რატომ უნდოდა გიორგი აფციაურს ავტობუსობა და რის გამო ვერ ურტყამენ მას უცნობები ჩხუბის დროს
გიორგი აფციაურმა პაროდისტული ნიჭის წყალობით, ბევრი ადამიანის გული მოიგო. განსაკუთრებით კარგად, მას საქართველოს პრეზიდენტის პაროდია გამოსდის. ქუჩაში მას ყველა ცნობს. ჰალსტუხიან გიორგის და მის „თანაშემწე” გრიგოლიას, „კომედი შოუს” მოყვარულები ყოველ კვირას, დიდი ინტერესით ელიან. ისიც მთელი კვირის განმავლობაში კარგად აკვირდება პრეზიდენტ სააკაშვილს, მისგან ბევრ რამეს სწავლობს და მერე თავისი ინტერპრეტაციით, აკეთებს პაროდიას. ერთია, გიორგი ნამდვილად გვიქმნის სახალისო განწყობას ტელეეკრანიდან, მაგრამ მეორე საკითხია, უყურებს თუ არა მას თავად სააკაშვილი და როგორ მოსწონს პაროდისტის ხუმრობები საკუთარ თავზე.
იცნობს თუ არა გიორგი აფციაური თავად პრეზიდენტს, რატომ ოცნებობდა ის ბავშვობაში ავტობუსობაზე და რის გამო დაუწუნა მას რჩეულმა გოგონამ ვარდების თაიგული, ამაზე თავად გიორგი გვესაუბრება.
– გიორგი, გამოუვალ და სასაცილო სიტუაციებში, ალბათ, ხშირად ხვდები. როგორ იძვრენ ხოლმე თავს ასეთ დროს და რაიმე ორიგინალური მეთოდი ხომ არ გაქვს, რომელსაც გაგვიმხელ?
– გამოუვალ და სასაცილო სიტუაციებში, რასაკვირველია, მეც ვხვდები და თუ ჩემს იუმორს, ინტუიციასა და ინტელექტს დროულად და ოპერატიულად „ჩავრთავ”, გამოსავლის პოვნა რა პრობლემაა? ეს სამი რამ, ყველაზე კარგი იარაღია ჩემთვის, რომ თავი დავიძვრინო მსგავს სიტუაციებში. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, ჩემი პაროდიების გადამკიდე, შარში უფრო ხშირად ვეხვევი ხოლმე, ვიდრე სასაცილო ამბებში. არ დამავიწყდება, ერთხელ ბათუმში ვისვენებდი. ბულვართან ქუჩას გავუყევი. კი გამიკვირდა, ამდენი დაცვა რატომ დგას-მეთქი, მაგრამ, მერე გავიგე, თურმე მიშა სააკაშვილი ყოფილა ჩამოსული. მოკლედ, მივდივარ და, უცებ, ყველა ჩემკენ შემობრუნდა, მიშა მოდის, მიშაო (იცინის). ვიფიქრე, ეტყობა მის პაროდიას რომ ვაკეთებ, მიცნეს-მეთქი. აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ მართლა მიშა მოდიოდა. მის პაროდიას კი ვაკეთებ, მაგრამ პირადად არ ვიცნობ. ქუჩაში კი ხშირად მაჩერებენ და მთხოვენ – მიშა „გაგვიკეთე“ რა, მიშაო!
– ბავშვობაში ყველა ბავშვი ოცნებობს. შენ, შემთხვევით, პრეზიდენტობაზე ხომ არ ოცნებობდი?
– (იცინის). არა, პრეზიდენტობაზე ნამდვილად არ მიოცნებია და, რომ გითხრათ, რაზე ვოცნებობდი, გაგეცინებათ. ბავშვობაში, თოვლის ბაბუამ მკითხა, თუ გინდა დაგასაჩუქრო, მითხარი, რაზე ოცნებობო. ავდექი და გავუმხილე ჩემი ოცნება: ავტობუსი მინდა გამოვიდე-მეთქი. თვალები დაჭყიტა და კინაღამ ტანსაცმლიდან ამოხტა (იცინის). მაშინ, ის პერიოდი იყო, როცა პურზე საათობით იდგნენ რიგში, არც შუქი იყო, არც გაზი, ტრანსპორტზე კი გარედან ეკიდა ხალხი, შიგნით რომ ვერ ახერხებდნენ ასვლას. ბავშვური ოცნება კი იყო, მაგრამ კიდევ კარგი, არ ამიხდა, გადავრჩი (იცინის). წარმოიდგინეთ, სადღაც გეჩქარება და ვიღაც რომ დაგიყვირებს უცბად, რომ გადახვალ გააჩერეო (იცინის).
– გიორგი, ისეთ ჩხუბში თუ მოხვედრილხარ, სადაც თეფში და ჩანგალი ერთად დაფრინავს ჰაერში და იქ თუ გამოგდგომია პრეზიდენტის პაროდია, სიტუაციის გასანეიტრალებლად?
– სიტუაციის განეიტრალებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ერთხელ ქეიფის დროს ისეთი ჩხუბი ატყდა, დედა შვილს ვერ აიყვანდა. კი ვიფიქრე, აქ ჩემი ჩარევა ზედმეტია-მეთქი, მაგრამ, რომ დავინახე, ჩემს ძმაკაცებს ურტყამდნენ, წამოვხტი. აბა, რა გამაჩერებდა? შევვარდი ჩხუბში და... უცხო მოჩხუბარმა მკითხა, შენ ხომ აფციაური ხარო. ვუპასუხე კი-მეთქი. ჰოდა, ბაზარი არ არის, ძმაო, აქეთ დადექი და არ მოგხვდება ხელიო. მომკიდა ხელი და გვერდით გამწია. მერე ვხუმრობდი, ამ ჩემი რეპუტაციის გადამკიდე, არც „სპრავედლივი” ხელი მხვდება და არც „არასპრავედლივი” მუშტი-მეთქი (იცინის). ისე, დამიჯერეთ, ბოროტად არ მიხუმრია არასდროს. ხალხიც, ალბათ, ამიტომ მცემს პატივს.
– ესე იგი, შენი რეპუტაცია ჩხუბში გშველის, მაგრამ პატრულს თუ შეუბრალებიხარ, როცა მოძრაობის წესებს არღვევ?
– ერთხელ, ახალი ნაყიდი რომ მყავდა მანქანა და არ დაგიმალავთ, კარგად არც კი ვიცოდი ტარება. მოკლედ, „მივებერები” „პროწივზე” და უცებ, პატრულის მანქანა არ დამეწია? დამცხა, მაგრამ რა დამცხა, ვიფიქრე, ახლა რა გინდა, უთხრა. აქ ნამდვილად არ გაჭრის ჩემი პრეზიდენტობა-მეთქი. დამეწია პატრული, გადმოყო ხელი გაქანებული მანქანიდან და მიცნო. გამიღიმა, მომაძახა – რა იყო, ძმაო, ინგლისში ვართო? (იცინის). ერთხელ, მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ ვიყავი. მინდორში გავაჩერე ჩემი მანქანა, ავაჩახჩახე ფარები, მაგნიტოფონს ძალიან ავუწიე ხმა, სუფრა გავშალეთ და კარგად მოვილხინეთ. უფ, მაგარი დრო ვატარეთ, ვიცეკვეთ, ვიქეიფეთ, ცოტა „ჩავურტყით” და... წამოსვლა რომ დავაპირეთ, აღარ დაიქოქა მანქანა. აკუმულატორი დაჯდა. თან, ავტომატიკაა და მიაწექ-მოაწექი, რამდენიც გინდა, მაინც არ დაიქოქება. გვიანი იყო. გზაზე დავდექი, ვიფიქრე, ვინმე ღვთისნიერი გამოივლის და მიშველის-მეთქი. როგორც იქნა, გამოჩნდა მანქანა, დავიწყე ხელ-ფეხის ქნევა და სტვენა. შორს გააჩერა. მივირბინე და ავუხსენი ქოშინით სიტუაცია. მიყურეს, მიყურეს და ბოლოს მითხრეს, ამდენ ლაპარაკს, მიდი, ძმაო ერთი, მიშა ჩაგვიტარეო (იცინის). ბედი არ გინდა? ისეთი მთვრალები აღმოჩნდნენ, ეტყობა, თავი ფილარმონიაში ეგონათ. ვუხსნი, დამეხმარეთ, ძმებო, მანქანა „კლემებით” ამამუშავებინეთ, ხალხნი არ ხართ-მეთქი? მე ჩემსას „ვებერები”, ისინი თავისას – მიდი, მიშა „გაგვიკეთე“, აქვე ექსპრომტადო. ბოლოს, მიხვდნენ, გამკეთებელი არ ვიყავი, დაქოქეს მანქანა და „მოხიეს”.
– გავიგე, კარგი მონადირე ხარ, განსაკუთრებით კი, ცარიელ ბოთლებს არ აცდენ მიზანს. თან, შენმა მეგობრებმა გამანდეს, ისეთი პურ-მარილით დადის სანადიროდ, მაგასთან ერთად კი ღირს წასვლაო. ასეა?
– (იცინის). სხვათა შორის, სულ პირველად ვასო ფხაკაძემ წამიყვანა სანადიროდ. ვიფიქრე, შორ გზაზე მივდივარ, თავისთავად იქ მოგვშივდება და თან წავიღებ საჭმელს-მეთქი. ავდექი და კარგად მოხარშული დედალი მოვიგდე ზურგზე (იცინის). კი იცინა ამაზე ვასომ, მაგრამ აბა, მიდით და ჰკითხეთ ერთი, როგორ გაუსვა კბილი. ძლივს გამოვაცალე ბარკალი პირიდან, თორემ ძვლიანად გადაუშვებდა კუჭში (იცინის). მართალია, ვერაფერი მოვკალით – ვერც იხვი და ვერც კვატი, მაგრამ ცარიელ ბოთლებს დავერიეთ და ისე ვუმიზნე, ერთისთვის არ ამიცდენია. ისე ვიღებდი მიზანში, საცოდავი ბოთლები გაქცევას ვერ ასწრებდნენ, გაფრენაზე რომ არაფერი ვთქვა (იცინის). არ წამეღო ერთი ის დედალი და დახრავდა ვასო იმ ბოთლებს თავის საცობებიანად.
– ალბათ, ბევრი გოგონასთვის სასურველი მამაკაცი ხარ. მათ გამო სისულელეები თუ ჩაგიდენია?
– სასურველობისა და სისულელეებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთხელ, გოგონას გამო ისეთ სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი... უფრო სწორად, ახლა მეცინება, თორემ, მაშინ ვერ მივხვდი, რა გაუგებრობაშიც ვიყავი. მოკლედ, სკოლაში რომ ვსწავლობდი, გოგონა მომწონდა. ვიფიქრე, მის გულს მოვიგებ-მეთქი და, ჩემი გრძნობები რომ გამომეხატა, თანაც, უსიტყვოდ, წავედი, ლამაზი ვარდები ვიყიდე და მივართვი.
– ალბათ, მაშინვე მიხვდა, რასაც გრძნობდი მის მიმართ, არა?
– არა, რა მიხვდა? გამომართვა ყვავილები, დახედა და მითხრა – რაღაც ცუდი აურა მოდის, ეტყობა, ნეგატიური ენერგიითაა დამუხტულიო. ვიფიქრე, არ არის ახლა ეს ღირსი, მართლა მოვაჯადოვო-მეთქი (იცინის). მაგრამ, მე მასეთები, აბა, სად შემიძლია. მოვბრუნდი და წამოვედი. ის კი დავტოვე თავის „დამუხტულ” ვარდებთან ერთად.