პატარ-პატარა ეშმაკობები, ანუ ვარსკვლავების აღნაგობის საიდუმლოებები
ეჭვი არაა, ბევრ ქალს თეთრი შურით შეშურებია ნიკოლ ქიდმანის, ანჯელინა ჯოლის, დემი მურის, ნატალი პორტმანისა და სხვა მეგავარსკვლავების აღნაგობის. დღეს ისინი თავიანთ პატარა „ეშმაკობებს” გაგიზიარებენ. მიჰბაძეთ მათ და, გვერწმუნეთ, შურის მიზეზი თითქმის აღარ გექნებათ.
ნიკოლ ქიდმანი (43 წლის): როცა სასუსნავი მოენატრება, ქიშმიშს აურევს ცოტაოდენ ნატურალურ თაფლში, მიღებულ მასას უსვამს სალათის ფოთლებზე, გადაახვევს და მადიანად ახრამუნებს. გემრიელია, სასარგებლო და, სხვათა შორის, სულაც არ ასუქებს.
დემი მური (48 წლის): მიირთმევს ძირითადად უმ პროდუქტებს. როცა სასწრაფოდ სჭირდება წონაში დაკლება, გადადის ქატოს დიეტაზე.
რენე ზელვეგერი (41 წლის): არ უყვარს მკაცრი დიეტები, მაგრამ ყოველთვის იცავს ერთ წესს: ხორცის ან პურის ნაჭერი (ერთ ჯერზე) სიგრძითა და სიგანით არ უნდა აღემატებოდეს ბანქოს ქაღალდს.
ვიქტორია ბექჰემი (36 წლის): მის რაციონში ძირითადად ზღვის პროდუქტები შედის, ოღონდ, ცხადია, უპუროდ.
კრისტენ დანსი (28 წლის): ყოველდღე მიირთმევს კიტრსა და პაპაიას.
ნატალი პორტმანი (29 წლის): ვეგეტარიანელია. ძირითადად მიირთმევს: სოიას, ხაჭოს, ბროკოლის, ბოსტნეულის სუპსა და ომლეტს.
ანჯელინა ჯოლი (35 წლის): ითვლის ცილებს, ანუ, საკუთარი წონის თითოეულ კილოგრამზე – 1 გრამი ცილა.
კლაუდია შიფერი (40 წლის): მენიუდან ამოღებული აქვს ყავა და ალკოჰოლი. სადილობამდე ნახევარი საათით ადრე, მადის მოსაკლავად, მიირთმევს უმ ბოსტნეულს, ხილს და სვამს სამკურნალო ბალახის ჩაის ან ტომატის წვენს.
ჯულია რობერტსი (43 წლის): თითქმის ყოველდღე მიირთმევს შემწვარ ქათამს, ოღონდ, მომზადების საკმაოდ უცნაური რეცეპტი აქვს: გაწმენდილ-გარეცხილ უმ ქათამს ასხამს უცხიმო იოგურტს (ისე, რომ დაიფაროს), აყრის ბლომად „ჰერკულესს” და მხოლოდ ამის შემდეგ დგამს აირღუმელში. პერიოდულად კი გადადის ზღვის პროდუქტების დიეტაზე.
მადონა (52 წლის): ნებისმიერი საკვების ყოველ ლუკმას მინიმუმ 50-ჯერ ღეჭავს.
ჯენიფერ ლოპესი (41 წლის): მიირთმევს ყველაფერს, თვით ჩიზბურგერებსაც კი, ოღონდ, მკაცრად იცავს წესს: დღეში მხოლოდ 1 500 კილოკალორია!
სინდი კროუფორდი (44 წლის): კვირაში ერთხელ, როგორც წესი, სინდი აწყობს ბრინჯის დღეს. დანარჩენ დღეებში კი თავს დიდად არ იზღუდავს.
უმა ტურმანი (40 წლის): პერიოდულად იცავს ეგრეთ წოდებულ „ტკბილ დიეტას”: ის დარწმუნებულია, რომ ნაყინი, შოკოლადი, მუსები, ათქვეფილი ნაღები და ნამცხვარიც კი, არავითარ შემთხვევაში არ გაგასუქებთ, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მათ გარდა არაფერს მიირთმევთ.
ქემერონ დიასი (38 წლის): არასდროს ამბობს უარს ფასტფუდის საკვებზე, რის შემდეგაც ორი საათის განმავლობაში დადის ფეხით, 8 კილომეტრ-საათი სიჩქარით, რისი წყალობითაც „წვავს” 1 000 კილოკალორიას.
მერაია ქერი (40 წლის): სასუსნავის ნაცვლად მერაია პირში იდებს ყინულის კუბიკს (ყინულის პირის ღრუში გადნობის შედეგად ორგანიზმი კარგავს 40 კილოკალორიას).
კაილი მინოუგი (42 წლის): იდეალური აღნაგობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად კაილის ცეკვა მიაჩნია. მაგრამ, თუ სასწრაფო ზომებია მისაღები, მომღერალი ფორსმაჟორულ დიეტას მიმართავს: ნახევარი ფორთოხალი საუზმეზე, ნახევარი – სადილზე და ნახევარი – ვახშმად, ანუ, ერთი დღის განმავლობაში სულ ერთ-ნახევარი ფორთოხალი.