კონიაკისა და პირველი ქართული სიგარის პრეზენტაცია “ქალაქურში„
17 ოქტომბერს, კლუბ-რესტორან „ქალაქურში“, ორმა კომპანიამ ერთობლივი პრეზენტაცია გამართა. სრულიად ქართულ პოლიტ-და ბიზნეს ელიტას, ასევე ხელოვანებს, „ასკანელმა ძმებმა“ და „აჭარის თამბაქომ“ უმასპინძლეს, რომლებმაც ახალი კონიაკი და პირველი ქართული სიგარა წარმოადგინეს. როგორც „აჭარის თამბაქოს“ წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, პირველი ქართული სიგარა „გონიო“ აჭარაში მოყვანილი თამბაქოსა და ლათინური ამერიკის შავი თამბაქოს ჯიშების ნაზავია, რომელიც უმაღლესი ხარისხის მისაღებად ჰონდურასში მზადდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მოადგილე იყო. რაც შეეხება „ასკანელ ძმებს“, უამრავი დასახელების ღვინოსთან, ბრენდთან და ჭაჭასთან ერთად, მან ამჯერად კონიაკი „ასკანელი“ შემოგვთავაზა. როგორც იცით, მისი ხელმძღვანელი, გოჩა ჩხაიძე, პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძის მეუღლეა. საღამო კუბურ სტილში იყო გადაწყვეტილი, უკრავდა ოთარ ყუფუნიას ბენდი, ცეკვავდნენ ლათინურ ცეკვებს, მღეროდა ბასილაიას კვარტეტი. საღამოს კულმინაცია იყო კლიპის პრემიერა კომპანია „ასკანელ ძმებზე“, სადაც მსახიობი ლევან უჩანეიშვილი მონაწილეობს.