რა შეზღუდვა არ არსებობს სალომე კოკუაშვილისთვის გადასაღებ მოედანზე და რა სისულელეები ჩაიდინა მან სიყვარულის გამო
სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“ მაყურებელს უამრავი საინტერესო სიახლითა და ახალი გმირებით დაუბრუნდა. პერსონაჟი ნია „ტევე 11-ის“ ახალი გრიმიორია. ის ძალიან კეთილი და საყვარელი გოგონაა. ამ როლის შემსრულებელი მსახიობი, სალომე კოკუაშვილი, როგორც თავად ამბობს, თავის გმირს ბევრი რამით ჰგავს. ის მართლაც ძალიან მხიარული და სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა.
სალომე კოკუაშვილი: ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ. გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ვთამაშობ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი და, საერთოდ, ძალიან მიყვარს მსახიობობა – ეს ჩემი უსაყვარლესი პროფესიაა. ძალიან ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გადასაღებ მოედანზე ვარ.
– ამის მიუხედავად, მსახიობობა პროფესიად არ აგირჩევია, როგორც ვიცი, მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობ.
– მიმაჩნია, რომ ძალიან კარგ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც ვნანობ, თეატრალურზე რომ არ ჩავაბარე. ახლა მეოთხე კურსზე ვარ და როცა დავამთავრებ თეატრალურზეც ვაპირებ ჩააბარებას. ძალიან მინდა, პროფესიონალი მსახიობი ვიყო. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე სრულიად სხვა პროფესიაზე ჩამებარებინა, მაშინ, როცა ბავშვობიდან ვგიჟდებოდი მსახიობობაზე.
– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” ქასთინგის მეშვეობით მოხვდი?
– დიახ, როგორც ყველა მსახიობმა, მეც ქასთინგი გავიარე და, როცა დამირეკეს „ღამის შოუს“ სტუდიიდან, ძალიან გამიხარდა. როდესაც თავიდან იწყებოდა ეს სერიალი, მე მაშინაც მივედი ქასთინგზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადავედი შემდეგ ეტაპზე. თუმცა, მეორედ გამიმართლა და როლზე დამამტკიცეს.
– როგორც ჩანს, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ, რადგან ფარ-ხმალი არ დაკარგე და მეორედაც გახვედი ქასთინგზე.
– ძალიან ვნერვიულობდი, მეორედ რომ მივდიოდი ქასთინგზე. ვფიქრობდი, ახლაც რომ არ გამიმართლოს, ალბათ, გავგიჟდები-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, ამიყვანეს სერიალში. საერთოდ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, ყოველთვის ვიბრძვი მიზნის მისაღწევად და ბოლოს ყოველთვის მიმართლებს ხოლმე. როცა რამე ძალიან გულით გინდა, უკან არ უნდა დაიხიო და აუცილებლად გამოგივა.
– დატვირთული დღის შემდეგ სად მიდიხარ ხოლმე გასართობად და დასასვენებლად?
– სადმე წყნარ ადგილას მივდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად, ძირითადად, ერთმანეთის სახლში. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ პენსიონერული დასვენება მირჩევნია (იცინის). თუ მაინცდამაინც სადმე გვინდა წასვლა, მაშინ რომელიმე ძალიან მყუდრო ადგილს ვარჩევთ და იქ ვსხდებით.
– კლუბებში და სხვა მსგავს ადგილებში არ დადიხარ ხოლმე?
– ყველას ძალიან უკვირს, როცა ვამბობ, რომ არ მიყვარს კლუბებში და მსგავს ადგილებში სიარული. ძალიან არ მიყვარს ხმამაღალი მუსიკა, საშინლად მღლის, მირჩევნია, სადმე წყნარ ადგილას წავიდე, ვიდრე ხმაურიან და დიდ კლუბებში. ახლა ამ აზრზე ვარ, მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება, შემიყვარდეს კიდეც აქტიური დასვენება.
– საუბარში მითხარი, რომ გადასაღებ მოედანზე შენთვის შეზღუდვა არ არსებობს. რას გულისხმობდი?
– როდესაც რეჟისორი გთავაზობს ამა თუ იმ როლს, ესე იგი, ეს შენთვის შესაფერისია და, კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც გაართმევ თავს. რეჟისორი უკეთ ხვდება, რა შეუძლია მსახიობს. აქედან გამომდინარე, რასაც დამავალებენ ყველაფერს გავაკეთებ, უაზრო კომპლექსები არ მაქვს. როდესაც ხარ მსახიობი, გადასაღებ მოედანზე არაფერმა არ უნდა შეგზღუდოს.
– თამამ სცენებში თამაში რომ შემოგთავაზონ, დათანხმდები?
– გააჩნია ფილმს, გააჩნია როლს, გააჩნია სცენარს. როგორც უკვე გითხარით, უაზრო კომპლექსები არ მაქვს. მსახიობს მსგავსი რაღაცეები არ უნდა ახასიათებდეს. თუ მე ცოტა ნერვიულობის და შიშის მომენტები მაქვს, ეს იმის ბრალია, რომ პროფესიონალი მსახიობი არ ვარ. როდესაც თეატრალურზე ჩავაბარებ, ალბათ მსგავსი პრობლემები აღარ მექნება.
– ახლა მინდა დაგისვა კითხვა, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ალბათ, ძალიან დააინტერესებთ: შეყვარებული ხარ?
– არა, არ ვარ შეყვარებული, ჩემი გული თავისუფალია (იცინის).
– ასეთ ლამაზ გოგოს, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– არა, სხვათა შორის, საერთოდ არ მყავს თაყვანისმცემლები. შეიძლება, მყავს კიდეც, მაგრამ ამას მე არ მაგებინებენ, ალბათ, ძალიან მორიდებულები არიან (იცინის).
– შენ თვითონ როგორი ბიჭები მოგწონს?
– მე მომწონს მაღალი, გამხდარი და ძალიან სიმპათიური ბიჭები (იცინის). უნდა იყოს აუცილებლად კეთილი, ყურადღებიანი და განათლებული.
– სერიოზული ბიჭები უფრო მოგწონს თუ მხიარული?
– ეს ორივე თვისება მასში რაღაცნაირად შერწყმული უნდა იყოს (იცინის).
– როდესაც ბიჭს შეხედავ, პირველ ყოვლისა, რას აქცევ ყურადღებას?
– არა, ასე ცალ-ცალკე რაღაცეებზე არ ვუყურებ. შეიძლება, მთლიანობაში ვიღაცაზე გავგიჟდე, ისეთი კარგი იყოს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გარეგნობას ძალიან დიდი არა, მაგრამ პატარა მნიშვნელობა აქვს (იცინის).
– შენი გულის მოგება ადვილია?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ხშირად არ ცდილობენ ხოლმე ჩემი გულის მოგებას. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, მე ვარ ძალიან უინტერესო და დაუკვირვებელი ადამიანი (იცინის) – ვერასდროს ვერ ვხვდები, ვინმეს თუ მოვწონვარ.
– სიყვარულის გამო სისულელეები თუ ჩაგიდენია?
– კი, ძალიან ბევრი სასაცილო სისულელე ჩამიდენია (იცინის). მაგალითად, ადრე თუ ვინმე მომწონდა, სხვისი სახელით ვუგზავნიდი ხოლმე წერილებს (იცინის), უმეტეს შემთხვევაში, მეგობრები მეხმარებოდნენ.
– შენ თუ გიწყობენ ბიჭები სიურპრიზებს და რომელი იყო ყველაზე ორიგინალური საჩუქარი?
– არა, არ მიწყობენ ხოლმე სიურპრიზებს. სრულიად გულწრფელად გეუბნები, რომ მსგავსი არაფერი მახსენდება (იცინის).
– ყველაზე მეტად რა განცდა განიჭებს სიამოვნებას?
– ყველაზე კარგად ვარ მაშინ, როცა მჯერა რომ გავაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც მე მინდა. როდესაც ჩემ მიერ დასახულ მიზანს მივაღწევ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად. ყველაზე სასიამოვნო განცდაა კამერასთან მუშაობა. ასევე, სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად ყოფნა და ჭორაობა, თუნდაც, ტანსაცმელზე ლაპარაკი (იცინის).
– შენ და შენი მეგობრებისთვის ყველაზე აქტუალური თემა რა არის, რაზე ჭორაობთ ხოლმე ძირითადად?
– ძირითადად ბიჭებთან ვმეგობრობ და, შესაბამისად ვერ ვჭორაობ ხოლმე (იცინის). ისინი საუბრობენ სპორტზე, ჩაცმულობაზე, გოგოებზე. როცა გოგოებთან ერთად ვარ, ვსაუბრობთ მოგზაურობაზე და სხვა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო თემებზე. განსაკუთრებული არაფერი, ზოგადად ყველასა და ყველაფერზე ვლაპარაკობთ ხოლმე.
– მოდელობაზე არ გიფიქრია? ფიზიკური მონაცემები ნამდვილად ხელს გიწყობს.
– სხვათა შორის, ამას ხშირად მეკითხებიან. რატომღაც, ყველა მოდელად აღმიქვამს ხოლმე, მაგრამ, არასდროს მიცდია, მოდელი გავმხდარიყავი და არც ვცდი (იცინის) – სურვილი არ მაქვს. ეს პროფესია არ მხიბლავს.
– იმ პროფესიით, რაზეც ახლა სწავლობ, თუ იმუშავებ როდისმე?
– მეოთხე კურსზე მივხვდი, რომ საკმაოდ საინტერესო პროფესიაა. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ, თუ ამ პროფესიით ვიმუშავებ, აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხელოვნებასთან. მაგალითად, ეს უნდა იყოს თეატრი, რომელიმე სარეკლამო კომპანია და სხვა. ბანკში მუშაობას ვერ შევძლებ.
– როგორც ვიცი, „გოგონა გარეუბნიდან” პირველი სერიალი არ არის, რომელშიც ითამაშე, მანამდეც გიხილეთ რამდენიმე სერიალში.
– დიახ, მანამდე ორ სერიალში ვითამაშე. პირველი იყო სერიალი „ჩვენი ოფისი”, მეორე – სერიალი „მესამე თაობა” და, კიდევ, პატარა როლი შევასრულე ფილმში „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. ასე რომ, გადასაღებ მოედანზე პირველად არ დავმდგარვარ, პატარა გამოცდილება უკვე მქონდა.
– რაც შეეხება შენს გმირს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, ძალიან საყვარელი და მხიარული გოგონაა. რას მეტყოდი მის შესახებ, როგორ განვითარდება მოვლენები მის ცხოვრებაში?
– რაც შეეხება ჩემს გმირს, რომელსაც ჰქვია ნია, მართლაც საყვარელი და კარგი გოგოა, პირადად მე ძალიან მომწონს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ნელ-ნელა გავიგებთ, მაგრამ, ნია არ შეიცვლება, ის ისეთივე კეთილი და კარგი იქნება, როგორიც ახლა არის. თუმცა, რაღაც საინტერესო ისტორიით აუცილებლად განვითარდება ეს პერსონაჟი.