კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუტოვეს დოდო ხურცილავას მამაკაცებმა და რატომ არ შედგა მისი „მეორე რომანი“

არც ისე დიდი ხანია, რაც თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა ტელესახე გახდა და ტელევიზიას ისე „გაუთამამდა”, რომ პოპულარობით უმცროს ძმას, დათო ხურცილავას, იგივე ჯაპანასაც კი ლამის გაუსწრო. როგორც თავად ამბობს, ტელეეთერში ორ ახალგაზრდა კოლეგას შორის „გამნაღმველად“ იქცა, თუმცა ნაღმების ჩადება, თურმე, თავადაც კარგად გამოსდის. ცოტა ხნის წინ დოდოშკა ხურცილავა ეგვიპტეში მარტოხელა ქალების ვოიაჟშიც მოხვდა, სადაც აქლემზეც ამხედრდა და მეწამული ზღვის ზვიგენებსაც მშვიდობიანად დააღწია თავი…

დოდოშკა ხურცილავა: „დღის შოუს“ უკვე კარგად შევეჩვიე. ხან ვმღერით, ხან ვცეკვავთ და ვართ ასე ხალისიანად, თუმცა, ღელვა მაინც ვერ მოვიშორე. ჩემი მაყურებელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ხანდახან მიწევს ისეთი რამის გაკეთება, რაც, ასე თუ ისე, არ გამომდის, მაგრამ, თითქოს ღირსეულად მიჭირავს თავი, იმაზე მეტს არ ვაკეთებ, რამდენიც მოეთხოვება ჩემი წონისა და ასაკის ადამიანს. მეც, იასაც და ნანიკოსაც გვაქვს ჩვენი როლები. მე, ალბათ, იმიტომ ვარ იქ, რომ არ მოხდეს სკანდალები. „გამნაღმველი“ ვარ, თუმცა, ხანდახან „უწყინარი” ნაღმების ჩადება მეც ვიცი (იცინის). გამნაღმველის თვისებები ნამდვილად მაქვს: ვარ ძალიან ორგანიზებული, ვიცი საკუთარი შესაძლებლობები, შემიძლია, ვმართო საკუთარი ვნებები და ემოციები. ყოველთვის ვცდილობ, თუ ვინმე მავალებს იმას, რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვთქვა, რომ მე ეს არ შემიძლია. საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ძვირად მიღირს, ამის მეტი ხომ არც არაფერი არ მაქვს – არც ქმარი, არც შვილი, არც ქონება. სამაგიეროდ, მაქვს ბევრი, ბევრი წიგნი (იცინის). ეს რეპუტაციაც უცებ არ მოდის. როცა ბავშვობიდან გინერგავენ ღირებულებებს, ღირსების განცდას, მერე სხვაგვარად ცხოვრება არ გამოდის. ძალიან მეგობრული ოჯახი მქონდა, თავს დაცულად ვგრძნობდი. ყველა ცხოვრობდა თავისი პრინციპებით და მეც ასე ვარ. შეიძლება, ყოველთვის ვერ ვასრულებ ამ პრინციპებს, მაგრამ, მაინც ვცდილობ. ხანდახან, შეიძლება, გადაცდე ზღვარს, მაგრამ თუ იცი, სადაა ეს ზღვარი, ზღვარს გადაცდენილიც კი დაბრუნდები უკან. დაშვებული შეცდომების გასწორება ყოველთვის შეიძლება, მთავარია, არ უღალატო იმ ღირებულებებს, რაც ხანდახან ცხოვრებას ერთი შეხედვით ართულებს.

– ამ ღირებულების საზღაური იყო ის, რაც, როგორც თქვენ თქვით, დღეს არ გაქვთ?

– შესაძლოა, თუმცა, ახლა ძალიან მწყდება გული, რომ საკუთარი ოჯახი არ მაქვს. მინდოდა, მყოლოდა ქმარი და შვილები. ახლა, ალბათ, უკვე შვილიშვილებიც მეყოლებოდა. როგორ შეიძლება, ქალს არ სწყდებოდეს გული იმაზე, რომ მან არ შეასრულა ქალისთვის ყველაზე მთავარი ფუნქცია – შვილის გაჩენა? როგორც კი 30 წელს გადავცილდი, მამაჩემმა დასვა საკითხი: „დოდოშკი, იქნებ, შვილი გააჩინო“? მამა ძალიან თანამედროვედ აზროვნებდა, მაგრამ, არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომ ეს გამებედა. ასეთი რაღაცეები ხომ შეკვეთით და გეგმით არ ხდება? თან, ის პერიოდი იყო, როცა ძალიან გართულდა ცხოვრება. მე პასუხისმგებლობით დამძიმებული ქალი ვიყავი და ასე ვარ ახლაც – ისე განვიცდი პასუხისმგებლობას, რომ, ხან ვეღარ ვათრევ მას, ქვეშ ვყვები და ვიჭყლიტები ხოლმე. ორი ადამიანი მყავდა სარჩენი, მათზე ხელს ვერ ავიღებდი. ჩემი ძმა მსახიობია, მაშინ კინოსტუდიაში მუშაობდა, ხელფასი სულ რაღაც 30 ლარი ჰქონდა. მე დავრჩი მარტო, თუმცა, მაშინაც ვიცოდი, რომ ქალი მაშინ არის სრულად ბედნიერი, როცა ქმარი და შვილები ჰყავს.

– ალბათ, გყვარებიათ ძალიან.

– კი, რა თქმა უნდა, მყვარებია; მყვარებია ძალიან, თავდავიწყებით. სიყვარული ხომ ასეა, სხვანაირად როგორ შეიძლება? როცა თავდავიწყება გადადის იმაზე ფიქრში, რომ ერთად უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, იწყება სხვა ცხოვრება, ქორწინება, იქ ვიღაცეები ფიქრს იწყებენ. აბა, დააკვირდით, თითქმის ყველა დიდი რომანი ქორწინებით მთავრდება, გარდა ერთი-ორი რომანისა, რომელთაგან ერთი იმით დამთავრდა, რომ ქალმა თავი მოიკლა, მეორე კი იმით, რომ ორივე ერთად დაასაფლავეს. ქორწინება უკვე სხვა რომანია. მეც მინდოდა, ეს მეორე რომანიც რომ შემდგარიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ხან მათ არ უნდოდათ ჩემთან მეორე რომანის გამართვა, ხან – მე და, არ გამოვიდა. ხან მე ვუშვებდი შეცდომებს, ხან – ისინი; ხან მე გავრბოდი, ხან სხვები გარბოდნენ ჩემგან (იცინის). ამის მიუხედავად, ყველა რომანი, რაც მე მქონდა, ჩემთვის ძალიან ბედნიერი იყო – მას ხომ ბევრი ბედნიერი წუთი ახლდა თან. სიყვარული იმ ტკივილებსაც კი გავიწყებს, რაც ურთიერთობის დასრულებას მოჰყვება ხოლმე. მეც მიღვრია ცრემლი, მაგრამ, იმ მამაკაცებმა, ვინც მიყვარდა, ერთი კარგი რამ დამიტოვეს – არასდროს არც ერთი მამაკაცზე განხიბვლა არ დამმართნია; არ მიფიქრია, რომ ყველა კაცი მაიმუნია; პირიქით, ჩემს ცხოვრებაში ვინც კი არსებობდა, ყველა ღირსეული იყო. ერთხელ, წლების მერე, ერთი ჩემი თაყვანისმცემელი შემხვდა. ძალიან თბილად შევხვდით ერთმანეთს და ვუთხარი, იქნებ, იმიტომ გიხარია ჩემთან შეხვედრა, რომ ცოლად არ გამოგყევი და სიცოცხლე არ გაგიმწარე-მეთქი? (იცინის). მეც მიხარია ამ ადამიანებთან შეხვედრა, ჩვენ ყველაფერი ისე დავასრულეთ, რომ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია და გული არ გვიტკენია. წლების მერე ეს ყველაფერი კარგად გახსენდება.

– როგორ გადაგქონდათ რთული პერიოდები?

– ძალიან მშველოდა საქმე – თავით გადავეშვებოდი ხოლმე საქმეში. ყველაზე რთულ სიტუაციებში ძალიან მეხმარებოდა დედა, რომელიც ყველაზე ზუსტ რჩევებს მაძლევდა. მას ყველაფერი ჰქონდა გავლილი, თანამედროვედ აზროვნებდა. დათო ჩემზე პატარა იყო და ჩემს საქმეებში არ ერეოდა. სულ იმას ამბობს, მთელი თბილისის ქალების გამო ვარ ნაჩხუბარი და არასდროს დოდოს გამო არ მიჩხუბიაო. ჩემთვის არ დასჭირდა ჩემს ძმას ამ მისიის შესრულება, არც ერთი არ იყო საცემი და რას ვერჩოდი? (იცინის).

– ბოლო პერიოდში ისეთი პოპულარული გახდით, თვით ცნობილი ძმა, ჯაპანაც კი დაჯაბნეთ.

– დავჯაბნე? აი, რას ნიშნავს ტელევიზია! მე ახლა ვარსკვლავური სენი აღარ შემეყრება, მაგრამ, ადრეულ ასაკში პოპულარობის ტვირთი საკმაოდ მძიმე სატარებელია. შეიძლება, ყოყლოჩინობა დაგჩემდეს და მოგეჩვენოს, რომ ყველაფერს მიაღწიე. ჩემს ასაკში ხვდები, რომ, რაც უფრო მეტად გიყურებენ, მით მეტ რამეს დაინახავენ შენში – ცუდსაც და კარგსაც. ამიტომ, ცუდს უნდა მოერიდო, გამოასწორო, გადაფარო რაღაცეებით, დამალო, ოღონდ, არა საკუთარ თავთან. თუ საკუთარ თავს დაუმალე ცუდი თვისებები, გარეთ ვეღარ დამალავ. მეც მიწევს რაღაც-რაღაცეების დამალვა, ხანდახან, შეიძლება თავი გამოვიჭირო, რომ რაღაც არ ვიცი. იმასაც ვმალავ, რომ ცოტა ანჩხლი ვარ, მეგრული სიფიცხე მაქვს, უცებ თვალებს დავქაჩავ ისე, რომ, ო-ჰო-ჰო... ცუდ ხასიათზე თუ ვარ, არ მიყვარს ჩემი თავი, ოღონდ, ეს ზღურბლს გარეთ არ მიმაქვს, სახლში, ტელევიზორს ვეჩხუბები მაგ დროს (იცინის).

– ახლახან ეგვიპტეში იყავით მარტოხელა ქალების კრუიზში, როგორ მოგეწონათ ეს ამპლუა?

– ძალიან მომეწონა. მე მომწონს ასეთი თამამი იდეები. იქ ისეთი რამ ვნახე, რასაც ალბათ, სიკვდილის წინ აუცილებლად გავიხსენებ. როდესაც ვნახე პირამიდები, სფინქსი და პეტრა, მივხვდი, რომ ისინი ჩემს წარმოსახვაზე ბევრად დიდებული ყოფილა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ცხოვრება მივილტვოდი, რომ მენახა ეს დიდებული ადგილები და, როცა ვნახე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ზუსტად იგივე განცდა მქონდა, როდესაც მოსკოვში ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდა” ვნახე. მე იმ წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და მამამ სპეციალურად წამიყვანა „ჯოკონდას“ სანახავად. დილის 4 საათზე ავდექით, საზეიმოდ გამოვეწყვეთ, ჩავდექით უზარმაზარ რიგში და მოვემზადეთ „ჯოკონდასთან“ შესახვედრად. მახსოვს, როგორი გარინდებული და გაოგნებული იყო დარბაზი, რომელიც ხალხით იყო სავსე და იყო აბსოლუტური სიჩუმე. იგივე განცდა დამეუფლა ახლაც. ეგვიპტეში არაჩვეულებრივ ადამიანებთან მომიწია ყოფნა, ასეთ „დევჩატნიკზე“ პირველად მოვხვდი. მარტოხელა ქალების კამპანიას აქვს თავისი ხიბლი – ვჭორაობდით კაცებზე, პოლიტიკაზე, ტანსაცმელზე. ეგვიპტეში აქლემზეც ავმხედრდი, მაგრამ, ისეთი მაღალი აქლემი იყო და ისეთი ცუდი უნაგირი ჰქონდა, რომ მთელი ჩემი სპორტული და სულიერი პოტენციალი დამჭირდა, რომ პირდაპირ სილაში არ ჩავსობილიყავი თავით. ძალიან შევშინდი, მაგრამ იქ ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო ზღვა, 19 იანვარს ჩავედი იმ ზღვაში, რომელსაც ძალიან დიდი მისტიკური დატვირთვა აქვს – ზღვის მეორე ნაპირზე ისრაელია და მდინარე იორდანე ჩაედინება. მე ძალიან მიყვარს ცურვა, მაგრამ მეწამულ ზღვას ისეთი დაბალი ნაპირი აქვს, ძალიან შორს უნდა გაცურო, რომ კარგად იჯერო გული. ძალიან შორს გაცურვის კი შემეშინდა, რადგან, მითხრეს, ჰიბრალტარის სრუტიდან დიდი თეთრი ზვიგენები შემოვიდნენო. მათი შიში რომ არა, ალბათ, ჰიბრალტარის სრუტემდე მივიდოდი, მაგრამ, ეს შანსი ხელიდან გავუშვი (იცინის).

– თბილისშიც ექსტრემალურია თქვენი ცხოვრება?

– არა, თბილისში ვშრომობ და ვშრომობ. გარდა იმისა, რომ შოუში ვმღერი, ვცეკვავ და ვთამაშობ, ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია თეატრი. ძალიან მიყვარს სტუდენტებთან მუშაობა. როცა არ ვშრომობ, თითქმის სულ სახლში ვარ. ტელევიზორს ვუყურებ და „პასიანსებს“ ვშლი. ეს ხდება საღამოობით, მთელი ცხოვრება დილით ვიწყებ შრომას, საღამოს არ შემიძლია მუშაობა. ახალგაზრდობაში, როცა საჭირო იყო, ღამეებსაც ვათენებდი, მაგრამ ახლა როგორ გავათენებ ღამეებს?! მიყვარს სახლში ყოფნა, მიყვარს ჩემი ძველი სახლი. მართალია, სულ რაღაც პრობლემა ჩნდება, მაგრამ დათუნა მიგვარებს ყველაფერს – კაცს არ უნდა დაავიწყო, რომ კაცია, მათ შორის ძმასაც კი. კრიტიკულ სიტუაციებში რომ არ დავუძახო, ბრაზდება ხოლმე. ჩემი ძმა ჩემი მაშველი ძალაა (იცინის).




скачать dle 11.3