რა სახის ანომალია ჰქონდა სხეულზე ჩეხ სუპერმოდელ კაროლინა კურკოვას და ჰქონდა თუ არა მას რომანი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკოსთან
„მე არ ვიღებ იმის გადაწყვეტილებას, რომ ახალი წლის, ან ყოველი ახალი კვირის დასაწყისში დიეტაზე დავჯდე. მე ვარ მე და არ მინდა, გავხდე სხვანაირი. დედაბუნებამ ასეთად შემქმნა და მე ამით უნდა დავკმაყოფილდე“, – ეს სიტყვები თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს, „ვიქტორია სიკრეტის” ქერათმიან „ექს-ანგელოზს”, ჩეხ კაროლინა კურკოვას ეკუთვნის. სწორედ მასზე აქვს ნათქვამი გავლენიანი მოდური ჟურნალის, „ვოგის” ქარიზმატულ რედაქტორს, ანა ვინტურს: „მისი სხეულისა და სახის პროპორციები, ის დადებითი ენერგეტიკა, რომელიც მისგან მოდის, ქმნის ისეთ მოდელს, რომლითაც აღფრთოვანდები ნებისმიერ დროს“.
კაროლინა ისელა კურკოვა 1984 წლის 28 თებერვალს, მეორე ვერსიით კი, 29 თებერვალს, ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, ამჟამად კი ჩეხეთის ტერიტორიაზე მდებარე, ქალაქ დეჩინში დაიბადა. მამამისი ცნობილი ჩეხი კალათბურთელი, იოზეფ კურკა იყო, ხოლო დედა წარმოშობით სლოვაკი გახლდათ. კაროლინას დაბადებიდან სამი თვის შემდეგ, მისი მშობლები დაშორდნენ და დედა, რომელიც გაცილების შემდეგ აღარ გათხოვილა, მარტო ზრდიდა შვილს. ბავშვობაში კაროლინამ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. მშობიარობის დროს მიღებული ტრავმის გამო, ჭიპლარი დაუზიანდა, რამაც ჭიპის ანომალია გამოიწვია და აუცილებელი გახდა ჭიპის მოცილება. მის ადგილზე მოდელს ჩაღრმავება აქვს, და ამიტომ ყველა ფოტოსურათზე, სადაც კაროლინა წელზემოთ შიშველი პოზირებს, ჭიპს „ფოტოშოპის” დახმარებით უხატავენ. სხვათა შორის, ამ ნაკლისა და კიდევ სიმაღლის გამო, კაროლინას სკოლაში ხშირად აჯავრებდნენ თანაკლასელები, რაზეც მომავალ მოდელს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა.
კაროლინამ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისმა მეგობარმა პრაღის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში გადაგზავნა კაროლინას ფოტოები. იქ კი მოიხიბლნენ მომავალი მოდელის გარეგნობით. მცირე ხნის განმავლობაში კაროლინა, ან როგორც მას სამოდელო წრეებში იცნობდნენ „ქეიქეი”, სამშობლოში მუშაობდა. შემდგომ მილანში გაემგზავრა, სადაც ჩვენებებში მონაწილეობდა. იქ მან სამოდელო აგენტ ალესანდრო ბაზონის დახმარებით, რომელიც მისი „ბოიფრენდი“ იყო, რამდენიმეწლიანი, მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა ცნობილ მოდელიორ მიუჩე პრადასთან. 17 წლის ასაკში კაროლინა ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც უმალ მიიპყრო სამოდელო აგენტების ყურადღება და ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში, მისი ფოტოსურათი გავლენიანი „ვოგის” ამერიკული გამოცემის გარეკანზე მოხვდა. კურკოვა გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოდელი, ვისი ფოტოც ოდესმე კი მოხვედრილა „ვოგის” ყდაზე. შემდგომში კაროლინა, სხვადასხვა დროს, „ვოგის” 20-მდე ნომრის ყდაზე ფიგურირებდა, მათ შორის – იტალიური, ფრანგული, გერმანული, რუსული და კორეული გამოცემებისაზეც. ის ყველაზე ცნობილ ფეშენ-ფოტოგრაფებთან, სტივენ კლაინთან, მარიო სორენტისთან და მარიო ტესტინოსთან მუშაობდა. ანა ვინტურის ფავორიტი მოდელი, ფოტოსესიების გარდა ყველაზე ცნობილი სამოდელო სახლებისთვისაც დღემდე სასურველ მოდელად რჩება. სხვადასხვა დროს, კაროლინასთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმეს „ჯონ გალიანომ”, „დიორმა”, „ვერსაჩემ”, „კარლ ლაგერფელდმა”, „მარკ ჯეიკობსმა” და სხვა ცნობილმა სამოდელო სახლებმა. თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობა და სექსუალური იმიჯი კაროლინას „ვიქტორია სიკრეტთან” თანამშრომლობამ მოუტანა. 2005-2008 წლებში კურკოვა „ვიქტორია სიკრეტის” სხვა „ანგელოზებთან” ერთად პოდიუმზე ყველაზე სექსუალური ქალის თეთრეულის დემონსტრირებას ახდენდა, რითაც მილიონობით მამაკაცის გული დაიპყრო. 2002 წელს „ვოგ ფეშენ-ევორდსზე” კაროლინა „წლის მოდელად” დასახელდა. ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ კურკოვამ მოქმედ მოდელებს შორის რეკორდი დაამყარა და 23 კვირის განმავლობაში შეუსვენებლად ყოველდღე მუშაობდა. გარდა ამისა, 2007 წელს კაროლინა ყველაზე სექსუალურ ქერათმიან სუპერმოდელად დასახელდა. იმავე წელს მან, პლანეტის 15 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის, მერვე ადგილი დაიკავა – გამომუშავებული 3,5 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ მშობიარობის შემდეგ კურკოვას პოზიციები შეირყა და წლევანდელ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის იგი ვერ მოხვდა. თუმცა, მის ტრიუმფალურ დაბრუნებას რეიტინგში მოდის ექსპერიმენტები 2012 წლის დადგომისთანავე ვარაუდობენ.
უნდა ითქვას, რომ კაროლინას კარიერაში ჩავარდნებიც ყოფილა. 2008 წელს, სან-პაულუს მოდის კვირეულის დროს, ბრაზილიურმა პრესამ კაროლინა კურკოვა მკაცრად გააკრიტიკა, იმისთვის, რომ მოდელის წონა სამოდელო ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. ამის გამო, კაროლინამ არაერთი მომგებიანი კონტრაქტი დაკარგა. დადგა საშიშროება, რომ მასთან თანამშრომლობას „ვიქტორია სიკრეტიც” კი გაწყვეტდა. მოგვიანებით, მოდელმა აღიარა, რომ იმ პერიოდში ზედმეტი წონა აწუხებდა, რაც ჩიყვთან დაკავშირებული პრობლემით იყო განპირობებული. ამის მიუხედავად, გასართობმა ტელეარხმა „E!-იმ” კაროლინა კურკოვა 2008 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა და გამოკითხვების მიხედვით, ჩეხმა მოდელმა ადრიანა ლიმა, ანჯელინა ჯოლი, თავისი საუკეთესო დაქალი ჟიზელ ბუნდჰენი და ჰაიდი კლუმი ჩამოიტოვა.
გარდა მოდელობისა, კაროლინამ კინოშიც სცადა ბედი და 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა რომანტიკული კომედია „ჩემი სექსუალური წელიწადი”, სადაც კაროლინასთან ერთად, ჰოლივუდის ლეგენდა – ჰარვი კეიტელი და მოდელი ამბერ ვალეტა მონაწილეობდნენ. 2009 წელს კი კინოეკრანებზე კაროლინას მორიგი ფილმი გამოვიდა, ფანტასტიკური ბლოკბასტერი „კობრას გადასროლა”, რომელშიც კაროლინამ განასახიერა პერსონაჟი მეტსახელით „ლამაზმანი”.
კაროლინა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს და მსახიობსა და კინოპროდიუსერს, არჩი დრურის ხვდება, რომლისგანაც 2009 წლის ოქტომბერში ვაჟიშვილი, ტობინ ჯეკ დრური ეყოლა. თავისუფალ დროს წყვილი სახლთან ახლო მდებარე „მედისონ სქვერ გარდენს” ესტუმრებიან ხოლმე და NBA-ს მატჩებს ადევნებს თვალს. გარდა ამისა, კაროლინა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ქალები ერთად” რამდენჯერმე წლის ქველმოქმედად დაასახელა. კაროლინა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ფონდებთან თანამშრომლობს.
P.S. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ფოტოსესია, რომელშიც კაროლინა კურკოვას მიუღია მონაწილეობა, ჟურნალ „ვენიტი ფეირში” გამოქვეყნდა – გადასაღებ მოედანზე ჩეხი ლამაზმანის პარტნიორი უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე, ვლადიმირ კლიჩკო გახლდათ. ფოტოგრაფის ჩანაფიქრით, კურკოვამ და კლიჩკომ ბედნიერი შეყვარებული წყვილი განასახიერეს და ამბობენ, გადასაღები მოედნის მიღმა, მოდელსა და სპორტსმენს შორის მცირეხნიანი რომანიც იყო, რომლის შესახებაც ისინი არ საუბრობენო.