კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა მხედველობა დათო ყვირილიანმა და როგორ გახდა ის მთამსვლელი

დაახლოებით ერთი თვის წინ უსინათლო დათო ყვირილიანმა მთამსვლელების დახმარებით შეძლო მთაზე ასვლა. გარდა ამისა, ძალიან აქტიურია მისი ცხოვრების წესი, მუშაობს უსინათლოთა კავშირში და თბილისის ზღვიდან ფონიჭალაში ყოველდღე მარტო დადის. როგორ შეძლო დათო ყვირილიანმა დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბება, რატომ ცდილობს, რომ ყოველთვის აკეთოს სიკეთე და რისთვის გამოიყენა მან მთაზე ასვლის ფაქტი ტრიბუნად, თავად დათომ გვიამბო.

დათო ყვირილიანი: ის, რომ დღეს საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ და ვარ დამოუკიდებელი, პირველ ყოვლისა არის ჩემი ოჯახისა და მეგობრების დამსახურება. მათგან არასოდეს მიგრძნია ჩემი უსინათლობა. მთავარია, სწორად მოხდეს საზოგადოებაში ჩვენი ინტეგრაცია. ამჟამად ვმუშაობ უსინათლოთა კავშირში – ოკუპირებული ტერიტორიების თავმჯდომარის მოადგილე ვარ. დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 12 ათასამდე უსინათლო, მაგრამ ეს ოფიციალური სტატისტიკა არ არის. მე მთლად უსინათლო ვარ, ერთი თვალი 7 წლის ასაკში დავკარგე, მეორე კი – 8 წლისამ და ოპერაციაც აღარ მშველის.

– დათო, შენ ხარ აფხაზეთიდან ლტოლვილი. აქ როგორ მოხვდი?

– თბილისში 1990 წელს ჩამოვედი, ავლაბარში სპეციალურ სკოლა-პანსიონში ვსწავლობდი. ომი რომ დაიწყო, 16 აგვისტოს, იქ ვიყავი. ჩვენი სოფელი მთლიანად ბლოკირებული იყო და გემებით გამოჰყავდათ იქიდან ახალგაზრდები, ქალები და ბავშვები. როდესაც ბოლო გემი აპირებდა გამოსვლას, ჩემმა მეზობელმა ამიყვანა გემზე, ჩემები კი ყველა იქ დამრჩა. თბილისში ჩამოსულებს ვუთხარი, სადაც ვსწავლობდი და სკოლაში დამტოვეს, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მომაკითხა დედამ.

– შენ ხარ მსოფლიოში მეცხრე უსინათლო, რომელმაც მთაზე ასვლა შეძლო. როდის გაგიჩნდა ამის სურვილი?

– სურვილი გამიჩნდა აპრილში, როდესაც კრეატიული სტუდია „ჯეოს” ხელმძღვანელთან დავმეგობრდი. როდესაც მან ჩემი ისტორია მოისმინა, გადაწყვიტა, დოკუმენტური ფილმი გადაეღო ჩემ შესახებ. ძალიან ბევრი ვერსია არსებობდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, მთაზე ავსულიყავი და ამით საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ღმერთის დახმარებით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. დაახლოებით სამი თვე დამჭირდა ფიქრისთვის, მაგრამ მთელი ჯგუფი მეხმარებოდა, მთამსვლელები ყველაფერს დაწვრილებით მიხსნიდნენ, დაწყებული რელიეფით, დამთავრებული იმ შესაძლო პრობლემებით, რაც, შეიძლება, მთაზე ასვლის დროს შექმნილიყო. ამ ყველაფერს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა მეტ-ნაკლებად ნაცნობ გარემოში ვყოფილიყავი. მთაზე ასვლა ძალიან რთული იყო, მაგრამ მე ეს შევძელი, შემართებაც ძალიან დიდი მქონდა, თუმცა, 4 000 მეტრ სიმაღლეს რომ მივაღწიე, გაჩერება მინდოდა, მაგრამ მონდომებამ თავისი ქნა და შევძელი. მთაზე ასვლა მე გამოვიყენე ტრიბუნად, რომ საზოგადოებაში მომხდარიყო ჩვენი სწორი ინტეგრირება. ამით მე ყველას დავანახვე, რომ, მიუხედავად ჩემი პრობლემისა, ყველაფერი შესაძლებელია.

– დათო, შენ სწავლობდი სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძე უნივერსიტეტში. არ გაგიჭირდა?

– ავლაბარში ვსწავლობდი სპეციალურ სკოლაში, სადაც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით გვასწავლიდნენ. მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ბრაილის წიგნები აღარ გვქონდა და ძირითადად აღმზრდელები გვიკითხავდნენ ტექსტებს. ამანაც გამომიმუშავა ინსტინქტი, რომ შინაარსი სმენით დამემახსოვრებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სოხუმის უნივერსიტეტში, ჯიქიას ქუჩაზე. იქ ჩემი ბევრი მეგობარი სწავლობდა და სიარულში მეხმარებოდნენ, კონსპექტებს მიწერდნენ. პირველი ორი წელი დედაც მეხმარებოდა – წიგნები სახლში მომქონდა და ის მიკითხავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძირითადად საკუთარ თავზე დამოკიდებული გავხდი. ძალიან რთულია, როდესაც არ არსებობს სპეციალური ლიტერატურა, რომ დაუხმარებლად შევძლოთ სწავლა.

– ძალიან ბევრ უსინათლოს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, არ უნდათ საზოგადოებასთან ურთიერთობა. შენ როგორ გადალახე ეს ბარიერი?

– როგორც აღვნიშნე, ამაში ჩემმა ოჯახმა ითამაშა დიდი როლი. სკოლაშიც იძულებული ვიყავი, საკუთარი თავისთვის თვითონ მიმეხედა. ეს პრობლემა ძირითადად იმათ უჩნდებათ, ვისაც სკოლის პერიოდი გავლილი არ აქვს; კიდევ იმათ, ვისაც ცნობიერება ჩამოყალიბებული აქვთ, ასე თუ ისე, იცნობენ ცხოვრებას და უცებ დაკარგავენ მხედველობას. თან, ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და შეეგუო. 11 წლის ვიყავი, მამა აფხაზეთში რომ დამეღუპა, საფლავიც არ ვიცი მისი და დედაც რომ გარდაიცვალა, აბსოლუტურად მარტო დავრჩი. მას შემდეგ ვცდილობ, ყოველთვის ვაკეთო ბევრი კეთილი საქმე და ვიყო კიდევ უფრო ძლიერი. ამჟამად ვცხოვრობ თბილისის ზღვაზე, დევნილების დასახლებაში, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. სამსახური მაქვს ფონიჭალაში და ყოველდღე მარტო დავდივარ სამსახურში. რთულია, მაგრამ, ღვთის წყალობით ყველაფერს ვახერხებ. გამომიმუშავდა ინტუიცია, მაქვს არაჩვეულებრივი სმენა. ახლა რომ ჩამიყვანო აფხაზეთში, სადაც ვცხოვრობდი, სულ ზეპირად მახსოვს ყველაფერი. მყავს ბევრი მეგობარი. 150 კაცია ჩემი კავშირის წევრი და ვცდილობ, ყველასთან ვიმეგობრო. სამსახურში გვაქვს ჩვენი ბიბლიოთეკა. კრეატიული ჯგუფი „ჯეო” აპირებს თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების დაბეჭდვას ბრაილის შრიფტით, რაც უსინათლოებს საშუალებას მოგვცემს, გავეცნოთ ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. სამწუხაროდ, ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა და დიდი ნაწარმოებების ბეჭდვას თავს არიდებენ.

– თუ გაქვთ მხარდაჭერა, რომ შეიქმნას თქვენთვის საჭირო ლიტერატურა და ინვენტარი?

– ინტერნეტში შეიქმნა სპეციალური გვერდი და ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ყველაფრის კეთება. ამისათვის კი საჭიროა სპეციალური ნივთები. თავისუფლად შეგვიძლია ჭადრაკის თამაში, მაგრამ, ფიგურები უნდა იყოს განსხვავებული, რომ თეთრისა და შავის გარჩევა მოვახერხოთ. შეგვიძლია, მობილურის ხმარება, კომპიუტერთან ურთიერთობა, მაგრამ, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხმოვანი სიგნალი. ახლა უსინათლოთა კავშირმა მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: თბილისის მერიისა და ივანიშვილის ფონდის დახმარებით, მოკლე დროში უსინათლოებისთვის შეიქმნება ქართულენოვანი სისტემა, რომლის დახმარებითაც ქართველ უსინათლოებს შეეძლებათ მობილურის თავისუფლად ხმარება, ქოლცენტრში მუშაობა და, ინფორმაციის მარტივად მიღება.

– რას ეტყვი უსინათლოებს, როგორ მოახერხონ ამ პრობლემასთან გამკლავება?

– მთავარია, ადამიანი იყო ბრძოლისუნარიანი და არ დაეცეს სულიერად. თუ ეს პრობლემა გადალახე, ყველაფერს შეძლებ. დამიჯერეთ, გამოსავალი ყველა სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს.


скачать dle 11.3