როგორ დაიმსხვრა მაკა ბურდულის გიჟური სიყვარული და ვის აჩუქეს მისი თავი დაბადების დღეზე
საქართველოში გუჯა ბურდულს ყველა კარგად იცნობს – სათნო, კეთილი, მოკრძალებული თვალებით თემურ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“, ეს მართლაც დაუვიწყარი სახე. მას სამი შვილი ჰყავს – ლადო, მაკა და ბაკური. მათაც დიდი ხანია, საზოგადოებაში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს – ძმები ალტერნატიულ მუსიკას მისდევენ. მაკა კი, მსახიობი და კინოდოკუმენტალისტია. თითოეული მათგანი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა და ასეთივე საინტერესო, არაორდინარული ცხოვრება აქვთ. მაკა საკმაოდ გახსნილი და მხიარული ბუნების ადამიანია. დღეს მას ახლოდან გაგაცნობთ.
– თქვენ იმ კაცის შვილი ხართ, რომელსაც თბილისში კარგი კაცის სახელი აქვს და ყველგან უღიმიან, თბილად ეგებებიან. მოგონებები მამასთან ურთიერთობიდან, ალბათ, თქვენი და თქვენი ძმების ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ.
– მამაჩემი გარდა იმისა, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია – სპორტის ყველა სახეობას ფლობს, უკრავს გიტარაზე, მღერის და ასე შემდეგ, ჯადოქარიც არის. ჩემი ქმარი ხელით ჭერს წვდებოდა და ჩემს შვილს ეს ძალიან უხაროდა, რა მამა მყავსო, მე კი მყავს მამა, რომელიც ბაკურიანში რომ მივდიოდით შეკრებებზე, კოხტაგორაზე ადიოდა და მზე ამოჰყავდა ჩვენთვის. მერე თხილამურებზე დადგებოდა, ზურგზე შემისვამდა და გამაქროლებდა. მე და ლადო ზოდიაქოს ნიშნით ლომი ვართ. მოგეხსენებათ ქალი ლომები ძალიან გულჩვილები არიან და ყველაფერზე ვტიროდი. სხვათა შორის, ლადოს დაბადების დღეს დავიბადე, ლადოს საჩუქარი ვარ. მამა ამბობდა, სნაიპერი ვარო. რაც გასაყოფი იყო გვიყოფდნენ, რაც არა, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებდა. უკეთილშობილესი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბიჭია ლადო. სულ მირეკავს და მეკითხება, რამე ხომ არ გინდა, რამე ხომ არ გიჭირსო. რომ გაგიჭირდეს, ქალამნებს ჩაიცვამს და იმ ვარსკვლავის მოსაწყვეტად წავა, რომელიც შენ გადაგარჩენს. ბაკურს თავისი ცხოვრება აქვს, პატარაა და ნებიერა. არასოდეს გასცემს, პირიქით, იღებს. ლადოს უფრო აქვს ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობა. და-ძმა ერთ კლასში ვსწავლობდით. ჩემს კლასელს ვუყვარდი. ეს ბიჭი მაინცდამაინც მათემატიკის გაკვეთილზე ადგებოდა და ხმამაღლა მეუბნებოდა – ბურდული, მიყვარხარო. მე კიდევ მრცხვენოდა და ვტიროდი. ლადო მიცავდა. სპორტული ბავშვი ვიყავი. მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი. მწვრთნელს გავუვარდი ხელიდან და ხერხემალზე ტრავმა მივიღე. ამიტომ, სპორტს თავი დავანებე, თორემ ყველა გიჟდებოდა, ისეთი მონაცემები მქონდა. ლადოს არაჩვეულებრივი მონაცემები ჰქონდა ფეხბურთში, პელეს ეძახდნენ. მამას ყოველთვის დავყავდით ეკლესიაში. ილოცებდა, მერე წირვას დაესწრებოდა. მაშინ ვინ იცოდა, სად იყო წვერევის ეკლესია, ჩვენ რომ მამას დავყავდით. ძალიან ცნობილი მოძღვარი იყო მამა ზურაბი, ჩვენი ოჯახის ახლობელი. სურვილი გამოვთქვი – მეც მინდა მამა ზურაბი ჩემი მოძღვარი იყოს-მეთქი. ერთმა ახლობელმა მითხრა – ეგღა აკლია მამა ზურაბს, შენ მიგიღოს, იმხელა მრევლი ჰყავს. მამაშენის გამო უარს ვერ გეტყვის და თავი დაანებეო. ამ სიტყვების შემდეგ ცოტა შორს დავდექი ეკლესიისგან. მას შემდეგ გვერდს ვუვლი. მოსკოვში მყავს ჩემი მოძღვარი. მაშინ მივედი, შვილი რომ შემეძინა.
– როდის გააცნობიერეთ, რომ პოპულარული კაცის შვილი ხართ?
– ჩემს ბავშვობაში მამა არ იყო პოპულარული. ჯერ სამაშველო სამსახურში მუშაობდა, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით ათი წელი და ამით ინახავდა ოჯახს. ოცდაერთი წლის ასაკში ჯერ მამა, მერე დედა გარდაეცვალა. სამსახიობო განათლება არ აქვს, თუმცა ყოველთვის არტისტული იყო. დედამ სამსახიობო დაამთავრა და როგორც ყველა ქართველი კაცის, მამას მოთხოვნაც იყო, მსახიობი არ ყოფილიყო.
– ჩემთვის ცნობილია, რომ გუჯა ბურდულის ქალიშვილი თბილისში ერთ ძალიან მაგარ, მურტალოსნაირ ბიჭს უყვარდა, რომელიც თურმე თქვენთვის რაღაც საოცრებებს სჩადიოდა. მართალია?
– ძალიან მაგარ ბიჭს ვუყვარდი. სხვათა შორის, დღემდე აქვს ჩემ მიმართ გრძნობა. ორ იანვარს გავიცანი და სადაც არ უნდა ვიყო, არ არსებობს, რომ ამ დღეს არ დავურეკო და არ მივულოცო. არ უნდოდა, მსახიობი რომ ვყოფილიყავი. იცოდა, თეატრალურში რომ ვსწავლობდი, პარალელურად, კინოსარეჟისოროზე ვიყავი, ოთარ იოსელიანის ჯგუფში. ჩვენი პირობა იყო, რომ თავი უნდა დამენებებინა ინსტიტუტისთვის. ბოლოს, თეატრალურის დიპლომი რომ დაინახა, გაგიჟდა – მსახიობ ცოლს ნამდვილად ვერ ავიტანო. არადა, პატარა გოგო რომ ხარ, სულ სხვა თვალით უყურებ ცხოვრებას. თეატრალურში სწავლობ და გგონია, ვარსკვლავი იბადები, ეიფორიაში ხარ, გიხარია. რამდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა, მოვეტაცე, ქალაქიდან გავედით კიდეც, მაგრამ ვუთხარი, მამაჩემს თავზე ვერ გადავახტები. ჭკვიანად იყავი, თორემ ისეთი თოფები და ხმლები აქვს-მეთქი... მამას ნათქვამი ჰქონდა – ჩემი შვილი ამას არასოდეს მაკადრებსო. იმას კი ერიდებოდა – არ გინდა, გუჯა ბურდულთან მიხვიდე და ხელი სთხოვოო... მამა სულ მეუბნებოდა: იცოდე, შვიდი ქმარი რომ გყავდეს, შენი გენერალი მაინც მე ვარო.
– ყოფილი შეყვარებული კი არა ზოგს საკუთარი ქმარი და შვილები აღარ ახსოვთ. როგორც ჩანს, ყველა გრძნობას, რაც კი ცხოვრებაში გქონიათ, გულში სათუთად ინახავთ.
– ცხოვრებაში უნდა გქონდეს გასახსენებლად ერთი ისეთი ლამაზი თავგადასავალი, როგორიც მე მქონდა. ეს ის არის, რომელზეც სულ შემიძლია, ვიფიქრო და აღტაცებით ვილაპარაკო. თბილი, სანდო, საოცარი ფანტაზიის მქონე ადამიანია. მე ნამდვილად მყავდა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. ის ჩემი უფლისწულია. თუ მექნება საშუალება, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორიის ფრაგმენტი შევიტანო ფილმში, აუცილებლად შევიტან. ზღაპრულ სამყაროში მაცხოვრებდა. აბსოლუტურად ყოველდღე მოჰქონდა ჩემსიგრძე შავი ვარდი, ლარნაკი აღარ მქონდა, რომ ჩამეწყო. ის კიდევ მეკითხებოდა, ჩემი ვარდები ხომ არ დაჭკნაო. დედაჩემი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუშაობდა და მამას ეგონა, დედაჩემს ჩუქნიდნენ. არაფერი იცოდა. ქალი რომ წარმოიდგენს და ინატრებს თავის ცხოვრებაში რაღაც თავგადასავალს, ზუსტად ისეთი სამყარო შემიქმნა. დღეს რა ფერის კაბა გაცვიაო – ტელეფონზე მკითხავდა და იმ ფერის მანქანით მაკითხავდა. ინსტიტუტში გაოგნებულები იყვნენ – ეს ვინ არისო. მანქანის ტარება მან მასწავლა, მაგრამ საჭესთან დაბნეული ვარ, არ ვჯდები. მირჩევნია, მძღოლი მყავდეს. ერთხელ ბაკური გუდაურში ჩარჩა. ვერტმფრენი დაიქირავა და გადმოაფრინა.
– ხომ არ ნანობთ, ასეთი არჩევანი რომ გააკეთეთ? ცოლად რომ გაჰყოლოდით, იქნებ, თეატრალურის დიპლომი დავიწყებოდა.
– დედაჩემმა სიყვარული აირჩია და, მე ვერ ვთქვი სიყვარულის გამო ჩემს პროფესიაზე უარი. რა ვქნა? დედა ულამაზესი იყო და ბრწყინვალე კარიერა ექნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან. მისნაირი გოგონები ქალაქში ერთი-ორი თუ დადიოდა. მაშინ სად კეთდებოდა ამდენი პლასტიკური ოპერაცია, დღეს რომ კეთდება. ყველაფერი „ლაივში“ აქვს. „კალდუნიას“ ეძახდნენ სტუდენტობისას, მარინა ვლადის ამსგავსებდნენ. სამწუხაროა, რომ მას სულ არ ვგავარ. გამოცდებს რომ ვაბარებდი, ეთერ გუგუშვილს გაუგია, ინესას გოგო აბარებსო და დედაჩემს უყვებოდა: ჩავედი ქვემოთ, რომ ინესას განმეორება მენახა სცენაზე და გუჯი არ დამხვდაო, იმდენად ვგავარ მამას.
– როცა ბატონი გუჯა მოსკოვში „ნიკას“ პრიზით დააჯილდოვეს, ფილმ „უძინართა მზეში“ თამაშისთვის, თქვენც თან ახლდით. ის დაბრუნდა, თქვენ კი მოსკოვში დარჩით, სადაც მერე გათხოვდით კიდეც.
– მოსკოვში ბევრი მეგობარი, ნათესავი გვყავს. კარგი სიტუაცია იყო. წარმოიდგინეთ, ახალი წელი მოსკოვში. ეს განათებული მოსკოვი რომ დავინახე, ამ საწყალი, გაუბედურებული თბილისის მერე, წამოსვლა აღარ მინდოდა. ბერლინის კინოფესტივალზეც მე ვიაქტიურე, რომ წასულიყო, იმდენად მორიდებულია ყველაფერში. არადა, ნომინანტი იყო მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. ლამის გაგიჟდნენ, ეს ის კაცი არ არის „მოცურავეში“ რომ ითამაშა და ამ კაცმა ითამაშა მოხუცი გელა ექიმიო? თვითონ ძალიან მორიდებულია. რაც შეეხება ჩემს მოსკოვში დარჩენას, იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მან მითხრა, ისეთი სიხალისე გაქვს, ეს რომ თან წაიღო და წახვიდე, მოსკოვი დაცარიელდებაო. დარჩიო და მეც დავრჩი იმ პირობით, რომ თბილისში ჩავალთ და მამაჩემს დაველაპარაკები-მეთქი. თავისი „სარეკლამო სააგენტო“ ჰქონდა და რაღაც პერიოდით მოსკოვში იყო როგორც ამ სააგენტოს წარმომადგენელი. გვყავს შესანიშნავი ბიჭი – აკაკი. ერთად აღარ ვართ. ჩემი ექსმეუღლეც თბილისში ცხოვრობს. დავაქორწინე. შესანიშნავი ცოლი ჰყავს, მაია. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ტელეფონით სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ვმეგობრობთ. ბავშვი სანამ პატარა იყო, მაინცდამაინც არ იყო შეჩვეული მამას, რომ გაიზარდა, უფრო გაუგეს ერთმანეთს. ახლა გიჟდება ბავშვზე. მეუბნება, ალიმენტი გადამიხადეო. ისე, მართლა ეკუთვნის. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ამისთვის მადლობა უფალს. არც ერთ საკითხში არავისზე არ ვარ დამოკიდებული და თუ შეიძლება, საქართველოში ქალი მართლა ბედნიერი იყოს, ეს მე ვარ. ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი, ჩემი მშობლების გარდა. მამაჩემი არის ჩემთვის ხატი. ბიბლიაშიც ხომ ასე წერია: პატივი ეცი შენს დედასა და მამას. ძმებთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს.