კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გვექნება თუ არა ორი მზე და რა შედეგებს გამოიწვევს ის

როგორც ჩანს, მსოფლიო მედიასაშუალებებს ძალიან მოსწონთ ადამიანების პანიკურ მდგომარეობაში ჩაგდება. ამ შემთხვევაში, მიზეზი ერთ-ერთი ვარსკვლავის, კერძოდ, ბეთელჰეიზეს მოსალოდნელი აფეთქებაა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისი სიკაშკაშის გამო, თურმე ეს გამოიწვევს, რომ ცაზე ორი მზე იყოს, ტემპერატურა საშინლად მოიმატებს და სიცოცხლეს გაანადგურებს ჩვენს პლანეტაზე. ამ თემაზე რეალური ინფორმაციის გასაგებად ასტრონომს, შალვა საბაშვილს მივმართეთ, რომლის რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საკითხში გასარკვევად საუბარი ზოგადად ვარსკვლავების რაობით დავიწყეთ.

– რა არის ვარსკვლავი?

– ვარსკვლავებს ყველა იცნობს. ისინი ღამის ცის ძირითადი „მოსახლენი” არიან. ვინ არ მოჯადოებულა ღამეული თანავარსკვლავედებით. მათი ფორმები სხვადასხვანაირია. ასტრონომიის გარიჟრაჟზე ადამიანებმა ისინი სხვადასხვა ფიგურებს ან ცხოველებს მიამსგავსეს და სახელებიც მისცეს – დიდი და პატარა დათვი, ორიონი, კასიოპეა და ბევრი სხვა. ყურადღება მიაქციეს ვარსკვლავთა ყოველდღიურ მწყობრ მოძრაობას – ამოსვლა-ჩასვლას, აგრეთვე მათი კონფიგურაციების უცვლელობას არა მარტო დღე-ღამის, არამედ წლების, საუკუნეების განმავლობაშიც.

– რამდენი თანავარსკვლავედი არსებობს? რატომ არ იცვლება მათი ფორმა და როდის შეერქვა სახელები?

– ვარსკვლავთა სხვადასხვა ჯგუფებს ათასწლეულების წინ ყველა ქვეყნის ხალხი არქმევდა სახელებს. განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავთა ჯგუფები ყველამ გამოარჩია, თუმცა სხვადასხვა სახელები მისცა. მაგალითად, დიდ დათვს სხვადასხვა ქვეყნებში უწოდებენ ციცხვს, ცხენს, ჰიპოპოტამს და სხვა, ქართველები კი – გუთანს. დღევანდელი სახელწოდებების უმეტესობა, ძველი საბერძნეთიდან მომდინარეობს, ანუ 2-3 ათასი წლის წინა პერიოდიდან. თუმცა, მათ, ალბათ, უფრო წინანდელი კულტურებისგან მიიღეს. ეს სახელები არეკლილია ჰომეროსის, ჰესიოდეს და სხვა მოაზროვნეთა ნაწარმოებებში. ამჟამად ცა დაყოფილია 88 თანავარსკვლავედად. რაც შეეხება მათ უცვლელობას, ეს შედარებითია. სინამდვილეში ყველა ვარსკვლავი მოძრაობს და თანაც სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ, დროთა განმავლობაში, სახეს შეიცვლის ორიონიც და დიდი დათვიც. ოღონდ, ეს გამოჩნდება ათეულათასობით წლის მერე.

– რატომ?

– ვარსკვლავთა უდიდესი სიშორის გამო. თუმცა, ცალკეულ ვარსკვლავთა სიჩქარე ათეულობით კილომეტრ-წამია, ანუ თვითმფრინავის სიჩქარეზე მრავალასეულჯერ მეტი. ასეთ გრანდიოზულ სიშორეზე მათი გადაადგილება წლების განმავლობაში კი სრულიად შეუმჩნეველია შეუიარაღებელი თვალისთვის.

– რა მანძილია ვარსკვლავებამდე?

– ძალიან დიდი. ამ მანძილთა გამოსახვისთვის ჩვეულებრივი ერთეულების (კილომეტრი) გამოყენება ურთულესია – ძალიან დიდი ციფრები მიიღება. ამიტომ, იყენებენ სპეციალურ ერთეულებს, მაგალითად, პარსეკებს ან სინათლის წლებს. ზოგს ეს ჩვეულებრივ წლებში ერევა. სინამდვილეში ესაა მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გადის ცარიელ სივრცეში. გაითვალისწინეთ, რომ ამ პირობებში სხივის სისწრაფე წამში 300 000 კილომეტრია და მიხვდებით, რაოდენ დიდია სინათლის წელი. შევადაროთ – მზიდან დედამიწამდე უზარმაზარ მანძილს (150 მილიონი კილომეტრი), რომლის გავლას უჩქარესი თვითმფრინავი 5 წელს მოანდომებდა, სინათლე 8 წუთში ფარავს. მეორე შედარება: ჩვენგან ყველაზე ახლო ვარსკვლავი – კენტავრის თანავარსკვლავედის ალფას შემადგენელი „პროქსიმა” 4.3 სინათლის წლის მანძილზეა. ანუ, მისი შუქი ჩვენამდე მოღწევას 4 წელზე მეტხანს ანდომებს.

– სხვა ვარსკვლავები რა მანძილზეა?

– ნებისმიერ სიშორეზეა. მაგალითად, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედში, რომელშიც უკაშკაშესი სირიუსი ბრწყინავს, არის ერთი მკრთალი ვარსკვლავი – ალუდრა. მის სხივებს ჩვენამდე მოსაღწევად 25 საუკუნე სჭირდება. სინათლის სიჩქარე კი, ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარეა. ანუ, ნებისმიერ მოვლენას, რაც იმ ვარსკვლავთან მოხდება, ჩვენ 25 საუკუნეზე ადრე ვერ შევიტყობთ. ეს ნიშნავს, ახლა ამ ვარსკვლავს რომ ვხედავთ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის მდგომარეობაშია. თუ ამ ვარსკვლავს დასახლებული პლანეტაც აქვს, მისი მცხოვრებლებიც ჩვენ, 25 საუკუნის წინანდელ მდგომარეობაში გვხედავენ. მათთვის ჩვენთან ჯერ არც არისტოტელე დაბადებულა, არც ესქილე თუ სოფოკლე, არც ალექსანდრე მაკედონელი და არც ქრისტე. ეს ყოველივე, მათთვის ჯერ მომავალშია. ცხადია, კიდევ უფრო შორი ვარსკვლავებიც არსებობენ. ირმის ნახტომი – ცაზე განსაკუთრებით კარგად ზაფხულობითაა შესამჩნევი. მის ვარსკვლავთა წრიული ზოლი, ანუ, იგივე, რაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრია, ჩვენგან 30 000 სინათლის წლის მანძილზეა!

– რა არის ვარსკვლავი და რის წყალობით ჩანს მათი თანავარსკვლავედი ასეთ გრანდიოზულ მანძილზე?

– ვარსკვლავები თვითმნათი, გავარვარებული აირის სფეროებია, რომელთა გულში მილიონობით გრადუსი ტემპერატურაა. ამის წყალობით გააჩნია ატომებს უზარმაზარი სიჩქარე და ენერგია, რაც შესაძლებელს ხდის, ეგრეთ წოდებულ, ბირთვულ სინთეზს – მსუბუქი ქიმიური ელემენტებისგან მძიმე ელემენტების წარმოქმნას. ამ პროცესში ნივთიერების მასის ნაწილი გამოსხივების ფოტონებად და ეგრეთ წოდებულ ნეიტრონებად (უძრაობის მასის არმქონე ნაწილაკები, რომლებიც სინათლის სიჩქარით მოძრაობენ) გადაიქცევა. ეს გამოსხივება ნელ-ნელა ვრცელდება ვარსკვლავის ზედაპირისკენ და სხივდება სივრცეში ყოველ მხარეს.

– ვარსკვლავთა ნათება მარადიულია?

– რა თქმა უნდა, არა. როცა ვარსკვლავის მთელი ენერგია ამოიწურება, გაცივებას დაიწყებს და სიკვდილისწინა აფეთქებაც მაშინ ხდება.

– დავახასიათოთ ვარსკვლავები. რატომ აქვს მათ სხვადასხვა ფერი და სიკაშკაშე?

– ვარსკვლავთა რადიუსები შეიძლება, იყოს მზის რადიუსზე (700 000 კმ-ზე) რამდენიმე ათეულჯერ ან ასეულჯერ მეტი, ამდენჯერვე – ნაკლები ან მზის სადარი. ნივთიერების რაოდენობით, ანუ მასით, ვარსკვლავი ავსებს შუალედს მზის მასის მეათედიდან ათ მზის მასამდე. ნათობის ძალითაც უზარმაზარი დიაპაზონია – ზეგიგანტი ვარსკვლავები (მაგალითად, რიგელის ნათობა ასაიათას მზეს უტოლდება), მზისნაირი (კენტავრის ალფა ვარსკვლავი ისე ჰგავს მზეს თავისი მახასიათებლებით, თავისუფლად გასწევდა მზის მაგივრობას), თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები – მრავალათასჯერ ჩამოუვარდება მზეს.

– რა აქვს საერთო მზესა და ვარსკვლავებს?

– ის, რომ მზეც ვარსკვლავია, ერთი უბრალო, საშუალო ვარსკვლავი. ოღონდ, ის დედამიწას რადიუსით 109-ჯერ ჭარბობს, მოცულობით 1.3- მილიონჯერ, მასით 333 000-ჯერ და სხვა. მზეც ბირთვული რეაქციების ხარჯზე ანათებს, ოღონდ ის ვარსკვლავია, რომლის ერთ-ერთ პლანეტაზე აღმოცენდა ჩვენი ცივილიზაცია.

– მზე და ვარსკვლავები მუდამ არსებობდა?

– ცხადია, არა. ვარსკვლავში ენერგიის მარაგი სასრულია, ის აინშტაინის ცნობილი ფორმულით გამოითვლება – ვარსკვლავის მასის გამრავლებით სინათლის სიჩქარის კვადრატზე. ასე რომ, ამ მარაგის გაყოფა ვარსკვლავის ყოველწამიერ გამოსხივებაზე გვიჩვენებს, რამდენი ხანი გავიდა ამ ვარსკვლავის დაბადებიდან. მზისთვის ანალოგიური გამოთვლა 5 მილიარდ წელს იძლევა – ესაა მზის ასაკი.

– ვარსკვლავების ასაკი როგორიღაა?

– ვარსკვლავის სრულ ენერგიას მისი მასა განსაზღვრავს. ვარსკვლავთა მასები კი ერთმანეთისგან არც ისე ძლიერ განსხვავდება. აქედან ჩანს, რომ ზეგიგანტი ვარსკვლავების ნათობა მილიონ წელსაც კი ვერ გაგრძელდება, ანუ ისინი ახალგაზრდა მნათობებია. ყველა ვარსკვლავს სხვადასხვა ასაკი აქვს. ზოგი სულაც „ბავშვია” (ასეული წლები) ან ახლა იბადება.

– როგორ იბადება ვარსკვლავი?

– თანამედროვე ასტრონომიის შეხედულებით, ვარსკვლავი ფორმირდება უზარმაზარი აირ-მტვრის კომპლექსების გრავიტაციული კუმშვის პროცესში (საწყისი ზომები – 1 ან რამდენიმე სინათლის წელი). კუმშვა შეიძლება, დაიწყოს გარეშე ბიძგით, მაგალითად, სინათლის წნევით, მერე კი გრძელდება ამ ღრუბლის ნივთიერების საკუთარი გრავიტაციული მიზიდულობით. ნებისმიერი სხეული, ვთქვათ დედამიწა, იზიდავს არა მარტო გარეშე სხეულებს (ამით იხსნება, ვთქვათ, საგანთა ვარდნა დედამიწაზე), არამედ საკუთარ შემადგენელ ნაწილებსაც, მაგალითად, მთა – დედამიწის ნაწილი მიიზიდება დედამიწის ცენტრისკენ, ანუ აქვს წონა. აირმტვრის კომპლექსის თავისთავადი „ვარდნა” მისი ცენტრისკენ თანდათან ზრდის ტემპერატურას, გრავიტაციული ენერგიის გამოყოფის ხარჯზე, ასევე სიმკვრივესაც. ღრუბელი თანდათან გაუმჭვირვალე ხდება საკუთარი გამოსხივების მიმართ. თუ ცენტრალურმა ტემპერატურამ რამდენიმე მილიონ გრადუსს მიაღწია, უკვე „ჩაერთვება” ბირთვული რეაქციები და ეს ობიექტი მნათ სხეულად, ანუ ვარსკვლავად იქცევა. შემდეგ მას გრძელი გზა აქვს გასავლელი, სხვადასხვა სტადიებით, რაც სრულდება ეგრეთ წოდებული წითელი გიგანტის წარმოქმნით, ბოლოს კი აფეთქებით. სხვადასხვა სახის ვარსკვლავი, რომელსაც კოსმოსში ვხედავთ, განვითარების სხვადასხვა სტადიაშია. რაც შეეხება ფერებს, ეს ვარსკვლავის გარე ფენების ტემპერატურას არეკლავს – წითელი ვარსკვლავების გარსი ასე 2 000 გრადუსს შეესაბამება, ყვითელი ვარსკვლავებისა (მზე) – 6 000 გრადუსს, იისფერების – 50 000 გრადუსს.

– ახლა გადავიდეთ ბეთელჰეიზეზე, როგორი ვარსკვლავია ის?

– ბეთელჰეიზე ორიონის თანავარსკვლავედის შვიდეულის ზედა მარცხენა კიდეშია. ესაა წითელი ვარსკვლავი, ცვალებადი სიკაშკაშის – რადიალური პულსაციის (პერიოდული გაბერვა-დაჩუტვა) გამო, დაახლოებით, ექვსწლიანი პერიოდით ირხევა და მაქსიმალურ ზომაში მისი სიდიდე ორჯერ მეტია მინიმალურთან შედარებით. ესაა ცნობილ ვარსკვლავთა შორის უდიდესი. მისი დიამეტრი თითქმის 1 000-ჯერ აღემატება მზისას, ანუ 100 000-ჯერ – დედამიწის დიამეტრს. ამ ვარსკვლავში დედამიწის ათის მეთხუთმეტედი, ანუ მილიონჯერ მილიარდი სფერო მოთავსდებოდა, ყოველ წამში თითო დედამიწის ჩაგდებით, მას მხოლოდ 30 მილიონ წელიწადში ავავსებდით. მზის ადგილზე რომ ბეთელჰეიზე იყოს, ის დაფარავდა მერკურის, ვენერას, დედამიწის, მარსისა და შესაძლოა იუპიტერის ორბიტასაც! ეს გიგანტი გამოსხივების ძალით, 20 000 მზეს უტოლდება. ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზეა და ყოველწამიერად 20 კილომეტრით გაგვირბის... რაც შეეხება „ისტორიას”, ბეთელჰეიზემ გაიარა თავისი სიცოცხლის გზის ძირითადი სტადიები, ახლა ის წითელი ზეგიგანტის სტადიაშია, ეს ეტაპი ათი ათასი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მისი მომავალი აფეთქების ზუსტი ვადის დასახელება ძნელია, მაგრამ ეს რომ მოხდება – გარდაუვალია.

– მომხდარა თუ არა „ისტორიულ” პერიოდში მსგავსი აფეთქებები?

– რა თქმა უნდა! 1054 წელს ჩინეთსა და იაპონიაში დაფიქსირდა ზეახალი ვარსკვლავის ანთება. ასეთ დროს ვარსკვლავი გამოტყორცნის გარე ფენებს სივრცეში და ქმნის გაფართოებად ნისლეულს, რომლის სიჩქარეა ათასობით კილომეტრ-წამში. ვარსკვლავის შიდა, დარჩენილი ნაწილი კი გრავიტაციულ, კატასტროფულ კუმშვას (კოლაფსს) განიცდის და გადავა ახალ, ზემკვრივ, მცირე ზომის მდგომარეობაში. თუ როგორში, ეს მასაზეა დამოკიდებული. 1.5-დან 3 მზის მასამდე შუალედში ვიღებთ ასე 20-კილომეტრიან ნეიტრონულ ვარსკვლავს. უფრო ნაკლები მასების დროს კი – დედამიწისოდენა თეთრ ჯუჯა ვარსკვლავს. 3-ზე მეტი მზის მასის დროს კი კუმშვა არ წყდება, ვარსკვლავი შედის ეგრეთ წოდებულ გრავიტაციულ სფეროში და უჩინარი ხდება. კოლოსალური გრავიტაციის გამო ასეთი ვარსკვლავიდან სინათლე ვეღარ ახერხებს გამოსვლას – წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი ან შავი ორმო. თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები დიდი ხანია, ცნობილია, ასეთია, მაგალითად, სირიუსის თანამგზავრი. ნეიტრონული ვარსკვლავები 1967 წელს აღმოაჩინეს, ცნობილია, უკვე რამდენიმე ასეული. ისინი ძალიან ჩქარა ბრუნავენ – მათი „დღე-ღამე” შეიძლება, იყოს 4 წამიდან წამის მეათასედამდე. შავი ხვრელების კანდიდატებიც კოსმოსში უკვე მიგნებულია.

რაც შეეხება 1054 წლის მოვლენას, ზეახალი ვარსკვლავი მილიონჯერ კაშკაშაა მზეზე, ამიტომ, ეს ვარსკვლავი რამდენიმე კვირას დღისითაც კი ჩანდა ცაზე. მერე ჩაქრა. ამჟამად, მის ირგვლივ არსებობს ეგრეთ წოდებული კიბორჩხალას ნისლეული, რომელსაც ასტრონომები დაჟინებით სწავლობენ. ცენტრში კი ნაპოვნია ზემკვრივი პულსარი, რომელიც წამში 33 შემობრუნებას ასწრებს. მისი ყოველი სათითესოდენა მოცულობა მილიარდ ტონას აიწონიდა დედამიწაზე! ანალოგიური ზეახალი ვარსკვლავის ანთებები შეამჩნიეს კეპლერმა (1604 წელს) და ტიხო ბრაჰემაც (1572 წელს). მიიჩნეოდა, რომ საშუალოდ, ჩვენს გალაქტიკაში, რომელშიც 200 მილიარდი ვარსკვლავია, 300 წელიწადში ერთი ზეახალი ვარსკვლავი ფეთქდებოდა. ახლა კი მიიჩნევა, რომ ვარსკვლავთა „სიკვდილიანობა” ათჯერ უფრო ხშირია. ზეახლები, ცხადია, სხვა გალაქტიკებშიც ინთებიან. ასეთი ზეახლები აღმოჩენილია აბასთუმნის ობსერვატორიაშიც, ამ მხრივ „რეკორდი” გივი ქიმერიძეს ეკუთვნის. ანთება 2-3 კვირას აღმავალ სტადიაშია, მერე კი, დაახლოებით, ორ თვეში, მაქსიმუმზე ათჯერ ნაკლები ძალის ხდება.

ანთებისას გამოტყორცნილი ნისლეული თავიდან ფართოვდება სიჩქარით 10-20 000 კილომეტრი წამში, მერე ურთიერთქმედებს ვარსკვლავთშორის გარემოსთან, წარმოქმნის დარტყმით ტალღას და მუხრუჭდება. ათეულ წელიწადში დაახლოებით 30 სინათლის წლამდე ფართოვდება, სადაც მილიონ გრადუსამდე აცხელებს პლაზმას. მას შეუძლია, ათობით მზის მასის ეკვივალენტური ვარსკვლავთა შორისი ნივთიერება გაიტაცოს. ასეული ათასი წლის მერე კი სიჩქარე 10 კილომეტრ წამამდე მცირდება და ნისლეულიც იფანტება. ასეთი ნისლეულები სამყაროში ბევრია აღმოჩენილი.

რაც შეეხება ბეთელჰეიზეს, თუ ის აფეთქდა და მილიარდი მზის ნათობას მიაღწია, მისი ხილული ვარსკვლავური სიდიდე 11-ით შემცირდება, ანუ 10-ს მიაღწევს. გიგანტური მანძილის წყალობით, დედამიწიდან ის მაინც წერტილოვანი ობიექტი იქნება. მისი სიკაშკაშე კი სავსე მთვარისას რამდენიმე პროცენტით გადააჭარბებს. ეს არავითარ საფრთხეს არ შექმნის. თუმცა, ყველაფერი ანთების კონკრეტულ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და მასშტაბი შეიძლება, ბევრად ნაკლები ან რამდენადმე მეტიც იყოს. რაც შეეხება აფეთქებული მატერიის ჩვენამდე მოღწევას, ეს გამორიცხულია უახლოეს 100 000 წელიწადს მაინც.

აქვე რამდენიმე შენიშვნა:

1. თუ ახლო წლებში ბეთელჰეიზე მართლაც აინთო, ეს ნიშნავს, რომ მისი რეალური აფეთქება 700 წლის წინ, მეთორმეტე საუკუნეში მომხდარა და ამდენ ხანს აფეთქებისას გამოყოფილი სინათლე გზაში იყო.

2. გამოთქმა, რომ იქნება ორი მზე, არ არის ზუსტი არც გეომეტრიული ზომის, არც სიკაშკაშის მიხედვით, რადგან ის მთვარეზე უფრო მკრთალი, წერტილოვანი ობიექტი იქნება.

3. თუ აენთება ბეთელჰეიზეზე ვთქვათ, ათჯერ ახლობელი ვარსკვლავი, მაშინ პროცესის სიმძლავრეც ასჯერ გაიზრდება. ანუ, ბედმა გაგვიღიმა, რომ ბეთელჰეიზე შორსაა!

4. აფეთქების მერე ბეთელჰეიზე, უკეთეს შემთხვევაში, თეთრ ჯუჯად იქცევა, ანუ დაირღვევა ორიონის კლასიკური სახე, ათასობით წელს რომ აჯადოებდა დედამიწელებს. გვახსოვდეს, თანავარსკვლავედთა სახე დროის დიდ შუალედებში განუწყვეტლივ ცვალებადობს. ვარსკვლავი მოძრაობს, იბადება და კვდება. ამაში არაფერია საკვირველი. დედამიწელები არათუ რომელიმე ახლო ვარსკვლავის, არამედ თვით მზის აფეთქების მომსწრენიც გახდებიან, ასე 5 მილიარდი წლის მერე! დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას!


скачать dle 11.3