პარლამენტმა დაგვიბარა
მოწყვლადი მანდატურები
ის, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში მინისტრები კანონმდებლებს მაინცდამაინც არ სწყალობენ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, თუმცა, თუ გასულ კვირას გამართული პარლამენტის პლენარული სხდომით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს მიდგომა გადაიხედოს. კერძოდ, დეპუტატებმა გადაწყვიტეს (მათ უკვე მთავრობაც დაეთანხმა), რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრებს კვირეულს მოუწყობენ. მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი, კერძოდ, ის, თუ რა ფორმატში დაიბარონ მინისტრები და, რაც მთავარია, როდის. ეს ინიციატივა „ქრისტიან-დემოკრატებს“ ეკუთვნით, ოღონდ, მათ რომ ნაცუმრავლესობა არ დათანხმებოდა, ცხადია, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა (თუმცა, მთავარია, მინისტრების დაბარებამ უსაშველოს რამე ინფლაციას).
ზემოთქმულმა, ის-ის იყო, უმრავლესობა-უმცირესობის ჰარმონიული კანონშემოქმედებითი თანაცხოვრების იმედი ჩაგვისახა, რომ გასული კვირის მიწურულსვე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მცირე ინციდენტი მოხდა: პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგა დეპუტატი (ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე) სხდომათა დარბაზიდან გააძევა, თვითონ რა, მანდატურებს გააძევებინა. მართალია, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბ-ნ ბაქრაძეს ბ-ნი ვეფხვაძე მთლად რეგლამენტის დაცვითაც არ გაუძევებია, მაგრამ, რაკი ამ უკანასკნელს გასაჩივრების უფლება აქვს, იმედია, მოახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას.
მეორე მხრივ, ამ ინციდენტმა აშკარა გახადა პარლამენტის მანდატურის სამსახურის მოწყვლადობა: სპეცტექნიკას ვინ ჩივის, არც სპეცტანსაცმელი აქვთ და, ელექტროშოკი რაა, ისიც კი გააჩნიათ. შესაბამისად, ვფიქრობთ, უმრავლესობელმა დეპუტატებმა არა მხოლოდ განათლების კანონში შესატან ცვლილებებზე უნდა იმუშაონ (საჯარო სკოლის მანდატურების უფლებებითა და აღჭურვილობით გაძლიერების მიმართულებით), სპეცშეიარაღებით არც პარლამენტის მანდატურების მომარაგება აწყენდათ.