებით, სამსახურში მივდივართ, ამ დროს არის სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი.