რა შემთხვევაში უვითარდება ცხოველს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი და რისი მანიშნებელია ეს
შეიძლება, ბევრმა დიდი ყურადღება არ მიაქციოს სუნს, რომელიც მის ცხოველს პირიდან ამოსდის. ეს არასასიამოვნო სუნი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენმა ცხოველმა რამე საეჭვო საკვები მიირთვა. გახსოვდეთ, თუ თქვენს ძაღლს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ესე იგი, მას გარკვეული პრობლემები აქვს პირის ღრუში და ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს გავესაუბრეთ.
– რა შემთხვევაში იგრძნობა ცხოველის პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი და რას ნიშნავს ეს?
– ეს არის პარადონტიტი, კბილის ფესვის გარშემო არსებული ქსოვილების ანთებითი დაზიანება, რაც ძაღლებში პირის ღრუს დაავადებებიდან ყველაზე ხშირია. პარადონტოზი კი არის კბილის ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილების არაანთებითი ხასიათის დაზიანება, რომელიც მიმდინარეობს ღრძილების ქსოვილების და ყბის ძვლების დეგენერაციული დაზიანებით. ამ დროს შიშვლდება კბილის ყელი და კბილები თითქოს უფრო მაღალი ჩანს. გვიან სტადიაზე კბილი იწყებს რყევას და ვარდება ალვეოლებიდან. აღნიშნული დაავადება იშვიათად გვხვდება და მას ხშირად შეცდომით პარადონტიტს უწოდებენ.
– რა არის დამახასიათებელი პარადონტიტისთვის?
– პარადონტიტის განვითარებისთვის დამახასიათებელია კბილის ნადები, კბილის ქვები, ღრძილების სიწითლე, ღრძილებსა და კბილებშორისი ჯიბეები, რომელშიც შეიძლება, ჩირქიც იყოს, რაც პირის ღრუში არასასიამოვნო სუნს იწვევს. პარადონტიტი შეიძლება, მიმდინარეობდეს ყბის ქვეშ, ლიმფური კვანძების ანთებით, ხოლო ხანგრძლივი მიმდინარეობისას, შეიძლება, გამოიწვიოს რინიტები და დააზიანოს გული და თირკმელები. მძიმე ფორმების დროს შეიძლება, მოხდეს კბილის ფესვის გარშემო მდებარე ძვლოვანი ქსოვილის გაწოვა. ამ დროს კბილი ირყევა და ცვივა ალვეოლებიდან, ანუ კბილის ბუდიდან.
– რა არის პარადონტიტის გამომწვევი მიზეზი?
– უმეტეს შემთხვევაში პარადონტიტის მიზეზი მემკვიდრეობითი მიდრეკილება და კვებაა. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, ცხოველმა მიიღოს ისეთი საკვები, რომელსაც დიდხანს დახრავს და დაღეჭავს. ძვლოვანი ქსოვილის თავისებურება ისაა, რომ მისი სიმყარე დამოკიდებულია მის დატვირთვაზე. იმ შემთხვევაში, როცა ყბაზე, სადაც ალვეოლებია, კბილის ფესვების დატვირთვა ნაკლებია ან საერთოდ არაა, ხდება მისი დასუსტება და ნაწილობრივ გაწოვა. ეს იწვევს დაავადების შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი ღეჭვითი პროცესისას, კბილი მექანიკურად სუფთავდება. ამისთვის საჭიროა, ძაღლს მივცეთ სპეციალური კბილის საწმენდი სათამაშოები, რომლებიც იყიდება ზოომაღაზიებში. ასევე, კარგია ახალი დიდი ძვალი, რომელზეც დარჩენილია ხორცისა და მყესების ნაწილები. ძაღლს ძვალი მაშინ უნდა ავართვათ, როცა ხრტილს შეჭამს. ასეთი პროცედურები უნდა ჩავუტაროთ კვირაში რამდენჯერმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძაღლი უკეთ იგრძნობს თავს უკბილოდ, ვიდრე პირის ღრუში ქრონიკული ანთებითი პროცესით.
– რისგან ვითარდება კბილის ქვები?
– ქვები ვითარდება კბილის რბილი ნადებისგან. კბილის ქვების დაგროვებისას პირის ღრუდან აღინიშნება არასასიამოვნო სუნი. ამ შემთხვევაში, კბილები ყვითლდება ან მუქდება. კბილის ქვების მასიური დაგროვებისას კი, შეიძლება, კბილმა ფორმაც შეიცვალოს. კბილის ქვების მოშორებისას აუცილებელია ცხოველის ზოგადი ანესთეზია და სპეციალური მოწყობილობები. მასიური დაგროვებისას ცხოველს სჭირდება კბილების სისტემატური მოვლა. სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. სტომატიტის დროს პირის ღრუს ლორწოვანი ადგილ-ადგილ შეწითლებულია, აღინიშნება წყლულები, ეროზიები და ჩირქოვანი პროცესები. ამ დროს პირიდან არასასიამოვნო სუნი იგრძნობა.
– სტომატიტს რა იწვევს?
– სტომატიტი შეიძლება, გამოიწვიოს პარადონტიტმა. მკურნალობისთვის აუცილებელია ანტიბიოტიკი და ვიტამინოთერაპია, ასევე, ადგილობრივი ჰიგიენური დამუშავება.
– ხშირია ძაღლებში კარიესის შემთხვევები?
– კბილის კარიესი ძაღლებში იშვიათად გვხვდება. ზედაპირული კარიესისას კბილი იბჟენება, ღრმა კარიესის დროს კი საჭიროა მისი ექსტრიპაცია.
– რა დრო სჭირდება მის განკურნებას?
– პარადონტიტი ქრონიკული დაავადებაა და მისი მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია. ის მოითხოვს როგორც ანტიბიოტიკურ თერაპიას, ისე კბილების ქვებისგან გაწმენდასა და დაზიანებული კბილების მოშორებას. მისი მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პარადონტიტის სტადიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროს მკურნალობა არის უფრო მძიმე სტადიის პროფილაქტიკა. ამიტომ, თუ ცხოველს აქვს პარადონტიტი, მას რეგულარულად უნდა დაუმუშაოთ პირის ღრუ. ცხოველებს, რომლებსაც პირის ღრუში ქვების დაგროვების მიდრეკილება აქვთ, კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაუხეხოთ კბილები სპეციალური ვეტერინარული პასტით – ყველა კბილი აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა გაიხეხოს.