როგორ ათხოვებს ნინო გიორგობიანის შვილი გაუთხოვარ ქალებს და რით მოაბეზრა მას თავი მიშა სააკაშვილმა
„აირზენას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის შვილი, 8 წლის ნატა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი გოგოა. უკვე დიდი ხანია, რაც ზღაპრებს წერს და ცნობილ მწერლობაზე ოცნებობს. მისი ზღაპრები, როგორც წესი, კეთილი ფინალით სრულდება – ნატა დედასაც იხსნის დინოზავრისგან და გაუთხოვარ ქალებსაც ათხოვებს. მეზღაპრეობის გარდა, ულამაზეს ნატას, კიდევ ბევრი გატაცება აქვს – უყვარს ტანვარჯიში და თვითმფრინავები, რის გამოც ის პილოტის კაბინაშიც ხშირად ხვდება.
– მე ვარ ნატა ლურსმანაშვილი, ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში, მეოთხე კლასში ვარ. დედიკომ ხუთი წლის შემიყვანა სკოლაში, ეს კარგია, იმიტომ რომ თითქმის უკვე დიდი ვარ. სკოლა ძალიან კარგია იმით, რომ ვსწავლობთ. თან, პარლამენტთან რომ არის, ამით ყველაზე ცნობილია. მე ყველაზე მეტად მიყვარს ქართული და მათემატიკა. ზოგს მათემატიკა რთული ჰგონია, მაგრამ სულაც არაა რთული. მე მარტო არ მიყვარს საგანი „გააზრებული კითხვა“. მასწავლებელი რაღაცას კითხულობს და შენ უნდა მოუყვე. რთულ ტექსტებს კი არ კითხულობს, ის ტექსტები სულ ბაჭიებზე და კურდღლებზეა, მაგრამ მოყოლა მაინც რთულია.
– სკოლაში მეგობრები გყავს?
– დიახ და სულ ვჭორაობთ ხოლმე. სამი მეგობარი ვართ და სულ ჩვენს შეყვარებულებზე ვლაპარაკობთ, მეც მყავს შეყვარებული და ჩემს მეგობრებსაც. ჩემი შეყვარებული ბუთქუნა ბიჭია, დიდი მუცელი არ აქვს, მაგრამ მაინც ბუთქუნაა. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა სათამაშო ბეჭედი მაჩუქა. წერილებსაც ვწერთ ხოლმე ერთმანეთს. ერთხელ მომწერა, თუ შეიძლება, დასვენებაზე გაკოცებო, მაგრამ მე უარი ვუთხარი. წერილებს რომ მწერს, შიგნით გული ხატია და ჩემი სახელი წერია.
– ბუთქუნა ბუფეტშიც გეპატიჟება?
– არაა! ბუფეტში ის მარტო დადის, მეც თვითონ დავდივარ. ბუთქუნას მაგდენი ფული არა აქვს (იცინის). ბიჭები დასვენებაზე ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენთვის არ სცალიათ. ჩვენც ჭორაობა გვირჩევნია, მარტო ბიჭებზე კი არ ვლაპარაკობთ, ხან პრეზიდენტზეც ვჭორაობთ. ჩვენი სკოლის წინ პოლიტიკოსების მიტინგები რომ იყო, მაშინ სულ გვაინტერესებდა, მიშა როდის წავიდოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიშა 2013 წლამდე წავიდეს, მაგრამ იმდენ ხალხს არ დაუჯერა და ჩვენ დაგვიჯერებდა?
– რატომ გინდათ, რომ მიშა პრეზიდენტი აღარ იყოს?
– მოგვბეზრდა და იმიტომ. სულ ეგ ხომ არ იქნება პრეზიდენტი? თან, ყველას ესე უნდოდა და ჩვენც მოგვინდა. ადრე საქართველოს ჰყოლია მაგარი პრეზიდენტი, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მოკვდა. იმისი დროშა იასამნისფერი და შავი იყო, მერე შევარდნაძე გაპრეზიდენტდა და თავისი დროშა მოიტანა, მიშამ თავისი. ყველა პრეზიდენტს თავისი დროშა აქვს.
– თქვენს სკოლასთან მიტინგები რომ იყო, სწავლაში ხელი არ გეშლებოდათ?
– არა, არ გვიშლიდნენ, ისინი ოთხ საათზე იწყებდნენ ყვირილს. ჩვენ ოპოზიციის მხარეს ვართ. იცით, რამდენი თვე სდარაჯობდნენ პოლიტიკოსები მიშას, რომ წასულიყო? იმასაც სდარაჯობდნენ და ჩვენც, რომ არაფერი მოგვსვლოდა. სულ იქ იდგნენ გაჩეჩილაძე, ეკა, ნინო და სალომე. ოთხ საათზე მიტინგს იწყებდნენ, სულ ვიცოდით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ერთი საკნის უკანა ნაწილი გახეული იყო და სკოლის ფანჯრებიდანაც ჩანდა, რა ხდებოდა საკანში.
– რა ხდებოდა საკანში?
– გეგმებს ადგენდნენ, მიშა როგორ უნდა გაექციათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.
– შენ პოლიტიკაში ისე ერკვევი, პოლიტიკოსი ხომ არ უნდა გამოხვიდე?
– არა, მე სამი რამე მაქვს არჩეული: მინდა, ვიყო მხატვარი, მწერალი და მესამე... აღარ მახსოვს. მხატვრობა იმიტომ მომწონს, რომ კარგად ვხატავ გოგოებს, სკოლაში ეს ყველამ იცის და მეუბნებიან: დამიხატე, დამიხატეო. მერე ჩემს დახატულს მასწავლებელს აჩვენებენ და ეუბნებიან, ვითომ თვითონ დახატეს. ეხლა გამახსენდა, რომ კიდევ ბავშვების ექიმობა მინდა. მართალია, ბავშვები ვერ მეტყვიან, რა სტკივათ, მაგრამ მაინც მინდა, რომ დავეხმარო მათ, როცა რამე ასტკივდებათ. მე ყველაფრის ექიმი უნდა ვიყო, ყველაფერს ვუმკურნალებ, კბილსაც, თავსაც, მუცელსაც.
– მწერლობა რამ გადაგაწყვეტინა?
– იმან, რომ ზღაპრებს ვწერ. უკვე ბევრი ზღაპარი მაქვს მოგონილი, მშობლებზეც კი მოვიგონე ერთი ზღაპარი, რომელიც კარგად მთავრდება. იმ ზღაპრით მამიდაც კი გავათხოვე (იცინის). ჩემს ზღაპარში დინოზავრიც იყო, ვულკანიც და არქეოპტერიქსიც, რომელიც კეთილ საქმეებს აკეთებს. დიდი გოგო რომ ვიქნები, ბევრ წიგნებს დავწერ და გავყიდი.
– ზღაპრების მოგონება ძნელია?
– აბა, რა ვიცი, ეგ ოტია იოსელიანს ჰკითხეთ, იმას უფრო ბევრი ზღაპარი აქვს დაწერილი, ვიდრე – მე. საქართველოში ყველაზე მაგარ მოთხრობებს წერდა ნოდარ დუმბაძე, ძალიან მომწონს „ქალაქში მიმინოს რა უნდა“ და „ჰელადოსი“.
– არ გინდა, დედიკოსავით ჟურნალისტი რომ გახდე?
– არა, ადრე მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჟურნალისტებს ხან მძიმე საქმეებს ავალებენ, რის გამოც შეიძლება, რამე დაუზიანდეთ, მაგალითად, დედიკო ციხეში მოხვდა და ამის გამო დაანება თავი ჟურნალისტობას. ლუკაშენკომ რომ დააპატიმრა, იქ ბევრი საფრთხე დაემუქრა. მე ლუკაშენკოს ვერც მისამართი გავიგე და ვერც ტელეფონის ნომერი, თორემ დავურეკავდი და გამოვლანძღავდი.
– დედიკოს ახალი სამსახური მოგწონს?
– ძალიან. დედა რომ „აირზენას“ უფროსია, როცა თვითმფრინავში ავდივარ, სულ წინა ადგილებზე ვჯდები. წინ რომ ზიხარ, პირველი დაინახავ ყველაფერს, რაც კი გამოჩნდება: ღრუბლები, მთები, ქალაქები. ბიზნესკლასში რძიანი ყავაც კი არის. მეც ხშირად დავფრინავ ხოლმე დედასთან ერთად, მაგისი თანაშემწე ვარ „აირზენაში“ (იცინის).
– ბიზნესკლასში ცნობილ ხალხსაც შეხვედრიხარ?
– არა. აბა, ვინ უნდა ვნახო? მიშას, მე მგონი, თავისი თვითმფრინავი ჰყავს და ყველგან იმითი მიდის. მირჩევნია, თვითმფრინავში ცნობილ მსახიობებსა და მწერლებს შევხვდე, ვარ ნამყოფი ბევრ ქვეყნებში: ბათუმში, კიევში, პოლონეთში და თურქეთში. თვითმფრინავებში ყველაზე ძალიან მიყვარს იმათი საჭმელები, დედას ვთხოვ ხოლმე, რომ თუ შეძლებს, წამომიღოს. მეც ვაგროვებ თვითმფრინავიდან წამოღებულ პატარ-პატარა რაღაცეებს. ბევრჯერ ვარ ნამყოფი პილოტის კაბინაშიც. იქ ძალიან ბევრი კნოპკაა, მაგრამ რომელიმეს ხელი რომ დავაჭირო, შეიძლება, თვითმფრინავი ჩამოვარდეს. კნოპკაზე ხელის დაჭერა აკრძალული მაქვს. ეხლა დედიკო ორ ფილმში გადაიღეს, ერთგან სვანის ცოლია. თვითონ ამბობს, რომ მსახიობობა კარგია. მე ძალიან მინდა კინოში გადაღება. ერთხელ ბათუმში ფესტივალზე გადაღების დროს ჰაერი სჭირდებოდათ და მე ვუნიავებდი დედას ნახევარი საათი.
– ხელფასი გადაგიხადეს?
– საერთოდ არა. დედიკო ისეც ბევრ რამეებს მჩუქნის. როცა სადმე მიფრინავს, იქიდან ბევრი ტანსაცმელი ჩამოაქვს ჩემთვის.
– სკოლის გარდა კიდევ სად დადიხარ?
– ცეკვაზე, მუსიკაზე, ცურვაზე და ტანვარჯიშზე. ტანვარჯიში ძნელია, ყველა გაკვეთილზე გვწელავენ და ეს მტკივნეულია. როცა გავიზრდები, ტანვარჯიშში ოქროს მედალი უნდა ავიღო.
– დედიკო სულ რომ „დაფრინავს“, შენთვის სცალია?
– შაბათ-კვირას სცალია ცოტათი. ხან სასეირნოდ მივყავარ, ხან ჩემს მეგობრებთან. სულ მაჩქარებს ხოლმე, რომ რაღაცეები მალე გავაკეთო. ზარმაცი კი არ ვარ, სახლში ჩემს ოთახს სულ მე ვალაგებ. დედას არ სცალია და არაფერს აკეთებს. რამეს რომ ვეტყვი, მეუბნება, ჩემი დედამთილი ხარო.
– შენი ოცნება რა არის?
– მინდა, რომ დედიკო გათხოვდეს და ან და მეყოლოს, ან ძმა. კონკურსი უნდა გამოვაცხადო, რომ დედიკოს მაგარი ქმარი ჰყავდეს, მაგრამ, ვიცი, რომ მაინც თემო გაიმარჯვებს. თემო კარგი ბიჭია, მაგრამ დედასავით სულ კი არ დაფრინავს.
თამუნა სამადაშვილი