ვინ შეძლო თიკა ფაცაციას აღელვება და რატომ აღარ დაშორდება ის ვანიკო თარხნიშვილს
შოუ „ნიჭიერი” დაიწყო! მასშტაბური ქასთინგის შედეგად, ნანახი და მოსმენილი სამი ათასი მსურველიდან უკვე შერჩეულები არიან ისინი, ვინც საქართველოში ყველაზე ნიჭიერის ტიტულისთვის იბრძოლებს. თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი, შოუს უკვე ტრადიციული წამყვანები, ისევ და ისევ მონაწილეების გულშემატკივრების როლში იქნებიან. წლევანდელი გამომსვლელები კი გაცილებით უფრო მრავალფეროვან წარმოდგენებს აწყობენ მათ წინაშე, ვიდრე ეს პირველ შოუში იყო.
თიკა ფაცაცია: ახალი წელი ახალი გათენებული იყო, ჩემთვის მივდიოდი ქუჩაში და, უცებ გაისმა ზარი: „ნიჭიერი” იწყება! (იცინიან). პირველი სეზონის შემდეგ პროექტი არ დამთავრებულა, ფინალის მერე ჩვენ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, შუკა-შუკა დავდიოდით და ვეძებდით კოლორიტებს. შარშანდელთან შედარებით ძალიან ბევრი, ორჯერ მეტი განაცხადი იყო შემოსული.
ვანიკო თარხნიშვილი: ადამიანებმა, როგორც ჩანს, დაინახეს, რომ მრავალმხრივად შეიძლება გამოავლინო საკუთარი ნიჭი: შეგიძლია, იხტუნო, იცეკვო, თუნდაც იტრიალო. მოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, წყალში ჩავდივარ და მერე ვტრიალებო. ეტყობა, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ტრიალისთვის.
თიკა: ყველაზე მეტად რა მიხარია, იცი?! ხარისხის მოთხოვნის თამასამ აიწია. შარშან რაღაცეები რომ იყო კარგი, წელს ის აღარ გვყოფნის, კიდევ უფრო მეტი გვინდა. ხალხიც ითხოვს და ჩვენც მეტის მოლოდინი გვაქვს. ყველაზე კარგი ის არის, რომ მონაწილეობის მსურველებიც მოჰყვებიან ამ თამასას.
– რა იყო წელს ისეთი განსაკუთრებული, რაც შარშან არ გვინახავს?
– ძალიან ბევრი რაღაც, თუნდაც, მატრიცული პანტომიმა. ეს უნდა ნახოთ. რომ მოგიყვეთ ძალიან რთული წარმოსადგენი იქნება, რაზე ვლაპარაკობ, იმდენად დიდი ვიზუალური ეფექტი აქვს. ჩვეულებრივი ადამიანები გამოდიან, შუქები ქრება და უცებ ისინი არაჩვეულებრივ რაღაცეებს აკეთებენ.
– ანუ ნეო იპოვეთ?
ვანიკო: ნეო და მორფიუსი ვიპოვეთ, რომლებიც სცენაზე თამაშობენ. კიდევ, ძალიან საინტერესო იყო სხეულით ხატვა, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა. მონაწილე სხეულის ამა თუ იმ ნაწილს ისველებდა საღებავში და მერე ნახატზე, მამაკაცზე ხატავდა – იდაყვს „ჩააწობს” და იწყებს ხატვას.
თიკა: სუპერმაგარი იყო „აკროსთაილი” – აკრობატები, რომელიც საოცარ სანახაობას აჩვენებენ. ჩვენი მონაწილეების ნახვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გააოცებს.
– თევზის ენაზე რომ ლაპარაკობდა ქალი, ასეთი უცნაურობები კიდევ გაქვთ?
– გვყავდა ასეთი – გოგონა ეტიუდით. ისე, ამ სეზონზე ძალიან ბევრი სკეტჩი გვაქვს. აქამდე ხომ არ გინახავთ?! მონოლოგებით გამოდიან ჩვენი მონაწილეები, მონაც არის და ლოგიც. მონაწილეები გვყავდა ბათუმიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, სპექტაკლი დაედგათ ქასთინგზე: ახალგაზრდა სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ერთ ადამიანში გაერთიანებული და მისი მეგობარი, პარტნიორი, თამაშობდნენ დრამას.
ვანიკო: სამწუთიანი მინი-სპექტაკლი უნდა ეთამაშათ, მაგრამ, სამწუხაროდ, წუთ-ნახევარი ითამაშეს.
– რით განსხვავდება წლევანდელი ჟიური შარშანდელისგან?
თიკა: საოცარი იუმორი შემოიტანა ვანო ჯავახიშვილმა – ჭარბი, ჯანსაღი, ლამაზი იუმორი შემოგვემატა, რომელიც ყოველთვის ახლოა საქმესთან და ძალიან უხდება ამა თუ იმ სიტუაციას. მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ყოველთვის მაღალპროფესიულ დონეზე აფასებს სოფო ნიჟარაძე და გეგაც, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა.
ვანიკო: სამივე ინდივიდუალურია თავის შეფასებაში. იმდენად სხვადასხვა სფეროში აფასებდნენ კონკურსანტს, რომ შედეგი ობიექტური გამოდიოდა და არა ერთმანეთისგან გამომდინარე. მიხვდით, ალბათ, რას ვგულისხმობ. ერთმანეთისგან გამომდინარე არ ხდებოდა შეფასება – რადგან შენ „კი“ თქვი, მეც „კი“ უნდა ვთქვაო, იქ ხშირად იყო კამათი, რისი წყალობითაც ობიექტური და მხიარული ჟიური მივიღეთ.
– მომღერლები ისევ დიდი რაოდენობით იყვნენ?
თიკა: კი იყვნენ, მაგრამ, არა ისე მრავლად როგორც შარშან.
ვანიკო: მომღერლები იყვნენ, მაგრამ წელს უფრო მრავალფეროვან ჟანრებში მოუწია ჟიურის არჩევნის გაკეთება. უამრავი ადამიანი ახდენდა საკუთარი ფიზიკური მონაცემების, ნიჭის დემონსტრაციას. თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც მღეროდნენ, ცდილობდნენ, მხოლოდ სიმღერით კი არ შემოფარგლულიყვნენ, კიდევ რაღაც „მარგალიტები“ შეემატებინათ თავიანთი ნომრისთვის, გამოსვლისთვის, პატარა შოუ დაედგათ.
თიკა: ბავშვებმა გამაგიჟეს წელს. გარდა იმისა, რომ მღერიან ან ცეკვავენ, სერიოზული პერფორმანსები დადგეს. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, ისეთი მომზადებულები იყვნენ. საერთოდ, ბევრი ამაღელვებელი მომენტი იყო. ანონსებშიც ჩანს, რომ ზოგიერთ გამომსვლელზე იმდენად ავღელდი, ცრემლებიც კი წამომივიდა. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ.
– გულნაზი გოლეთიანის ტიპის მონაწილეები იყვნენ, რომელთაგანაც ნაკლებს ელოდით და სცენაზე ცეცხლს ანთებდნენ?
ვანიკო: მოულოდნელობა ძალიან ბევრი იყო. გავმეორდები და ისევ აკრობატებს გავიხსენებ – ისეთი რაღაცეები გააკეთეს, შოკში ჩაგვაგდეს.
– მაინც დადის ხმები, რომ პირველი ყოველთვის მაგარია და წელს შოუ ისეთი აღარ იქნება.
– ჩვენი, პროდიუსერებისა და მთელი გუნდის ძალიან დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, მგონი, გაცილებით უკეთესი გამოვა, ვიდრე შარშან. ასეთი ვარაუდები უკვე არის.
თიკა: ახლა ნელ-ნელა კიდევ მახსენდება, როგორი მონაწილეები გვყავდა. იყო „ჯეკსონების“ შემოტევა. ჯეკსომანია, როგორც ჩანს, კვლავ აქტუალურია. როგორ დონეზე იყვნენ მომზადებულები – ეს თქვენ შეაფასეთ, მაგრამ, მთავარია რომ იყვნენ. სხვათა შორის, არ გვყოლია „ელვისები“.
ვანიკო: მთავარი „ელვისი“ ჟიურიში იყო და, ალბათ, ამიტომ მოერიდათ.
თიკა: ძალიან მაგარი გამახსენდა ახლა, ბათუმიდან იყვნენ თუ ქობულეთიდან, ზუსტად არ მახსოვს, ბაღის ბავშვები. თოჯინები მოვიდნენ, ისე ცეკვავდნენ, ისეთი საყვარლები იყვნენ, გავგიჟდი. თქვენ ნახავთ, რა შეუძლია ბაღის ასაკის ბავშვს, მართლა გავოგნდი. ცეკვების ნაკრები ჰქონდათ გაკეთებული სულ მთლად პატარებს.
ვანიკო: მოკლედ, ფილარმონიაში იქნება „ლაივები“, მანამდე კი, თქვენ ნახავთ ქასთინგების ჩანაწერებს, რომელიც ძალიან საინტერესოა.
– თქვენი ტანდემი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა? არადა, როგორ დაგაშორეს ერთმანეთს!..
– არა, ჩვენ ერთმანეთს ვერაფერი ვეღარ დაგვაშორებს (იცინიან), ერთად მართლა ძალიან კომფორტულად ვართ.
თიკა: მეტსაც გეტყვით, უკვე ერთდროულად, ერთსა და იმავეს ვამბობთ, ერთნაირად ვფიქრობთ.
ვანიკო: რაღაც მოვლენის არა მხოლოდ შეფასებები გვაქვს ერთი და იგივე, ჩვენი გამოთქმებიც ზუსტად ერთნაირია, ერთნაირად ვხედავთ და, ეს ბევრი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.