გაზაფხულის სეზონის მოდური ფერები და თმის შეღებვის საიდუმლო
საერთოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, განსაკუთრებით – ქალბატონებს – მოდაშია ის, რაც გიხდება. ამიტომ, თავს ნუ აიტკივებთ იმაზე ფიქრით, რა ფერის თმაა წელს აქტუალური. თუმცა, გეტყვით, რომ არჩევანი ნამდვილად დიდია, მთავარია, შეუხამოთ თქვენი თვალებისა და სახის კანის ფერს და, რა თქმა უნდა, ასაკსაც. მაგრამ, იმასაც აღვნიშნავთ, რომ წელს, გაზაფხულის სეზონზე ნაკლებად მოდაშია ქერა და შავი თმა (იგულისხმება შეღებილი). არჩევანი კი, შეგიძლიათ, გააკეთოთ ოთხ ძირითად მოდურ ფერს შორის:
1. ულტრა ღია ფერის ზოლები (მელირება) თმას თანამედროვე შტრიხს სძენს. ის უხდება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე, თინეიჯერულ ვარცხნილობებს და, რაც მთავარია, არ გბეზრდებათ, რადგან გელი, რომლითაც ამ ზოლებს გაიკეთებთ, თმას ათი დღის შემდეგ სცილდება.
2. ფერფლისფერი განსაკუთრებით უხდება მოკლე თმას ექსტრავაგანტური ვარცხნილობით. ეს ფერი აახალგაზრდავებს ქალს, სახის კანს კი ოდნავ ფერმკრთალს აჩენს, რაც არისტოკრატულ იერს სძენს სახეს. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ოდნავ შეივარდისფროთ ლოყები.
3. წითური თმა ძალიან უხდებათ ქალებს, რომლებსაც ძალიან თეთრი სახის კანი აქვთ. ასეთ ფერს უხდება მონაცრისფერო-იასამნისფერი მაკიაჟი.
4. შოკოლადისფერი თმა მოეწონებათ იმ ქალბატონებს, ვისაც ბუნებრიობისკენ აქვთ მიდრეკილება. ასეთი ფერი განსაკუთრებით უხდება გრძელ და სწორ თმას.
რაც შეეხება თმის შეღებვას, თუ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, ეს არის ნამდვილი ხელოვნება. გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რომ შეღებვისას თმა მაქსიმალურად ნაკლებად დაგიზიანდეთ:
ა) მნიშვნელობა არ აქვს, სად იღებავთ თმას – სახლში თუ სალონში, უნდა შეიძინოთ ის საღებავი, რომელიც არ შეიცავს ამიაკს.
ბ) საღებავის წასმის შემდეგ არ შემოიხვიოთ თავზე არც პირსახოცი და არც ცელოფანი. ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ თმას იღებავთ ბუნებრივი საღებავით (ინით ან ბასმით).
გ) ონკანის წყალი აუფერულებს შეღებილ თმას, რადგან მას მოჰყვება ქლორი და ჟანგის ნაწილაკები, რომლებიც რეაქციაში შედის მელანინთან და თმას ახუნებს. ამიტომ, თავი დაიბანეთ გადადუღებული წყლით და რომელიმე მცენარის ნახარშით (გვირილის ან ჭინჭრის).
დ) საღებავის ფერს თქვენი თმა მეტხანს შეინარჩუნებს, თუ შეღებვის დღიდანვე გამოიყენებთ თმის ნიღბებს ინტენსიური ფერისთვის.