პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ფიდელ კასტროს „ტვიტერს” ხელმომწერების რიცხვი ეზრდება
კუბელი რევოლუციონერის – ფიდელ კასტროს ინტერნეტ-დღიურების პოპულარულ საიტ „ტვიტერზე” არსებული მიკრობლოგის ხელმომწერთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ბლოგში ძირითადად ქვეყნდება კასტროს მოსაზრებანი, კრიტიკა ნატოზე და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. მაგალითად, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს კლუბის ლიდერი ამერიკის ინიცირებულად თვლის და ვიეტნამის ომთან ავლებს პარალელს. აღსანიშნავია, რომ თვითონ ფიდელი კი არ პოსტავს „ტვიტერზე”, არამედ, ამას მისი ის თაყვანისმცემლები აკეთებენ, რომლებიც იყენებენ ფიდელ კასტროს სატელევიზიო და რადიოინტერვიუებს. კასტროს ბლოგთან იდეოლოგიურად დაახლოებულია ვენესუელის ლიდერის უგო ჩავესის მიკრობლოგი, რომელსაც გაცილებით მეტი ხელმომწერი ჰყავს, 1,3 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი.
გვატემალის პირველი ლედი პრეზიდენტობისთვის ემზადება
გვატემალის პირველი ლედი, სანდრა ტორესი, პრეზიდენტობისთვის ემზადება. ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის, ალვარო კოლომას მეუღლემ განაცხადა, რომ ის არანორმალური პოპულარობით სარგებლობს გვატემალის მოსახლეობაში და ეს შანსი მან სათავისოდ უნდა გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ, გვატემალის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ახლო ნათესავებს აკრძალული აქვთ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, თუმცა, სანდრას იურისტების განცხადებით, შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში იგი მიიღებს მონაწილეობას და, თუკი გაიმარჯვებს, გახდება პირველი ქალი პრეზიდენტი გვატემალის ისტორიაში. მისი მეუღლე, ალვარო კოლომა, აღარ გეგმავს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას მოახლოებულ არჩევნებში.
კოტ-დიუვარის არაღიარებული პრეზიდენტი კაკაოს ნაციონალიზაციას აპირებს
კოტ-დიუვარის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ განაცხადა, რომ გეგმავს კაკაოს ნაციონალიზირებას და ეს იქნება მისი პასუხი კოტ-დიუვარის არჩეული პრეზიდენტის ალასან უატარას მიერ გაცემულ განკარგულებაზე, რომლის თანახმად, კაკაოს ექსპორტი 2011 წლის იანვრიდან აიკრძალა, რადგან მოგებული ფულით ხორციელდება არაღიარებული რეჟიმის დაფინანსება. კოტ-დიუვარი კაკაოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ სახელმწიფოდ ითვლება მსოფლიოში. პოლიტიკური კრიზისი კოტ-დიუვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალასან უატარამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო გბაგბომ უარი განაცხადა პოსტის დატოვებაზე და ჯერაც იხანგრძლივებს უკანონო პრეზიდენტობას.
ბერლუსკონი კადაფის მეძავებით ეხმარებოდა
იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის რჩევით, ლიბიის ლიდერი, პოლკოვნიკი მოამარ კადაფი, საესკორტო მომსახურების მეძავების დახმარებით, 2009 წელს აფრიკის კავშირს ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ კადაფის ყოფილმა დიპლომატიურმა მრჩეველმა, ნური ალ-მისმარიმ განაცხადა. მისი თქმით, 2009 წელს აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერი უარს აცხადებდა კადაფის კანდიდატურის მხარდაჭერაზე აფრიკის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე და ამ საქმეში ჩართულმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს კადაფისთან, ორი მეძავი გაუგზავნა იმ აფრიკელ ლიდერს, რომელმაც ესკორტის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა აზრი და მხარი დაუჭირა კადაფის. ალ-მისმარის განცხადებით, იგი 35 წლის განმავლობაში გვერდში ედგა კადაფის და ამის გამო სინანულს გამოთქვამს.
ყირგიზეთის დროებით პრეზიდენტს მამაცობისთვის ამერიკელებმა ჯილდო გადასცეს
ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როზა ოტუნბაევამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან „მამაცობისთვის” დაწესებული ჯილდო მიიღო. საპატიო ჯილდო ოტუნბაევას ჰილარი კლინტონმა გადასცა. ყირგიზელი პოლიტიკოსი გახდა პირველი ქალი, სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა, მანამდე „მამაცობისთვის” მხოლოდ უფლებების დამცველი ქალბატონები იღებდნენ. ოტუნბაევას პრეზიდენტობა 2011 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
ბერლუსკონის მილიონიანი ხარჯები
იტალიურ გაზეთ „კორიერა დელა სერას” ცნობით, 2010 წელს პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ, საერთო ჯამში, 34 მილიონი ევრო დახარჯა. თანხის დიდი ნაწილი გადანაწილდა ძვირფას საჩუქრებზე ქალებისთვის, ადვოკატების ჰონორარებზე, რეზიდენციის შენახვაზე, ძვირფასეულობისა და ჰალსტუხების ყიდვაზე. ჟურნალისტების ცნობით, 560 ათასი ევრო ბერლუსკონიმ 14 ლამაზმანისთვის გამიზნულ საჩუქრებზე დახარჯა. სწორედ ეს ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას ბერლუსკონის გახმაურებულ წვეულებებში. 441 ათასი ევრო ბერლუსკონის ხელიდან მიიღო მისმა პირადმა ადვოკატმა ნიკოლო გედინიმ. გარდა ამისა, ჰალსტუხების მაღაზიაში რამდენიმე ვიზიტში ბერლუსკონიმ 120 ათასი ევრო დატოვა.